პანიკაში ჩავარდნილი გოჩა ცქიტიშვილი და ფიფლმეტრების ციებ-ცხელება

პანიკაში ჩავარდნილი გოჩა ცქიტიშვილი და ფიფლმეტრების ციებ-ცხელება

ფიფლმეტრების სკანდალისა და შემოსავლების სამსახურის მიერ ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანია „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ 800 ლარით დააჯარიმების შემდეგ ყველაზე დამაფიქრებელი IPM-ის დამფუძნებლის გოჩა ცქიტიშვილის პოზიცია იყო.

ამ საკითხის სპეციალისტები, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, For.ge-სთან საუბარში აფიქსირებენ, რომ ასეთი აღელვებული გოჩა ცქიტიშვილი არასდროს უნახავთ. არც მაშინ, როცა არჩევნებამდე აბსოლუტურად განსხვავებულ რეიტინგებს დებდა და მთელი საქართველოს მოსახლეობის პოზიციას ნაციონალების სასარგებლოდ „აპრავებდა“, არც მაშინ, როცა სატელევიზიო რეიტინგებში „ნაცმოძრაობის“ განწყობას ასახავდა და სარეკლამო თანხებსაც ერთ მიმართულებას აძლევდა.

აფორიაქდნენ ნაციონალებიც. „ნაცმოძრაობამ“ ამ ამბავს თავისებური ელფერი შემატა. პავლე კუბლაშვილმა განაცხადა – საგამოძიებო სამსახური „თი-ვი-ემ-არ“-ში ფარცხალაძის დავალებით შევიდა, ფარცხალაძემ კი დავალება ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ის მეპატრონე ბერა ივანიშვილისგან მიიღო.

ამ ვერსიების საპასუხოდ, ჩვენი რესპოდენტები აცხადებენ, რომ გოჩა ცქიტიშვილის აღელვების მიზეზი მხოლოდ ერთია - ფიფლმეტრების საქმეში დიდი ფული ტრიალებს. კერძოდ, „რჩეული“ ტელეკომპანიებისთვის მიტანილი სარეკლამო თანხიდან გოჩა ცქიტიშვილის პარტნიორი ორგანიზაცია დიდ გასამრჯელოს იღებს. ასე რომ, წრე შეკრულია.

თქვენ აცხადებთ, რომ გოჩა ცქიტიშვილი შეშინებულია და მისი ქმედება ისტერიულია. მან ეპისტოლარულ ჟანრსაც მიმართა და ახალი ხელისუფლება ინვესტორებისა და ტელე აუდიტორიის გაზომვების საერთაშორისო პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა, თანაც იკითხა, „გსურთ, საქართველო კამბოჯის, ჩადის რესპუბლიკის, თურქმენეთისა და სომალის გვერდით იხილოთ“? მისი პათოსის მიუხედავად, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ფიფლმეტრების მონაცემები გაყალბებულია.

- გოჩა ცქიტიშვილის მხრიდან ასეთი ისტერია არ მახსენდება. აშკარაა, შეეშინდა, ამიტომაც მის დამცველად მოგვევლინა რამდენიმე ორგანიზაცია. მათ შორის, განსაკუთრებით აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“. სისულელეა, რომ თურმე კონფიდენციალურობის მოტივით არ ასახელებენ იმ ოჯახებს, სადაც რეიტინგების დამთვლელი აპარატურაა განთავსებული. სინამდვილეში, ფიფლმეტრის მქონე ოჯახის წევრები კი არ წარმოადგენენ კვლევის ობიექტებს, არამედ კვლევის ობიექტია მათი დამოკიდებულება სატელევიზიო არხების მიმართ, მედიაპრეფერენცია, ანუ მე რას ვუყურებ, რომელ გადაცემას. ვფიქრობ, შემოსავლების სამსახურს აინტერესებდა ის, ნამდვილად დგას თუ არა ეს ფიფელმეტრი ოჯახებში.

