ამერიკის სავაჭრო პალატა დაზარალებული ქართველი ბიზნესმენების საქმეებს სწავლობს

ამერიკის სავაჭრო პალატა დაზარალებული ქართველი ბიზნესმენების საქმეებს სწავლობს

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში სამართლიანობის აღდგენის და ბიზნეს დავების მონიტორინგს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რამდენიმე ბიზნესმენის გამოკითხვა უკვე დასრულდა და დაზარალებული ბიზნესმენების საქმეების გაცნობა ფინალის ეტაპზეა.

კუს ტბის ყოფილმა მფლობელმა ბესიკ ხარძიანმა For.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ საკუთარ საქმესთან დაკავშირებით იგი უკვე დაიბარეს სავაჭრო პალატაში და კონკრეტული ინფორმაცია გამოჰკითხეს. ხარძიანი ამბობს, რომ ამერიკის სავაჭრო პალატა მონაცემებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის აგროვებს.

„სავაჭრო პალატაში მითხრეს, რომ 150 საქმიდან შვიდი საქმე აარჩიეს. მათ შორის, ერთ-ერთი საქმე ჩემია. ამ საქმეების მიმართ მაღალი ინტერესია. ისინი აპირებენ, სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცემენ ინფორმაცია. უფრო მეტიც, ეს პროექტი იმაში მდგომარეობს, რომ დააკვირდნენ, კერძო სამართლებრივ ნაწილში როგორ დგება სამართალი. რამდენად ეფექტური იქნება მათი ჩარევა ჩვენს საქმეში, ამას დრო გვიჩვენებს. კერძო საკუთრების ნაწილში ამერიკის შეერთებულ შტატებს უდიდესი გამოცდილება აქვს. ალბათ, გარკვეული მონიტორინგის შემდეგ ჩვენს ხელისუფლებასთან გასწევენ დისკუსიებს და კონსულტაციებს. ბოლოს და ბოლოს, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია“, - გვითხრა ბესიკ ხარძიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი კერძო სამართლის ნაწილს შეეხება და ბიუჯეტი აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, საუბარია იმ ქონებაზე, რომელიც ადამიანებს წაართვეს და შპს-ზე გადააფორმეს, ან კერძო იურიდიული პირიდან ისევ კერძო იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე გააფორმეს. რაც შეეხება საბიუჯეტო დავებს, ეს სულ სხვა განხილვის საგანი იქნება.

ამასთან, ბესიკ ხარძიანი ადასტურებს, რომ მისი საქმის ძიება პროკურატურაში ინტენსიურად მიმდინარეობს. ასევე, საქმე სასამართლოში ძირითად განხილვამდეა მიყვანილი.

ჩვენ დავუკავშირდით ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილს, რომლის შესახებაც გვითხრეს, რომ ამერიკის სავაჭრო პალატა მისი გახმაურებული საქმითაც დაინტერესდა. საუბარია ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარე მაღაზია „ალბატროსზე“, რომელიც ბეგიაშვილს ნაციონალების დროს ჩამოართვეს და ახლახანს დაუბრუნეს. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენი ინფორმაციით, იგი საკუთარ ქონებას იჯარით ფლობს და იბრძვის იმისთვის, რომ საკუთრებაში დაიბრუნოს.

დავით ბეგიაშვილმა გვითხრა, რომ კარგი იქნება, თუ ამერიკის სავაჭრო პალატა მის საქმეს შეისწავლის და კონსულტაციებს გამართავს მთავრობასთან იმის შესახებ, რა ფორმით მოხდეს ამ საქმეების მოგვარება.

„ამერიკის სავაჭრო პალატის მხრიდან ჩემი საქმის შესწავლაზე რა უნდა გითხრათ, როცა მთავარია, აქაურმა გამოძიებამ შეისწავლოს, რა მოხდა სინამდვილეში. კარგი იქნებოდა, ადგილობრივად შეესწავლათ ეს საქმეები. რატომღაც ასე ხდება, რომ ვიღაცებს ველით და გვსურს, სხვებმა მოაგვარონ ჩვენი საქმეები. სამწუხაროდ, პროკურატურაში ჩემი საქმე არანაირ ეტაპზე არ არის. საერთოდ, ამ მიმართულებით არცერთი საქმე არ არის განვითარებული “, - აღნიშნა დავით ბეგიაშვილმა For.ge-სთან საუბარში.

საკითხში გასარკვევად For.ge-მ კითხვებით მიმართა ამერიკის სავაჭრო პალატის (Amcham) კომერციული და საგადასახადო სამართლის პროექტის მენეჯერს, ჯორჯ ველტონს. ჩვენ სამი შეკითხვით დავინტერესდით:

1) დაზარალებული ქართველი ბიზნესმენების საქმის შესწავლის შემდეგ რა დამატებითი ზომების მიღება შეეძლება ამერიკის სავაჭრო პალატას და შემდეგ უკვე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს?

2) როგორ უნდა დაჩქარდეს ამ ადამიანებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ბიზნესის დაბრუნება და რა რეკომენდაციას მისცემს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას?

3) რომელი ბიზნესმენების საქმეები შეისწავლეს და რა პრინციპით შეარჩიეს მათი საქმეები? სხვა ბიზნესმენების საქმეების შესწავლასაც თუ აპირებენ, მათ შორის, მამია სანადირაძის საქმის, რომელიც ორგანიზაცია „დააბრუნეს“ ხელმძღვანელია და, რომელსაც კომპანია „კავკასუსი“ წაართვეს?

ორდღიანი ლოდინის შემდეგ ამ შეკითხვებზე ჯორჯ ველტონის პასუხი მივიღეთ. მან განმარტა, რომ ამერიკის სავაჭრო პალატის პროექტი არ ახორციელებს ანალიზს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის, ისინი არ საუბრობენ ამერიკის მთავრობის სახელით და არ აწვდიან ამერიკის მთავრობას რჩევებს, თუ როგორ განახორციელონ მათ საქართველოს მთავრობის კონსულტირება. უბრალოდ, მათი პროექტი დაფინანსებულია USAID-ის გრანტის ფარგლებში და ისინი დაინტერესებულნი არიან საკუთრების დარღვეული უფლებების აღდგენის თემებით, ასევე, ფინანსთა სამინისტროს რეფორმებით.

„ამერიკის სავაჭრო პალატა აწარმოებს საკითხების დამოუკიდებელ ანალიზს. ჩვენ ვიკვლევთ, თუ რამდენად არის დაცული კანონიერება საკუთრების უფლებების აღდგენის პროცესში. ამ ანალიზების განხორციელების მიზნით, ჩვენ მოვახდინეთ 13 მნიშვნელოვანი საქმის იდენტიფიცირება ამ მომენტისათვის, რომელთაგან ნაწილის მოძიება მოხდა პრესის საშუალებით, სხვა შეთხვევებში კი პიროვნებებმა თვითონ მოგვმართეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ აქტიურად ვერ ვაკვირდებით სასამართლო დავებს, რადგანაც მხოლოდ საქმეების მცირე რაოდენობაა სასამართლო განხილვის ეტაპამდე მისული. დღევანდელი ჩვენი პოზიცია არის ის, რომ სახელმწიფო მოქმედებს კანონიერების ფარგლებში. რესტიტუციის უფლების მქონე პირებისათვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი ხანდაზმულობის ვადები, რაც საკუთრების უფლების აღდგენას ძალიან ართულებს. არსებული კანონმდებლობის შეცვლის საკითხის განხილვა არ წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის მიზანს“, - გვითხრა ჯორჯ ველტონმა.