სასწავლებლად წასულ კოდუას ბრალი წაუყენეს

სასწავლებლად წასულ კოდუას ბრალი წაუყენეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, მთავარმა პროკურატურამ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებისა და თაღლითობის ორ ეპიზოდში აქვს ბრალი წარდგენილი.

საქმეზე გამოძიება 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარებს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რის შემდეგაც გამოცხადდება ერეკლე კოდუას ძებნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ მერაბ რობაქიძეს, რომელსაც შეპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც აშკარად სცილდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, სანაცვლოდ კი მოთხოვა ორი ავტომანქანის ყიდვა სახელწიფოსთვის გადასაცემად.

მერაბ რობაქიძე დათანხმდა და მისი მეგობრების მეშვეობით შეიძინა 90 000 აშშ დოლარის საერთო ღირებულების ორი ავტომანქანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი „LEXUS GX 470“ მოდელის 45 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა, რომელიც ერეკლე კოდუამ, თაღლითური გზით, მოტყუებით გადააფორმა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნოდარ კოდუას სახელზე, რითაც სარგებლობდნენ თვით ერეკლე კოდუა და მისი ოჯახის წევრები. ხოლო მოგვიანებით, ა/მანქანა 20 000 აშშ დოლარად გაასხვისეს სხვა პირზე.

გარდა ამისა, 2008 წლის 18 დეკემბერს ერეკლე კოდუამ დედის, ლაურა ღაჭავასთვის შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“, შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა 92 000 აშშ დოლარის ღირებულების „ლექსუსის“ მარკის ავტომობილი. ამის შემდეგ, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ გიორგი გურჩიანს და მის ძმას შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დირექტორს ერეკლე გურჩიანს, რომლებსაც, ასევე დაპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც ასევე, ამ შემთხვევაშიც აშკარად სცილდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს. სანაცვლოდ კი მოითხოვა თავისი დედის ლაურა ღაჭავასთვის შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ გამოყვანილი, 92 000 აშშ დოლარის ღირებულების „LEXUS“ -ის მარკის ავტომობილის საფასურის გაქვითვა და დამატებით, „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ ავტომანქანის ყიდვა სახელმწიფოსათვის გადასაცემად, რაზეც ერეკლე გურჩიანი დათანხმდა და უარი თქვა 92.000 აშშ დოლარის ღირებულების „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანის ღირებულების ლაურა ღაჭავასთვის მოთხოვნაზე.

ეს თანხა თვითონ შეიტანა შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ანგარიშზე და აგრეთვე დამატებით შეიძინა 41 500 ლარის ღირებულების „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ ავტომანქანა, რომელიც ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, მოტყუებით დარეგისტრირდა ერეკლე კოდუას მიერ შერჩეულ პირზე, ხოლო მოგვიანებით თავის სახელზე, რომელიც 2011 წლის 22 ივნისს 27 000 აშშ დოლარად გაასხვისა სხვა პირზე.

კოდუასთვის წარდგენილი ბრალდების მეორე ეპიზოდში, მისი დედა, ლაურა ღაჭავას სახელი ფიგურირებს.

სოდ-ის ყოფილი უფროსის დედა, ლაურა ღაჭავა ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელთან დაკავშირებითაც მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ ოჯახს სასამართლო პროცესი მოგებული აქვს. ღაჭავა ირწმუნება, რომ „ტოიოტა ცენტრიდან“ გამოყვანილი ავტომობილის ღირებულება, რაზეც პროკურატურა საკუთარ განცხადებაში საუბრობს, თავად ღაჭავამ დაფარა.

„თანხა მე გადავიხდე და მიღება-ჩაბარების აქტიც არსებობს. ეს საქმე სასამარლომაც განიხილა და მოვიგეთ ეს პროცესი. რაც შეეხება სხვა საკითხს, ჯერ ვერაფერს გეტყვით, საქმის კურსში არ ვარ. ადვოკატი იტყვის ყველაფერს“, - აცხადებს ლაურა ღაჭავა.

საქმის მასალები უკვე გადაეცა კოდუას ადვოკატს გიორგი გელხაურს, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერ საქმის მასალებს ეცნობა. ადვოკატი არ ადასტურებს ჰქონდა თუ არა საუბარი თავად ბრალდებულ კოდიუასთან.

ეს არაა ერთად ერთი საქმე, რომელშიც სოდ-ის ყოფილი უფროსი ფიგურირებს. ერეკლე კოდუას წინააღმდეგ პროკურატურას უკვე მიმართა, მისმა ყოფილმა თანამშრომელმა თემურ რევაზიშვილმა, რომელიც კოდუას მის წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. რევაზიშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და ბაგების ტყეში აიყვანეს. დაახლოებით 5 წუთში ადგილზე მივიდნენ ერეკლე კოდუა და მისი მოადგილე, კახა მისირელი, რომლებმაც რევაზიშვილი სასიკვდილოდ სცემეს, და ტყეში დატოვეს.

„საბურთალოდან ლესელიძის ქუჩით წამომიყვანეს ბაგებში. ტყეში რომ მიმიყვანეს დაურეკეს კოდუას და უთხრეს, რომ „შეფ ადგილზე ვართო“. დაახლოებით 5 წუთში ერელე კოდუა და კახა მისირელი მოვიდა. ხელები შემიბოჭეს, მქონდა ჩემი ტაბელური იარაღი, ამ იარაღის თოკით ჩამომკიდეს ტოტზე და დამიწყეს სასტიკი ცემა. ტოტი ჩამოტყდა, ძირს დავვარდი და წაქცეულს წიხლებით მირტყამდნენ.

ასე სასტიკად გამისწორდნენ იმის გამო, რომ არ შევსარულე კოდუას უკანონო მითითება. კოდუამ მომთხოვა, რომ გარკვეული ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ გამოძიება შემეწყვიტა და მითხრა, რომ ისინი უნდა „მეკრიშა“, რისი კატერგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ეს გახდა მიზეზი რატომაც მოხდა ჩვენს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, დავწერე პატაკი და წამოვედი სამსახურიდან. ეს გახდა მიზეზი, რატომაც გაატაცებინა ჩემი თავი სოდ-ის თანამშრომლებს“, - ასე იხსენებს კოდუასთან ინციდენტს თემურ რევაზიშვილი.

For.ge. ასევე შეგახსენებთ 2005 წელს ყოფილი პოლიციელის, პოლკოვნიკ გია თელიას სკანდალურ განცხადებას. თელია ირწმუნებოდა, რომ კოდუა მის ლიკვიდაციას გეგმავდა. თუმცა, აქვე ამბობდა, რომ მისი დაღუპვის შემთხვევაში ისეთ სამხილს დატოვებდა, რომ ეს პიროვნება სამართალს ვერ გაექცეოდა. მოგვიანებით, სოდმა ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის შედეგად ლიკვიდირებული იქნა თელია. ოფიციალური ინფორმაციით, იგი ნარკოტიკების რეალიზაციაში იყო ეჭვმიტანილი და დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.

„მე მდევნიან შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ორაკლი კოდუა და მისი მოადგილე კახა მისირელი. დამხვდნენ, მესროლეს, მაგრამ ვერ მომკლეს. მდევნიან იმიტომ, რომ ინფორმაცია მაქვს იმაზე, რაც იქ ხდება. საქმე ეხება ნარკოტრანზიტს, რომელშიც თვითონ არიან ჩართული და რომლის შესახებ მე მაქვს ინფორმაცია. რომ გადავრჩი, სასწრაფოდ თათბირი მოიწვია ირაკლი კოდუამ. ჯერ ის კაცი დაიბარა, ვინც მესროლა და უსაყვედურა, თუ სროლა არ შეგიძლია ბიჭო, მაშინ რას იღებ შენს თავზეო. შემდეგ სხვებს მიუტრიალდა და უთხრა, რომ ვინ ესვრის, სასწრაფოდ არის მოსაშორებელიო“, - ეს განცხადება ლიკვიდაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გააკეთა კოდუას წინააღმდეგ, პოლკოვნიკმა გია თელიამ.

