თვალთვალი და მოსმენები დასაშვებია, მაგრამ არა მასობრივი

თვალთვალი და მოსმენები დასაშვებია, მაგრამ არა მასობრივი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ახალი კამპანია წამოიწყეს. ისინი ამტკიცებენ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს შეუზღუდავი წვდომა აქვთ სატელეფონო ზარებზე, სმს-ებზე და პირად ელექტრონულ მიმოწერაზე და სამართალდამცავ ორგანოებს ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია შეუზღუდავად შეუძლიათ მიიღონ. როგორც არასამთავრობოები განმარტავენ, ამის გამო მათ „ეს შენ გეხებას“ კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყეს, სლოგანით - „ისევ გვისმენენ“.

არასამთავრობოების განცხადებით, პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყანაში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რასაც პარლამენტი აჭიანურებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან კამპანიის ჩამოყალიბებას „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“, მყარი საფუძველი აქვს.

„ჩვენ გქონდა კომუნიკაცია მობილურ ოპერატორებთან. ფაქტობრივად, ისინი ადასტურებენ, რომ მოსმენები გრძელდება“, - განაცხადა გიგაურმა.

გიგაურის თქმით, არჩევნების შემდეგ გარკვეული მოთხოვნები ჰქონდათ შს სამინისტროდან, ანუ მათ მოსთხოვეს იგივე ფორმატში ურთიერთობა, რაც იყო 9 წლის განმავლობაში. როგორც გიგაური აცხადებს, ამაზე საუბრობდა„ჯეოსელის“ აღმასრულებელი დირექტორიც, როდესაც თქვა, რომ მისი სურვილია,ის კომუნიკაცია, რაც გააჩნია შსს-სთან, სხვა ფორმატში გადავიდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარიაც ამტკიცებს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.

მისივე შეფასებით, ახალი ხელისუფლების პირობებში განადგურდა გარკვეული ვიდეომასალა, დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე, ეს გვაძლევდა საფუძველს, გვეფიქრა, რომ აპირებდა ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ვხედავთ, რომ კანონის განხილვის პროცესი ჭიანურდება.

„ისევ არსებობს ე.წ. შავი ყუთები, რომლის მეშვეობითაც სამართალდამცავ ორგანოებს ხელი მიუწვდებათ პირდაპირ, ყოველგვარი სასამართლო ნებართვის გარეშე ჩვენს პირად მიმოწერაზე და დაახლოებით 21 000 აბონენტის მოსმენა შეუძლიათ ამ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი შანსია ხელისუფლებამ იგივე მეთოდები გამოიყენოს თვალთვალისა და მიყურადების კუთხით, რასაც წინა ხელისუფლება იყენებდა და ჩვენ არ გვინდა ეს დავუშვათ“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

საიას განმარტებით, დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ მიუერთდნენ კავშირგაბმულობის ქსელებსა და სისტემას მობილური ოპერატორების ნებართვის გარეშე.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ამბობს, ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქართული კანონმდებლობა საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოვა:

„ყველა ტიპის დანაშაულზე არ უნდა ხდებოდეს მოსმენა, ევროპული სტანდარტი არის ის, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე გაიცემოდეს ნებართვა. ასევე, დღეს შეიძლება სასამართლომ თავისი ინიციატივით არ ჩაწეროს ვადა, რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს მოსმენა, ან ჩაწეროს, მაგრამ იმ ვადის გასვლის შემდეგ მაინც გაგრძელდეს მოსმენები. აუცილებელია ადამიანის ინფორმირება მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება. ამ ყველაფერს ჭირდება რეგლამენტაცია და ეს დღევანდელ კანონში არ არის“, - ამბობს კოჟორიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მზად არიან შეხვედრები გამართონ ხელისუფლებასთან, პარალელურად კი მოსახლეობის ინფორმირებას გააგრძელებენ.

