სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავეს.
მთავარმა პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი უკვე წაუყენა. ლევან ჩაჩუას ბრალი 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რომელიც სასჯელის სახედ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მიხეილ ძაძამიას 342-ე მეორე ნაწილის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით გულისხმობს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს, ლევან ჩაჩუამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გულგრილობა გამოიჩინა და სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.
„კერძოდ, ჩაჩუამ გვამებზე არსებული დაზიანებები სრულყოფილად არ აღწერა მაშინ, როდესაც გვამებს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აშკარად აღენიშნებოდა. ვინაიდან, წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით“, - აცხადებენ პროკურატურაში.
რაც შეეხება ძაძამიას ბრალდებას, პროკურორ ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ძაძამია დაკავებული იქნა გულგრილობის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა.
მეზვრიშვილის განმარტებით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავებული და დამტკიცებული იქნა შესასრულებლად სავალდებულო „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის გეგმა“, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი.
„მიუხედავად აღნიშნულისა, 2005 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე მიატოვა, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილი. ძაძამიამ ჩაიდინა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება“, - ნათქვამია მეზვრიშვილმა.
მთავარ პროკურატურაში განვითარებულ მოვლენებს შეფასებები პოლუტიკურ წრეებში მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ეჭვობს, რომ მიხეილ ძაძამიასთან დაკავშირებით შეიძლება, გარიგება იყოს დადებული, რითაც ხელისუფლება ტყუილის თქმას ცდილობს.
for.ge-სთან საუბარში მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ჩაჩუა ხელს უშლიდა ხელისუფლებას, რადგან ის იყო ძალიან პრინციპული, რომელიც სიმართლეს ამბობდა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერის ექსპერტიზას, ჩაჩუას გარდა, ხათუნა გოგორიშვილი და ზურაბ ჟვანიას სხვა მეგობრებიც ესწრებოდნენ.
„ჩაჩუა იყო პიროვნება, რომელიც ხელისუფლებას ხელს უშლიდა იმაზე საუბრით, რაც არის სიმართლე. ჩაჩუა პრინციპულია და მან ტყუილი არ თქვა. რაც შეეხება ძაძამიას, ის იმ მოტივით არის დაკავებული, რომ მასთან რაღაცა ნიშნით გარიგება დადეს. დაკავების პროცესიც უცნაურად მოხდა. უცებ ძაძამია გამოჩნდა, რომელიც მათ იმისთვის დასჭირდათ, რომ მათივე აბსურდულ ვერსიაზე ისაუბროს“, - აცხადებს მაჭავარიანი, რომლის ინფორმაციით, ძაძამია კახი კალაძის დაცვის წევრიც იყო.
საკითხზე საუბრისას ზურაბ ჯაფარიძე ყურადღებას სამართლებრივ პროცედურებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ წაყენებული ბრალდების მუხლი ხელისუფლების მიერ ამნისტირებულია და ხანდაზმულობის ვადაც გასულია.
კანონმდებელის თქმით, ლევან ჩაჩუას დაკავებით პროკურატურა მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობს.
„ჩატარებულ ექსპერტიზას სულ მცირე ხუთი ადამიანი ესწრებოდა. ექსპერტიზის პროცესს ორი კამერა იღებდა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ეკუთვნოდა. ამიტომ, ფირები ორივე დაწესებულებას ჰქონდა. ჩაჩუას დაკავება უკანონოდ მოხდა, რადგან მას ბრალი რა მუხლითაც წაუყენეს, ის ერთი მხრივ, ხელისუფლების მხრიდან არის ამნისტირებული, ხოლო მეორე მხრივ, ხანდაზმულობის ვადა არის გასული. ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ჩაჩუაზე ზეწოლა განხორციელდეს და მას ათქმევინონ ისეთი რამ, რაც სინამდვილეში არ ყოფილა“, - განაცხადა ჯაფარიძემ, რომლის პოზიციასაც კატეგორიულად არ იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, სამსახურეობრივი გულგრილობის საკითხზე პარლამენტს ამნისტია არ შემოუღია.
კობახიძის თქმით, „ნაციაონალურმა მოძრაობამ“ საქმე რეალურად არ გამოიძია.
„მათ საქმის მასალების გასაჯაროვება თავადაც შეეძლოთ. როგორც ჩანს, ამ საქმის გამოძიება მათ არ აინტერესებთ. ახლა, როცა საქმე დასრულების ფაზაშია და ხელშესახები მტკიცებულებებია არსებობს, რომელიც ფარდას ახდის თუ რა მოხდა სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სპეკულაციები და არაადეკვატური განცხადებები საქმის არ წაადგება“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.
მთავარმა პროკურატურამ დღეს იმ ადამიანების საპასუხოდ, გააკეთა განმარტება, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ჩაჩუას მიმართ წაყენებული ერთი მუხლი ამნისტირებულია, ხოლო მეორე ხანდაზმული და მას ვერ დააკავებდნენ. პროკურატურის განმარტებით, 342-ე მუხლი, რომელიც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად არ არის ხანდაზმული, ვინაიდან მიეკუთვნება სამოხელეო დანაშაულთა კატეგორიას. მუხლი, რომელიც სამოხელეო დანაშაულს გულისხმობს, ამნისტია არ შეხებია.
„342-ე მუხლი ეს არის სამსახურეობრივი გულგრილობა და როგორც ცნობილია პირველი ნაწილი აქვს წაყებული ბატონ ჩაჩუას, რაც წარმოადგენს სამოხელეო დანაშაულს. ამნისტიის კანონის მე-3 მუხლში პირდაპირ წერია, რომ ყველა ნაკლებად მძიმე დანაშაული, გადრა რამოდენიმე მუხლებისა და მათ შორის მოხსენიებულია 342-ე მუხლი, რაც წაყენებული აქვს ჩაჩაუას, არაა სრულიად ამნისიტრიებული. თუმცა, იმავე ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, სასჯელის ნაწილში იმოქმედებს და ერთი მეოთხედით შეუმცირდება ის სასჯელი, რასაც მას მოსამართლე მიუსჯის. რაც შეეხება იმას, რომ მუხლი სრულიად ამნისტირებულია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას საიას იურისტმა ლევან ვეფხვაძემ.
უფლედამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეგნებულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში. მისივე განცხადებით, სიტყვების თამაში მიდის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ვინაიდან, 342-ე მუხლი ერთი მეოთხედით სასჯელის ნაწილში შეღავათს ექვემდებარება.
„სწორი კავალიფიკაციაა შერჩეული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის საბოლოო ბრალი. თუ კი აღმოჩნდა, რომ ბატონი ჩაჩუა დამოუკიდებლად არ მოქმედებდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ის ასრულებდა გარკვეულ მითითიებებს, მნიშვნელობა არ აქვს ვისგან, გამორიცხული არაა, რომ ბრალი დამძიმდეს. ამ შემხვევაში შეიძლება ჩამოყალიბდეს გარკვეული ორგანიზებული დანაშაულის სახე და მხილებული იქნენ მტკიცებულების განადგურების საკითხში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.
რაც შეეხება დაკავებულ ჩაჩუას, ექსპერტი 2005 წლის 3 თებერვალს ჟურლანისტებს არწმუნებდა, რომ ზურაბ ჟვანიას სხეულს დაზიანებები და სხვა სახის ლაქები არ აღენიშნებოდა. ჩაჩუა ამბობდა, რომ ყოფილ პრემიერს დაზიანება მხოლოდ ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარზე აღენიშნებოდა. მაშინ ჩაჩუა ირწმუნებოდა, რომ პრემიერის გაგუდვა გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
„ამჟამად შემიძლება იმის თქმა, რომ გარეგნულად არავითარი დაზიანება არ აღენიშნება, გარდა ერთისა, ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარში. არც შინაგანი გამოკვლევით იქნა რაიმე ფიზიკური დაზიანების კვალი ნანახი. პირველადი მონაცემებით შეიძლება ადგილი ჰქონდეს CO-თი მოწამვლას. ჩატადება ლაბორატორიული გამოკვლევები და დააახლოებით 10-12 დღის შემდეგ გვექნება სრულყოფილი ინფორმაცია“, -აცხადებდა მაშინ ლევან ჩაჩუა.
როგორც ჩანს მთავარი პროკურატურა მხოლოდ ჩაჩუათი და ძაძამიათი არ შემოიფარგლება. როგორც ცნობილია, ჩაჩუასთან ერთად ერთად ჟვანიას საქმის ექსპერტიზაში ჩართული იყო ექსპერტი კახა ერისთავი, რომელის ჯერ პროკურატუაში არ დაუბარებიათ, თუმცა როგორც ცნობილია ერისთავი დასაკითხ სიაში ნამდვილად არის.
ერისთავს დღეს უკვე ამ თემაზე საუბარი არ სურს. თუმცა, კადრების გავრცელების შემდეგ ერისთავი აცხადებდა, რომ ჟვანიას მხოლოდ ერთი დაზიანება ტუჩზე ჰქონდა. ის ამბობდა, რომ მის გარდა ექსპერტიზაში რამდენიმე პროფესიონალი მონაწილეობდა.
„ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის გამოკვლევა მოხდა რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში. ასე მახსოვს, რომ უსუფოვს დაზიანება სხეულზე საერთოდ არ აღენიშნებოდა. ზურაბ ჟვანიას დაზიანება ჰქოდა ზედა ტუჩის არეში ნაჭდევის სახით. სხვა არანაირი დაზიანება არ ყოფილა“, - აცხადებდა ორი დღის წინ კახა ერისთავი.
ორივე დაკავებული ე.წ. მოდულში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებული გამოძიება კულმინაციას უახლოვდება. ყოფილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ჩაჩუას დაკავება გამოძიების ერთ-ერთი ეტაპია.
„მიმდინარეობს გამოძიება. ჩაჩუას დაკავება ერთ-ერთი ეტაპია. გამოძიება კულმინაციას უახლოვდება. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მე დეტალებზე არ ვისაუბრებ და ჩემი მხრიდან უხერხულიც არის. ჩემთვის ჩაჩუას და ძაძამიას დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ამ ადამიანებს კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ საქმესთნ დაკავშირებით ჩადენილი.
კონკრეტულად და ნათლად განაცხადა პროკურატურამ რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებული. სხვა თუ რამე გამოიკვეთება, ეს გამოძიების მსვლელობის დროს გამოჩნდება. ამ საქმეზე დაიკითხა მურთაზ ზოდელავა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვაც აუცილებლად მოხდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გოგლა ჟვანიამ.
რაც შეეხება ყოფილი მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ გამოძიებას ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სწორია.
„მივაწოდე გამომძიებელს ის ინფორმაცია, რომელიც არის მართებული და სწორი და ვთვლი, რომ ეს ასეა და დანარჩენი არის გამოძიების საქმე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე იმასთან დაკავშირებით, რაც დაკითხვაზე შესვლამდე ვთქვი. გაჟღერებული ვერსია იმის თაობაზე, რომ ჩემს კაბინეტში, მთავარი პროკურორის კაბინეტში არსებულ სეიფში რაიმე განსაკუთრებული და შოკისმომგვრელი იქნა აღმოჩენილი, არის აბსურდი.
იმის მტკიცება, რომ თავდაპირველი ვერსია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არის არასწორი ან მასში რაიმე ბზარია, ან იყო რაიმე ხელოვნური მანიპულაცია, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოხდეს ამ თემით პოლიტიკური სპეკულირება. ეს საქმე დიდი ხანია გადაიქცა პოლიტიკური სკანდალის და პოლიტიკური შოუს ნაწილად, რაც ძალიან სამწუხაროა და მართლაც მძიმეა. ალბათ, განსაკუთრებით მძიმეა ოჯახისთვის, თუმცა, ამაზე პასუხისმგებლობა ალბათ პოლიტიკოსებს და ამჟამად თანამდებობაზე მყოფ პირებს ეკისრებათ“, - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.
ჟვანიას საქმეზე მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე.
„კონკრეტული დეტალები არ ვიცი, თუ რა ბრალი მიუძღვის ჩაჩუას, ან მიუძღვოდა თუ არა ზოდელავას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები განვლილ წლებში არსებობდა. გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. ვფიქრობ, სწორი იქნება, მის დასრულებას დაველოდოთ, თუ რა დეტალები გამოიკვეთება, რა იქნება ახალი და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ საქმეზე შეფასების გაკეთება. თუ გამოძიებას ექს-პრეზიდენტთან კითხვები ექნება, ის აუცილებლად დაიკითხება“, - განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩაჩუასა და ძაძამიას დაკავებას წინ, სოციალურ ქსელში ვიდეომასალის - „სააკაშვილი მკვლელი“ გავრცელება უსწრებდა, სადაც ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები. ვიდეოს მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო თავდაპირველად Youtube-ზე გავრცელდა, სადაც ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.