„გვარამიას, როგორც ჩანს, ლენინიზე მეტად ლენინობა სურს და „რევოლუციურ თეორიასაც“ ყირაზე აყენებს“

„გვარამიას, როგორც ჩანს, ლენინიზე მეტად ლენინობა სურს და „რევოლუციურ თეორიასაც“ ყირაზე აყენებს“

საგამოძიებო კომისიამ ღია მოსმენები დაასრულა და დასკვნის მომზადების ეტაპზე გადავიდა, რომელიც, დიდი ალბათობით, 5 აგვისტომდე დაიდება და რეაგირებისთვის გადაეგზავნება პროკურატურას. ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ამ კომისიის შედეგი იქნება სამართლებრივ-პოლიტიკური დასკვნა, რითაც მყარ, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასაბუთდება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და თუკი არ ლიკვიდირდა, იქნება ანტისახელმწიფოებრივი, ანტისამართლებრივი მოვლენა, რომელსაც არსებობის ერთადერთი მოდუსი აქვს, რაც შემდგომ იურიდიულად გაფორმდება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელი.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, რომ მიმართონ განცხადებით შეწყალების შესახებ. ასევე, განცხადებით დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და ასეთ შემთხვევაში მიხეილ ყაველაშვილი მზად არის დაუყოვნებლივ გამოსცეს შეწყალების აქტი. ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურად რამდენად სწორი იყო პრეზიდენტის წინადადება, რომელსაც ოპოზიცია იმით ხსნის, რომ „ქართული ოცნება“ ეძებს ლეგიტიმაციის გზას, რომ მარტო არ დარჩეს თვითმმართველობის არჩევნების წინ. რეალურად, რასთან გვაქვს საქმე?

დავით ზარდიაშვილი: პრეზიდენტის ეს შეთავაზება ემსახურება „ოპოზიციის პოლიტიკური დევნის“ ყალბი მითის გაცამტვერებასა და სრულ გაქარწყლებას. თუ სისხლის სამართლის დანაშაულზე მსჯავრდებულ ოპოზიციონერებს სურთ არჩევნებში მონაწილეობა, მათ შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, ე.ი. გამოტყდნენ, აღიარონ, რომ ჩადენილი აქვთ კონკრეტული ბოროტმოქმედება - პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წინასწარი კანონსაწინააღმდეგო განზრახვით გამოუცხადებლობა, რაც, თავისი არსით, გარდა პარლამენტის მიმართ ცინიკური უპატივცემულობის დემონსტრირებისა, რასაც თან ახლავს უტიფარი რიტორიკა ვითომ პარლამენტის არალეგიტიმურობის შესახებ, ასევე წარმოადგენს საბოტაჟის ტოლფას დანაშაულსაც.

გარდა ოპოზიციონერების პოლიტიკური დევნის თაობაზე ყოველგვარი სპეკულაციების აბსურდულობის დემონსტრირებისა, სხვა რაიმე მიზანი, არა მგონია, პრეზიდენტს ამ შემთხვევაში ჰქონდეს, რადგან ეს შეთავაზება მკაფიოდ აჩვენებს - მიუხედავად სამართლიანი მსჯავრისა ე.წ. ოპოზიციურ ლიდერებს აქვთ რეალური შესაძლებლობა და უჩვენეს პრაქტიკული გზაც, რათა არჩევნებში თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა, თუკი ამის სურვილი ნამდვილად გააჩნიათ. მოსაზრება, თითქოს „ქართული ოცნება“ ამით ცდილობს ლეგიტიმაცია მოიპოვოს, ღიმილისმომგვერლია.

ოპოზიციას არ სურს დაიჯეროს, რადგან საღი განსჯის და ქმედების უნარს მოკლებულია, რომ პოლიტიკოსებს ლეგიტიმაციას მხოლოდ ხალხი ანიჭებს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ხალხის ნდობა უკვე არერთგზის მოპოვებული აქვს. ამ ადგილობრივ არჩევნებში კი მის მიმართ ეს ნდობა კიდევ მეტად გაიზრდება და აქედან გამომდინარე „ოცნებისთვის“ იოტისოდენა საფრთხე მისი ლეგიტიმურობისა ობიექტურად არ არსებობს. ამაზე გაუთავებელი და სრულიად უსაგნო საუბარი, უფრო სწორედ უაზრო ყაყანი და რეგვნული ყბედობა კი პირიქით, სწორედ, ამ ოპოზიციას დატოვებს ნდობის, მაშასადამე, ასევე ლეგიტიმიაციისა და ავტომატურად - პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე.

„ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ მიიღებენ თვითმმართველობის არჩვნებში მონაწილეობას, რასაც პარტიის წევრები გაემიჯნენ და პარტია დატოვეს. ჩნდება კითხვა, თუკი შენი მიზანია შეცვალო ხელისუფლება, ამისთვის საუკეთესო გზა არის არჩვენები და სწორედ ასე აპირებენ გახარია და ხაზარაძე „ქართული ოცნების“ „დამარცხებას“, მაგრამ როდესაც არჩევნებზე აცხადებ უარს და მაინც ამბობ და უპირატესობას ქუჩას ანიჭებ, ე.ი. გამოდის, რომ რადიკალები ისევ ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილებაზე მუშაობენ? შეგახსენებთ ნიკა გვარამიას წერილს ციხიდან - რეჟიმის შესაცვლელად უნდა აჯანყდნენ...

- აქ ისტორიაც უნდა გავიხსენოთ: არჩევნებში მონაწილეობაზე, ე.ი. ლეგალური გზებით პოლიტიკური ბრძოლის საუკეთესო შესაძლებლობაზე, უარი არ უთქვამს ისტორიაში რევოლუციის ყველაზე დიდ ბელადს, თვით ლენინსაც კი. გვარამიას, როგორც ჩანს, სურს ლენინიზე მეტად ლენინობა და რევოლუციურ თეორიასაც ყირაზე აყენებს. არადა, უჯობს „დიადი ბელადის“ სწავლებას მისდიოს, თუკი თავისი ბოლშევიკური რევოლუციის მოწყობა მართლაც სწადია, უკეთეს მასწავლებელს ვერც იპოვის! ცნობისთვის: 1905 წლის რევოლუციის დროს, ნიკოლოზის ოქტომბრის მანიფესტის შემდგომად, ლენინმა „პარტიის ლიკვიდატორები“ უწოდა იმათ, ვინც უარს იტყოდა სახელმწიფო დუმას არჩევნებში მონაწილეობაზე. ლენინისა და მსგავსი ავაზაკებისთვისაც კი სრულიად ნათელი იყო, ვინც უარყოფს პოლიტიკაში ლეგალურ მონაწილეობას, იგი რევულუციურ ორგანიზაციასაც ლიკვიდაციისთვის სწირავს: ამბოხება ნებისმიერ სახელმწიფოში უმძიმესი დანაშაულია, ამბოხებულებს ყველგან სასტიკად სდევნიან და თუნდაც იმიტომ, რომ ელემენტარული თავდაცვის საშუალება და თავშესაფარი ჰქონდეთ, რადიკალმა რევოლუციონერებმაც კი არ შეიძლება უარი თქვან პოლიტიკის წარმოების ლეგალურ საშუალებებზე.

როგორც ვხედავთ, ეს ჩვენი ცოდვით სავსე „რევოლუციონერები“ ლენინს ავაზაკურ სიშლეგეში ტოლს არ უდებენ და რადიკალიზმში აჯობეს კიდეც. შედეგი ის იქნება, რომ გვარამია ახალი ლენინი ვერ გახდება და საკუთარ ტყავზე პრაქტიკით ისწავლის იმას, რაც მისთვის ლენინს უნდა ესწავლებინა - ვინც რევოლუციის თეორიას არ ცნობს, მას პრაქტიკა შეიწირავს, რაც ნიშნავს ამ ე.წ. პარტიების სრულ ლიკვიდაციას. ჩვენ ეგ, ცხადია, არ გვედარდება, პირიქით - გზაც იქით ჰქონიათ!

„ლელო“ პრაქტიკულად დაიშალა, იგივე ხდება გახარიას პარტიაში, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ეს პარტიები საერთოდ დაიშალოს არჩევნების წინ და საერთოდ, ვხედავთ, რა ხდება ოპოზიციურ დაჯგუფებებში, ღიად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ბატონო დავით, ეს არის უკვე კრიზისი ოპოზიციაში?

- წინა პასუხის გათვალისწინებით და ამის გარეშეც, ყველა ლოგიკით ეს ე.წ. ოპოზიცია დიდი ხანია უკვე ლიკვიდაციის რეჟიმში უნდა იყოს. ასეთ დროს ყველა დამოუკიდებელი სუბიექტი ითვლის აქტივებსა და პასივებს, ისტუმრებს ვალდებულებებს და თუკი რამე ამ ლიკვიდაციის პროცესს გადაურჩება, ერთმანეთში გადაინაწილებს ანდა მემკვიდრე სუბიექტს გადაულოცავს. მათი ლიკვიდაცია დიდი ხანია, უკვე დასრულებულიც იქნებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ისინი არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ სუბიექტებს. ეგება სურთ კიდეც დაიშალონ, ზოგი თავის პარტიასაც ტოვებს, თავს რომ უშველოს, მაგრამ უცხოელი პატრონები ამ პარტიებს არ მისცემენ ლიკვიდაციის ნებას, იმიტომ რომ ყველა ღირებული აქტივი, რაც მათ აქვთ ანდა ოდესმე ჰქონიათ, მთელი კაპიტალი, უწინარესად - პოლიტიკური კაპიტალი, 100%-ით ამ უცხოელი პატრონებისაა, ხოლო ყველა პასივი - ე.ი. ვალდებულებები, რაც გასასტუმრებელია, ექსკლუზიურად, მხოლოდ და მხოლოდ მათი. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოელების ვალიდან ისინი ვერასდროს ამოვლენ, ანუ - მუდმივ მონობაში არიან. წარმოიდგინეთ, არიან ნამდვილ ჯოჯოხეთში, ისეთ გაუსაძლის მდგომარეობაში, როცა სულ გინდა მოკვდე და მოისვენო, მაგრამ ვერც მოკვდები, რადგან უკვე მოკვდი და მოხვდი იქ, სადაც ლიკვიდაციაც კი შეუძლებელია.

