„სააკაშვილმა მიცვალებულიც კი დააპატიმრა“, - ასეთ შეფასებას აძლევს პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი For.ge-სთან საუბარში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდგომ პერიოდს და აცხადებს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ექსპრემიერის საფლავზე სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სპეციალური დაცვა იყო მობილიზებული.
ამის მიზეზი მარტივი იყო, ოჯახის წევრებს ზურაბ ჟვანიას ცხედრისთვის ექსპერტიზა არ უნდა ჩაეტარებინათ და სიმართლე არ უნდა შეეტყოთ. ეს მაშინ, როცა ოჯახს მაშინვე ჰქონდა ეჭვები ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. რაც შეეხება რაულ უსუპოვს, პოლკოვნიკი განმარტავს, რომ ექსპერტიზის ჩატარება ეკრძალებოდა უსუპოვის ოჯახსაც. კერძოდ, უსუპოვებს აშანტაჟებდნენ, მათთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, არავითარი ექსპერტიზა, როგორც კი თქვენ დააპირებთ ამას, პრობლემები შეგექმნებათ.
მისი ინფორმაციით, ეს საკითხი მაშინ დავალებული ჰქონდა კახეთის სამხარეოს უფროსს, რომელიც აკონტროლებდა ამ მიმართულებას და მას ევალებოდა, არ მომხდარიყო ოჯახის მხრიდან მიცვალებულზე ალტერნატიული ექსპერტიზა.
„ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რამდენჯერმე, დაახლოებით ოთხჯერ მაინც, როდესაც მივდიოდი დიდუბის ეკლესიაში, როგორ ყარაულობდნენ ჟვანიას საფლავს. ზურაბ ჟვანიას მოცილება თემურ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში შედიოდა. ჟვანიამ კარგად იცოდა, ვინ იყო თემურ ალასანია და მისი პარტნიორი ერიკ გუდისი, მით უმეტეს, ერიკ გუდისის მამა იყო ამიერკავკასიის „ვაენნი ოკრუგის“ უფროსი, რომელმაც კარგად უწყოდა მთელი გზები, როგორ და რა არხებით უნდა მომხდარიყო იარაღის ყიდვა-გაყიდვა. მოგვიანებით მისმა შვილმა გადაიბარა ეს საქმიანობა და გახდა თემურ ალასანიას პარტნიორი. მათ ინტერესში შედიოდა, ეყიდათ თბილისის აეროპორტი და თავისი მიზნებისთვის გამოეყენებინათ აეროპორტში არსებული ტერმინალი „კარიბჭე“.
აეროპორტის შესყიდვის საკითხი როცა დადგა, ჟვანია კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ პირებს ეყიდათ ეს ტერიტორია, რადგან ჟვანიამ კარგად იცოდა, რას წარმოადგენდა ეს ორი ადამიანი და რა შავბნელი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. ამიტომ ჟვანიამ მათ ხელი შეუშალა“, - აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.
იგი განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია სანდო წყაროებიდან აქვს, ამის შესახებ ჩვენება პროკურატურაშიცაა მიცემული და საქმე სწორედ აეროპორტის გასხვისებას შეეხება, სადაც ალასანია-სააკაშვილ-ჟვანიას და იმ დაჯგუფების ინტერესები გადაიკვეთა, რომლებიც აქტიურად ეწეოდნენ იარაღის კონტრაბანდას საქართველოს ტერიტორიაზე.
პოლკოვნიკის აზრით, ზურაბ ჟვანიას ოჯახს, გარდაცვლილის ძმასა და მეუღლესაც უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია აეროპორტის თემასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ტრისტან წითელაშვილი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ აეროპორტთან არსებული ტერმინალის - „საჰაერო კარიბჭის“ მეპატრონე გენრი აროშიძეც ტერმინალში იარაღის შეტანის წინააღმდეგი იყო. თუმცა ამ პიროვნებას ჯერ წაართვეს „კარიბჭე“ და შემდეგ დაიჭირეს. ეს ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა.
ტრისტან წითელაშვილი იმ ვერსიაზეც საუბრობს, რომლითაც შესაძლოა, უსუპოვი და ჟვანია სპეცსამსახურების მიერ ქიმიური ხსნარის გამოყენებით არიან გარდაცვლილები.
