სოციალურ ქსელში ვიდეომასალა - „სააკაშვილი მკვლელი“ გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები.
ვიდეოს მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.
ვიდეო თავდაპირველად Youtube-ზე გავრცელდა, სადაც ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.
აღნიშნულ ვიდეოს პოლიტიკურ წრეებში დიდი ვნებათაღელვა უკვე მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვიდეომასალის გავრცელებაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს, მმართველი გუნდის უმრავლესობამ ფოტო მასალაზე კომენტარი არ გააკეთა. გამონაკლისი მხოლოდ მანანა კობახიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა დაუშვეს.
ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული მავნე ტრადიცია კვლავ გრძელდება.
„პოლიტიკური მიზნებისთვის ერთი ადამიანის პირად ტრაგედიას იყენებენ. ჩვენი ოპოზიცია ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე გაუგონარ ინფორმაციებს ავრცელებდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ახლა ხელისუფლებაშია და გამოძიება ჩაატარეს, ექსპერტები დაკითხეს, მათ კონკრეტული ვერაფერი დადეს. ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ბინძური მეთოდებით ცდილობს“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა.
კანონმდებელის მოსაზრებით, სოციალურ ქსელში ვიდეომასალა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკვეთით განთავსდა.
„პირველ რიგში, ობიექტურმა ხელისუფლებამ ის უნდა გამოიძიოს - ეს ვიდეომასალა თუ როგორ მოხვდა სოციალურ ქსელში. იმისათვის, რომ პოლიტიკურ ძალებს ბინძური მანიპულაციების საშუალება არ მიეცეთ, ჟვანიას საქმის დაკითხვის ყველა ოქმი და ექსპერტების დასკვნა უნდა გასაჯაროვდეს“, - აცხადებს ბეჟაშვილი, რომლის პათოსს იზიარებს თინა ბოკუჩავა.
ბოკუჩავას მოსაზრებით, ეს მთავრობა ხელისუფლებაში სწორედ ასეთი ვიდეოების გავრცელების ხარჯზე მოვიდა.
„რაც ვნახე, ექსპერტიზის კადრებია. როგორც ჩანს, კადრები შეაკოწიწეს და დადეს, რომ რაღაც ახალი სენსაცია შექმნან. როგორც ჩანს, ხელისუფლება უნიათოა და დაპირებების შესრულების ნაცვლად, მათ მხოლოდ „შავი პიარის“ წარმოება და საქმეების შეთითხვნა შეუძლიათ. თუ რაიმე გამოსაძიებელია, გამოიძიონ და ამ ბინძურ საქმეს წერტილი დაუსვან“, - აცხადებს ბოკუჩავა, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლება მსგავს კადრებს პოლიტიკური კრიზისების დროს ავრცელებს.
თანაგუნდელების მსგავსად, ზურაბ ჯაფარიძე ითხოვს, რომ ვიდეომასალის გამვრცელებელი დადგინდეს.
„როგორც ჩანს, ეს კადრების ექსპერტიზის მასალებიდან არის აღებული. ამაზე ხელი სამართალდამცავ უწყებებს მიუწვდებოდა და ეტყობა, გარეთ ვიღაცამ გამოიტანა და ვიდეო ააწყო. ამ ყველაფრის მიზანი იმის ხელშეწყობაა, რომ თითქოს, რაღაც მკვლელობა მოხდა. მთავრობას საგამოძიებო მასალების გასაჯაროება შეუძლია და ამაზე პრობლემა უმცირესობას არ გვაქვს, მაგრამ სჯობს, იდიოტურ ქმედებებს და მარაზმად ქცეულ პროცესს თავი დაანებონ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანის თქმით პროკურატურამ გააკეთოს სასწრაფოდ განცხადება, რა ეტაპზეა გამოძიება. ბოლო ცხრა წელის ამ თემით სპეკულირება მიდის. მისი განცხადებით, აშკარაა, რომ ეს არის საგამოძიებო ორგანოდან გავრცელებული კადრები და გამოძიებას თუ რამე აქვს სათქმელი გამოიძონ.
„ეს კადრები ინახებოდა პროკურატუაში და სხვას არავის არ ჰქონია, ეს ინფორმაცია ზუსტად ვიცი. სასწარფოდ თქვან, ვინ გაავრცელა ეს კადრები და ხომ არაა ეს მართლაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოქვეყნებული.
ვინც ექსპერტიზა მოახდინა, ცოცხალია ის ექსპერტი. რატომ ვსაუბრობთ ახლა მე და თქვენ ამ საკითხზე? გამოვიდეს პროკურორი და თქვას რა ხდება. ერთია რას ვხედავთ კადრში, მაგრამ ექსპერტი ლევან ჩაჩუა რომელმაც მოახდინა გვამის ესგუმაცია ცოცხალია. მართლა ქვეყანაში არაა პროკურატურა. ეს ემსახურება იმას, რომ დამატებით შეცდომაში შევიდეს საზოგადოება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს კადრები ინახებოდა პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოში. ან ბრიყვები აკათებენ ამას, ან ადამაინები, რომლებსაც საერთოდ მორალი არ აქვთ“.
ზაქარია ქუცნაშვილი გავრცელებულ ვიდეომასალას შოკისმომგვრელ ფაქტს უწოდებს და ამბობს, რომ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო.
დეპუტატის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, კადრების შინაარსი და არა მისი ატვირთვის წყარო.
„კადრებს კაი კაცი გაავრცელებს თუ ცუდი კაცი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, თუ რას ავრცელებ და სწორია თუ არა ის. თუ ეს კადრები ავთენტურია, მაშინ ეს ძალადობის კვალზე მიუთითებს, რაც შოკისმომგვრელია და მოვიდა დრო, 21–ე საუკუნის ერთ-ერთ მძიმე დანაშაულს ფარდა აეხადოს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ვიდეომასალის გამავრცელებლის ვინაობის დადგენას ითხოვს გიორგი ცაგარეიშვილი და for.ge-სთან საუბარში დეპუტატი ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში, ვინც კადრები გაავრცელა, ნაძირალაა.
კანონმდებელის თქმით, ჟვანიას გარდაცვალების დროს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და ამ კადრებს ის ადამიანები იღებდნენ, რომლებიც უშიშროების სამსახურებში მუშაობდნენ.
„თუ გავითვალსიწინებთ იმას, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, გაურკვეველი პირების მიერ მსგავსი კადრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატაცებული და გატანილი იქნა, გაურკვეველია, ეს კადრები ვინ გაავრცელდა, მაგრამ ეს მათივე ხელწერააა. ამ სურათების გადამღები ვინ იყო და ეს სურათები საგამოძიებო სამსახურების მასალებს ვინ დაურთო, ამის დასკვნა მარტივად შეგვიძლია, მაგრამ საიდან არის გავრცელებული ეს კადრები, ამაზე დაუყონებლივ გამოძიება უნდა დაიწყოს. ერთხელ და სამუდამოდ, ამ საზიზღრობას წერტილი უნდა დაესვას. არ აქვს მნიშვნელობა, ამ კადრების გამავრცელებელი ჩემიანია თუ სხვისიანი, ყველა შემთხვევაში, ვინც ასეთ კადრებს ავრცელებს ნაძირალაა“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.
ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და იყოს დადგენილი - იყო თუ არა ეს მკვლელობა.
„ეს არ არის დეპუტატების გადასაწყვეტი და ეს საკანონმდებლო ორგანოში არ ირჩევა. ამას პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები გადაწყვეტენ. ამ კადრების წარმოშობა, ავთენტურობა და რეალობა ყველაფერი შესასწავლია და ასე სპონტანურად განცხადებას ვერ გავაკეთებთ. გამოძიება საბოლოოდ უნდა დასრულდეს და საზოგადოებამ გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში?! ცხადია, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და დარწმუნებული ვარ, გამოძიება მალე დასრულდება“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ფოტოები საქმეში დევს.
კანონმდებელის განმარტებით, სურათები რეალურია და ფოტოების მონტაჟზე საუბარი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ცნობით, ექს პრემიერი გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით დაიღუპა, თუმცა, ოჯახის წევრებს ამ ვერსიის არ სჯერათ და ყოფილი პრემიერის მკვლელობაზე საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე გამოძიება უკვე მეორე წელიწადია მიმდინარეობს, თუმცა, საქმის ახალი დეტალები საზოგადოებისთვის კვლავ უცნობი რჩება.