საგამოძიებო კომისიამ ღია მოსმენები დაასრულა და გადავიდა უკვე დასკვნის მომზადებაზე, რომელიც, დიდი ალბათობით, 5 აგვისტომდე დაიდება და რეაგირებისთვის გადეგზავნება პროკურატურას. ბატონო დავით, ისტორიებს, რომელიც ვიცოდით და ისტორიებს, რომელიც არ ვიცოდით - მაგალითად, არ ვიცოდი, რომ მფრინავი, რომელმაც არ შეასრულა ოქრუაშვილის დანაშაულებრივი ბრძანება, კოდორში დაებომბა კვიციანების საცხოვრებელი სახლი და მშვიდობიანი მოსახლეობა, ღალატის ბრალდებით დააკავეს და უამრავ სხვა გაცილებით მძიმე ფაქტებს, როგორი მოლოდინი გაქვთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ კომისიის დასკვნის შემდეგ?

- ამ კომისიის შედეგი იქნება სამართლებრივ-პოლიტიკური დასკვნა, რითაც მყარ, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასაბუთდება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და თუკი არ ლიკვიდირდა, იქნება ანტისახელმწიფოებრივი, ანტისამართლებრივი მოვლენა, რომელსაც არსებობის ერთადერთი მოდუსი აქვს. მისი „მოდუს ვივენდი“ - სახელმწიფოს ძირის გამოთხრა და ამ ნგრევით მოპოვებულით გამოკვებაა. მათი „მოდუს ოპერანდი“ - ბოროტმოქმედებაა. ეს ყოვლად უსჯულო, ანტისამართლებრივი პოლიტიკური ძალა არსებობს მუდმივი ღალატითა და ამაზრზენი დანაშაულებებით, სხვაგვარად, უბრალოდ, გაქრება.

ასეთი იქნება არსებითად ეს დასკვნა, რაც შემდგომ იურიდიულად გაფორმდება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელი. სარჩელს, სავარაუდოდ, წარადგენს „ოცნების“ სრული საპარლამენტო შემადგენლობა და ამ სარჩელს ხელს მოაწერდა ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვგულისხმობ არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ წინა და მომავალი თაობების ქართველებსაც. სასარჩელო მოთხოვნა ნათელია - „ნაციონალური მოძრაობის“, აგრეთვე მასთან სისტემურად და სტრუქტურულად მჭიდროდ დაკავშირებული პარტიებიც უნდა გამოცხადნენ არაკონსტიტუციურად და ისინიც უნდა აიკრძალონ. სამართალი უნდა აღსრულდეს! - ასეთია ნება ერისა და ნება ღვთისა.

15 ივლისს ევროკავშირის მინისტერიალი იმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება საქართველო. რა გადაწყვეტილება შეილება მიიღონ საქართველოსთან დაკავშირებით - ისევ დასჯიან „აჯანყებულ“ საქართველოს და შეაჩერებენ ვიზალიბერალიზაციას, თუ ისევ სანქციებით შეიძლება შემოიფარგლონ? ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რა გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ კაია კალასისგან?

- იმედი ვიქონიოთ, რომ მათი გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისთვის, რაც შეიძლება ნაკლებ დამაზიანებელი იქნება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესისთვისაც. იმ დეგრადაციის გზაზე დამდგარი გაერთიანებისგან, შეიძლება ასეც ვთქვათ - აწ უკვე ყოფილი ევროკავშირისგან, რომელიც ისე დაეცა, რომ მის საგარეო პოლიტიკას კაია კალასი განაგებს, შეუძლებელია სხვა რამეს ელოდე, თუ არა ძალიან ცუდს ანდა კიდევ უფრო უარესს!

 

Gami კომისიამ მოსმენები დაამთავრაო -- უცნაურია.. ბარამიძე, ჟვანიას ძმაკაცი და სააკოვის მონა არ უნდა დაებარებინათ? ან ჟვანიას მკვლელობაზე ვინმესთვის არ უნდა მოესმინათ? გაუგებარია. ისე, ამ კომისიას მუშაობა 91 წლის გადატრიალებიდან უნდა დაეწყოთ და აქამდე მოსულიყვნენ. უფრო ყოვლისმომცველი სურათი დაიხატებოდა... მაგრამ უნდოდათ?
1 კვირის უკან