პრემიერმა დაადასტურა, რომ ენერგეტიკის დარგში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება იგეგმება. მიზანი ერთია - ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას, რათა ენერგეტიკამ ეკონომიკური ზრდის ტემპს აუწყოს ფეხი. წინააღმდეგ შემთხევაში საქართველო თანდათან იმპორტდამოკიდებული ქვეყანა გახდება.
ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმით 2030 წელს ქვეყანამ თვითკმარობას უნდა მიაღწიოს. ამას ენერგეტიკის სფეროში სერიოზული რეფორმების გატარება დასჭირდება და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ ქვეყანაში მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება.
„რაც შეეხება ენერგეტიკას, გვაქვს გეგმა, რომ 2030 წლისთვის მივაღწიოთ თვითკმარობას. დაახლოებით 10 ათასი მეგავატია ამისათვის საჭირო და მივყვებით გეგმას. ვფიქრობთ, სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ გეგმა პირნათლად შესრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს. იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც პოლიტიკური ინტერესი იყო.
„შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას, უცხოეთიდან არაგამჭვირვალედ დაფინანსებული ენჯეოები გამოჰყავდათ იმისთვის, რომ ეს პროექტი დაებლოკათ. ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი მიდგომა. ვიღაცას მოეჩვენა, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული. შეიძლება, რაღაც ობიექტური მიზეზებიც იყო მაშინ თავის დროზე. დღეს არის სხვა მდგომარეობა. სადაც სახელმწიფოს სჭირდება შესაბამისი ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა, ყველა ობიექტი აშენდება.
ჩვენ როცა ვსაუბრობთ თვითკმარობაზე, 10 ათას მეგავატზე, რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და განვითარების გარეშე ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული და არათუ თვითკმარობაზე ვერ ვისაუბრებთ, ეკონომიკურ ზრდას ვერ დაეწევა ენერგეტიკის განვითარება. აქ ვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები. სახელმწიფო არის დღეს ძალიან ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განვითარებას, სახელმწიფო სათანადოდ დაუპირისპირდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ენერგეტიკოსები ღიად აცხადებენ, რომ ქვეყნის ელექტროსისტემის სტაბილურობისთვის სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის: „ხუდონის“, „ნამახვანის“ და „ნენსკრას“ აშენება მნიშვნელოვანია. ხუდონჰესის მშენებლობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს იგეგმებოდა, მაგრამ, ძირითადად, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესმა, ასევე ხუდონჰესის მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილში არსებულმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ, ეს პროექტი ჩაშალა, ყოველ შემთხვევაში მისი განხორციელება გაურკვეველი დროით გადადო.
ენერგეტიკოსების შეფასებით, მოსახლეობის პროტესტი თუ გაგრძელდება, სექტორს მოუწევს დიდწილად იმპორტზე გადართვა, რაც ენერგოდამოკიდებულებას გაზრდის და სამომხმარებლო ტარიფზეც იმოქმედებს.
„ლოკალურ უბნებზე მოსახლეობის მხრიდან გაცილებით მწვავე პროტესტია. შეიძლება იმიტომაც, რომ ყველა მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია და სიტუაციას კარგად იცნობს. ამიტომ იქ ადამიანებთან რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციაა საჭირო, მეტი შეღავათის მიცემის ხარჯზე. სოციალური შეღავათები და გარანტიები უნდა გახდეს პროექტის შემადგენელი ნაწილი, სხვა შემთხვევაში მას მხარდაჭერა არ ექნება. შედარებისთვის, ანაკლიის პორტის მშენებლობას წინააღმდეგობა ოდნავადაც არ შექმნია, რადგან იქ ადგილობრივი მოსახლეობის და გარკვეული ფენების ინტერესები იქნა გათვალისწინებული. ინფორმაციაც კი გავრცელდა, რომ 20 მილიონერი გაჩნდა ანაკლიაში კერძო მიწების გაყიდვის შედეგად, ანუ ხალხმა მაქსიმალური სარგებელი მიიღო.
თუკი ასეთი მიდგომა არ იქნა ენერგეტიკაშიც, ვერც ერთი მსხვილი და საშუალო ზომის პროექტი მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ავიღოთ ხუდონჰესის საკითხი, თითქოს არასწორად იყო დაგეგმილი, ამახინჯებს და ვნებს ეკონომიკასო. ამ ობიექტთან დაკავშირებით არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა წლების განმავლობაში“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა ანზორ ჭითანავამ.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე ფიქრობს, რომ როგორმე უნდა მოხდეს მოსახლეობის დარწმუნება და პროექტებში გარკვეული სოციალური გარანტიებიც ჩაიდოს.
„ნებისმიერი სიმძლავრე, რომელიც ჩართული იქნება ენერგოსისტემაში, დადებითად წაადგება ქვეყანას, ამიტომ რაც შეიძლება მეტი პოზიტივი უნდა იყოს ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით. საჭიროა მოსახლეობამ პროფესიონალი ენერგეტიკსოების მოსაზრებები გაითვალისწინოს და არა ვაიექსპერტების მოსაზრებები, ყველაფერი კარგად და საფუძვლიანად არის შესასწავლი, როცა საქმე ჰესების მშენებლობას ეხება. ნებისმიერი პროექტი სპეციალური მოკვლევის საფუძველზე უნდა დამუშავდეს.
კარგად გვახსოვს ,,ხუდონჰესის" მშენებლობა როგორ დაიწყო, მაგრამ მერე რა შედეგით დასრულდა საქართველოსთვის. ჰესებს მოსახლეობისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანია სოციალური გარანტიებიც, თუმცა ბოლო წლებში პროტესტი მიზანმიმართულად იგეგმება, რომ ძირი გამოუთხარონ ჰესების მშენებლობას. მსხვილი ჰპროექტების შემთხვევაში, ხშირად ეს არის გარედან მართული პროცესები, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი სხვა ქვეყნებზე იყოს დამოკიდებული.
ჰიდროენერგეტიკული რესურსები მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ. ქვეყანაში მცირე ჰესების დიდი პოტენციალი და რესურსია. ცხადია, ეს ვერ გადაწყვეტს მასშტაბურ პრობლემას, მაგრამ მსხვილი ჰესების პროექტების პარალელურად ესეც უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ.