„ხუდონს, გარემოსდაცვითი კუთხით, პრობლემა არ აქვს“

„ხუდონს, გარემოსდაცვითი კუთხით, პრობლემა არ აქვს“

ხუდონჰესის პროექტის მოწინააღმდგეები აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და სვანეთის უნიკალურ ბუნებრივ გარემოს დააზიანებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ვარაუდების თანახმად, არსებობს საფრთხე, რომ განადგურდეს ტყის ეკოსისტემები, არაერთი სახეობის იშვიათი მცენარე და ზოგიერთი სახეობის ცხოველთა საბინადრო გარემო.

ეკოლოგი მარიამ ქიმერიძე კი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ხუდონჰესის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა სვანეთს ეკოლოგიურ კატასტროფას არ შეუქმნის და საფუძველს მოკლებულია საუბრებიც იმის შესახებ, რომ ხუდონჰესის პროექტი სვანეთში კლიმატს შეცვლის.

მარიამ ქიმერიძე: პროექტის შესახებ მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტშიც აღნიშნულია, რომ კლიმატის ცვლილება ეკოსისტემის ცვლილებას არ გამოიწვევს. ის ეკოსისტემები, რაც არის, ისევ იქნება. არანაირი კატასტროფა აქ მოსალოდნელი არ არის. საღ აზრს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მოსაზრებას, თითქოს, დატბორილი ზონა კლიმატს ისე შეცვლის, რომ მცენარეების ტრანსფორმაცია მოხდება. ეკოლოგიურ კატასტროფაზე და კლიმატის ცვლილებეზე საუბარი, ეს უფრო ლოზუნგებია, ვიდრე არგუმენტირებული მსჯელობის შედეგი.

გამორიცხავთ, რომ ხუდონჰესმა გარემოსდაცვითი კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას რეგიონში?

- ჩემი აზრით და საექსპერტო გამოცდილებით ვამბობ, რომ ხუდონს ყველაზე ნაკლებად აქვს გარემოსდაცვითი კუთხით პრობლემა, ამგვარი რისკი მნიშვნელოვნად არის შერბილებული.

თუმცა ხუდონჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებს გარემოზე ზემოქმედების მაგალითად პროექტის გამო ხე-ტყის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფართობის გაჩეხვაც მოჰყავთ.

- ყბადაღებული თემა, რომ ტყე იჩეხება და, თითქოს, ეს არის მილიარდიანი ზიანი - არის აბსურდული და სასაცილო იმ სიტუაციაში, როდესაც ხაიშის თემში და კონკრეტულ მონაკვეთებზე საკმაოდ მასშტაბური ჭრები და არალეგალური სახერხები ფუნქციონირებს. ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს ტყეების არასწორი მართვა. რამდენიმე წლის განმავლობაში კონტროლი თითქოს გამკაცრდა და პროცესი შეჩერდა, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა.

პროექტის ფარგლებში კი საუბარია 350 ჰექტარის ფართობზე. ეს არის ტყის ფონდის მიწა, და არა ტყე, ტყის ფონდის მიწა არ ნიშნავს ტყით დაფარულ ტერიტორიას. შესაძლოა, იქ ტბა ან სულაც გზა იყოს. აქედან გამომდინარე ის, რომ ეკოლოგიური კატასტროფა მოხდება და ამ მოცულობის ტყე განადგურდება, არის აბსურდი.

იმ შემთხვევაში, თუ დატბორვის ზონაში მოჰყვება 100 ან 150 ჰექტარის ტყის საფარი, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, იმავე ღირებულების ტყე უნდა აღდგეს ალტერნატიულ ჰაბიტატზე.

რა მიგაჩნიათ ხუდონჰესის პროექტის მთავარ პრობლემად?

- გეოლოგიური საკითხები არის არაჩვეულებრივად გამოკვლეული, არცერთი ავტორიტეტული გეოლოგიური ორგანიზაცია საეჭვოდაც არ მიიჩნევს სვანეთში რამე კატასტროფას. ყველა რისკი არის ადეკვატურად შეფასებული. ერთადერთი სენსიტიური პრობლემა არის მოსახლეობის დიალოგი და მათი დარწმუნება იმაში, რომ ეს არის აუცილებელი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, რომ მათ მიეცემათ ადეკვატური კომპენსაცია, საცხოვრებელი გარემო შენარჩუნებული იქნება ალტერნატიულ ტერიტორიაზე. ვფიქრობ, სამუშაო, სწორედ, ამ მხრივ არის გასაწევი.

უნდა აუხსნან მოსახლეობას, რომ გასახლება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკის მიხედვით, კერძოდ, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული განსახლების გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად მოხდება.

არ მგონია, სვანეთის მოსახლეობა იყოს ისეთი, რომ განვითარებას და განვითარების პროექტებს ეწინააღმდეგებოდეს. მე უფრო მგონია, რომ ხუდონჰესის საწინააღმდეგო კამპანიას ერთმანეთზე აყოლილი, ვიღაცის აზრს წამოგებული ადამიანების ჯგუფი აწარმოებს.