პოლკოვნიკის თქმით, არსებობს ხსნარები, რომელიც ხელის ჩამორთმევის შედეგად კონკრეტულ ვადაში მოქმედებს და იწვევს ადამიანის სიკვდილს. თუმცა ამ ვერსიის ალბათობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„ქიმიური ხსნარი არცთუ იშვიათად გამოიყენება რუსულ სპეცსამსახურებში და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებშიც. ამ ფორმით შეიძლება მოახდინო ადამიანის ლიკვიდაცია. არ არის გამორიცხული, ზურაბ ჟვანია სწორედ ამ ხსნარით იყოს ლიკვიდირებული. არსებობენ კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალება მხოლოდ და მხოლოდ სპეცსამსახურებში არსებული ხსნარით მოხდა“, - განმარტავს ტრისტან წითელაშვილი და ფიქრობს, რომ თემურ ალასანია ამჯერად თავის მართლების რეჟიმშია. ის ცდილობს, დაუსხლტეს მის მიმართ აღძრულ შეკითხვებს, თუმცა ამას ვერ ახერხებს.
კონკრეტულად, ალასანიამ ვერ აიცილა შეკითხვა, თუ რატომ იმყოფებოდა აგვისტოს ომის დროს გორში. ამდენად, ტრისტან წითელაშვილს აინტერესებს, რა სტატუსით ჩავიდა გორში თემურ ალასანია, რა შეხება ჰქონდა შეიარაღებასთან და რატომ იყო გაეროში განიარაღების საკითხებში წარმომადგენელი.
„საინტერესოა, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო განიარაღების საკითხში -ევროპის, ამერიკის თუ რუსეთის? ჩვენ ვიცით, რომ თემურ ალასანია რუსეთის კგბ-ს დონის ნომენკლატურა და მისი მაღალჩინოსანი იყო. როცა იმყოფებოდა ევროპის ქვეყნებში, გინდაც ამერიკაში ან თუნდაც საქართველოში, ის ყოველთვის ასრულებდა რუსეთის კგბ-ს დავალებებს“, -აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.
For.ge დაუკავშირდა იაშა უსუპოვს, რაულ უსუპოვის მამას. იგი აცხადებს, რომ იმ პერიოდში ოჯახი დაბნეული იყო და, სამწუხაროდ, იმ მომენტში არც არავინ ურჩია ექსპერტიზის ჩატარება. დღვანდელი დღის გადასახედიდან იაშა უსუპოვი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა.
„როგორც დღეს ვარ დაწყნარებული, საღ გონებაზე, მაშინ ასე რომ ვყოფილიყავი, როგორ გგონიათ, არ ჩავატარებდი ალტერნატიულ ექსპერტიზას? გარდა ამისა, შეიძლებოდა ყველაფრის ვიდეოფირზე გადაღება. რაც შეეხება საფლავებზე სპეციალური დაცვის დაყენებას, არა მგონია, ჟვანიას საფლავზე დაცვა დაეყენებინათ, საფლავიდან ვინ ამოიღებდა მაგას? ეს არარეალური მგონია. ძიება უკვე დასასრულს უახლოვდება და თემურ ალასანიას ინტერესში იყო თუ არა ჟვანიას მკვლელობა, ამას ძიება იტყვის. აეროპორტის თემის შესახებაც არაფერი ვიცი. გაზით რომ არ არიან დახოცილნი, ეს დღეს ყველამ იცის, მარტო ნაციონალებს არ სჯერათ ამის. ქიმიური ხსნარის ვერსიის შესახებაც ჯერ ვერაფერს გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, მოკლულები არიან“, -აცხადებს იაშა უსუპოვი.
პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ჩვენთან საუბარში ვერ აკონკრეტებს, თემურ ალასანიას ზურაბ ჟვანიას მოკვლისთვის რა ინტერესი უნდა ჰქონოდა. იგი ფიქრობს, რომ ასეთი განცხადებები დამატებით მტკიცებულებას საჭიროებს.
„რატომღაც დაცვა რომ ყოფილიყო საფლავზე, არც ეს მახსოვსю თუმცა დანამდვილებით, ვერ ვიტყვი, ასე იყო თუ არა“.