მაია ნიკოლეიშვილი: გვამებს მოწამვლის ლაქები არ ეტყობათ, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს

მაია ნიკოლეიშვილი: გვამებს მოწამვლის ლაქები არ ეტყობათ, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე იყო ერთ-ერთი უმთავრესი, რომლის ხელახლა გამოძიებასაც დღემდე ელის საქართველოს მოსახლეობა. მიზეზთა გამო, საქართველოში ოფიციალური ვერსიის, პრაქტიკულად, არავის სჯერა და სწორედ ამიტომ, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა წინა ხელისუფლების თავზე დემოკლეს მახვილივით იყო დაკიდებული, მაგრამ წინა ხელისუფლება ამ ამბავს მშვიდად უყურებდა. ახლა კი, როცა რეალობა შეიცვალა, ჟვანიას საქმე ისევ დამოკლეს მახვილივით კიდია, ოღონდ ახალი ხელისუფლების თავზე და ამომრჩეველი ზუსტ პასუხს ითხოვს კითხვაზე - რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოს ქუჩაზე?

რამდენიმე საათის წინ ინტერნეტით ვიდეო გავრცელდა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერის გარდაცვალების შემდგომ გადაღებული ფოტოებია განთავსებული. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ის დაზიანებები, რაც ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილ რაულ უსუფოვს აღენიშნება და იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ სურათებით რაიმეს მტკიცება ძნელია, ფაქტია - ოფიციალური ვერსია, რომელშიც წერია, რომ ეს ორი ადამიანი ე.წ. CO-თი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, უკვე შეიძლება გამოვრიცხოთ. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ მოწამვლის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს სპეციფიური გვამური ლაქები აღენიშნებათ. სურათებში კი ლაქება აშკარად არ ჩანს. სამაგიეროდ ის ჩანს თვალნათლივ, თუ როგორი დაზიანებები აქვთ გვამებს და ეს მაშინ, როცა ოფიციალურ დასკვნაში დაზიანებებზე პრაქტიკულად არაფერი წერია. ჩვენ ამ თემაზე დამოუკიდებელ ექსპერტს, მაია ნიკოლეიშვილს ვესაუბრეთ.

ქალბატონო მაია, გავრცელებული ვიდეო თუ ნახეთ და რისი თქმა შეგიძლიათ?

- ვიდეო ვნახე და ახლა იმის თქმა ხმამაღლა შემიძლია, რასაც მანამდე ვფიქრობდი. ფოტოებით საუბარი ძნელია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე არათუ წაკითხული მაქვს ოფიციალური დასკვნა ამ საქმეზე, არამედ ასლები სახლშიც მაქვს. კიდევ ერთხელ გადავამოწმე და იქ არაფერი წერია დაზიანებებზე. ერთადერთი დაზიანება, რომელიც დასკვნაში წერია, არის ნაჭდევი ქვედა ტუჩზე ჟვანიას გვამზე. მეტი დაზიანების შესახებ არაფერია ნათქვამი.

არადა, ვიდეოში ჩანს, რომ ჟვანიას თავზეც აქვს დაზიანება.

- ექსპერტი ვარ და ეჭვებით საუბარი ცოტა ძნელია, მაგრამ რაც ჩანს, გეთანხმებით, რომ ძალიან ჰგავს დაზიანებას. ვერ გეტყვით, თავის დროზე რატომ და რისთვის დაიწერა ის, რომ მხოლოდ ტუჩზე იყო დაზიანება. ყველაზე მეტად ჩემში ეჭვს არა დაზიანებები, არამედ გარდაცვლილების კანის ფერი იწვევს.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ?

- როცა ადამიანი გაზის ნამწვით ან ნებისმიერი სხვა რამით იწამლება (აქვე დავამატებ, რომ ისეთი რამით, რაც ბუნებრივია და არ არის საიდუმლო სამსახურების მიერ შემუშავებული საწამლავი), გვამზე ჩნდება სპეციფიკური ლაქები. დასკვნაში წერია, რომ ეს ორი ადამიანი CO-ს შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ ლაქები არ ჩანს. ეს არის ყველაზე ნიშანდობლივი და დამაფიქრებელი.

დასკვნას, რომელიც გაიცა, საკმაოდ კვალიფიციური ექსპერტები აწერენ ხელს და როგორ ფიქრობთ, მათ შეგნებულად მოიტყუეს?

- ვერ ვიტყვი, ვინ რატომ, რისთვის, რა საფუძველზე და როგორ ჩაწერა ის, რაც ჩაწერა, მაგრამ ფაქტია, რომ კითხვები არსებობს.

სურათებში ჩანს, რომ უსუფოვის პერანგზე სისხლის ლაქაა, შემდეგ კი აქცენტი თითქოს ნანემსარზე კეთდება?

- სურათებში კი ჩანს, მაგრამ ფოტოებით ძნელია მსჯელობა. ამ სურათებში ისიც ჩანს, თითქოს უსუფოვს ლავიწის ძვალი აქვს ჩამტვრეული. თუ ეს მართალია, მაშინ გვამის ესგუმაცია უნდა ჩატარდეს და იქ გამოჩნდება, ვის რა ჰქონდა მოტეხილი.

ამავე ვიდეოში უსუფოვის შარვალი დასვრილია. როცა ადამიანი CO-თი იწამლება, შეუძლია თუ არა გადაადგილება. ისე ჩანს, თითქოს უსუფოვი ფორთხვით მიდიოდა...

- ესეც ინდივიდუალურია. ორგანიზმზეა დამოკიდებული, ვინ როგორ უძლებს ამას. თითქმის ასი პროცენტით გამორიცხულია ის, რომ ორი ადამიანი ერთდროულად გაითიშოს და ერთდროულად გარდაიცვალოს. არის წინაკლინიკური პერიოდი, რომელიც ყველა ორგანიზმში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. ანუ, ვიღაც შეიძლება ადრე გაითიშის, ვიღაც 5 ან 10 წუთით გვიან, მაგრამ ერთდროულად გათიშვა პარადოქსია. ამიტომ ჩნდება ეჭვები...

ეს იყო კვალიფიციური ექსპერტის კომენტარი იმ ვიდეოზე, რომელიც გავრცელდა. რა მოხდა სინამდვილეში საბურთალოს ქუჩაზე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი და რაულ უსუფოვი იქ არ გარდაცვლილან და თუ დადასტურდა თუნდაც ის, რომ ჟვანიას სხეულზე ტუჩის ნაჭდევის გარდა სხვა დაზიანებები მართლაც ჰქონდა, დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება ვიღაცას აწყობდა. პრემიერმინისტრის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზის დამალვა კი სახელმწიფოში რიგით მოქალაქეს არაფერში სჭირდებოდა.