თბილისში პირველი კატეგორიის რეკრეაციულ ზონებში მიწის პრივატიზება იკრძალება. გამონაკლის შემთხვევებში, ჭრები დაიშვება მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკონპენსაციო ღონისძიებების განხორციელებით.
ამასთან დაკავშირებით ცვლილებები - „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.
for.ge-სთან საუბარში გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების მომზადების მიზეზია, თბილისის სხვადასხვა უბნებში მიწის ნაკვეთების პრივატიზაციის პროცესის შედეგად ქალაქის მწვანე საფარის ინტენსიური განადგურება.
დეპუტატის ინფორმაციით, გასულ წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ თბილისის რიგ უბნებში მტვრის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში 7-ჯერ აღემატება ზღვრულ დასაშვებ ნორმას, ხოლო ნახშიროჟანგის სამჯერ.
„დედაქალაქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე მიუთითებს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები, რომლის მიხედვით, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების რაოდენობა 2007 წელთან შედარებით 23 პროცენტით არის გაზრდილი. ფილტვების ქრონიკულ დაავადებათა რაოდენობა გაზრდილია 165 პროცენტით, ხოლო შემთხვევათა რაოდენობა 70 პროცენტით“, - განმარტავს კანონდებელი.
გიორგი ცაგარეიშვილი საკითხზე საუბრისას ყურადღებას ეკოლოგიური თვალსაზრისით, თბილისის მერიის საქმიანობაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ თბილისში არცერთი რეკრეაციული ზონა აღარ დარჩა, სადაც თბილისელი დაისვენებს და სუფთა ჰაერით ისუნთქებს.
„თბილისში უმძიმესი ეკოლოგიური სიტუაცია არის შექმნილი. გიგი უგულავა ხეებს მტრად მოეკიდა. სადაც კი, მწვანე ნარგავი და რეკრეაციული ზონა ნახეს, ყველაფერი გაჩეხეს, ან იქ პოლიციის შენობები ჩადგეს, ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა ამ ზონებში კორპუსების, სუპერ-მარკეტების, გასართობი ცენტრების, რესტორნებისა და ბარების მშენებლობა დაიწყეს. ხშირად, სხვა პრობლემებს ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ რა გარემოში ვცხოვრობთ არ გვაინტერესებს?“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი, რომელიც აქცენტს კანონპროექტით გათვალისწინებულ ნორმებზე აკეთებს.
კანონმდებელის განმარტებით, მეორე და მესამე კატეგორიას მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისებისა და მათზე მშენებლობის განხორციელების დროს, მწვანე ნარგავების ჭრაზე, ნებართვის გაცემა რამდენიმე შემთხვევაში მოხდება.
„ნარგავების ჭრა მოხდება - თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებულია, ხოლო ასეთი დაავადების არსებობა და განკურნების შესაძლებლობა შეუძლებელია. ასევე ჭრა დაშვებული იქნება სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხევევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებენ მშენებლობას და მათი დატოვება სამშენებლო ტერიტორიაზე შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას, ან გამოიწვევს უკვე აშენებული კონსტრუქციის უშუალო დაზიანებას“, - განმარტავს ცაგარეიშვილი.
დეპუტატის ცნობით, კანონმდებლობით, მწვანე ნარგავების ჭრის ნაცვლად, კომპენსაციების რაოდენობა იზრდება.
კერძოდ, პროექტით, აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება ხის ხნოვანების რგოლების რაოდენობის მიხედვით და წიწვოვანებისთვის მერქნის ერთი რგოლის ღირებულება - 100 ლარი იქნება, ხოლო ფოთლოვანებისთვის - 50 ლარი.
ინიციატივით, მერქნის დიამეტრის განსაზღვრა ფესვის ყელიდან ღეროს ჩამოყალიბების ადგილზე მოხდება.
„განფასება ერთი ათად გაიზარდა. თუ რაიმე ნარგავის მოჭრა ღირდა ათი ლარი, ის 100 ლარი გახდება. ასეთ შემთხვევაში კი, დაფიქრდებით ღირს თუ არა მწვანე ნარგავის მოჭრა?! ეს პროექტი დაგვიანებულია, მაგრამ ამ ჭრილობას მაინც უმკურნალებს“, - დასძენს კანონპროექტის ინიციატორი.
პარლამენტში აღნიშნული პროექტის განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.