ოლეგ ბასილაშვილი:

ოლეგ ბასილაშვილი: "საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა და მაწუხებს, რომ მისი პრობლემების სათავეში ჩემი სამშობლო, რუსეთი დგას"

"ჩემი ძალიან დიდი სურვილია, ისევ რუსეთს შეურთდეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა და ახლავე აგიხსნით, რატომ..."

"რუსეთი ახლა ერთი ჩამყაყებული, რამდენიმე ადამიანის ამბიციას მორგებული სახელმწიფოა"

"გაკვირვებული და გულნატკენი დავრჩი წერეთლის, ცისკარიძის და იმ ქართველი გოგონას განცხადებებით"

რუსეთში მოღვაწე 80-ზე მეტმა ხელოვანმა  ყირიმის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ შორის არიან: რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი, რუსეთის სახალხო არტისტი, ბალერონი ნიკა ცისკარიძე, რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი... 

ამ მიმართვა-განცხადებას მალე მოჰყვა მოსკოვში მოღვაწე მომღერლის, დიანა ღურწკაიას კომენტარი, რომელიც ყირიმის მიმართ განხორციელებული რუსეთის პრეზიდენტის ქმედებების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდა... 


ყირიმის ოკუპაცია მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთში მოღვაწე სხვა ხელოვანებისთვის, რომელთა შორისაც ქართული წარმოშობის რუსი მსახიობი, საბჭოთა კინოსა და თეატრის ცოცხალი ლეგენდა ოლეგ ბასილაშვილიცფიგურირებს... ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშ
რდით.

ოლეგ ბასილაშვილი:

- არ ვიცოდი, ვინმეს, მით უფრო ქართველების გაოცებას თუ გამოვიწვევდი...  ნეიტრალური პოზიციის დაჭერა არ შემეძლო, რადგან უკრაინისთვის ყირიმის წართმევა მიუღებელია ჩემთვის, ადამიანისთვის, რომლის ისტორიულ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები აქვს. 

- იმ 80-ზე მეტ ხელოვანს შორის, რომლებიც ყირიმის ანექსიას მიესალმებიან, ქართველებიც არიან, - ზურაბ წერეთელი, ნიკოლოზ ცისკარიძე, დიანა ღურწკაია... ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით მათი მხარდაჭერა ხომ არ ნიშნავს ირიბად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას?

- უდავოა, რომ რაც ახლა ხდება, ჯაჭვურ რეაქციაშია აფხაზეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, დნესტრისპირეთთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან. რატომ გააკეთეს ეს, ეს თავად ბატონ წერეთელს, ცისკარიძეს, იმ ახალგაზრდა ქართველ გოგონას უნდა ჰკითხოთ. თუმცა, ვაღიარებ, რომ გაკვირვებული და გულნატკენი დავრჩი... ისე კი, ადამიანურად ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს - საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა და ამ ქვეყანას, როგორც რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, უკვე წლებია, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აწუხებს. ამ პრობლემის სათავეში კი, ჩემი სამშობლო, რუსეთი დგას. ამიტომ, ორმაგად მძაფრად განვიცდი ამ ყველაფერს და ამ შეკითხვას მუდმივად უპასუხოდ ვტოვებ, რადგან სხვა გამოსავალი არ მაქვს... ისე კი, ბოლომდე გულწრფელი ვიქნები და ჩემს გულისნადებს გაგანდობთ -ჩემი ძალიან დიდი სურვილია, ისევ რუსეთს შეურთდეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა...

- ეს როგორ?..

- ახლავე აგიხსნით... ჩემი სურვილია, რუსეთი კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა კი არ იყოს, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი და ეკონომიკა კლანური ბიზნესით იმართება, არამედ, განვითარებული სახელმწიფო; დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ცხოვრების ხარისხი მაღალი იქნება და ყაზახეთის, უზბეკეთის, დნესტრისპირეთის, ბალტიისპრეთის, საქართველოს, უკრაინისა და საერთოდ, დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები, თავად გამოიჩენდნენ იქ დაბრუნების ინიციატივას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მახინჯი საბჭოთა კავშირი. აი, მაშინ გვექნებოდა ჩვენ, რუსებს საფუძველი ჩვენი ქვეყნითა და ხელისუფლებით გვემაყა. ასეთ შემთხვევაში, ვინმეს რომ გაეპროტესტებინა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის სურვილი, მაშინ მეც ჩვენი ხელისუფლების მხარდამჭერთა სიაში ვიქნებოდი, მაგრამ ახლა სათქმელი არაფერი მაქვს და მხარს ვუჭერ იმ ქვეყნების მოლაქეებს, რომლებიც განვითარებას ცდილობენ. ჩემს მიერ უკეთეს რუსეთთან დაკავშირებით ზემოთ ჩამოყალიბებული სურვილი კი კეთილ სურვილად რჩება, რომლის ახდენის საფუძველს გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი ვერ ვხედავ. რუსეთი ახლა ერთი ჩამყაყებული, რამდენიმე ადამიანის ამბიციას მორგებული სახელმწიფოა, რომლის ასეთი ფორმით არსებობას საზოგადოების ერთი ნაწილი შეეგუა. მეორე ნაწილი, ყველაფრის მიუხედავად, ღირსებას ინარჩუნებს... 

ამ ყველაფრის ფონზე, მე მესმის საქართველოსი, მას განვითარება უნდა და არავის აქვს უფლება, ეს დაუშალოს... ის პატარა, მაგრამ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა და ბედნიერი ვიქნებოდი, როგორც კავკასიაში, ისე მთელ პოსტსსაბჭოთა სივრცეში ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყოს. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველს და რუს ხალხს ბევრი რამ აკავშირებს და კვლავ ერთად უნდა იყონ. ცხადია, ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას არ ვგულისხმობ. ჩვენ, ორ ქვეყანას ძალიან მჭიდრო ისტორიული, კულტურული კავშირები გვაქვს. იცით, რუსი პოეტები თბილისში ჩამოდიოდნენ და არა – მინსკსა და კიევში, სლავური სახელმწიფოების დედაქალაქებში... 

კიდევ ერთი ჩემი გულისნადები მინდა გაგიმხილოთ, - რაც დრო გადის და ასაკში შევდივარ, უფრო და უფრო ვგრძნობ, რომ საქართველო, თბილისი, თავისკენ მექაჩება... მოსკოვში დავიბადე, მაგრამ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. თბილისში ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი გავატარე. ძალიან მიყვარს საქართველო. ქართული გენი ხომ ძლიერია და ალბათ, ჩემი ფესვები მეძახიან. ჩემი წინაპრების სამშობლოში დაბრუნება მინდა... მამაჩემი და ჩემი ძმა რუსეთისა და საქართველოს საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თავიანთ მიწა-წყალს იცავდნენ. ჩემს ცხოვრებაში ამ ორი ხალხის ბედი სამუდამოდ გადაჯაჭვა, მინდა, ასევე განაგრძონ ჩემმა შვილიშვილებმა, მომავალმა თაობებმა...