არასამთავრობოებთან დიალოგის გამართვაზე მზადყოფნა უკვე გამოთქვა შინაგან საქმეთა მინსიტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ. მინისტრის ინიციატივას არასამთავრობოები დადებითად აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში გადაწყდა მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლის თანახმად, უკანონოდ განხორციელებულ მოსმენებზე სასჯელი გამკაცრდება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, უკანონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე სასჯელის გამკაცრება პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არ არის. კახა კოჟორიძის აზრით, მთავრობამ უნდა შექმნას პრეცედენტი და დაამკვიდროს პრაქტიკა, რომ აღნიშნული დანაშაულისთვის ადამიანები პასუხისგებაში მიეცნენ.

შეგახსენებთ, რომ ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება. ფარული ვიდეო/აუდიომასალის გამავრცელებელი, სავარაუდოდ, 7-წლიანი პატიმრობით დაისჯება.

ჟურნალისტი ლაშა ტუღუში ერთ-ერთია იმ საინიციატივო ჯგუფიდან, რომელმაც საკანონმდებლო წინადადებით რამდენიმე თვის წინ მიმართა პარლამენტს, რათა კანონით იყოს შესაძლებელი მიყურადების კონტროლი და მონიტორინგი.

„ეს სისტემა დღემდე იგივეა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ გვქონდა შეხვედრები სატელეკომუნიკიციო კომპანიებთან. ყველა ასეთ კომპანიაში არის ადგილი, სადაც შსს-ს აქვს თავისი მოწყობილობები, რომელიც მიერთებულია სისტემაზე და ვერავინ აკონტროლებს“, - აცხადებს ლაშა ტუღუში.

„არსებობს ასეთი მონიტორინგის სხვადასხვა მოდელი, რომ კონტროლი განხორციელდეს სასამართლოს, პარლამენტის ან სხვა საშუალებით“, - აცხადებს ლაშა ტუღუში.

საქართველოს კანონმდებლობით (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, მათ შორის მოსმენის, განხორციელების ექსკლუზიური უფლება აქვთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლებს და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ, საგამოძიებო და სადაზვერვო ქვედანაყოფებს; საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს; პროკურატურის გამომძიებლებს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს.

ზემოხსენებული უწყებების მიერ წარმოებულ ფარულ მიყურადებაზე კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო უწყების ხელმძღვანელის მიერ, რომელსაც პირადი პასუხისმგებლობა ეკისრება.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოსმენა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ხორციელდება. მალალითად, 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 9 მაისამდე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ შუამდგომლობით 1207–ჯერ მიმართა (აღნიშნული ინფორმაცია მთავარი პროკურატურისგან „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“(IDFI) გამოითხოვა).

ფარული მიყურადება და ჩაწერა ნონსენსი ნამდვილად არ არის და კრიმინალთან ბრძოლის ამ ფორმას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იყენებენ. მაგალითისთვის შეგვიძლია შემოგთავაზოთ ამონარიდები რამდენიმე ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობიდან.

ისრაელში „ტელეკომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრი გასცემს „ინსტრუქციას“ კომუნიკაციების მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ და თავდაცვის მინისტრის, უშიშროების მინისტრის, შიდა სადაზვერვო სამსახურის ან მოსადის თხოვნის / მიმართვის საფუძველზე. პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინსტრუქცია საიდუმლოა.

კანონი ასევე ითვალისწინებს საკმაოდ ფართო უფლებამოსილებებს სამართალდამცავების მხრიდან შესაბამის მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებით.

გაერთიანებულ სამეფოში „სადაზვერვო სამსახურების შესახებ“ კანონის თანახმად, „სამთავრობო/მთავრობის კომუნიკაციათა ცენტრალური ოფისის“ ადმინისტრირებასა და პოლიტიკაზე ზედამხედველობას ახორციელებს დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტი.

კომიტეტის წევრებს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ლიდერთან კონსულტაციის შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტი საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესახებ ანგარიშს წარუდგენს პრემიერ-მინისტრს, ეს უკანასკნელი კი აღნიშნულ დოკუმენტს წარუდგენს პარლამენტის შესაბამის პალატებს.

