შეაჩერებენ თუ არა მშენებლობებს ვაკის პარკის, წავკისის ტყისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულო მერიასთან ერთად მომავალშიც იმსჯელებს.
საუბარია იმაზე, რომ ამ ადგილებს მიანიჭონ რეკრეაციული ზონის სტატუსი და ქალაქში მიმდინარე რამდენიმე მშენებლობასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს.
პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებსა და არასამთავრობოებზე, რომლებიც თითქმის უკვე ორი თვეა უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ და ვაკის პარკში კარვებში ცხოვრობენ, გახშირდა მუქარები. როგორც „თბილისის ჰამქრის“ ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი ამბობს, ცალკეულ პირებს ვაკის პარკის დამცველი აქტივისტების გატაცების მცდელობა აქვთ, ისმის ლიკვიდაციის მუქარებიც. ამიტომ მავნებლური პროექი არ უნდა განხორციელდეს და საკრებულო დროულად უნდა ჩაერიოს ამ საქმეში.
თავის მხრივ, არასამთავრობოები ითხოვენ, ვაკის პარკში შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნაცვლად, სხვა ადგილას გამოიყოს ტერიტორია ინვესტორისთვის.
საკრებულოს გარემოს დაცვითი კომისიის თავმჯდომარე კახა ფირუაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტი აღნიშნული მშენებლობის შეჩერებაზე არ გააჩნია, რადგან საკრებულო არ არის ნებართვის გამცემი ორგანო. ნებართვა გაცემულია მერიაში და, ვინც ნებართვას იძლევა, შეჩერებაც მას შეუძლია. ამის მიუხედავად, საკრებულო პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარებას მაინც შეეცდება.
უფრო მეტიც, კახაბერ ფირუაშვილის თქმით, ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით საკრებულომ დადგენილება უკვე გამოიტანა, თუმცა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, სევდია უგრეხელიძემ მის შესრულებაზე უარი განაცხადა. ამიტომ საკრებულოს მორიგ სხდომაზე ახალი დადგენილების პროექტს შეიმუშავებენ, რომელშიც პრობლემის მოსაგვარებლად უფრო მკაცრი რეგულაციები განისაზღვრება.
მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილიც ეთანხმება აზრს, რომ ნებართვების გაცემაზე, ასევე, ხეების ჭრასა და ჯარიმების დაწესებაზე კანონის გამკაცრება აუცილებელია.
ჩვენ ვესაუბრეთ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარეს რუსუდან სიდამონიძეს. იგი აცხადებს, რომ თბილისი გადაიქცა ქალაქად, სადაც 40 წელზე მეტია, პარკი არ გაშენებულა და ყოველდღიურად მცირდება გამწვანება. ამიტომ ასეთი მშენებლობები დაუშვებელია.
„გარემოს დამცველთა მკაცრი მოთხოვნაა, ამ ტერიტორიებს აუცილებლად დაუბრუნდეს პირვანდელი სახე, აიკრძალოს მშენებლობები და მისმა გამსხვისებელმა, მერიამ კეთილი ინებოს, შეუცვალოს ადგილი და ინვესტორი დააკმაყოფილოს სხვა ტერიტორიით. მაგალითად, ასათიანის ქუჩაზე უამრავი ხე გაიჩეხა, რომელზეც მერიის შესაბამის სამსახურს ნებართვა არ ჰქონდა გაცემული. უკანონოდ მოჭრილი ხეების გამო ინვესტორები თავისუფლად იხდიან ჯარიმებს, თითო მოჭრილი ხისთვის 200-დან 500 ლარამდე ჯარიმის გადახდა მათთვის არაფერია. სამაგიეროდ, თბილისი ხეების გარეშე რჩება“, - აცხადებს რუსუდან სიდამონიძე.
მისი თქმით, ვაკის პარკი, თავისი არაჩვეულებრივი დაგეგმარებით, საბჭოთა საქართველოში კულტურის ძეგლებთან გათანაბრებული პარკების ჩამონათვალში შეიტანეს. ამ პარკს ჰქონდა დიდი ტერიტორიები და არა ის, რასაც ახლა ვხედავთ. შემდეგ გარკვეული ადგილები გაყიდეს, ჩადგეს საელჩო და სხვა. უფრო მეტიც, თბილისელებს ახსოვთ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს 7-სართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებენ, ორსართულიანი რესტორანი იყო.
„დღეს გვიმტკიცებენ, თურმე წითელი ხაზები ანუ საზღვრები შეიცვალა და ეს არ არის ვაკის პარკის ტერიტორია, რაც მცდარია. თავდაპირველი დაგეგმარების დროს ვაკის პარკის ტერიტორია გაცილებით დიდი იყო. სიტუაცია ყველგან რთულია. მაგალითად, ე.წ. ასათიანის პარკი, მართალია, არასდროს ყოფილა პარკი, მაგრამ იყო გამწვანებული ტერიტორია და იმ ადგილის ფილტვები. ასეთივე უკანონობა ხდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც, წავკისში. თუ ასე გაგრძელდა, რაც წინა ხელისუფლებამ მთელი სოფლები თბილისის შემოგარენს მიუერთა, მათაც გაჩეხავენ“, - განმარტავს რუსუდან სიდამონიძე.
