საკრებულო კვლავ ზოგად ფრაზებს ისვრის, მერიას - ეჭვები მოეძლა, სპეციალისტები - მკითხაობენ. ეს არის „ხრუშჩოვკების“ ირგვლივ რეალურად შექმნილი ვითარება. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი თბილისის მერიას ე.წ. ხრუშჩოვკებთან დაკავშირებულ საკითხში ჩართვისკენ მოუწოდებს. ეს აუცილებელია, რადგან მერიის თანამონაწილეობის გარეშე პროცესი ჩიხში შევა.
„საკრებულომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და იმედია, რომ თბილისის მერია დროულად ჩაერთვება პროცესში, რადგან თქვენი თანამონაწილეობის გარეშე იგი ჩიხში შევა. ახალი კონცეფციის ფარგლებში უნდა შემუშავდეს განვითარების შესაბამისი გეგმა და ამ გეგმით განისაზღვროს საპილოტე პროექტის განხორციელების ასპექტები“, - განაცხადა შიხიაშვილმა.
მისი თქმით, დაუშვებელია თბილისელებისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი პროგრამის პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში განხილვა. „დღეს შექმნილია ასეთი ვითარება - 174 000 თბილისელი (აქედან, 111 000 მარტო „ხრუშჩოვკებში“) საცხოვრებლის დაკარგვის რისკის წინაშე დგას“, - აღნიშნა შიხიაშვილმა, რომლემაც არც ამჯერად დააკონკრეტა პროექტის დეტალები. მაგალითად, მან აღნიშნა, რომ მრავალმხრივი მემორანდუმების პრაქტიკა საშუალებას აძლევს დეველოპერსა და საკონსულტაციო კომპანიებს დოკუმენტურად დაუდასტურონ დედაქალაქის საკრებულოს მიზნები პარტნიორებს და საფინანსო ინსტიტუტებს, რაც ამაღლებს ასეთი პროგრამების განხორციელების შანსს, ასევე შექმნის კონკურენტულ გარემოს ფინანსური რესურსების მოსაზიდად.
ასეთი საუბრიდან უკვე ვერავითარი კონკრეტული დასკვნა ვერ გამოაქვთ ვერც პოლიტიკურ ოპონენტებს და ვერც სპეციალისტებს. რამდენადაც პროექტის შესახებ მინიმუმ ერთი თვე არაფერი იქნება ცნობილი, დასკვნების გამოტანა ჭირს.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის აზრით, ეს არის ძალიან კარგი და დროული ინიციატივა, მაგრამ მისთვის გაუგებარია მხოლოდ „ხრუშჩოვკებზე“ რატომ არის საუბარი.
„ამ ტიპის სახლებში ცხოვრობს თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტი. დაახლოებით 70-75 პროცენტი - სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლში, მათ შორის 10 პროცენტზე მეტი - მწვავე ავარიულ სახლში. საბინაო ფონდი თბილისში ძალიან დაზიანებულია. მენაშენეთა ასოციაციას და მე ამ თემაზე მუშაობა დაწყებული გვქონდა 2007 წელს და სამწუხაროდ, მაშინ მას ყური არავინ არ ათხოვა“, - ამბობს როსტომაშვილი.
პროექტთამ დაკავშირებით დამატებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ არაბი ინვესტორი დამატებით ფინანსურ გარანტიებს ითხოვს. როსტომაშვილი კი ამტკკიცებს, რომ ასეთ შემთხვევაში ქართველი მშენებლებიც შეძლებდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებას.
„თუ ქვეყანას აქვს იმის საშუალება, რომ გასცეს ასეთი გარანტია, იქნებ, უმჯობესი იყოს ეს თანხა გადანაწილდეს და გაიცეს სხვადასხვა კომპანიაზე, ქართველი იქნება თუ უცხოელი, ეს სხვა თემაა. სახელმწიფო გარანტიით თანხის მოზიდვა შეიძლება ძალიან დაბალი პროცენტით, რომელიც არა მგონია ქართველმა ბანკებმა სხვაზე ნაკლებად შეძლონ.
როდესაც სწორ ბიზნესზეა ხოლმე საუბარი, მაშინ თანხაზე არ საუბრობენ. მთავარია სწორი პროგრამა და სწორი გაანგარიშება. საზოგადოებას გაკეთებული საქმე აინტერესებს და არა განცხადებები. „ხრუშჩოვკების“ თემა ასე ადვილად განსახორციელებელი არ არის. ჩემი ვარაუდით ეს შეიძლება განხორციელდეს სადღაც 15-20 წელიწადში. ამას 24 საათიანი მუშაობა სჭირდება“, - აცხადებს როსტომაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას.