მურთაზ ზოდელავამ უნდა დაასაბუთოს რატომ კეტავდა სეიფში გარდაცვლილების კადრებს

მურთაზ ზოდელავამ უნდა დაასაბუთოს რატომ კეტავდა სეიფში გარდაცვლილების კადრებს

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ზოდელავას მთავარ პროკურატურაში 15:00 საათზე ელოდებოდნენ. ფოტომასალა რომელიც youtube-ზე სახელწოდებით „სააკაშვილი მკვლელია“ ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული, 2012 წლის არჩევნების შემდგომ, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკევებით ინახებოდა, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს - რატომ ინახებოდა კადრები ზოდელევას სამუშაო ოთახში? ვისი ბრძანებით იქნა საქმიდან მასალა ამოღებული, მაშინ როდესაც პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ საქმეზე გამოძიება დასრულებული იყო? - ეს არის კითხვები რომელზეც ყოფილ პროკურორს პასუხის გაცემა უკვე გამოძიებისთვის მოუწევს.

ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ლევან ჩაჩუა ამტკიცებს, რომ სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია. ექსპერტი ამბობს, რომ ჟვანიას ცხედარს ტუჩზე, მხოლოდ ერთი დაზიანება აღენიშნებოდა. 

„ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ტუჩის არეში არსებული დაზიანება და სხვა არაფერი. მეორე ცხედარს, რაულ იუსუპოვს საერთოდ არავითარი დაზიანება არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს წერია დასკვნაში. მე არ ვიცი საიდანაა ეს კადრები. მე ვიცი, რომ ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა პროკურატურა და ვთხოვ, წარმოადგინონ ის ვიდეო, რომლითაც დადასტურდება, რომ აღნიშნული ერთი დაზიანების გარდა, ჟვანიას ცხედარს სხვა დაზიანება არ ჰქონია“, - აცხადებს ლევან ჩაჩუა.

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი ფიქრობს, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან გამოძიებას კითხვები ექნება. მწარიაშვილი აცხადებს, რომ საქმეში იმ ტიპის მასალები, რომლებიც სოციალური ქსელით გავრცელდა, ნამდვილად არსებობს.

„საქმეში არის ეს მასალები, ჩაჩუა კი, როდის აქეთ იძლევა დასკვნებს, ფალსიფიცირებულია თუ არაა ფალსიფიცირებული ესა თუ ის ფოტო? მე თუ მკითხავთ, ჩაჩუასთან გამოძიებას ექნება შეკითხვები. ყოველ შემთხვევაში, მე მასთან კითხვები მქონდა“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

გავრცელებული ფოტომასალა, რომლებზეც ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრებია ასახული, კითხვები უჩნდება, თუმცა დასკვნების გადაჭრით გაკეთება უჭირს დამოუკიდებელ ექსპერტს ალექსანდრე გეჯაძეს. როგორც ექსპერტი ამბობს, ფოტომასალაზე გამოსახულია თავის ქალის თმოვანი საფარველი. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფოტომასალაზე თმოვანი საფარველი არ მოიცავს სახის პროექციასაც, ექსპერტს უჭირს იმის თქმა, ის ეკუთვნის ბატონ ზურაბ ჟვანიას თუ რომელიმე სხვა პიროვნებას.

„თხემ-კეფის არეში, უფრო თხემისკენ, აღენიშნება მოწითალო-მოლურჯო ორი უბანი. ამ უბანზე მსჯელობა - ტრამვულია ის თუ არა, მხოლოდ ფოტომასალით რთულია. წითელი რგოლით არის შემოხაზული ასევე უსუპოვის შარვლის პროექცია. ჩემი აზრით, აქ იგულისხმება ის, რომ შარვალზე გარკვეულწილად ჩანს დაბინძურების კვალი, თუმცა ეს დაბინძურების კვალია თუ სხვა რამ, ფოტომასალით რთულია საუბარი.

თუ ვივარაუდებთ, რომ უსუპოვის პოზა გადაღებულია მაშინ, როცა საგამოძიებო სამსახური შევიდა და დაათვალიერა სხეული, შესაბამისად, კითხვის ნიშნებს ბადებს ის გარემოება, რომ თუ პიროვნება წევს ზურგზე და გარდაცვალების შემდეგ მისი პოზა შეცვლილი არ იყო, ასეთ შემთხვევაში ეს ცვლილებები შარვლის ზედაპირზე დიდი ალბათობით არ უნდა ყოფილიყო“, - ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.

როგორც პროკურორი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, მოცემულ მომენტში პროკურატურა დგას ჟვანიას და უსუპოვის გვამების ექსჰუმაციისა და ახალი ექსპერტიზის ჩატარების საჭირეობის წინაშე, ვინაიდან საქმის ანალიზით დგინდება, რომ ჩატარებული ექსპერტიზები არასრულყოფილია. რაც შეეხება გვამის ექსჰუმაციას, როგორც ირკვევა, მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და უახლოეს მომავალში, შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსჰუმაცია მოხდება. 

„არ არის ნამსჯელი გარდაცვლილების სხეულზე არსებულ ფიზიკური დაზიანებების ნიშანდობლივ კვალზე, რაც ბევრ კითხვას ბადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი პროკურატურა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან, რათა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს გვამების ექსჰუმაცია და ჩატარებულ იქნას ახალი სრულყოფილი ექსპერტიზა ჟვანიას და უსუპოვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად“, - აღნიშნა პროკურორმა.

ინტერნეტში ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ფოტომასალის გავრცელებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საქმეს არ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები. 

„წლების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ ჟვანია მართლაც ძალიან ბუნდოვან გარემოებაში იქნა ნაპოვნი გარდაცვლილი. ამ თემის ირგვლივ სპეკულაციები გრძელდება. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ეს კადრები გავრცელდა, ვფიქრობ, ბევრი რამ დაჩქარდება. პროკურატურა ინტენსიურად გააგრძელებს გამოძიებას და ძალიან მალე გახდება ნათელი ყველასთვის, რასთან გვქონდა საქმე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ - შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს და ბევრი საეჭვო გარემოებები იკვეთება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჟვანიას თავის არეში აქვს სერიოზული დაზიანებები, რაც მე ინფორმაცია მომაწოდეს, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, სისხლჩაქცევები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, მეორე გარდაცვლილის, რაულ იუსუპოვის ცხედარიც საეჭვო ვითარებაშია ნაპოვნი და განსაკუთრებით ეჭვი ჩნდება მაშინ, თუ უსუფოვის ტანსაცმელს დააკვირდები. 

„მე ვფიქრობ, ამ საქმეს აღარ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები. პროკურატურას აქვს სამოქმედო გეგმა და იმედი მაქვს, გამოძიებას მალე დაასრულებს. ვიცი, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროებთან, რათა ოჯახის თანხმობით მოხდეს გვამების ექსჰუმაცია. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება მალე გაიგებს სიმართლეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

რაც შეეხება ვიდეო მასალის გავრცელებას და ავტორის იდენტიფიცირებას, შს მინისტრის განცხადებით, მისთვის ჩვენთვის უცნობია, თუ ვინ გაავრცელა ჟვანიასა და იუსუპოვის ფოტოები. მინისტრის განმარტებით, მისთვის ასევე უცნობია, საიდან და რა გზებით აღმოჩნდა ფოტოები სოციალურ ქსელში.

„გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ. 

ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს დეპუტატი გოგლა ჟვანია. ის ამბობს, რომ სურათები რეალურია და ფოტოების მონტაჟზე საუბარი არ არის.

„ეს რეალური სურათებია. საქმის მასალებში ისინი ნამდვილად დევს და ეს მე ნანახი მაქვს. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ვერ გეტყვით. დაველოდოთ გამოძიებას“, -უთხრა for.ge-ს გოგლა ჟვანიამ.

რაულ უსუპოვის მამა, იაშა უსუპოვმა დარწმუნებულია, რომ გამოძიებაც მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო მკვლელობა.

„ჩვენ ზუსტად ეს ფოტოები არა, მაგრამ სხვა გვქონდა ნანახი და ეს დაზიანებები რეალურად გვაქვს ნანახი. ეს ადრე არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ რატომღაც მაშინდელი მთავრობის გამოძიების ოფიციალური ვერსია ამას მალავდა. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ჩვენ სიმართლეზე ვსაუბრობდით. მე სულ ვამბობდი, რომ ყელის არეში შავი ზოლი ჰქონდა. მკერდის ქვემო ნაწილში ნაჩხვლეტები იყო, რომელიც ამ ფოტოებზეც ჩანს. რამდენიმე ადამიანმა ნახა ეს დაზიანებები მიცვალებულის განბანვის პროცესში“, - განაცხადა იაშა უსუპოვმა.