გერმანიაში მოსმენები რეგულირდება „მიმოწერის, საფოსტო გზავნილებისა და სატელეგრაფო და სატელეფონო შეტყობინებების საიდუმლოს შეზღუდვის შესახებ“ კანონისმიხედვით. რომლის თანახმადაც, ის ვინც ახორციელებს მომსახურებას ტელეკომუნიკაციების სფეროში, ვალდებულია, უფლებამოსილ ორგანოს, შესაბამისი განკარგულების შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია. ასევე, ის ვალდებულია, გადასცეს გზავნილები, რომლებიც მას გადაეგზავნა ტელეკომუნიკაციის გზით, ამასთანავე ის ვალდებულია უზრუნველყოს ტელეკომუნიკაციაზე მეთვალყურეობა და მისი ჩაწერა.

კანონის თანახმად, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო ანგარიშვალდებულია საპარლამენტო მაკონტროლებელი კომისიის წინაშე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოდექსის 3124-ე მუხლის თანახმად, კომუნიკაციების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოს ყველა ინფორმაცია, აპარატურა და გაუწიოს მას ტექნიკური ხასიათის დახმარება, რაც საჭიროა შესაბამისი მოსასმენი აპარატურის დასამონტაჟებლად (მოთხოვნის შესაბამისად). შესაბამისი მოსასმენი აპარატურის გამოყენებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურორი ანგარიშს წარუდგენს კონგრესს.

ასე რომ, შესაძლოა, საქართველოში კანონმდებლობა დახვეწას მართლაც საჭიროებს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამის თაობაზე არაერთხელ გამოითქვა მზაობა და ამ ფონზე ცოტა არ იყოს, უცნაურია არასამთავრობოთა მხრიდან აგორებული კამპანია.

თემა გასული წლის შემოდგომაზე მას შემდეგ გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც ერიქსონის წარმომადგენელმა შვედეთის საზოგადოებრივ რადიოში საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის ფარული მოსმენებისთვის ერიქსონის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„ტექნოლოგია კრიმინალთან საბრძოლველადაა განკუთვნილი, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება მას, სავარაუდოდ, სხვა მიზნებისთვის იყენებს“,- განაცხადა ჰალსტანმა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებას 21 ათასი მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა აქვს და მათგან მესამედი სწორედ ჯეოსელის ქსელშია ჩართული.

ფრანს-პრესის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, აღნიშნული ტექნოლოგია კრიმინალების სათვალთვალოდაა შექმნილი და ერიქსონმა ის ქართულ კომპანია ჯეოსელს 2005 წელს მიჰყიდა ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად.

კომპანია „ჯეოსელის“ ერთ-ერთი მფლობელის სალომონ ბეკელეს განცხადებით კი, საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებს საკუთარ ქსელებში ხელისუფლების წარმომადგენელთა დაშვება მოეთხოვებათ.

„ხელისუფლება აწარმოებს ქსელების მონიტორინგს და არც ჩვენ და არც სხვა მობილურმა ოპერატორებმა არ ვიცით, რას უსმენენ და რა ინფორმაციას აგროვებენ ისინი“ - აცხადებს ბეკელე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ, რომ ქვეყანაში უკანონო ფარული სატელეფონო მოსმენები ისევ გრძელდება.

სხვათა შორის,ძალიან საინტერესოა, რატომ არ აკეთებდნენ მსგავს განცხადებებს ჯეოსელისა და სხვა მობილური ოპერატორების წარმომადგენლები იგივე შვედეთის მედიაში, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება „ენვერიადის“ და სხვა მსგავსი „სერიალებით“ „ართობდა“ ტელეეთერიდან საქართველოს საზოგადოებას.

როგორც ცნობილია, „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მიიჩნევენ, რომ ფარული მიყურადების მართვის პულტი უნდა იყოს მობილური ოპერატორების ხელში და მიყურადების დაწყება უნდა განხორციელდეს მობილური ოპერატორების და არა შს სამინისტროს მიერ.

პრინციპში, დასავლურ ქვეყნებში თუნდაც, გერმანიაში მსგავსი პრაქტიკა მიღებულია, მაგრამ საქართველოში არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელსაც ძნელია ანგარიში არ გაუწიო. საუბარია წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბებულ სისტემაზე, რომლის დაშლაც ჯერ ვერ მოხერხდა. საუბარია ხელისუფლების მიერ ბიზნესის სრულ კონტროლზე და დღეს საქართველოში ჯერ კიდევ მოიძებნება ბიზნესები, რომლებიც სწორედ ნაცმოძრაობის ზოგიერთი ლიდერის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.

„რაც შეეხება ჯეოსელის მომენტს, აქ ყველაფერი გასაგებია. წინა ხელისუფლების დროს მას განსაკუთრებული ექსკლუზივები ჰქონდა მოპოვებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურაზე, ყველას ის ემსახურებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად დაახლოებული იყო ნაცმოძრაობასთან“, - აცხადებს for.ge-ს დამფუძნებელი გიორგი იაკობაშვილი.

მისივე განმარტებით, გასათვალისწინებელია, ამ ყველაფერს როგორ პიარს უკეთებს „რუსთავი-2“, რომელიც განსაკუთრებულად დაახლოებული იყო და არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ეს უკვე ეჭვის საუძველს ქმნის, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ქვეტექსტები, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ეს არასამთავრობოები გარკვეულ შეკვეთებს მაინც ასრულებენ“,-მიიჩნევს იაკობაშვილი.

ძნელი სათქმელია, მთავარი პრობლემა არის თუ არა ის, თუ ვის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს მართვის პულტის კონტროლი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის განხილვის გაჭიანურებას უარყოფს.

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მიყურადება დღეს მხოლოდ სასამართლოს კონტროლით ხორციელდება და უკანონო მოსმენა ახალი ხელისუფლების პირობებში არ დაფიქსირებულა.

„ეს ხდება მხოლოდ სასამართლო კონტროლით, თუ კიდევ უფრო მკაცრი რეგულაცია გვინდა და კიდევ უფრო დაცვა ამ სფეროს, მე პირადად მოსურნე ვიქნებოდი, რომ კიდევ უფრო დავიცვათ, რადგან ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ეკა ბესელია.

ექსპერტი სისო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლება არც მალავდა ტოტალური მოსმენების არსებობას და საკმაოდ ხშირად, ამ უკანონო ჩანაწერებს ასაჯაროებდა- ხოლმე მედიასივრცეში. დღევანდელი ხელისუფლება კი უარყოფს რომ რაიმე ტიპის მოსმენებს აქვს ადგილი, თუ არ იქნა გამოტანილი შესაბამნისი სასამართლო გადაწყვეტილება.

„პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ აპარატურა, რომელიც ასეთი მოსმენებისთვის არის განკუთვნილი არ მცირდება და არ ნადგურდება, პირიქით უფრო მეტი ტექნიკური საშუალებებია გამოყენებული“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი, რომლის მოსაზრებითაც ყველაფერი გაცილებით დამაჯერებელი იქნება, თუ ამ პროცესში ჩართული იქნება საზოგადოებისთვის სანდო ადამიანების ჯგუფი.

ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ახალი წინა ხელისუფლებისგან იმით განსხვავდება, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა და როდესაც ისეთი რეციდივები ისევ მეორდება რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, მაშინ საზოგადოებამ ამაზე უნდა ილაპარაკოს.

„როგორც სააკაშვილის დროს მისმენდნენ, ახლაც ასევე მისმენენ, ამას ამჩნევენ სხვათა შორის ჩემი უცხოელი მეგობრები და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებიც - შემიმჩნევია არა მარტო მოსმენა, არამედ გარეგანი თვალთვალიც, რის გამოც მრცხვენია ჩემს უცხოელ მეგობრებთან, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი რამ ხდება“,- აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ზოგიერთ შემთხვევაში არასამთავრობოები მართლაც გადაჭარბებულ ხმაურს ტეხენ ხოლმე, მაგალითად, ყველამ იცის, რომ საქართველოში სექსუალურ უმცირესობებს არა თუ ავიწროებენ, არამედ ყურადღებასაც კი არ აქცევენ. თუმცა არასამთავრობოთა მხრიდან ამ თემაზე არაერთხელ ატეხილა ხმაური. რაც მთავარია, საქართველოში ყველამ იცის, რომ ამ ხმაურის სანაცვლოდ არასამთავრობოები გრანტებით ჯილდოვდებიან ხოლმე, მაგრამ არც ამის შესახებ არ საუბრობენ ბევრს, რადგან თვლიან, რომ სექსუალური უმცირესობების შევიწროება ქართული საზოგადოებისთვის რეალურად ყველაზე ნაკლები პრობლემაა.

