ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციური სპექტრი ორ ბანაკად გაიყო. ერთი ნაწილი არჩევნების ბოიკოტირებას აპირებს, მეორე კი ბრძოლას საარჩევნო ყუთებთან. გაყოფილი კონფიგურაცია არამარტო ოპოზიციურ შესაძლებლობებს ზღუდავს, არამედ შესაძლოა ხელისუფლებას მისცეს შანსი, დასავლური დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი. ექსპერტთა შეფასებით, გაყოფილ ოპოზიციაში შესაძლოა „ლელოსა“ და გახარიას პარტიებს გაუჩნდეთ მეტის მიღწევის შანსი, თუმცა რეალური ბენეფიციარი შეიძლება ისევ მმართველი პარტია აღმოჩნდეს.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ კონფიგურაციაში გადამწყვეტი შეიძლება გახდეს დასავლეთის პოზიცია თუ რომელ ოპოზიციურ ჯგუფს გაუწევს ის მხარდაჭერას. ექსპერტის ვარაუდით, დასავლეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს იმ ძალებს, რომლებიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ. შესაბამისად, პოლიტიკური რისკის წინაშე დგებიან ის პარტიები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
ხელისუფლების თქმით კი, დასავლეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, ოპოზიციური ველი ხელოვნურად დაიყოს: ერთი მხარეს მოექცნენ ე.წ. „ორთოდოქსი ნაციონალები“, რომელთაც ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობა, ფაქტობრივად, აუკრძალა, ხოლო მეორე მხარეს რბილად გამოსაყენებელი ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც მწვანე შუქი აუნთეს.
„უნდათ, რომ გააქრონ პოლიტიკური ველიდან ის პარტია, რომელიც დამძიმებულია ცოდვებით და, რომელთა ჩამორეცხვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ისისნი არიან ქვეყნის გარეთ და რეალურად ხელი არ უდევთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პულსზე“, - ამბობს მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი.
მისი აზრით, მიმდინარე პროცესის ერთ-ერთი მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული გახარია და ხაზარაძე წარმოადგინონ როგორც გამიჯნული, განსხვავებული ოპოზიციური ძალები, რათა შეიქმნას ახალი, შუაშისტური პოლიტიკური ცენტრი. თუმცა მათიკაშვილი ამ მცდელობას სკეპტიკურად უყურებს:
„გახარიას და ხაზარაძისგან რაღაც შუაშისტური ძალის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ყველაფერს საბოლოოდ ქართველი ხალხი დაადასტურებს საკუთარ გადაწყვეტილებით ადგილობრივ არჩევნებზე“, - ამბობს მათიკაშვილი.
ოპოზიციის პოზიციები კი მკვეთრად გაიყო და ორ ბანაკად გაყოფილ პოლიიტკურ ძალებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.
„მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა - ერთი, რაზეც გული მწყდება, უტიფრობის ამ ხარისხს რატო გვაკადრებენ - „პოლიტპატიმრებისთვის შევდივართ ბრძოლაშიო“, - ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას.
„ბიძინა იძახდა, „იჭიჭყინებენ გადაივლისო“, კი მიიღო უწყვეტი პროტესტი და სანქციები. ახლა „ლელო“ იძახის, იხმაურებთ და გაჩუმდებითო. მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა, რომელიც არც ბიძინას სიტყვებზეა დამოკიდებული, არც „ლელოსი“ და მით უმეტეს არც ოხანაშვილის „თემუ“ ვერსიებზე. ერთი, რაზეც გული მწყდება, უტიფრობის ამ ხარისხს რატო გვაკადრებენ, „პოლიტპატიმრებისთვის შევდივართ ბრძოლაშიო. მართლა, ბოლო პოსტია „ლელოზე“, მივხედოთ საქმეს, მალე მოგიბრუნდებით, ძალიან მალე“, - წერს ხოშტარია.
პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ ოპოზიციის შიდა გაყოფამ შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სარგებელი მოუტანოს „ლელოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“ პარტიებს. მათ ექნებათ შანსი, რომ შედარებით კონსტრუქციული იმიჯით მოიზიდონ დასავლეთისა და ნეიტრალური ამომრჩევლის ყურადღება.
თუმცა, თუ მათი მობილიზაციის რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა, მმართველი პარტია შეიძლება აღმოჩნდეს რეალური გამარჯვებული, როგორც კონკურენციისგან დაცლილი პოლიტიკური ველის მთავარი მოთამაშე.
„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით ეს პარტიები დასავლეთისგან მიიღებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას. ვნახეთ, რომ დასავლეთს სურს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობდეს. ამიტომაც ამ ნაწილმა აირჩია გზა, რომელიც მათ მისცემს დასავლეთის მხარდაჭერის მიღების საშუალებას და პარალელურად, ეცდებიან, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გაიმყარონ პოზიციები და უფრო წინ წაიწიონ. გამარჯვება მათი მთავარი მიზანი არაა და თავადაც კარგად იციან, რომ რეგიონებში ამის შანსი მცირეა. თუმცა, ვინც მიიღებს მონაწილეობას, რამდენიმე გათვლას აკეთებს - ერთი, რომ მოახერხებს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას და მეორე, რომ შესაძლებელია „ნაციონალებისა“ და „ახალი საქართველოს“ იმ ამომრჩევლის ნაწილიც გადაიბიროს, ვინც რადიკალურ ხაზს არ ემხრობა. ამავე დროს, დასავლეთთანაც გაიმყარებენ პოზიციას და მეტ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ,“ - ამბობს მამრაძე.
თუმცა, როგორც პოლიტოლოგი ამბობს, არსებობს მეორე უარყოფითი მხარეც: ბოიკოტის თემის დატოვებამ, რომელსაც ეს პარტიები აქამდე მხარს უჭერდნენ, შესაძლოა, ამომრჩევლის ნაწილის განაწყენება გამოიწვიოს. მათი არათანმიმდევრულობა ოპოზიციურ ამომრჩეველში უარყოფით განწყობებს გააჩენს.
მამრაძის თქმით, მიუხედავად ამისა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ამ პარტიებისთვის კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდას გამოიწვევდა.
„სარგებელს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც მიიღებს. ერთი მხრივ, დასავლეთთან იტყვის, რომ დასრულდა საუბარი 2024 წლის არჩევნების არალეგიტიმურობაზე, ხოლო მეორე მხრივ, გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს“, - აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახალი საქართველოს“ პოზიციას, მამრაძე აქაც მათ ტაქტიკურ გათვლას ხედავს. მისი აზრით, ბოიკოტის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ პარტიებმა თავი აარიდონ ღიად გამოჩენილ რეიტინგის ვარდნას.
„ნაციონალებს თბილისში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მეტი მხარდაჭერა ჰქონდათ, თუმცა თუ გამოჩნდება, რომ მათი პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდა, ეს მათ სერიოზულ ზიანს მოუტანს. ამიტომაც ამჯობინეს, რომ არჩევნებს გაცლოდნენ. ამ გზით ისინი აირიდებენ იმ ნეგატიურ ეფექტს, რასაც არჩევნებზე სუსტი შედეგი გამოიწვევდა. ხოლო ერთიანი პოზიციის არარსებობა, როცა ოპოზიცია ორ ნაწილადაა დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებულია, ხელისუფლებისთვის საუკეთესო სცენარია. ამ ფონზე მას ექნება შანსი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც ოპოზიციას უფრო ძლიერი ეგონა თავი, მობილიზება მოახდინოს და უკეთესი შედეგი აჩვენოს“ - აცხადებს მამრაძე.
ექსპერტის თქმით, ოპოზიციაში უკვე დაწყებულია შიდა დაპირისპირება. უკვე ისმის ბრალდებები, თითქოს „ლელო“ ხელისუფლებას შეეკრა და ა.შ. ეს ლოგიკურია, რადგან მათ ერთმანეთის დისკრედიტაცია უკვე დაიწყეს.