ზურაბ ჟვანიას საქმემ შესაძლოა ლევან სამხარაულის მკვლელობას მოჰფინოს ნათელი

ზურაბ ჟვანიას საქმემ შესაძლოა ლევან სამხარაულის მკვლელობას მოჰფინოს ნათელი

მურთაზ ზოდელავა „აბსურდს“ უწოდებს მოსაზრებას, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე წინა ხელისუფლების მიერ წარმოებულ გამოძიებას ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა. ყოფილი პროკურორი ამბობს, რომ ჟვანიას საქმის გამოძიება დასრულდა მის პროკურორად დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე. თავისთავად ჩნდება კითხვა, თუ გამოძიება დასრულებული იყო, რატომ არ დაიხურა ეს საქმე? ამ კითხვაზე პასუხი როგორც ყოფილ მთავარ პროკურორს, ასევე ყოფილი მმართველ გუნდს არ აქვს.

ზოდელავა იმ მიზეზსაც ასახელებს, რატომაცა ინახებოდა ეს სკანდალური კადრები მის სამუშაო კაბინეტში არსებულ სეიფში.

„არის გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც მისი საქმის ნაწილი ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში - მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში. საქმე ისაა, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ვინაიდან იქ იყო განსაკუთრებულად სათუთი საკითხები და სწორედ იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას არ გაეჟონა, ინახებოდა განსაკუთრებით დაცულ ადგილას“, - განუცხადა ზოდელავამ ჟურნალისტებს.

თუმცა, ამ კადრებში ზოდელევას მიერ ნახსენები „დელიკატური“ მომენტები ფაქტია, რომ არ ჩანს. ერთ-ერთი ვერსიით, კადრები, რომელსაც მისი „დელიკატურობის“ გამო სეიფში საგულდაგულოდ ინახავდა, ექსპერტმა ლევან სამხარაულმა გადაიღო. ამ ინფორმაციას ოფიციალურად მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ. თუმცა, არაოფიციალურად ამ ინფორმაციას არ უარყოფენ. გარდა ამისა, სწორედ ლევან სამხარაულმა ჩაატარა ექსპერტიზა ე.წ. გამათბობელზე, რომელიც იმ ბინაში იყო დამონტაჟებული, სადაც ქვეყნის ყოფილი პრემიერის გვამი აღმოაჩინეს.

ამ ფაქტიდან, რამდენიმე თვეში, 2005 წლის 22 მაისს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ყოფილი უფროსი ლევან სამხარაული თანაკლასელმა დავით მჭედლიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შედეგად მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. დავით მჭედლიშვილის მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველებმა ორი სხვადასხვა იარაღი აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა, მკვლელობის მიზეზად დავით მჭედლიშვილის ფსიქიკური აშლილობა და ბავშვობაში ლევანთან მომხდარი კონფლიქტი დაასახელეს.

სამხარაულის მკვლელობა მალევე დაუკავშირდა ყოფილი პრემიერის საქმეს. ვინაიდან, სამხარაული იყო ერთადერთი მოწმე, რომელმაც უკვე იცოდა რა გახდა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის გარდაცვალების მიზეზი. მიუხედავად ხელისუფლების შეცვლისა, ლევან სამხარაულის მამას, პროკურატურისთვის საქმის გამოძიების მოთხოვნით არ მიუმართავს. ვანო სამხარაული ამბობს, რომ მისთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს, საქმეს გამოიძიებენ თუ არა.

For.ge-ს ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან სამხარაული საქმის, რომლიც შეჩერებული იყო, გამოძიება განაახლა. თუმცა, ისევე როგორც ჟვანიას შემთხვევაში, მაშინ პროკურატურას არც სამხარაულის საქმე ჰქონდა დახურული. პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ სამხარაულის მკვლეობა კავშირში იყოს ზურაბ ჟვანიას საქმესთან.

ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ლევან სამხარაულის მკვლელობა მოწყობილი იყო და დაკავშირებულია ჟვანიას საქმესთნ.

„დარწმუნებული ვარ, ლევან სამხარაული ვერ დაითანხმეს ექსპერტიზის იმ ვერსიაზე, რომელიც სჭირდებოდა ხელისუფლებას ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით. მას ჰქონდა ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტიზის სწორი და რეალური ვესიის შესახებ.

სამხარაული, რომელმაც იცოდა ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, წავიდა საქართველოდან, მერე ჩამოვიდა, სახლში შეუსვლელად, პირდაპირ გაემგზავრა ყვარელში და იქ იქნა მოკლული. მკვლელმა კი 2 იარაღით თავი მოიკლა. ეს კი სასამართლო ექსპერტიზის პრაქტიკაში ნონენსია - ერთმა ადამიანმა ორი იარაღით ტყვია დაიხალოს“, - განმარტავს მამუკა არეშიძე.

გამოძიების ფარგლებში ცნობილი ხდება, რომ გამოძიება ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის გვამების ექსჰუმაციისა და ახალი ექსპერტიზის ჩატარების საჭირეობის წინაშე დგას. ვინაიდან, საქმის ანალიზით დგინდება, რომ ჩატარებული ექსპერტიზები არასრულყოფილია. მათში არ არის ნამსჯელი გარდაცვლილების სხეულზე არსებულ ფიზიკური დაზიანებების ნიშანდობლივ კვალზე, რაც ბევრ კითხვას ბადებს. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად დაიბარეს პროკურატურაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელიც ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა.

ყოფილი მთავარი პროკურორი „აბსურდს“ უწოდებს მოსაზრებას, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე წინა ხელისუფლების მიერ წარმოებულ გამოძიებას ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა.

„ყველაზე დიდი აბსურდი, რომელიც ამ ისტორიაში შეიძლება იყოს, არის ის, თითქოს ჩვენს გამოძიებას ჰქონდა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ ეს მტკიცებულებები რატომღაც ჩავდეთ საქმეში და დატოვებულია პროკურატურაში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმის ის ნაწილი, რომელიც იყო დაცული განსაკუთრებულ რეჟიმში, შეიცავდა განსაკუთრებით სათუთ ინფორმაციას და ამიტომ ინახებოდა სეიფში“, - განუცხადა ზოდელავამ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე.

ჩაჩუას და ზოდელევას შემდეგ, გამოძიება ამ საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, ყოფილი პრემიერის დაცვის უფროსს კობა ხარშილაძეს დაკითხვას. პრემიერის გარდაცვალების ერთ-ერთი პირველი შემსწრე ხარშილაძეა, რომელმაც ჟვანიას ჯიბიდან სეიფის გასაღები ამოაცალა. ერთი სეიფი ვაშლიჯვარში, „დემოკრატების“ ოფისში იყო, ხოლო მეორე სეიფი – კანცელარიაში.

ხარშილაძე სრულიად მარტო მივიდა კანცელარიაში, ამოიღო გარაკვეული ნივთები და გამოასუფთავა ეს სეიფები. დღემდე უცნობია, რა დაიკარგა იმ სეიფებიდან. მოგვიანებით ხარშილაძემ აღიარა, რომ მან აიღო გარკვეული ნივთები და თავისთან შესანახად წაიღო. გარკვეული ნივთები, რომლის არსებობაც დანამდვილებით იცოდა ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, დააბრუნა. ინახებოდა თუ არა დამატებით სხვა ნივთები, ამაზე ხარშილაძე უკვე გამომძიებლებთან ისაუბრებს.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ექსპრემიერის გარდაცვალების ფაქტი მისი ხელისუფლების პირობებში უკვე გამოძიებულია. ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საგარეო საფრთხეების ნაცვლად შიდა ინტრიგებზეა ორიენტირებული.

„მე არ ვმონაწილეობ ბინძურ ინტრიგებში, რომელსაც გეგმავენ და რომელსაც აქვს კონკრეტული სარჩული. ნამდვილად არ ვმონაწილებ, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ვინმე ამას დააპირებს, ყველა აგებს პასუხს შესაბამისად. ესაა ამოცანა დღეს საქართველოსი?! ასეთმა მიდგომამ საქართველო დაღუპა მრავალჯერ. ასეთი მიდგომის გამო საქართველო მრავალჯერ მოხვდა დამპყრობლის ხელში. რამდეჯერ უნდა გაიმეოროს საქართველომ ერთი და იგივე შეცდომა?! რამდენეჯერ ვერ უნდა დავდგეთ ჩვენი პირადი ბოღმის, შურისძიების, ღვარძლის ზემოთ და არ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე?!“, - ამბობს სააკაშვილი.

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ დაკითხა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კადრების ავთენტუროაბში ეჭვი არ ეპარება. მისი ზრით ამ ვიდეოს გამავრცელებლის მოტივაცია შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლებასთან ვაჭრობა.

„მყავს ნანახი ბევრი ნაცი ყოფილი კუდ-ელი ან სოდ-ელი, რომელიც ამდაგვარი ფირებით ვაჭრობს ხელისუფლებასთან და ცდილობს მოიპოვოს მომავალი გარანტიები. მურთაზ ზოდელავა რომ ამ კადრებს განცალკევებით ინახავდა, ესეც ბევრის მთქმელია. 2012 წლის ოქტომბერში მრავლად იყო ვირთხების გემიდან გაქცევის მცდელობები. ზოდელავაც ერთ-ერთი მათგანია. არ გამოვრიცხავ, რომ მას ეს მასალები სჭირდებოდა ახალ ხელისუფლებასთან სავაჭროდ.

ცხადია, ამ კადრებიდან ყველაფერი ჩანს. ცალსახად ჩანს, რომ არის ძალადობის კვალი ორივე გარდაცვლილის სხეულზე. ორივე არის ცალ-ცალკე მოკლული და მერე მიყვანილი იმ ბინაში, რაზეც დიდი ხანია ლაპარაკობდნენ ექსპერტები. ვახო კომახიძის ფილმში ეს ყველაფერი კარგად იყო დასაბუთებული. ვახო კომახიძეც აიძულეს ქვეყნიდან წასულიყო და დღესაც ვერ ჩამოდის საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი კაკაბაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე ფოტომასალის გავრცელებას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციად და ცილისწამებად აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლებას როგორც კი პოლიტიკურად გაუჭირდება, ცდილობს ახალ თემად შემოაგდონ ის მასალები, რაც დიდი ხანია აქვს. 

„ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების დასრულება მთლიანად ხელისუფლების ხელშია და პოლიტიკური სპეკულაციისა და ცილისწამების გავრცელების მიზნით, როცა კი პოლიტიკურად გაუჭირდებათ, ცდილობენ ახალ თემად შემოაგდონ ის მასალები, რაც პროკურატურას დიდი ხანია აქვს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვ მთავრობისაგან, დასრულდეს გამოძიება და უთხრან საზოგადოებას სიმართლე. დაასვენეთ ზურა საფლავში და მორჩით მისი სახელით და გარდაცვალების თემით ბინძურ სპეკულაციას“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

 ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ თავიდანვე გავიდა „რუსთავი 2“-ზე კადრები, სადაც რომელიღაც სამსახურის თანამშრომელი ამბობდა, რომ იმ დღეს გაზი საერთოდ არ მიეწოდებოდა იმ უბანს, ეს პირველი მერცხალი იყო, რომელიც მიუთითებდა, რომ არანაირ უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

„მერე იყო ძალიან ბევრი მეზობლის და თვითმხილველის ჩვენება და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო FBI-ს დასკვნა, სადაც ეწერა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყო შესაძლებელი, რომ იქ გაზის გამონაბოლქვით მომხდარიყო ეს ტრაგედია. ფოტოებზე ჩანს ტალახში ამოგანგლული შარვალი, რომელიც უსუპოვს აცვია. ადვილი სათქმელია, რომ ის არის ნათრევი ადამიანის შარვალი.

იმ დღეს იყო წვიმა და ტალახი და სრული პასუხსიმგებლობით ვაცხადებ, რომ მათი შარვლები იყო ტანახში ნათრევი ადამიანის. თუ ვიტყვით იმას, რომ მათ მოწამვლის შემდეგ გული აერიათ და შარვლები ამიტომ დაესვარათ, მაშინ რატომ არის გაქათქათებული თეთრი პერანგები? ეშმაკი წვრილმანებში არის ხოლმე, ხოლო ვერსიას წვრილმანები ანგრევს. ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთან საუბარში ამბობდა, რომ ზურაბ ჟვანიას გვამი მიტანილი იყო იმ ბინაში. ყველაფერს გამოძიება დააგენს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გოგა ხაინდრავამ.