ამასთან, კოდუას სახელი ფიგურირებს ლაშა ხორგუანის, გოჩა და ხვიჩა მილდიანების უკანონო დაკავების საქმეში. 18 თებერვალს ისინი მესტიის რაიონის სოფ. ეცერიდან ზუგდიდის მიმიმართულებით მიდიოდნენ, რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, სოფ. ჯორკვალთან სოდ-ის თანამშრომლებმა მანქანა გააჩერეს, ლაშა ხორგუანი და მილდიანები ჩამოსვეს და მათი ჩხრეკა დაიწყეს. სოდ-ის თანამშრომლებმა მათი მობილურები მოიკითხეს. როგორც კი ლაშას ნომერი შეიტყვეს, მიხვდნენ, რომ სწორედ ის იყო, ვისაც ეძებდნენ.

პირველი ჩხრეკისას ვერაფერი აღმოუჩინეს, მაგრამ უკვე მეორე ჩხრეკის დროს ლაშა ხორგუანს შარვლის უკანა ჯიბეში სამი აბი სუბოტექსი, ხოლო ხვიჩა მილდიანს ზურგჩანთაში სამი ხელყუმბარა და 5 აბი სუბოტექსი უპოვეს. არცერთმა მათგანმა არ იცის, საიდან აღმოჩნდა ზემოაღნიშნული მათ ჯიბეებსა და ზურგჩანთაში. ყველანი დააპატიმრეს. გამოძიება განსაკუთრებულ ინტერესს ლაშა ხორგუანის მიმართ იჩენდა. კერძოდ, სოდ-ის თანამშრომლებს აინტერესებდათ პასუხი ერთ კითხვაზე - ორიოდე დღის წინ ლაშას მობილურიდან ვინ დარეკა 899 53 53 41 ნომერზე.

ეს სკანდაური ისტორია 15 თებერვალს გვიან ღამით დაუდევრად განხორციელებული სატელეფონო ზარით დაიწყო. იმ დღეს სოფ, ეცერში ვახტანგ ხორგუანის სიმამრის დასაფლავება იყო, ხოლო მეზობელ ოჯახში ორმოცი გადაიხადეს. ახალგაზრდები გვიან ღამემდე სვამდნენ. იმ საღამოს ბევრმა დარეკა ლაშას მობილურიდან. დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა, როცა ერთმა ნასვამმა ახალგაზრდამაც დარეკა ნომერზე, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცნობილ ქალბატონს, ნანუკა ჟოჟოლიანს (ერეკლე კოდუას მეუღლე) ეკუთვნოდა. არავინ უპასუხა, თუმცა რამდენიმე წუთში იმავე ნომრიდან ზარი შემოვიდა ლაშას მობილურზე.

„პირველივე ზარისას მივხვდი, რომ ნომერი არასწორად ავკრიფე, ამიტომ მაშინვე გავთიშე. ზუსტად 2 წუთში ზარი იმ ნომრიდან შემოვიდა, რომელიც მე ავკრიფე და ქალი დამელაპარაკა. მან ვინაობა მკითხა და უკმაყოფილება გამოხატა გვიან განხორციელებული ზარის გამო. მე მას მოვუბოდიშე და ვცადე ამეხსნა, რომ სხვაგან ვრეკავდი და შემთხვევით ავკრიფე მისი ნომერი. ქალმა ტელეფონი მამაკაცს გადასცა, რომელმაც შემაგინა.

თავიდან ვცადე მისთვისაც ამეხსნა, რომ შეცდომით ავკრიფე ქალბატონის ნომერი, მაგრამ ის გინებას აგრძელებდა. ძალიან გავბრაზდი და გინებას გინებით ვუპასუხე. ამის შემდეგ, მამაკაცმა კიდევ ერთხელ დამირეკა და მკითხა, თუ ვინ ვიყავი, თან კვლავ იგინებოდა. მე კითხვა შევუბრუნე - თავად ვინ იყო.

მან მიპასუხა, რომ იყო ირაკლი და რომ ჩვენ ლაპარაკს ახალაიას ოფისში გავაგრძელებდით, თან გინებას აგრძელებდა. მეორე დღეს სტუმრები წავიდნენ, საღამოს ლაშას დაკავების ამბავი გავიგე. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ზარის გამო დააკავეს, რომელიც მისი მობილურიდან განხორციელდა“, - ამბობს ლაშა ხორგუანი.

დაკავებულები ჯერ ქუთაისში ჩაიყვანეს. ომბუდსმენისადმი მიწერილ წერილში ხვიჩა მილდიანი იხსენებს: „ქუთაისში, როგორც კი სხვა მანქანაში გადაგვსვეს, ვიგრძენი, რომ ნემსი გამიკეთეს. მე მაშინვე ვკითხე პოლიციელს, თუ რატომ გამიკეთეს ნემსი, რაზეც პოლიციელმა არ მიპასუხა და კარი ზურგს უკან გაიხურა“. მილდიანი ნემსის გაკეთების მერე ცუდად გახდა.

„თავი ამტკივდა, თბილისისკენ მომავალ გზაზე რამდენჯერმე გული ამერია. ცუდად ვგრძნობდი თავს ნარკოლოგიურშიც. იქ რამდენჯერმე ექიმს კიდევაც ვთხოვე, საპირფარეშოში შესვლის ნება მოეცა, რადგან გული მერეოდა. მოგვიანებით ტანზეც გამომაყარა“, - ამბობს ხვიჩა მილდიანი.

ნარკოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე სასამართლომ მილდიანებს 500-500 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლო განაჩენში მოსამართლე რეზო ნადოი წერს, რომ სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულები აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი. დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ, საპროცესო გაუფორმეს ლაშა ხორგუანსაც.

მოგვიანებით საქმეში ომბუდსმენი ჩაერთო. ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი ამბობდა, რომ საქმის შესწავლის შედეგად იკვეთება დანაშაულის ნიშნები სოდ-ის უფროსის ირაკლი კოდუას, ასევე შსს-ს და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებაში. საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანების დაკავებას და მათ სისხლის სამართლებრივ დევნას პირადი შურისძიების მიზნით.

ასევე დაკავებულთა წამებას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, ნარკოტიკების და საბრძოლო მასალების ჩადებას და ნარკოტიკის იძულებით გაკეთებას. სახალხო დამცველმა ლაშა ხორგუანის წამების დეტალებიც გაახმოვანა. კერძოდ, ხორგუანს წყლით სავსე პლასტმასის რამდენიმე ბოთლი გადაახეთქეს თავზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას შეფასებით, ერეკლე კოდუას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სისტემური დანაშაულის არსებობას ადასტურებს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ ძალიან მნიშვნელოვანი და სპეციფიური სამუშაოები ჩაატარა, რათა მომხდარიყო სისტემური დანაშაულის შემთხვევების გამოვლენა.

„სისტემური დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტია, როცა თანამდებობის პირი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი ინტერესის მოტივაციით, უკანონო ქმედებას ახორციელებს. სისტემური დანაშაულის გამოვლენა ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს ერთი მხრივ, დანაშაულის შემთხვევაში პირის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა და ასევე პრევენცია.

დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ადამიანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საჯარო ფიგურაა, სახელმწიფო მოხელეა და უკანონო ქმედებას ჩადის. აღნიშნული შემთხვევა სისტემურ დანაშაულს ადასტურებს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს უწყობდნენ და ახალისებდნენ თანაგუნდელებს უკანონობის ჩადენაში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.