„არჩევნებამდე ცქიტიშვილი აბსოლუტურად განსხვავებულ რეიტინგებს დებდა

„არჩევნებამდე ცქიტიშვილი აბსოლუტურად განსხვავებულ რეიტინგებს დებდა"

შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანია „თი-ვი-ემ-არ საქართველო“ 800 ლარით დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ „თი-ვი-ემ-არ საქართველო“ კომპანია „IPM“-ის დამფუძნებლის გოჩა ცქიტიშვილის პარტნიორ ორგანიზაციაა. ამ უკანასკნელის სოციოლოგიური კვლევები კი წლების მანძილზე ნაციონალებთან ასოცირდებოდა და, ექსპერტების თქმით, დროში რეალობას აცდენილი იყო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სანქციის დაკისრების მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის გაუცემლობა გახდა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კომპანიაში ჯერ კიდევ გუშინ საღამოს მივიდნენ, თუმცა დირექტორმა მათ განუმარტა, რომ ამ პროცესს დამკვეთები უნდა დასწრებოდნენ და მათთან დაკავშირება დაიწყო. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კომპანია დატოვეს, თუმცა მოგვიანებით ოფისში ისევ მივიდნენ და იმ ადამიანების კონკრეტული სია მოითხოვეს, ვისთანაც აპარატურაა განთავსებული.

შემოსავლების სამსახურის ქმედება ნაციონალებთან ასოცირებულმა ტელეკომპანიების ნაწილმა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად აღიქვა. მათი თქმით, კვლევაში მონაწილე ოჯახების ვინაობა კონფიდენციალურია და ხელისუფლება რეიტინგებით მანიპულირებას ცდილობს, რაც საფრთხეს შეუქმნის სარეკლამო ბაზრის მუშაობას.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტმა „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ ოფისის ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციას „ფიფილმეტრების“ მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადა 10 მარტამდე მისცა.

ცნობისთვის, „თი-ვი-ემ-არ საქართველო“ „ნილსენის“ სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და 350-ზე მეტი „ფიფილმეტრის“ საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. კომპანიის კლიენტები - საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა.

კომპანია IPM-ის დამფუძნებელი გოჩა ცქიტიშვილი პროცესებში გარკვევას პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს. For.ge მასთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ იგი ზარებს არ პასუხობდა. სამაგიეროდ, ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენლებმა მას სთხოვეს, „იქნებ მეგობრულად მოეპოვებინა იმ ოჯახების სიები, სადაც სატელევიზიო რეიტინგების გამზომ კომპანიას, „თი-ვი-ემ-არ“-ს აქვს ინსტალირებული ე.წ. ფიფილმეტრები“. გოჩა ცქიტიშვილი ეჭვობს, რომ აღნიშნული სიის ხელში ჩაგდებას მონიტორინგის სამსახური ძალის გამოყენებით შეეცდება. მანვე კითხვით მიმართა დავით უსუფაშვილს, თინა ხიდაშელსა და გიორგი მარგველაშვილს, ქვეყანაში დემოკრატიას აღარ ვაშენებთ? რა მოუვიდა ამ კურსს, გავაუქმეთ?

„ახლა გაფრთხილებთ, ან დამისაბუთეთ, რომ საგადასახადო სამსახურები თქვენი ინიციატივით არ მოსულან კერძო და კეთილსინდისიერ კომპანიაში, ან იცოდეთ, რომ მე პირადად დაგადანაშაულებთ იმაში, თუ როგორ ებრძვით ინვესტორებს, ტელე აუდიტორიის გაზომვების საერთაშორისო პრაქტიკასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორ გსურთ საქართველო იხილოთ კამბოჯას, ჩადის რესპუბლიკის, თურქმენეთისა და სომალის გვერდით“, - აცხადებს გოჩა ცქიტიშვილი.

გოჩა ცქიტიშვილის მიერ დემოკრატიით აპელირების მიუხედავად, საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ ცალკეული ტელეკომპანიის „მაღალი“ რეიტინგები გაყალბებული და გაბერილია და რეიტინგები უშუალოდ უკავშირდება სარეკლამო ბაზარს. ე.წ. ფიფლმეტრები კი მონაცემების გაყალბებების საუკეთესო საშუალებაა, რის გამოც ნამდვილად რეიტინგული კომპანიები იჩაგრებიან. ამდენად, საინტერესოა, რატომ უნდა ვენდოთ ცალკეული კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევას რეიტინგებთან დაკავშირებით?

შემოსავლების სამსახურის მიერ კვლევითი კომპანიის დაჯარიმებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წაუგებელ თამაშს უწოდებს, რომლის ამოცანა რეიტინგებით მანიპულირება და კონკრეტული ტელევიზიების გაკონტროლების მცდელობაა. გვარამიას აზრით, ინფორმაციის მიღების შემდეგ „თი-ვი-ემ-არ“-ის კვლევითი ორგანიზაცია ლიცენზიას დაკარგავს და მისი კვლევების მიმართ ნდობა ნიველირდება. ასევე, გვარამიას პროგნოზით, შეუძლებელი იქნება სარეკლამო გაყიდვები და ის ტელევიზიები, მათ შორის, „რუსთავი-2“, რომლებიც მხოლოდ თავისი შემოსავლით ცხოვრობენ (და არა დამფუძნებლების ფულადი დახმარებით), შეწყვეტენ არსებობას.

სრულიად სხვა მოსაზრებას გამოთქვამს „TV3“-ის ხელმძღვანელობა. საინფორმაციო სამსახურის უფროსი იმედა დარსალია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ სატელევიზიო რეიტინგებთან დაკავშირებით მართლაც არსებობს კითხვები. ამდენად, კონკრეტული ფაქტი მედიაზე ზეწოლად არ განიხილება. მისი თქმით, მედიაზე ზეწოლა კარგად ახსოვს 2007 წლის ნოემბერში, როცა „იმედში“ შეიჭრნენ, როცა წლების განმავლობაში „მაესტროს“ მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა, როცა ცხრა წლის განმავლობაში მედია სარედაქციო პოლიტიკის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაში იყო.

„გოჩა ცქიტიშვილის შესახებ ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ, ვამბობ, რომ მის რეიტინგებს არ ვენდობი. არ ვთვლი, რომ ეს არის მედიაზე ზეწოლა. ჩემი ინფორმაციით, ეს არის ერთი რიგითი შემოწმება, რაზეც უარი უთხრა კომპანიამ ამ უწყებას. რაც შეეხება იმას, რომ ბაზარზე რეიტინგების გამომკვლევი ერთი კომპანია არსებობს, ეს ძალიან ცუდია. ვისურვებდი, ალტერნატიული კომპანიებიც არსებობდეს. რეიტინგები ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს, საინტერესოა ისიც, როგორ კეთდება რეიტინგები, რომელ ოჯახში რამდენი აპარატია განთავსებული და რამდენი აპარატით იზომება ეს რეიტინგები, რომელსაც მედია იღებს. მით უფრო, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კომპანიის მიერ დადებულ რეიტინგებს ყველა არხისთვის, თუნდაც სარეკლამო ბაზრის თვალსაზრისით“, - აღნიშნა იმედა დარსალიამ.

ჩვენ დავუკავშირდით შემოსავლების სამსახურსაც, რომლის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ ისინი კანონის დაცვით მოქმედებენ და ინფორმაციის ნაწილი, რომელსაც კანონი საგადასახადო საიდუმლოების კვალიფიკაციას ანიჭებს, ჩვეულებრივად დაცულია და მომავალშიც ასე იქნება.

„ჩვენ არ გვაინტერესებს ამა თუ იმ კომპანიის რეიტინგების სანდოობა, ეს ექსპერტების საქმეა. ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, შევისწავლოთ ამა თუ იმ კომპანიის ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და მისი საგადასახადო ვალდებულებების საკითხები. ამ მიზნით მოვითხოვეთ მათგან „ფიფლმეტრები“. ეს ჩვენთვის „ფიფლმეტრები“ არ არის, ეს ჩვენთვის ტექნიკურ-მატერიალური ფასეულობაა, რომელიც უნდა აღირიცხოს“, - გვითხრა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მანვე გამორიცხა მედიაზე ზეწოლა და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაცულია არაერთი კომპანიის საგადასახადო საიდუმლოების შესახებ ინფორმაცია, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციები. მას იცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-მუხლი და დღემდე არავის გამოუთქვამს ბრალდება მათი სამსახურის მიმართ ამ ინფორმაციის გამჟღავნებისთვის.

ტელეკომპანია „მაესტროს“ წარმომადგენელი ბაჩო კიკაბიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუ შემოსავლების სამსახურმა ეს ინფორმაცია ბოროტად გამოიყენა და რეიტინგების კონტროლი მოხდა, მაშინ, რასაკვირველია, ეს იმოქმედებს ტელეკომპანიების რეიტინგებზე, რაც შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება რამდენიმე კვირასა და თვეში. ამის შემდეგ რეიტინგული ტელეკომპანიების რეიტინგი წავა დაბლა და სახელისუფლო ტელეკომპანიების რეიტინგი ავა მაღლა. ცხადია, ეს შეემჩნევა სატელევიზიო ბაზარს და რეკლამის განთავსებას.

„ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახური კანონის დაცვით მოქმედებს. თუ რაიმე ხარვეზია საიდუმლო მასალებთან დაკავშირებით კანონში, მაშინ უნდა შეიცვალოს კანონი. მთავარია, როგორ გამოიყენებს ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური. თუ ბოროტად გამოიყენა, რასაკვირველია, რეიტინგებზე იმოქმედებს. თუმცა ამის გამოსწორებაც შეიძლება ოჯახების როტაციით“, - აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.

ამასთან, ადასტურებს, რომ წინა მთავრობის დროს სატელევიზიო რეიტინგები საერთოდ არ შეესაბამებოდა რეალობას, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რეიტინგები ჭეშმარიტებას მიუახლოვდა. ამდენად, ამ ეტაპზე იგი ვერ იტყვის, რომ რეიტინგების კუთხით რაღაც უხეში გაყალბება ხდება. ბაჩო კიკაბიძე ფიქრობს, რომ რეიტინგები მიახლოებული უნდა იყოს სავარაუდოდ არსებულ ჭეშმარიტებას.

„კონკრეტულად, გოჩა ცქიტიშვილის პერსონის გარშემო შემიძლია გითხრათ, რომ არ ვიცნობ ამ პიროვნებას, მაგრამ ჩვენ გვახსოვს მისი სატელევიზიო გამოსვლები არჩევნების წინა პერიოდში. რამდენიმე პარტიისა და მისი ლიდერის შესახებ ცქიტიშვილი აბსოლუტურად განსხვავებულ რეიტინგებს დებდა, თუმცა არჩევნების შემდეგ სრულიად სხვა რეიტინგები იყო“, - აღნიშნა ბაჩო კიკაბიძემ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ჩვენთან საუბარში გადაჭრით ვერ ადასტურებს, თითქოს საქართველოში სატელევიზიო რეიტინგები არ ყალბდება. მისი თქმით, ეს მართვადი პროცესია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ორი სახის რეიტინგები. ერთი, როცა ორგანიზაციები შიდა მოხმარების რეიტინგს ადგენენ და მეორე_გარე მოხმარების რეიტინგები, რომლებიც, როგორც წესი, საიმიჯო კამპანიის ნაწილი ხდება.

„ცხადია, გამოხატული რეიტინგები, რომლებიც სატელევიზიოდ კეთდება, გარკვეულ ეჭვს აღძრავს. რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიას, ამ საქმიანობის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში არ გვყავს და გოჩა ცქიტიშვილმა ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა რეიტინგების საზომები. როცა ხდება რეიტინგების დაკვეთა, მინიმუმ, ბაზარზე უნდა არსებობდეს ამ სამუშაოს ბუნებრივი ალტერნატივა, რომ ვილაპარაკოთ, რატომ ეს კომპანია და არა სხვა, მაგრამ ასეთი კომპანიები თითქმის არ მოგვეპოვება და მხოლოდ გოჩა ცქიტიშვილის კომპანიასთან ხდება თანამშრომლობა. ჩემთვის საინტერესოა ყოველი ასეთი რეიტინგი, თუმცა, მეორე მხრივ, ის ერთადერთი უტყუარი მაჩვენებელი არ არის“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

ექსპერტი დაუშვებლად მიიჩნევს, სახელმწიფომ ჩარევის გზით გაარკვიოს ეს რეიტინგები და დაიწყოს დამოუკიდებელი ბიზნეს ორგანიზაციის კონტროლი.

ტენდენციურობას რაც შეეხება, ცნობისთვის, ყველას ახსოვს გოჩა ცქიტიშვილის კომპანიის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევა, რომლითაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, ქვეყანაში გაჭირვება, სიღარიბე დომინირებდა, ამის მიუხედავად, ტერიტორიებდაკარგულ ქვეყანაში, თურმე, მაინც ნაციონალებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ეს მაშინ, როცა მაშინვე საპირისპირო დასკვნა დადო იაგო კაჭკაჭიშვილმა, რომლის კვლევის თანახმადაც, ივანიშვილის გამოჩენამ გულაცრუებულ ელექტორატს არჩევნებში მისვლა გადააწყვეტინა.