„თუ გავავლებთ პარალელს იგივე „ელგებეტე“ აქციებთან დაკავშირებით, არც ამ თემაზე დაუდევთ ერთი ფაქტი მაინცსექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციის თაობაზე და ჯერჯერობით არც მოსმენებზე აქვთ ასეთი ფაქტები დადებული“, - აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.

მისივე განმარტებით ამ ყველაფერს სხვა კუთხითაც შეიძლება შევხედოთ და დავსვათ კითხვა, სად იყვნენ ეს არასამთავრობოები მაშინ, როდესაც საუბრისას ყველა თიშავდა ტელეფონს.

„მაშინ ხმა არც ერთ მათგან არ ამოუღია. შესაძლოა ეშინოდათ, მაგრამ თუ ეშინოდათ, შეუძლიათ, დღეს ნაკლები ილაპარაკონ“, - მიიჩნევს იაკობაშვილი.

სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ტოტალური მოსმენების დროს ვინმეს მსგავსი ხმაური რომ აეტეხა, ყველამ კარგად იცის, რომ მივიღებდით უფრო მეტ პატიმარს.

„დემოკრატიულობის ფაქტორი დღეს უფრო რეალურია, ვიდრე იყო თუნდაც ორი წლის წინ და ამიტომ შესაძლებელი გახდა, ამ თემაზე საჯარო საუბარი. მეტი თავისუფლებაა, მეტი დემოკტატია და მეტი სტანდარტების მოთხოვნილებაა საზოგადოებაშიც“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

თუმცა გიორგი იაკობაშვილი არ გამორიცხავს, რომ მაშინდელმა შიშმა და დიქტატმა მაშინდელ ხელისუფლებასა და არასამთავრობოებს შორის სხვა ვალდებულებებიც გააჩინა.

„თუ არ ეშინოდათ, მაშინ სხვა პრობლემაა - ყველამ კარგად იცის რომ იმ პერიოდში მთელი გრანტების განაწილება სწორედაც რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იყო და მათ გრანტები არასდროს არ მოკლებიათ. შესაძლოა მის წინაშე ან ანგარიშვალდებულები არიან ან მათ შესახებ ნაცმოძრაობას გარკვეული დოკუმენტები აქვს ან ფარული ჩანაწერები.

არ ვიცი, ზუსტად რაშია საქმე, მაგრამ უკვე სამი წელიწადია „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელი აცხადებს, რომ მას სთხოვდნენ აპარატურის მეშვეობით აბონენტებისთვის ეთვალთვალა. უკვე 4 წელია, ნაციონალების ხელშია „კავკასუსი“და შეეძლოთ არასამთავრობოებს ამის შესახებაც გაეკეთებინათ განცხადებები, მოეთხოვათ შემოწმება „კავკასუს ონლაინიც“ ხომ არ უთვალთვალებდა აბონენტებს.

ეს ყველაფერი ერთი დასკვნის გამოტანის საუძველს მაძლევს - მილიონერი არასამთავროებოები და ნაციონალები დაახლოებით ერთ თამაშს თამაშობენ, მათი ინტერესები ემთხვევა, ეს არის ფული, ფული და ფული, ნაციონალების ინტერესი კი ხელისუფლებაში დაბრუნებაა“ - აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მათი მოპოვება საკმაოდ რთულია, თუმცა 2006 წელს ჯეოსელის ოფისში შემთხვევით საკუთარი ნომრის შემოწმებისას (ევროკავშირის მოთხოვნით გამგზავრებამდე უნდა შეემოწმებინათ იყო თუ არა ჩართული გარკვეულ სისტემაში) აღმოაჩინა, რომ მისი ნომრის შეყვანისას კომპიუტერის ეკრანი ინფორმაციით აივსო, მეგობრის ნომრის შემოწმებისას კი ინფორმაცია საერთოდ არ იყო.

„როგორ ექოსაც მაშინ ვისმენდი ტელეფონზე საუბრისას, ახლაც იგივე მეორდება“,- აცხადებს ცისკარიშვილი და თვლის, რომ როგორც ჩანს, ცდუნება მაღალია, მათი მხრიდან ვისაც მოსასმენ აპარატურასთან წვდომა გააჩნია.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ მსგავსი ფაქტების მოპოვება ძალზე რთულია, თუმცა ალბათ, შესაძლებელია. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ რა კადრებითაც წინა ხელისუფლების დროს იყო დაკომპლექტებული შესაბამისი სტრუქტურა, რომელსაც მოსმენების განხოერციელება ევალებოდა, დღესაც იგივე კადრებითაა შევსებული და არც ტექნიკა განადგურებულა. ამასთანავე, მაისაიას განმარტებით, არც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შეცვლილა, რაც ეჭვებს აჩენს.

რაც შეეხება არასამთავრობოების განსაკუთრებულ აქტიურობას, ცისკარიშვილი თვლის, რომ გრანტებით დაინტერესება არა მოსაზრება, არამედ უკვე ბრალდებაა იმ არასამთავრობოების მიმართ, რომლებსაც ნამდვილად ვერ დავაბრალებთ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციას.

„ცხადია ასეთი აქტიური საზოგადოებრივი სუბიექტები იწვევენ გაღიზიანებას ხელისუფლებისა, მაგრამ დემოკრატრიის ხარისხი განისაზღვრება მრავალი კომპონენტით, მათ შორის პლურალიზმის მიმართ ზომიერი დამოკიდებულებით. როდესაც დღევანდელი ზოგიერთი ხელისუფალი არ მალავს რომ აქვს გარკვეული დიკომფორტი „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ თუ საიასთან ან „სამართლიან არჩევნებთან“, ამ ხელისუფლების მლიქვნელთა გუნდში შეიძლება მარტივად შეითხზას ისეთი თემები, როგორიცაა რაიმე კამპანიის წამოწყება მატერიალური და ფინანსური სიკეთის მისაღებად“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

შესაძლოა, დღეს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ასეთი წესრიგი მართლაც არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა, მრავალი არასამთავროსა და ნაციონალების მჭიდრო ურთიერთობასთან დაკავშირებით კითხვები ნაკლებად არსებობდეს.

რაც შეეხება გამოსავალს, სავარაუდოდ ახალი ხელისუფლება მართლაც შეეცდება, ისეთი მექანიზმები შექმნას, რომელიც მასობრივი მოსმენების თუნდაც იმიტაციასაც კი აღარ შექმნის.

როგორც მაისაია განმარტავს, ყველამ ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს მასობრივი მოსმენები ხორციელდებოდა და დღესაც ასეა. დემოკრატიულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის კი ის სხვაობაა, რომ იქ მასობრივი თვალთვალი არ ხდება.

„გამოსავალი ერთია, ვფიქრობ შს სამინისტროსი საზოგადოებრივი საბჭო უნდა შეიქმნას, რომელშიც საზოგადოების და არასამთავრობო საზოგადოების წარმომადგენლებიც შევლენ. ასეთი საბჭო ტოტალიტარულმა რუსეთმა შექმნა და ჩვენთან რით ვერ შეიქმნა! ღია წესით უნდა მოხდეს მასობრივად მოსასმენი აპარატურის განადგურება და წინა ხელისუფლების ის კადრები, რომლებიც დანაშაულებრივი საქმიანობით იყვნენ დაკავებული, უნდა გათავისუფლდნენ. ასეთ შემთხვევაში პრობლემა მოიხსნება“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.