For.ge არქიტექტორ გულნარა ქარუმიძეს ესაუბრა, რომელიც, ამავდროულად ლანდშაფტის არქიტექტორია და 80-იან წლებში ქალაქის გამწვანების გენგეგმა სწორედ მისი ჯგუფის შექმნილია. მისი აზრით, ხეების გაჩეხვა კატასტროფაა იმ ქალაქისთვის, სადაც ისედაც ცოტაა სუნთქვისთვის საჭირო მწვანე შემოგარენი. ამიტომ იგი თითოეული ხის მოჭრასაც აპროტესტებს.
რაც შეეხება ვაკის პარკს, არქიტექტორი აცხადებს, რომ ის ადგილი, სადაც სასტუმროს მშენებლობას აპირებენ, ვაკის პარკის ცენტრალური ნაწილია და იქ არაფრის აშენება არ შეიძლება.
„ისინი ამბობენ, მიმდებარე ნაწილიაო, სინამდვილეში, ეს ვაკის პარკის ცენტრია. ვაკის პარკი მარტო 14 ჰექტარი კი არ არის, არამედ ვაკის პარკი 102 ჰექტარზე დაპროექტდა. მასში შედის კუს ტბისკენ მიმავალი გზა, სწორედ ის გზა არის ვაკის პარკის საზღვარი. თუმცა, იქ თვითნებურად ჩაიდგა საელჩოები, გაჩანაგდა ტერიტორიები, უკანონო მშენებლობები დაიწყო საბავშვო ბაღით, მერე ააშენეს მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და გაჩეხეს ხეები. ასე, ნელ-ნელა შეესივნენ. წითელი ხაზები პარკს ჰქონდა და, მე მგონი, ყველა არქივიდან ამოაგდეს წითელი ხაზების გეგმა“, - აღნიშნა გულნარა ქარუმიძემ.
მანვე განმარტა, რომ, ზოგადად, პარკის ტერიტორია მუნიციპალურია, მისი გაყიდვა არ შეიძლება და მას მერიამ უნდა მოუაროს. ინვესტორს არც უნდა ჰქონოდა სურვილი, ვაკის პარკში რამე აეშენებინა, ეს მისი დანაშაულია.
„რა უფლებით შევიდა ვაკის პარკში ინვესტორი და რა უფლებით იყიდა? მით უმეტეს, რა უფლება ჰქონდა მერიას, რომელმაც გაყიდა ეს ადგილი? მერიამ უნდა დაუბრუნოს ფული ინვესტორს, რათა მან სასტუმრო სხვაგან, თავისუფალ ადგილას ააშენოს. მაინდამაინც პარკში უნდათ სახლები. იმ პარკს რომ გაჩეხავენ, ხომ აღარ შერჩებათ უკვე პარკი? ვაკის პარკი აშენდა მსოფლიო ომის შემდეგ (დგებუაძისა და ციციშვილის დაპროექტებით). მანდ იყო ჭაობები, სათითაოდ ყველა ხე ჩარგული და ბუნებასთან შეხამებულია, თორემ ტყე მანამდე იქ არ იყო. ასე რომ, პარკთმშენებლობა ძვირადღირებული საქმეა. ამ პარკს მთელი თბილისის მოსახლეობა აშენებდა, შაბათობაზეც მუშაობდნენ, საქმეში ჩართულნი იყვნენ საუკეთესო სპეციალისტები. აქ იყო შადრევნები, ქანდაკებები და სხვა. საბოლოოდ მშვენიერი პარკი გააშენეს“, - აცხადებს ქარუმიძე.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ კანონში ნამდვილად არის ხარვეზი, რაც ხელს უხსნიდა დაინტერესებულ სამსახურებს - მერიას, ნაცმოძრაობის ხელისუფლებას, გაესხვისებინათ ტერიტორია და გაეცათ ნებართვა მწვანე ნარგავების მოჭრასთან დაკავშირებით, თანაც ამისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდათ. ახლა საკრებულო ვითარების შეცვლას შეეცდება კანონმდებლობაში ხარვეზის გამოსწორების გზით.
„ამ კანონმდებლობის ფარგლებში გარკვეული ბერკეტი არ გააჩნია საკრებულოს, მაგრამ საზოგადოების აზრსაც უნდა გაეწიოს ანგარიში. თუკი მერია მოინდომებს, გაუწიოს ხალხს ანგარიში, გამოინახება გარკვეული ბერკეტი უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად. ამ პროცესს დრო სჭირდება, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნა უნდა აღსრულდეს“, - აცხადებს გულიკო ზუმბაძე.