„ხუდონჰესი არის გზა ევროპისკენ და ნატოსკენ“

„ხუდონჰესი არის გზა ევროპისკენ და ნატოსკენ“

ხუდონჰესის პროექტმა საქართველოში საზოგადოებრივი აზრი ორად გაყო. სპეციალისტების ნაწილი პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობს, საპირისპირო პოზიციაზე მყოფნი კი ამტკიცებენ, რომ ხუდონჰესის აშენება არ ღირს.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროექტს და ღირს თუ არა სვანეთში ხუდონის ალტერნატიულ პროექტებზე - მცირე ზომის ჰესების მშენებლობაზე მსჯელობა? For.ge გეოლოგს, საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა. იგი განსაკუთრებულ აქცენტს ხუდონჰესის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე აკეთებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე: ენგურჰესი რომ არ აშენებულიყო, მაშინ რჩებოდა საშუალება, მცირე ჰესები აშენებულიყო ენგურზე. მაგრამ, თავის დროზე, აშენდა ენგურჰესი. ახლა მისი გამოყენების რაციონალობა 30%-ით არის განსაზღვრული. აუცილებელია, აშენდეს კასკადი. როცა აშენდება უფრო ზევით ხუდონჰესი და ქვევით - ხაიშიჰესი, მაშინ შეგვეძლება ჩვენი დადგმული სიმძლავრე 2 გიგავატით გავზარდოთ და გავხადოთ 4,5 გიგავატი. დღეს ეს საკმარისი იქნება, მაგრამ 3 წელიწადში აღარ გვეყოფა. ჩვენ ეს მაჩვენებელი 9-მდე უნდა ავწიოთ. საქართველოში ამჯერად 111 პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა მცირე ჰესები, ქარის ენერგეტიკა და ა.შ. აქედან ორი პროექტი საჭირო სიმძლავრის ნახევარს გვაძლევს.

საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობა კი მხოლოდ მესტიაში არ არის, ნახეთ, რა ხდება ხულოში. იმ ჰესს ნორვეგიელები აშენებენ. ნანახი მაქვს ამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ამ თვალსაზრისით, აბსოლუტურად უვნებელია. მაგრამ მოსახლეობა იქაც მართავს საპროტესტო გამოსვლებს, გამოსვლები მინახავს ყაზბეგშიც, სადაც ასევე ჰესი შენდება, იქ საერთოდ გვირაბია, ეკოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხოა და მოსახლეობა მაინც აპროტესტებს. საზოგადოებაში ასეთი მოსაზრებებიცაა: რად გვინდა ენერგეტიკის განვითარება, რუსეთმა მოგვაწოდოს შუქი. ამგვარი მიდგომა არის საქართველოს ღალატი.

ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, უნდა ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები. ალტერნატივა არის მხოლოდ ერთი - თუ არ გვინდა ჰიდროელექტროსადგურები, უნდა ავაშენოთ ბირთვული სადგური.

ხაიშის მცხოვრებთა ნაწილი ბოლო პერიოდში ხუდონჰესის ალტერნატიული პროექტების შემუშავების აუცილებლობაზეც საუბრობს, რაც მცირე ზომის ჰესების მშენებლობას გულისხმობს. მცირე ჰესებით ვერ მიიღწევა ენერგოდამოუკიდებლობა?

- ხუდონჰესის ნაცვლად სვანეთში მცირე ჰესების აშენება უკვე აღარ შეიძლება, რადგან სიმძლავრე იქნება 10-ჯერ ნაკლები. ჩვენ მილიარდნახევარ კილოვატსაათს მოვიპოვებთ ხუდონჰესით, მცირე ჰესებით კი მხოლოდ 120-ს. ასე რომ, შეუძლებელია საჭირო ენერგიის მიღება ხუდონჰესის გარეშე. ეს პროექტი არის უალტერნატივო.

ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებელი, თუ გვინდა, რომ ვიყოთ ენერგიის გამნაწილებელი კავკასიაში, რომ ჩვენზე დამოკიდებული იყოს თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩვენ თუ გვინდა, რომ ვითამაშოთ ენერგეტიკის უმაღლეს ლიგაში და დანარჩენები ჩვენ გვექვემდებარებოდნენ, ხუდონჰესის მშენებლობა აუცილებელია. ფსონი იმდენად დიდია, რომ ამის გარეშე ჩვენ ფონს ნამდვილად ვერ გავალთ. ამ პროექტით ჩვენ ვხდებით რეგიონში ენერგეტიკის მარეგულირებელი, მთავარი აქტორი. ეს გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი პროექტია - ხუდონჰესი არის გზა ევროპისკენ და ნატოსკენ.

შეიცავს თუ არა ხუდონჰესის პროექტი გარკვეულ რისკებს სეისმურობის თვალსაზრისით?

 - ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება 8-ბალიანი მიწისძვრის ზონაში. ამ პროექტის შესახებ მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მართალია საბოლოო ვარიანტში - ბევრი რაღაც გასათვალისწინებელია, მაგრამ, ერთადერთი რაც არის უტყუარი, ეს არის სეისმური თვალსაზრისით მდგრადობა. 9- ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს იქ (როგორიც არასდროს ყოფილა) არც ხუდონჰესის, არც ენგურჰესის და არც ხაიშჰესის კაშხალი არ დაინგრევა.

