რა ხდება რეალურად „თი-ვი-ემ-არ საქართველო“-ს გარშემო?

რა ხდება რეალურად „თი-ვი-ემ-არ საქართველო“-ს გარშემო?

ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი კომპანია „თი-ვი-ემ-არ საქართველო“ ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ამგვარ რეიტნიგებს ავლენს და გინდა თუ არა, მას უნდა მიაკითხო. ეს იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ტელევიზიის რეიტინგი გაინტერესებს და არავინ გაფინანსებს. შესაბამისად, ამ რეიტინგების მიხედვით რეგულირდება სარეკლამო ბაზარი და ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზია მსუყე ნაჭერს თავის თეფშზე იდებს. უფრო მარტივად კი, დამკვეთს ამ რეიტინგს აფარებენ თვალებზე და ეუბნება, პირველი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი უნდა გადაიხადოო.

„რუსთავის 2“-მა მორიგი ისტერიული ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც შემოსავლების სამსახურმა კომპანია „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ ინვენტარიზაცია დაიწყო და კომპანიის ოფისის მიღმა განლაგებული, მისივე კუთვნილი სხვა მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვა მოითხოვა.

შემოსავლების სამსახურმა კომპანია „თი-ვი-ემ-არ საქართველო“ 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კი ის გახდა, რომ კომპანიამ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, არ წარადგინა იმ ოჯახების სია, სადაც დამთვლელი აპარატურაა განთავსებული. კომპანიის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაცია იყო და მას ვერანაირად ვერ გასცემდა.

„შემოსავლების სამსახური კანონის დაცვით მოქმედებს. ინფორმაციის ნაწილი, რომელსაც კანონი საგადასახადო საიდუმლოების კვალიფიკაციას ანიჭებს, არის ჩვეულებრივად დაცული კანონმდებლობის შესაბამისად და იქნება დაცული. არანაირი დოკუმენტი, რომ შემოსავლების სამსახურმა იმოქმედა კანონის დარღვევით ან მიმართა რაიმე სახის ზეწოლას, არ არსებობს, რადგან ასეთი რამ არ მომხდარა“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

„თი-ვი-ემ-არ საქართველო“-ს გენერალური დირექტორი გოჩა ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ ეს პირდაპირი ზეწოლაა და შემოსავლების სამსახური თავს თუ არ დაანებებს(?!) ის იტყვის იმ ტელეკომპანიის წარმომადგენელთა ვინაობას, რომლებიც ცოტა ხნის წინ მას პრივატულად შეხვდნენ და მათაც ეს რეიტინგები აინტერესებდათ. ცქიტიშვილს თუ რამე აქვს სათქმელი, აუცილებლად უნდა თქვას, თორემ მისი განცხადების შემდეგ, „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შეთქმულების ისეთი თეორია ააწყო, ჰიჩკოკს შეშურდებოდა.

ისიც კარგი იქნებოდა, ცქიტიშვილს სათქმელი მაშინაც ეთქვა, როდესაც არჩევნების გამყალბებელ ლევან თარხნიშვილს სატელევიზიო რეიტინგების გაყალბებაც დაავალეს, თუმცა მაშინ, არც დღისით და არც ღამით ამის შესახებ ხმა საერთოდ არ ამოუღია.

სამაგიეროდ, გოჩა ცქიტიშვილმა, „თი-ვი-ემ-არ საქართველო“-ს ოფისში შემოსავლების სამსახურის მიერ სამუშაო საათების დროს დაწყებული შემოწმების შესახებ ხმაური გვიან ღამით ატეხა და დასახმარებლად ტელევიზიების ხელმძღვანელებს, ანუ საკუთარი კომპანიის დამკვეთებს დაუძახა. ცქიტიშვილის ასეთი მოქმედება ეჭვს ბადებს, რომ მან ვიღაცისგან დირექტივა მიიღო.

ცქიტიშვილთან მისულ დირექტორებს შორის ყველაზე უცნაური ქცევით ნიკა გვარამია გამოირჩეოდა და აქტიურობდა, რამაც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა ეჭვი მისი ინტერესების არსებობის თაობაზე და იმის შესახებ, რომ კომპანიის „ფიფლმეტრები“ რუსთავი-2 –ის და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ პირებთან არის დამონტაჟებული.

„თი-ვი-ემ-არ საქართველო“-ს ოფისში შეხვედრაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილს, რომელსაც შეხვედრის შემდეგ დავუკავშირდით.

ქალბატონო ნინო, რა ითქვა შეხვედრაზე?

- სამუშაო შეხვედრა იყო და მიმდინარე პროცესეზბე ვისაუბრეთ, თუმცა დეტალებს ვერ მოგიყვებით.

როგორ ფიქრობთ, შემოსავლების სამსახური კანონს არღვევს?

- ცალსახად ძნელია ამის თქმა. პირადად მე კანონდარღვევას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, მაგრამ რეალურად სიტუაციაში ბოლომდე არ ვართ გარკვეულები. მესმის, რომ ინფორმაცია, რასაც შემოსავლების სამსახური ითხოვს, კონფიდენციალურია, მაგრამ ისიც მესმის, რომ სახელმწიფო უწყებამ უნდა იცოდეს, რა ხდება ამა თუ იმ კომპანიაში. თანაც, ის აპარატურა, რომლითაც რეიტინგების დათვლა ხდება, საკმაოდ ძვირია. იქნებ ჯობდეს, შერჩევის პრინციპით 10% შემოწმდეს. ეს ჩემი აზრია, თორემ რეალურად როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, პასუხი არ მაქვს.

ცქიტიშვილი ამბობს, ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენლები მთხოვდნენ დოკუმენტაციასო და შეხვედრაზე თუ გაამხილა, რომელ ტელევიზიაზეა საუბარი?

- არ გაუმხელია, მაგრამ ეჭვის დონეზე ითქვა, რომ ეს შეიძლება იყოს „ჯი-დი-ესი“. ცქიტიშვილმა უნდა თქვას სიმართლე და თუ მასთან მართლა ამ კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ მისული, მე სერიოზული კითხვები მექნება „ჯი-დი-ესთან“, თუმცა ეჭვების დონეზე საუბარსა და განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ. მე არცერთი ხელისუფლების პირობებში არ დამიმალავს სიმართლე და არ შემშინებია და ცქიტიშვილსაც არ უნდა შეეშინდეს.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ პრობლემა რუსთავი-2- შეექმნასო...

- გვარამია არ არის ჩემთვის სატელევიზიო სივრცეში ავტორიტეტი და მის ფობიებსა და ფორიაქზე მე ვერ ვისაუბრებ. რას ფიქრობს გვარამია, პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, თუ გაირკვა, რომ „რუსთავი-2“-სთვის აპირებენ ხელოვნურად პრობლემების შექმნას, ამას გავაპროტესტებ. ტელევიზიებს დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს, თუმცა თუ ეჭვებზე მიდგა საქმე, მეც მგონია, რომ „თი-ვი-ემ-არ საქართველო“ რეიტინგებს არც თუ იშვიათად (თუ მუდმივად არა), სწორედ რომ „რუსთავი-2“-ის სასარგებლოდ აყალბებდა. ეს არის ეჭვი და სწორედ ამ ეჭვის გამო, ამ კომპანიას მხოლოდ ერთი წლის წინ მივაკითხეთ და გავხდით დამკვეთები. ესეც იმიტომ, რომ ბაზარზე უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

წინა ხელისუფლების დროს რატომ არ თანამშრომლობდით?

- აზრი არ ჰქონდა. რა რეიტინგიც არ უნდა დაედო „თი-ვი-ემ-არ საქართველო“-ს, საყოველთაო შიშისა და ტერორის გამო, რეკლამას „კავკასიაში“ მაინც არავინ მოიტანდა.

გამოსავალს რაში ხედავთ?

- ჯერ არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ის, რომ რეიტინგების დამთვლელი ერთადერთი კომპანია შემოწმებას გადის, უცნაური არაა, მაგრამ თუ მას შეექმნება პრობლემები, ეს სერიოზულ რყევებს გამოიწვევს სარეკლამო ბაზარზე და ყველა ტელევიზიის ბიუჯეტს დაარტყამს. ამის მიუხედავად, კანონი უზენაესი უნდა იყოს და თუ ვინმე რამეს აყალბებდა, პასუხიც უნდა აგოს.

P.S. სხვათა შორის, გვარამიამ ისიც თქვა, ჩვენი ტელევიზია მხოლოდ რეკლამებით სუნთქავს და სხვებისგან განსხვავებით, სხვის ჯიბეზე არ ვართ დამოკიდებულიო. ეტყობა გვარამიას დაავიწყდა, წინა ხელისუფლება წელიწადში ერთხელ 20 მილიონს რომ ჩამოაწერდა, დამოუკიდებელი ტელევიზიაა და ვაპატიოთო.