დეკლარირებულად 350 ფიფელმეტრი დგას ოჯახებში. თქვენც ფიქრობთ, რომ შეიძლება ფიფელმეტრი ან საერთოდ არ იყოს, ან მათი რიცხვი გაცილებით ნაკლები იყოს?

- ამის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი შესაბამის სტრუქტურებს, ალბათ, აქვთ. ეს არის ექსკლუზიური პროდუქტი, მხოლოდ ერთი კომპანია ფლობს ამ პროდუქტს და ალტერნატივა არ არის. ასე რომ, ყველა სარეკლამო კომპანია თუ ტელევიზია იძულებულია, მათი მომსახურებით ისარგებლოს, რადგან მედიადაგეგმარება, რეკლამები ამაზეა დამოკიდებული. ბევრი ამით უკმაყოფილოა, რადგან მათი მონაცემები ხშირად მარტივ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. თავის დროზე ერთ-ერთი ცნობილი არხის ხელმძღვანელი ამბობდა, ჩემს არხზე, მაგალითად, „ბარსელონა“ ეთამაშება „მილანს“, „რუსთავი 2“-ზე კი ვთქვათ, „ზენიტი“ ეთამაშება „გალათასარაი“-ს, იმის მიუხედავად, რომ უფრო რეიტინგული და წონიანი თამაში ჩემს არხზე გადის, მეორე დღეს ფიფლმეტრიაში რატომღაც მაინც ჩემი არხის რეიტინგი დაბალია. გარდა ამისა, როცა ტელეკომპანია „202“-ის ეთერი გამორთეს, სამი-ოთხი თვის განმავლობაში ეს ტელეკომპანია მაინც იღებდა 5%-იან რეიტინგს, მაშინ, როცა მისი ფუნქცია აბსოლუტურად ამოწურული იყო. ამიტომ, ცხადია, რეიტინგებით მანიპულაცია შეიძლება მოხდეს. გამორიცხული არ არის, ამ 350 ოჯახის შერჩევის პრინციპიც დარღვეული იყოს, ან შერჩეული ოჯახების წევრები ძირითადად „ნაცმოძრაობის“ მომხრეები იყვნენ. შესაბამისად, ისინი უპრატესობას ანიჭებენ „რუსთავი 2“-ს. ასეთ შემთხვევაში, ეს რგოლი აშკარად გადაბმულია - „ნაცმოძრაობა“ და „რუსთავი 2“. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ გოჩა ცქიტიშვილის ორგანიზაცია უტარებს კვლევებს IRI-ს, სადაც „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 50-60 %-ს აღემატებოდა, ამ დროს არჩევნებმა სრულიად საპირისპირო შედეგი აჩვენა. სხვათა შორის, უკვე რამდენიმე თვეა, IRI-მ უარი თქვა ამ რეიტინგების გამოქვეყნებაზე. საფუძვლიანი ეჭვია, რომ სოციოლოგიური კვლევისთვის შერჩევაც იმგვარად იყო მოდელირებული, რომ გამოსაკითხ პირთა მეტი წილი მოდიოდა „ნაცმოძრაობის“ მომხრეებზე, ანუ რეპრეზენტაციულობა დარღვეული იყო. ცხადია, ფიფლმეტრების გაყალბების მიზეზი არის, რომ ბევრი სარეკლამო თანხა შევიდეს „რუსთავი 2“-ში, შესაძლოა, იქიდან თანხა უბრუნდებოდეს ამ ორგანიზაციას, ანუ შეკრული წრეა. გოჩა ცქიტიშვილის წერილში არის პოლიტიკური მოტივები, იგი ამბობს, უკვე აყაჩაღებენ ხალხს, ძარცვა და უბედურება ხდება, ნუთუ ასეთი დემოკრატია გვინდოდა?! ამ პოლიტიკური განცხადების კვალდაკვალ ჩნდება „რუსთავი 2“ და „ნაცმოძრაობა“. აქ ძალზე ბევრი ინტერესია ერთმანეთთან დაკავშირებული - რეკლამა, პოლიტიკური ორგანიზაციების რეიტინგები და ფულის გადანაწილება. ეს არის ერთ-ერთი კლანი, ბიზნესსტრუქტურა, რაც „ნაცმოძრაობას“ ძალიან ბევრი გააჩნდა სხვადასხვა სეგმენტში.

საინტერესოა, გოჩა ცქტიტიშვილის პარტნიორი ორგანიზაციის გარდა, ნუთუ სხვა მოთამაშეებს არ გაუჩნდათ ქართულ ბაზარზე ამგვარი მომსახურების გაწევის მოთხოვნილება? ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი სხვა კომპანია რატომ არ გამოჩნდა ჩვენს ბაზარზე?

- სხვათა შორის, იყო ამის მცდელობა, როცა ლევან თარხნიშვილს ძალზე საეჭვო ტენდერის მეშვეობით პირდაპირ მისცეს თანხა ფიფლმეტრის შესაძენად. ცხადია, თარხნიშვილსაც მთლიანად „ნაცმოძრაობა“ გააკონტროლებდა, მაგრამ ვერ ააწყეს ეს პანელი. ამასაც ცოდნა სჭირდება და საბოლოოდ მორიგდნენ გოჩა ცქიტიშვილთან, რომელიც წერს, რომ თურმე თავისი ბიზნესის რისკის ფასად უწევდა ეს საქმიანობა, მაგრამ ეს კაცი ძალზე მჭიდროდ თანამშრომლობდა „ნაცმოძრაობასთან“, ადეიშვილთან კვლევები მიჰქონდა. ამაზე მეტს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი.

ნაციონალები აცხადებენ, რომთი-ვი-ემ-არ საქართველოუტყუარად ზომავს რეიტინგებს და ამის დასტურად ერთ-ერთი უცხოური კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტი მოჰყავთ.

- იქ არის რამდენიმე შპს გახსნილი, მათ შორის, IPM-ი, IPM მონიტორინგი და სხვა. მათი დამფუძნებელია „აირექსი“. სწორედ „აირექსი“ უტარებს აუდიტს, ჩამოჰყავს ვიღაც ინგლისიდან და ამბობს, რომ ყველაფერი სწორად მიმდინარეობს. სინამდვილეში, სწორედ „აირექსის“ ფულით არის ნაყიდი ფიფლმეტრი, ანუ აშკარა ინტერესთა კონფლიქტია. ცხადია, ამ საქმით ძალზე ბევრი ჯგუფია დაინტერესებული და ვერც ამ უცხოური კომპანიის უტყუარობაზე დადებს ვინმე თავს. არავინ იცის, როგორ ჩატარდა და რას გულისხმობდა ეს მონიტორინგი. აქ მთავარია ძირითადი აქტორის ქცევა, ისტერიკა, პანიკა. აშკარაა, საქმე კარგად არ არის. რამ ააღელვა ისინი, რას გაუკეთებენ, პირობითად, იმ 350 ოჯახის წევრებს, დააპატიმრებენ, თუ რა არის?

კონფიდენციალურობა თუ დაირღვევა, შესაძლოა, ამ ოჯახების შეცვლა მოხდეს?

- რა პრობლემაა ოჯახების შეცვლა? ჯერ ერთი, ოჯახების როტაცია ისედაც უნდა ხდებოდეს. მაგალითად, იქ ფიქსირდება ოჯახის ცალკეული წევრი, რომელიც იმ მომენტში ფლობს დისტანციური მართვის პულტს (თუნდაც 12 წლამდე ბავშვი) რას უყურებს, შემდეგ ამ მონაცემთა სეგმენტირება ხდება. ამიტომ ცვლილებები ყოველთვის საჭიროა. ამ იდიოტიზმის არ მჯერა, რომ შემოსავლების სამსახურს სურს, ზეწოლა მოახდინოს ოჯახებზე. „ნაცმოძრაობის“ დროს ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, წარმოუდგენელია, ამ მთავრობამაც დაიწყოს 350 ოჯახზე ზეწოლა. სხვა ხერხებიც არსებობს. განა არ შეუძლიათ საგადასახადო დარღვევებზე გამოიჭირონ ან „ნილსენის“ ნაცვლად, შემოიყვანონ სხვა კომპანია, ან მომსახურების ფასი დააკლონ? ახლა კომპანიები იხდიან საკმაოდ ძვირს თვეში, დაახლოებით 2 ათას და მეტ დოლარს, შეიძლება დაიწიოს საბაზრო ფასი და სხვა ხერხით ჩაძირონ კონკურენტი.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პირობითად შესაძლოა, დაკვირვების ობიექტ 350 ოჯახში სულ სხვა ტელევიზორი შეიტანონ და მათრუსთავი 2“-ის ყურების უფლება ახალი ტელევიზორით დართონ, ამ დროს იმ ტელევოზორში, სადაც ფიფლმეტრია დამონტაჟებული, სულ სხვა არხის ჩართვა აიძულონ ოჯახებს, რათა საბოლოო შედეგირუსთავი 2“-ის საწინააღმდეგო აღმოჩნდეს.

- ეს ძალზე რთული მანიპულაციებია. გამოდის, მთლიანად ფინანსურმა პოლიციამ უნდა გააკონტროლოს ეს რთული ტექნოლოგიური პროცესი?! უფრო იოლი არ არის, ახალი აპარატურა ჩამოიტანონ? გოჩა ცქიტიშვილის აპარატურა - ფიფლმეტრი უკვე ძველია, 15 წელს ითვლის. დღეს ბევრად უკეთესი თანამედროვე ტენოლოგიური აპარატურა არსებობს, რაც შეიძლება, 350 ოჯახის ნაცვლად, 500 ოჯახს დაუმონტაჟდეს. ცქიტიშვილის პარტნიორი კომპანიის ჩაძირვა პრობლემა არ არის, თუკი ამას მიზნად დაისახავ. არა მგონია, ასე იდიოტები იყვნენ, ამაზე ფიქრობდნენ.

უცხოეთში ასეთი რამ არ ხდება, იქ ყველაფერი რეგულირდება მემორანდუმით. საქართველოში სრული ქაოსია, მარეგულირებელი სტრუქტურები არ არსებობს. უბრალოდ, არის მონოპლისტი, რომელიც სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით. ვიცით, რომ ესენი „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი. თუ არ ვცდები, თვეში 2000-დან 2500 დოლარამდე აქვთ შემოსავალი. ბოლოს და ბოლოს, 11 ტელევიზია ყიდულობს ამ ფიფლმეტრს და 18 თუ 19 სარეკლამო სააგენტო გააჩნიათ, ანუ მთლიანობაში 30-ია. ასეთ პირობებში ცუდი არ არის 60-80 ათასი დოლარის ოდენობით შემოსავალი. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით მილიონ დოლარამდე აქვთ შემოსავალი წელიწადში.

როცა კონტრარგუმენტად გეუბნებიან, რომ ოჯახების კონფიდენციალურობა დაცული უნდა იყოს, როგორ უნდა მოხდეს ამ ოჯახების შესწავლა და იმის გარკვევა, როგორ კეთდება რეიტინგები, რომელ ოჯახში რამდენი აპარატია განთავსებული და რამდენი აპარატით იზომება ეს რეიტინგი?

- მოდით, ანალოგიები მოვიშველიოთ. კი ბატონი, ამ ოჯახების შესახებ მთელი ქვეყნისთვის არ უნდა გახდეს ცნობილი. თუმცა კონკრეტული ორგანოსთვის ეს ცნობილი უნდა იყოს. თუკი ეს კონკრეტული ორგანო მერე მოახდენს ზეწოლას, ეს ისედაც ნათელი იქნება პარტნიორი ორგანიზაციისთვის, როგორც გოჩა ცქიტიშვილი უწოდებს, ზეწოლის განმახორციელებლებს კი შეექმნებათ პრობლემები. იქნებ, არც არავინ აპირებს ზეწოლის მოხდენას?! თუ ამბობ, რომ დაკვირვების მიზნით გყავს 350 ოჯახი, ლოგიკურია ვიკითხოთ, მანახე, სად არის ეს 350 ოჯახი?! სოციოლოგიური კვლევა როდესაც ტარდება, იქაც არის კონფიდენციალურობა, რაც ძალზე პირობითია. როდესაც ველის კონტროლი ხორციელდება და შესაბამისი ორგანიზაცია ამოწმებს, ინტერვიუერმა მართლაც ჩაატარა თუ არა კვლევა, ამ ორგანიზაციას აქვს შესაბამისი მისამართი, ურეკავს, შეიძლება მიაკითხოს და დაადგინოს, მართლაც ჩართულია თუ არა პიროვნება კვლევაში. გარდა ამისა, აქ ხომ არ არის რაიმე პოლიტიკური ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საშიშროებას წარმოადგენდეს?!

ჩვენ ვესაუბრეთ რეიტინგების კვლევის სხვა სპეციალისტსაც. მანაც დაადასტურა, რომ „თი-ვი-ემ-არ საქართველოსა“ და კომპანია IPM-ის დამფუძნებლის გოჩა ცქიტიშვილის მიმართ კითხვები არსებობს.

„არსებობს ეჭვი, რომ ეს 350 ოჯახი არასწორად შეირჩა. შესაძლოა, უფრო წარმომადგენლობით სეგმენტზე გააკეთეს არჩევანი, ანუ იმ პირებზე, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მომხრენი არიან. თუ დღეს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 10%-ს შეადგენს, ტენდენციურად ოჯახების შერჩევის ხარჯზე შეიძლება ეს რეიტინგი 30-40-50%-ზე ავიდეს. შესაბამისად, ამის ხარჯზე იზრდება „რუსთავი 2“-ის რეიტინგიც.

ფიქრობთ, რომ შერჩეულ ოჯახებს შორის შეიძლება იყვნენ ნაციონალების კოორდინატირები ან მათი პარტიული სტრუქტურის წარმომადგენლები, როგორც ეს ნაციონალებისთვის მაამებლური სოციოლოგიური კვლევების დროს ხდებოდა?

- შეიძლება, მართლაც აღმოჩნდეს, რომ ოჯახების შერჩევა „ნაცმოძრაობის“ მიკროკოორდინატორის ხარჯზე ხდებოდა. აქ უკვე დარტყმის ქვეშ არის სოციოლოგია. იგივე ეჭვები გაჩნდება NDI-ის კვლევების მიმართ, რომელსაც კვლევას უტარებს თარხნიშვილის კვლევის ცენტრი და ამ ყველაფრის სრული ლუსტრაცია მოხდება.

რეიტინგებით მანიპულირების პრობლემის წინაშე დგანან ინტერნეტგამოცემებიც. შესაძლოა, მათი მაჩვენებელი და მათზე მოთხოვნილება მაღალი იყოს, მაგრამ გაყალბების გზით სრულიად სხვა საიტებს ხელოვნურად გაზრდილ მაჩვენებლებს უფიქსირებენ.

- ინტერნეტგამოცემების მაჩვენებლები, მეტ-ნაკლებად ეფექტურად შეიძლება „გუგლის“ მეშვეობითაც დავითვალოთ და გავარკვიოთ, რამდენი იუზერი შემოდის. ამ თვალსაზრისით, პრობლემა ნაკლები უნდა იყოს, მაგრამ არის პორტალი Top.ge, რომელიც ფიფლმეტრის მსგავსად, გარკვეულ რეიტინგებს ანიჭებს ცალკეულ სააგენტოებს. ეს პორტალი ბევრ კითხვას ბადებს. არაა გამოსარიცხი, ამ პორტალის ხელმძღვანელობა გარკვეული ინტერესის სანაცვლოდ, ხელოვნურად ბერავდეს რომელიმე სააგენტოს რეიტინგს. რაც შეეხება ტელევიზიას, იქ ბევრად უფრო დიდი ინტერესებია. „რუსთავი 2“-სა და „იმედში“ ინვესტიციების სახით დიდი ფულია ჩადებული. ხშირად აქ პოლიტიკური ფულია ჩადებული. ამიტომ ამის ნაწილობრივი კომპენსირება რომ მოხდეს, მსხვილი რეკლამის დამკვეთი სჭირდებათ. ამიტომაც, როგორც წესი, ჩანს გარიგება „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ შორის. ხშირად ისინი პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.

