მხატვართა კავშირი გასხვისებული ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვს

მხატვართა კავშირი გასხვისებული ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვს

„მხატვართა კავშირი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. აღნიშნულმა სამინისტრომ, თავისი მხატვრებიანად დაისაკუთრა ჩვენი ტერიტორიები და აუქციონზე გაყიდა“, - აცხადებს „მხატვართა კავშირის“ თავმჯდომარე ცისანა მჭედლიძე For.ge-სთან საუბარში და წართმეული ობიექტების დაბრუნებას ითხოვს. ამასთან, მხატვართა კავშირის სახელით დასახმარებლად პრემიერსა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს.

„წინა მთავრობის დროს, 2010-დან 2012 წლამდე ეკონომიკის სამინისტრომ მარტო თბილისში ათი ობიექტი წაგვართვა. ამ ობიექტებს მხატვრებიანად და სახელოსნოებიანად პრივატიზება გაუკეთა. საუბარია მხატვრის სახლზე რუსთაველზე, რომელსაც დღეს „მაგთი“ ფლობს. „მაგთის“ ასპროცენტიანი დამფუძნებელი ჯოხთაბერიძე კი თავის სასახლეს იშენებს ჩვენს ტერიტორიაზე. ასევე, წაგვართვეს მხატვრული ფერადი მინის კომბინატი და ამით საერთოდ დაასამარეს ქართული მხატვრული მინა. აღარ არსებობს ტრიკოტაჟის საამქრო. ამ საამქროში მხატვართა კავშირს გადახდილი ჰქონდა საკუთარი ფული, 200 ათასი მანეთის ოდენობით. ამის დამადასტურებელი ხელშეკრულებაც მოგვეპოვება, თუ როგორ ვიყიდეთ ეს ობიექტი. აღნიშნული საამქრო ისე წაიღეს და გაყიდეს, ამის შესახებ არც ვიცოდით და დროთა განმავლობაში მაინც ვიხდიდით ქონებისა და მიწის გადასახადს“, - აცხადებს ცისანა მჭედლიძე.

წართმეული ქონების ჩამონათვალი საკმაოდ სოლიდურია. აქ არის წართმეული შემოქმედებითი დასასვენებელი სახლი, თავისი მიწის 2000 ნაკვეთით, ორი კორპუსი წყნეთში, სადაც მხატვრები შემოქმედებითად მუშაობდნენ და ისვენებდნენ. ნაწილ-ნაწილ გაყიდეს ეს ტერიტორია თავისი შენობა-ნაგებობებით. მხატვრებს აღარ ეკუთვნით არც პროფესიონალ მხატვართა სალონი რუსთაველზე, რომელიც გაიყიდა და მას შემდეგ ასეთი სალონი აღარ აქვთ მხატვრებს. ეკონომიკის სამინისტრომ საკუთრებაში გადაიფორმა და აუქციონზე გაყიდა გრაფიკის, ლითოგრაფიის სახელოსნო ვაჟა-ფშაველაზე, სადაც იყო უნიკალური ძველი დაზგები.

„მხატვართა კავშირის“ თავმჯდომარის თქმით, ყველა ობიექტი გაყიდეს, მხოლოდ ორი ობიექტია დარჩენილი ამ ჩამონათვალიდან, რომელიც ჯერ ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მათ უზურფრუქტით გადაუფორმეს მუქარით, თუ ამ ობიექტს არ გადაიფორმებდნენ, მაშინ აუქციონზე გაუყიდდნენ. ამიტომ მხატვრებმა ეს ობიექტები იძულების წესით გადაიფორმეს.

როგორც ცისანა მჭედლიძე ამბობს, მათ ქონების დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართეს, თუმცა, პასუხად მიიღეს, ეს ძველი თემაა და არ გვაინტერსებსო.

„ყველა დოკუმენტი მივუტანეთ მოსამართლეს, მშენებლობის ნებართვები და პროექტები, 1957 წელს მიწის გადმოცემის შესახებ საბუთები, თუმცა მოსამართლემ საერთოდ არ ჩაიხედა ამ დოკუმენტებში და დოკუმენტების გადაცემის დროს უკვე დადგენილება ეჭირა ხელში. ჯერჯერობით პროკურატურისთვის არ მიგვიმართავს, მაგრამ მივმართეთ ყველა ინსტანციას, პრეზიდენტს, პარლამენტს, ეკონომიკის და კულტურის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს. ვფიქრობ, მხატვრობა და ხელოვნება არავის აინტერესებს. ყველა იმედი ამოვწურეთ. გვეგონა, მთავრობა შეიცვლებოდა და ყურადღებას მოგვაქცევდნენ, მაგრამ მთავრობაც შეიცვალა და, პირიქით, აბსოლუტურ იგნორირებაში ვიმყოფებით“, - გვითხრა ცისანა მჭედლიძემ და უახლოეს დღეებში აქციის შესახებ დაანონსა, სადაც უკანონოდ წართმეული ობიექტების დაბრუნებას ისინი კვლავაც მოითხოვენ.

მხატვრების პრობლემასთან დაკავშირებით ეკონიმიკის სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.