საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის გადარჩენის მიზნით, საზოგადოების ერთი ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, სასწრაფოდ უზრუნველყოს არქეოლოგიურ ძეგლზე დაშვება, რათა ჟურნალისტებისა და მეცნიერების თანხლებით ნათელი მოეფინოს უძველესი მაღაროს მდგომარეობას. გარდა ამისა, ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით, დაუყოვნებლივ შესრულდეს კულტურის მინისტრის დაპირება საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის თაობაზე.
საყდრისის მაღარო, თითქმის სამი თვეა, მიუწვდომელია მეცნიერებისა და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირებისათვის. არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სპეციალისტებმა ვერ მოახერხეს არქეოლოგიურ ობიექტზე მოხვედრა.
„მაღაროში ვიყავი 8 იანვარს. ჯერჯერობით უკანასკნელი არქეოლოგი ვარ, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა იქ შექმნილი სიტუაცია. მას შემდეგ იქაურობა სპეციალისტებს არ უნახავთ. ასევე არა მგონია, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს რომელიმე სპეციალისტი შესულიყო იქ“, - უთხრა გოდერძი ნარიმანიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ამ ფონზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საყდრისის მაღარო მნიშვნელოვნად დაზიანდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მარინე მიზანდარის თქმით, ეჭვის საფუძველს იძლევა როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიზუალური მასალა, ასევე ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის ქცევა:
„RMG Gold-მა სამჯერ არ შეუშვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მონიტორინგის ოფიციალური ჯგუფი, რომელსაც კანონის ძალით ევალება კულტურული მემკვიდრეობის ვითარების შეფასება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა კადრები, რომლებიც საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც კიდევ უფრო დიდი ზიანი იკვეთება ამ არქეოლოგიურ ობიექტზე. ამდენად, სასწრაფოდ არის საჭირო იქ ჩასვლა და ობიექტის დათვალიერება არქეოლოგებთან და ჟურნალისტებთან ერთად“.
გარდა ამისა, მარინე მიზანდარი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „მწვანე მუშტი“, „ICOMOS საქართველო“ და „ლურჯი ფარი“ საქართველო კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ როგორც საყდრისის ტერიტორიის დათვალიერების უზრუნველყოფას, ასევე, საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის მიზნით, საერთაშორისო კომისიის შექმნას. ლაპარაკია, საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისათვის მიცემულ დაპირებაზე, მოიწვიონ საერთაშორისო ექსპერტები მადრიდის, ტულუზის, ინსბრუკის, კორკისა და სოფიას უნივერსიტეტებიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ითხოვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამთო არქეოლოგის სპეციალისტის მოწვევას. პასუხად, მიმართვის ერთ-ერთმა ადრესატმა, "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა:
„რადგან გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სამუშაოს წარმოებაზე ნება დაერთო ოქროს მომპოვებელ კომპანიას და, ამასთანავე, უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანა, რასაც გერმანელი მეცნიერებიც მოითხოვენ, მათი თხოვნით, ამ პროცესებში არ უნდა იყვნენ ჩართული არც ქართველი და არც გერმანელი ექსპერტები, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ, როცა ჩამოვლენ საერთაშორისო მიუკერძოებელი ექსპერტები, ისინი დაათვალიერებენ ამ ობიექტს და ისინი გააკეთებენ შეფასებასაც“.
ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 8 იანვრის შემდეგ მაღარო მნიშვნელოვნად დაზიანდა, არ შეესაბამება სიმართლეს. პასუხად, არქეოლოგი გიორგი გოგოჭური ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო გამოკვლევა, არამედ ძეგლის შენარჩუნება:
„RMG Gold-ი იმით, რასაც აკეთებს, ანადგურებს ამ ძეგლს. არადა, ამ ძეგლის ნაწილის შენარჩუნება არის აუცილებელი როგორც სამომავლო კვლევებისთვის, ასევე უკვე ჩატარებული კვლევების რევიზიისათვის. ამასთან, არა მარტო გერმანიის მხარე გამოთქვამს შეშფოთებას ამ ძეგლის განადგურების თაობაზე, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებიც. არაერთი წერილი გამოქვეყნდა ქვეყნის მეთაურისა და კულტურის მინისტრის სახელზე. თუ გვინდა, რომ ნორმალური სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ის მოთხოვნები, რასაც გვიყენებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე“.
საქართველოს ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არასწორი პოლიტიკის გამო ადგილობრივი მეცნიერებიც აკრიტიკებენ. ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიასთვის საყდრისზე, როგორც ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ ძეგლზე, შეტევა არის იმის პრეცედენტი, თუ როგორ არაფრად უღირს სახელმწიფოს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, განხილული ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ჭრილში, თუ როგორ შეიძლება გაიცვალოს დღევანდელ ფულზე, ოქროზე მთელი რეგიონის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა.
„ზოგადად, კულტურაზე ასეთი შეტევა, უნდობლობა სამეცნიერო წრისადმი (როგორც ქართველებისა, ასევე უცხოელებისა) დიდი საფრთხის შემცველია, იმიტომ რომ, პრინციპში, სახელმწიფო უგულებელყოფს ყველა იმ ფასეულობას, ცივილურ დამოკიდებულებას, რაზეც დგას თანამედროვე განვითარებული საზოგადოება მთელ მსოფლიოში და მგონია, ეს არის შეტევა არა ერთ ძეგლზე, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება“, - უთხრა სოფო კილასონიამ რადიო თავისუფლებას.