ეკონომისტთა ნაწილი აცხადებს, რომ ხუდონჰესის ეკონომიკური ღირებულება და საქართველოსთვის სარგებელი მიზერულია და რისკების გაწევა ამიტომაც არ ღირს. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას ხუდონჰესი?

- საქართველოს ენერგეტიკის განვითარების მათემატიკური მოდელი მაქვს მომზადებული და იქ ქვაკუთხედი, სწორედ, ხუდონჰესია. აბსოლუტურად მცდარია შეფასებაა, რომ ხუდონჰესის ეკონომიკური სარგებელი საქართველოსთვის მიზერულია.

56 მილიონ აშშ დოლარს ჩვენ ვიღებთ ახლა გადასახადის სახით. ზოგიერთი აცხადებს, რომ ხუდონჰესის მშენებლობა ელექტროენერგიის ექსპორტისთვის იგეგმება. ექსპორტზე არ შეიძლება გავიდეს ის, რაც შენთვის ჭარბი არ არის. იმისთვის, რომ ენერგიის ექსპორტი განახორციელო, მთელი სისტემა, შენი ქსელი უნდა იყოს ძაბვის ქვეშ. შენ არ შეგიძლია მაგისტრალის ნაწილი გათიშო და ელექტროენერგია გაუშვა ექსპორტზე. ასეთი ტექნოლოგიები არ არსებობს. ამიტომ, პირველ რიგში აკმაყოფილებ შენს მოთხოვნას და მხოლოდ ჭარბ რესურს ჰყიდი. ჭარბი რესურსი კი მრეწველობის განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნაკლები გვექნება. ზამთრის პერიოდში ჩვენ არ დაგვჭირდება ენერგიის ყიდვა რუსეთიდან და ეს არის უმთავრესი.

მართალია, ზაფხულზე ჩვენ ვყიდით ელექტროენერგიას თურქეთში, მაგრამ ზამთარში ვყიდულობთ რუსეთისგან. ეს პრინციპული საკითხია, მით უფრო დღეს, როდესაც იცვლება გეოპოლიტიკური რეალობა. ახალ რეალობაში კი შეიძლება, რუსეთთან შეწყდეს ენერგეტიკული კავშირები, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ასეთი ალბათობა არსებობს. ამიტომ, ზამთარში კვლავ ჩავბნელდებით თუ არ აშენდება ჰიდროელექტროსადგურები. ალტერნატივა არ არსებობს, ჩვენ ვერც თურქეთიდან, ვერც აზერბაიჯანიდან, ვერც სომხეთიდან ვერ ვიყიდით ელექტროენერგიას. ამ ქვეყნებს არ აქვს საკმარისი რესურსი. ამიტომ ვაცხადებ, ის, ვინც საქართველოში ენერგოპროექტების განხორციელების წინააღმდეგია, ჩემი აზრით, საქართველოს მტერია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვიქნებით კოლონია. არ ვიქნებით რუსეთის კოლონია, ვიქნებით - თურქეთის.

ჩვენი ძირითადი ოპონენტის ჩრდილო მეზობლის პირდაპირ ინტერესებშია, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი. შემთხვევით კი არ შეიძინა რუსეთმა „თელასი“, რუსეთის ინტერესები ძალიან დიდია „ეიესშიც“ , რომელიც ვითომ ამერიკული კომპანიაა. ეს იყო შუალედური რგოლი ქართული ენერგოსისტემის ხელში ჩასაგდებად. ჩვენს ენერგეტიკოსებს ეყოთ გამჭრიახობა და მაგისტრალური გადამცემი ხაზები არ გაასხვისეს. ამის მცდელობა ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას, აპირებდა, მაგისტრალური 500, 330 და 220 კილოვოლტიანი ხაზები გაესხვისებინა. მადლობა ღმერთს, ეს არ მოხდა და ენერგოსისტემის მართვის პულტი საქართველოს ხელშია.

ხუდონჰესის პროექტის მთავარ მოწინააღმდეგეებად მაინც ხაიშის მცხოვრებლები რჩებიან. ადგილობრივთა ნაწილი ამბობს, რომ ხატზე აქვს დაფიცებული და ფიცს არ გატეხს. შესაძლებლად მიგაჩნიათ მათთან მოლაპარაკება?

- ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენს მთავრობას უსუსური პიარი აქვს, ჩვენს მოწინააღმდეგეს კი ძალიან ძლიერი. თავის დროზე, რუსეთმა 20 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ პროექტი არ განხორციელებულიყო. პირადად ვხვდებოდი იმ დროს მოსახლეობას, წინააღმდეგობის გაცილებით დიდი ტალღა იყო. ის პროექტი რომ არ განხორციელებულიყო, საქართველოს პრეზიდენტი დღეს იქნებოდა, ვთქვათ, იგორ გიორგაძე.

რა მოხდება, რომ არ აშენდეს ხუდონჰესი?

- საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ამ ორგანიზაციებში არავინ მიიღებს ქვეყანას, რომელიც ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული და საკუთარი პოლიტიკის თავად განხორციელება არ შეუძლია. სწორედ, ხუდონჰესი და 37 ელექტროსადური, რომელიც დღეს საქართველოში შენდება არის პირდაპირი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ.