„საყდრისი-ყაჩაღიანი ყაჩაღების გარეშე“ - აქცია კაზრეთში

„საყდრისი-ყაჩაღიანი ყაჩაღების გარეშე“ - აქცია კაზრეთში

„გამოფხიზლდი! წარსულს ვკარგავთ“, „საყდრისი-ყაჩაღიანი ყაჩაღების გარეშე“,- ამ და მსგავსი შინაარსის ლოზუნგებით დაბა კაზრეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საყდრისის-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროსთან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და განაცხადეს, რომ კულტურულ მემკვიდრეობას არ დათმობენ.

კაზრეთში აქციის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისიდან ჩავიდა. მათ შორის იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინა მიზანდარი. სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქციის მონაწილეთა უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ. დედაქალაქიდან ჩასულებს კაზრეთის პოლიციის განყოფილებასთან ადგილობრივი მცხოვრებლებიც შეუერთდნენ. პოლიციის შენობიდან საყდრისის ოქროს მაღარომდე დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილზე საპროტესტო მსვლეობა მოეწყო - ლოზუნგებით, შეძახილებით და სტვენის თანხლებით.

შემდეგ კი უკვე იყო პოლიციასთან დაპირისპირება. მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მისულ აქციის მონაწილეებს პოლიციელთა ცოცხალი ჯაჭვი დახვდათ. სამართალდამცველებმა მათ მაღაროში ასვლის საშუალება არ მისცეს. კონფლიქტი განსაკუთრებით გამწვავდა ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილსა და RMG gold-ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის. მოგვიანებით ადგილზე ბოლნსის პოლიციის უფროსიც მივიდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კერძო კომპანიის ტერიტორიაზე შესვლის და მისი გადაღების უფლება არ ჰქონდათ. ჟურნალისტების კითხვაზე, რომელი კანონი უკრძალავდა მათ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მაღაროს ტერიტორიაზე გადაადგილებას, პოლიციის უფროსმა უპასუხა, რომ შესაბამისი კანონი და მუხლი ზეპირად არ ახსოვდა.

„საფრთხე ემუქრება საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურულ მემკვიდრეობას. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ძეგლი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის, არამედ კაცობრიობის ისტორიისთვის. ეს არის ადამიანის საქმიანობის შორეული ცივილიზაციის კვალი ჩვენს ტერიტორიაზე, ეს გახლავთ უძველესი ოქროს საბადო მსოფლიოში, რომლის პირველი და უშუალო მესაკუთრე ადგილობრივი მოსახლეობაა. ეს მაღაროები ასევე ეკუთვნის მთელს საქართველოს“, - განაცხადა აქციაზე კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა.

მიზანდარი განმარტავს, რომ 13 მარტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ზედაპირული, ყოველგვარ არგუმენტს მოკლებული ანგარიშის საფუძველზე დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, საყდრისში ოქროს მოპოვებით სამუშაოებს მწვანე შუქი აენთო. მინისტრის ყოფილი მოადგილე ვარაუდობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ გადაწყვეტილება სამინისტრომ ლობირებისა და გარიგებების საფუძველზე შეიმუშავა.

„დაუყოვნებლივ უნდა აღუდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს, საზოგადოების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ მისი დათვალიერების საშუალება და აღნიშნული კულტურული ძეგლის საკითხზე გერმანელი სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად უნდა შეიქმნას საერთაშორისო კომისია - ესპანელი, ფრანგი, ბულგარელი, ავსტრიელი და ბრიტანელი მეცნიერების მონაწილეობით“, - აცხადებს მარინე მიზანდარი.

ცოცხალ ჯაჭვში ჩაბმულმა აქციის მონაწილეებმა კი აღნიშნეს, რომ საყდრისის ოქროს მაღაროსთვის კულტურული ძეგლის სტატუსის აღდგენასთან ერთად ოქროს მომპოვებელი კომანიის მიერ სხვა მაღაროებზე დასაქმებული მუშების ინტერესებიც უნდა დაკმაყოფილდეს.

„მოვითხოვთ, შეწყდეს სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე და ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ კომპანიაში დასაქმებულ მუშებს, რომლებიც დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ“- უთხრა for.ge-ს სტუდენტმა ხვიჩა ყაზაიშვილმა.

თვეზე მეტია, რაც დაბა კაზრეთში RMG gold-ის თანამშრომლები გაფიცულები არიან. მუშები ყვებიან, რომ პროტესტი გაუსაძლის სამუშაო პირობებსა და თანამშრომლების დათხოვნას გამოუცხადეს. კომპანიის ხელმძღვანელობამ კი მათი მოთხოვნები ყურად არ იღო და ნამუშევარი დღეების ხელფასსაც არ უხდის.

„გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა. კარიერში რომ შევდივართ, პირჯვარს გადავიწერთ ხოლმე. არ ვიცით, იქედან ცოცხლები გამოვალთ თუ არა. სანგრებია, სადაც სპილენძი და ოქრო მოიპოვება - დაახლოებით 100 მეტრის სიღრმეში ვმუშაობთ. ჯანმრთელობის პრობლემები გვაწუხებს. ფილტვების დაავადებები, სიმსივნე გახშირდა. მოპოვებითი სამუშაოების დროს აფეთქებები რომ მიდის, დასახლებაში მიწისძვრის მსგავსი რყევებია და სახლებიც იბზარება“, - განუცხადა for.ge-ს ექსკავატორის მემანქანე ამირან ტყემალაძემ.

კომპანიის თანამშრომლები ყვებიან, რომ ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს მათი პროტესტი უყურადღებოდ დატოვოს და სამუშაოებს მცირე თანამშრომელთა საშუალებით აწარმოებს, მათი უმრავლესობა კი უშიშროების სამსახურის დახმარებით შემოვლითი გზებით მიჰყავთ მაღაროებამდე, რათა გაფიცულებს გვერდი აუარონ.

„უკიდურეს მდგომარეობაში ვართ. მხოლოდ საყდრისი არ არის ჩვენი პრობლემა. თვენახევარია ქუჩაში ვართ გამოსულები. ჩვენი პირველი მოთხოვნა იყო უმუშევარი ხალხის დაბრუნება და ხელფასების დარიგება. ამდენი ხალხი შიმშილმა გამოიყვანა აქ, კაპიკი სახლში არავის გააჩნია. მაღაზიებიც გაფიცულები არიან და ყველა. მაინცდამაინც შიმშილით უნდა მოკვდეს ვიღაც, რომ მოგვხედონ?“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას კაზრეთის მცხოვრები, ერთ-ერთი გაფიცული მუშა ინგა ქურციკიძე.

საპროტესტო აქციაზე თბილისიდან ჩასულმა მოქალაქეებმა საყდრისში ხელმოწერებიც შეაგროვეს, რომლებსაც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გაუგზავნიან.

„მივმართავთ პრეზიდენტსა და პრემიერს, შეხვდნენ იმ არქეოლოგებსა და მეცნიერებს, რომლებიც საყდრისს 9 წლის განმავლობაში იკვლევდნენ. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები არსებობს და სჯობს, სპეციალისტებისგან გაიგონ პრეზიდენტმა და პრემიერმა, რა ხდებოდა საყდრისზე, რა საფუძველი, რა დოკუმენტები, რა არტეფაქტები არსებობს და რა დასკვნებია გაკეთებული ევროპაში“,- განუცხადა for.ge-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო საღინაძემ.

საყდრისის ოქროს საბადოსთვის კულტურული ძეგლის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით საზოგადოების წარმომადგენელთა აქტივობები უახლოეს დღეებშიც იგეგმება.