ახლანდელიიმედისშესახებაც იგივე შეიძლება ითქვას?

- ახლაც დაახლოებით იგივე ტენდენციაა. თუმცა თვალსაჩინო იყო „იმედის“ რეიტინგული მაჩვენებლები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილს ჩამოართვეს და მათ ჩაენაცვლა „ნაცმოძრაობა“, სრულიად სხვა შედეგი მივიღეთ. საინტერესოა, არველაძის დროინდელი „იმედი“ რამდენად უწევდა კონკურენციას „რუსთავი 2“-ს?! დაინახავთ, რომ მაშინ ძალიან ხშირად „იმედის“ რეიტინგი უფრო მაღალიც იყო, ვინაიდან ორივე ტელევიზია ნაციონალების იყო და რეიტინგიც მაღალი ჰქონდათ. ახლა ტელევიზია პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, ვერ ვიტყვი, რომ ხარისხი ძალიან დაცემულია, მაგრამ რეიტინგებში შეიძლება, მნიშვნელოვანი ჩამორჩენა იყოს.

რა ხდებამაესტროსადაკავკასიაზე“?

- რამდენიმე თოქ-შოუ შეიძლება აღინიშნოს „მაესტროზე“, რომელიც კონკურენტულია და მაღალი მაჩვენებლით უნდა იყოს ასახული. მაგალითად, „სუბიექტური აზრი“. „კავკასია“ მცირებიუჯეტიანია და მისი არეალიც შედარებით მცირეა. სადაც დიდი ბიზნესია და სადაც არის პოლიტიკა, რეიტინგებიც იქ იწევა.

ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალს თუ ხედავთ? ფაქტია, რომ ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიისთი-ვი-ემ-არ საქართველოსოფისის ინვენტარიზაციას და 800 ლარით დააჯარიმებას ამხელა გამოხმაურება მოჰყვა.

- შემოსავლების სამსახურისთვის პრობლემების შექმნა იმას მაგონებს, შევარდნაძის დროს თოფაძე რომ ამბობდა, გადასახადს არ გადაგიხდითო. რა თქმა უნდა, ფიფლმეტრი არ უნდა გაჩერდეს, არანაირი შეფერხება არ უნდა მოხდეს, უბრალოდ, რომელიმე მედიაკოალიციიდან, ან საერთაშორისო გამჭვირვალობიდან გამოყონ წარმომადგენლები, ერთად დაიარონ ეს ოჯახები და გაარკვიონ, მართლაც არის თუ არა ფიფლმეტრები ზემოხსენებულ 350 ოჯახში.

***

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია „თი-ვი-ემ-არ საქართველომ“ საქმიანობა დროებით შეაჩერა. ამის მიზეზად კომპანიაში ბოლოდროინდელ მოვლენებს ასახელებენ - გვიან ღამით დაკითხვებს, გამომძიებლების მუდმივ ყოფნას ოფისში და დოკუმენტაციის მუდმივ თვალიერებას, რის გამოც თანამშრომლები დათრგუნულები არიან. გარდა ამისა, „თი-ვი-ემ-არ საქართველოში“ განმარტავენ, რომ სრულიად გაუგებარ მიზეზთა გამო, კომპანიის ცხრა მოდემმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. ამიტომ ისინი საქმიანობის გაგრძელებას მაშინ აპირებენ, როცა შემოსავლების სამსახური კომპანიის შემოწმებას დაასრულებს. როგორც ჩანს, „თი-ვი-ემ-არ საქართველო“ ულტიმატუმის რეჟიმში გადავიდა.