ფულის გათეთრების, თაღლითობის გზით სხვისი ქონების ხელში ჩაგდების, ქურდობის, ძარცვის, ქონების მითვისების, გაფლანგვის... შემთხვევაში, მსჯავრდადებული პირისგან და მისი გარემოცვისგან ქონების ამოღების პროცედურები გამარტივდება. ეს ნიშნავს, რომ პროკურორის მოთხოვნით და სასამართლოს გადაწყვეტილებით, თაღლითობის გზით მითვისებულ ქონებას სამართალდამცავები ფინანსური დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრებისგან, ნათესავებისგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან ამოიღებენ.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა უკვე დაიწყო პარლამენტში, რაც რამდენიმე კანონში ცვლილებას გულისხმობს და ერთიანი პაკეტითაა წარდგენილი. ამ ცვლილებების მიხედვით, შესაძლოა, პატიმრობის მოხდის შემდეგაც კი, სასამართლომ პირს ქვეყნის დატოვების უფლება შეუზღუდოს, ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს ინიციატივა ეხება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის ჩამდენ პირებს: „გაწერილია კონკრეტული ფინანსური, ეკონომიკური დანაშაულები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში, მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, ბრალდებულის, მსჯავრდადებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღება. ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჩაიდენს ფინანსურ, ეკონომიკურ დანაშაულს და მიაყენებს კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს, ამ მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით, მარტივდება დამნაშავისგან და მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე, მასთან დაკავშირებული პირებისგან თანხის, ქონების ამოღება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ცვლილებების ინიცირების მიზანია ფინანსური ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გაჭიანურებული ვადები: „ეს თუ ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვდა, მათ შორის, სამოქალაქო დავას, რომელიც წლები გრძელდებოდა, ახლა გამარტივდება. გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია, გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. განსაზღვრული იქნება კონკრეტული ვადებიც. ეს ვადები მიბმული იქნება ორმაგ ვადაზე, ვიდრე არის დანაშაულის ხანდაზმულობა, ანუ 6 წლით, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება პირს ქვეყნის დატოვება და ეს გაკონტროლდება შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.
გარკვეულწილად, ამ კანონპროექტის მიღების აუცილებლობა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს უკავშირდება. კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყებამდე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გიორგი ბაჩიაშვილს საკანონმდებლო ცვლილების „ინსპირატორიც“ კი უწოდა: „ეს ბაჩიაშვილი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ბრალდებულია, ხვალ მსჯავრდადებული იქნება და მას დაუმტკიცდება, რომ ეს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ამ დანაშაულის შედეგად მიაყენა მეორე ადამიანს შესაბამისი ზიანი, ვიდრე ამ ზიანს არ აანაზღაურებს, ასე თავისუფლად, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ვერ „იპარპაშებს“, ანუ თუ ვიღაცას, მათ შორის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბაჩიაშვილს, თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია და ხვალ შეიძლება დამნაშავე იყოს, აქვს მოლოდინი, რომ ამდენი და ამდენი ზიანი მივაყენე სხვა ადამიანს და წავალ, ჩემთვის ბედნიერად ვიცხოვრებ, ეს ასე არ არის“, - დააზუსტა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე, „კრიპტოვალუტების საქმესთან“ დაკავშირებით, გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
***
ფინანსური დანაშაულის აღსრულების მექანიზმების გამკაცრებასთან დაკავშირებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან მმართველი პარტიის დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, ამ კანონპროექტის მომზადება განაპირობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შედეგად დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის აუცილებლობამ.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ახალი რედაქციით ყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა სოციალური დაცვის ღონისძიების გამოყენებისას სისხლის სამართლის კანონის უკუძალის საკითხი - სოციალური დაცვის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს.
გარდა ამისა, კოდექსს ემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად არეგულირებს საქართველოდან გასვლის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თავისებურებებს. კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადებიც.
გორდულაძისვე განმარტებით, საქართველოდან გასვლის აკრძალვა არის სოციალური დაცვის ღონისძიება და მისი მიზანია, პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია:
„თავად საქართველოდან გასვლის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი მოვალეა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი დაზარალებულს აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში და არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კანონპროექტის განხილვისას, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებების ეს პროექტი დეპუტატებმა ერთად შეიმუშავეს, შესაბამისად, სრული კონსესუსი აქვთ. გორდულაძემ კი დასძინა, რომ მომავალში, ფინანსური დანაშაულის აღსრულების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწება:
„ამ კანონპროექტის საჭიროება წარსულში არსებულმა გამოწვევებმა ცხადჰყო. ჩვენი დედაქალაქის რეალობიდანაც რომ ვიმსჯელოთ, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა, თუნდაც, დაუმთავრებელი მშენებლობების ფარგლებში. ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც ფინანსურმა სქემებმა და დანაშაულებრივმა გეგმებმა, საბოლოო ჯამში, არაერთ ადამიანს დიდი ზიანი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სახის მექანიზმი არსებობს, ფაქტია, მისი ეფექტიანობა გასაზრდელია. ამასთან, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ადამიანების უფლებების გასაუმჯობესებლად და უფლებების აღსადგენად, სწრაფი და ეფექტური მექანიზმი არსებობდეს. რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული საბოლოო სახით მივიღოთ. იმ დამნაშავეებს, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, ან აქვთ, რომ თავიანთი ქონებები გადამალონ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ - მარტივად იქნება შესაძლებელი, რომ მათი გადამალული ქონება, თუნდაც მათსავე ოჯახის წევრებთან, ახლო ნათესავებთან, თუ მათთან დაკავშირებულ პირებთან, მოძიებული იქნება და დაზარალებულების სასარგებლოდ მიიქცევა. ამ ადამიანებს ასეთი დანაშაულის ჩადენის სურვილი აღარ უნდა გაუჩნდეთ, რადგან გარანტია იქნება, რომ სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე, ქონებებს მოიძიებს შესაბამისი საგამოძიებო და სასამართლო სისტემის ჩართულობით და მიყენებული ზიანი, საბოლოო ჯამში, მაქსიმალურად ანაზღაურდება“, - განაცხადა გორდულაძემ.
***
ცვლილებების პროექტის მიხედვით, საქართველოდან გასვლის აკრძალვისა და გამარტივებული წარმოებით ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს: ქურდობა - დიდი ოდენობით; ძარცვა - დიდი ოდენობით; ყაჩაღობა - დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; თაღლითობა - დიდი ოდენობით; გამოძალვა - დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით; მითვისება, ან გაფლანგვა - დიდი ოდენობით; განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; ნივთის დაზიანება, ან განადგურება; საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის, ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საქართველოში დაუბრუნებლობა; მომხმარებლის მოტყუება - დიდი ოდენობით; კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება, ან განადგურება; ძეგლებისა და სხვა კულტურული ფასეულობების საქართველოდან უნებართვო გატანა; სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება, ან განადგურება.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მისი გავრცელება იგეგმება იმ პირებზეც, რომელთა საქმეების სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
ცვლილებების ამ პროექტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ატყდა მითქმა-მოთქმა, რომ „ოცნება“, მაგალითად, გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებულ პირებს კიდევ უფრო მეტად დასჯიდა. ამასთან დაკავშირებით, იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებული პირის ოჯახის წევრებისგან ქონების ამოღების საკითხზე გავაკეთებ რამდენიმე პატარა განმარტებას, რა დაწერა „ოცნებამ“ კანონპროექტში:
ბევრმა იკითხა და ეს კანონპროექტი არ ეხება სამართალდარღვევათა კოდექსით დაკისრებული ჯარიმების (გზის გადაკეტვა და სხვა მსგავსი ჯარიმები) ამოღებას და მასთან არაფერი აქვს საერთო არანაირი ფორმით;
მსჯავრდებულის ახლო ნათესავისგან, ან დაკავშირებული პირისგან დანაშაულის საგნის ამოღება ხდება დასაშვები მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე (ფულის გათეთრება) და სხვა დანაშაულებზე ეს წესი არ მოქმედებს;
მსჯავრდებულის ახლო ნათესავისგან, ან დაკავშირებული პირისგან მხოლოდ დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ამოღებული და არა ნებისმიერი ქონება. სხვა დანაშაულებზე (არა ფულის გათეთრებაზე) დაზარალებულისთვის ზიანის ასანაზღაურებლად მსჯავრდებულის ქონებიდან ხდება ზიანის ანაზღაურება, არა ოჯახის წევრების ქონებიდან. თუ ქონება მოჩვენებითაა გადაფორმებული სხვაზე, ეს შეიძლება სამოქალაქო დავის საგანი გახდეს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამავე კანონპროექტით, საზღვრის კვეთაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები ფინანსური დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში (და არა სამართალდარღვევებზე)“.