კადრები ვერაფერს წყვეტენ

კადრები ვერაფერს წყვეტენ

„სანთლით ვეძებ კვალიფიციურ კადრებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრისას ერთ-ერთი სტუდენტის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, შეხვედრაზე ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო უწყებები გადაჭედილია არაკომპეტენტური ხალხით, ეკონომიკის სამინისტროში ძალიან ბევრი საერთოდ არ არის განათლებით ეკონომისტი. უფრო მეტიც, 90-იანი წლებიდან მოყოლებული მავნე პრაქტიკით, სახელმწიფო უწყებები გაჭედილია ყავის მომდუღებლებით და არაფრის მკეთებლებით“. მანვე პრემიერს შეკითხვა დაუსვა, როგორ დაეხმარება მიზნის მიღწევაში ის ხალხი, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან.

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტის პათოსს იზიარებს და აცხადებს, რომ მანაც ძალიან კარგად უწყის სამინისტროებში ძალზე ბევრი არაკომპეტენტური ადამიანის შესახებ. ცხადია, მწვავედ დგას საკითხი, მოხდება თუ არა არაკომპეტენტური კადრების ჩანაცვლება. თუმცა ეს საკითხი ერთ დღეში ვერ მოგვარდება და ამას სჭირდება თანმიმდევრულობა.

პრემიერის თქმით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ჩანაცვლება და სამინისტროებში ფორსირებულად უნდა განხორციელდეს სტაჟიორების შესვლა.

„როდესაც ნიჭიერი ადამიანი შევა სამინისტროში, მას კონკურენციას ვერ გაუწევენ და გამოჩნდება, ვინ არის არაკომპეტენტური. საქართველოში ძალიან ჭირს კვალიფიციური კადრი“, - განაცხადა პრემიერმა.

არც ის დაუმალავს, რომ საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ არჩევანის წინაშე დადგა – ბიძინა ივანიშვილთან დაეწყო მუშაობა თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თუმცა სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ არჩევანი ბიძინა ივანიშვილზე შეაჩერა.

საინტერესოა, ქვეყანაში, სადაც განათლება საუკუნეების განმავლობაში პრიორიტეტად ითვლება, რატომ ბლოკავენ ნიჭიერი ადამიანებს და რატომ იკავებენ მათ ადგილებს არაკვალიფიციურები, მაშინ, როცა უცხოეთში კვალიფიციურ თუ არაკვალიფიციურ კადრებს თავიანთი ადგილი აქვთ მიჩენილი?

For.ge-სთან საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში კვალიფიციური კადრების პრობლემა არახალია. ეს პრობლემა ჰქონდა წინა ხელისუფლებასაც და, ბუნებრივია, მემკვიდრეობით ახალმა ხელისუფლებამაც მიიღო. პირველ რიგში, ეს ყოველთვის უკავშირდება ქვეყანაში გამეფებულ ნეპოტიზმს. სახელმწიფო სტრუქტურებში კადრების აყვანა ხდება ძირითადად ნეპოტიზმზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით - ახლობლები, ნათესავები, მეგობრები და ა.შ.

„ამას მმართველი გუნდიც არ უარყოფს. შეგახსენებთ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, მან დაადასტურა, რომ სწორედაც ნეპოტიზმის პრინციპით ახდენენ ადამიანების შერჩევას. მისი „ლოგიკა“ ასეთია, აბა, უცხოებს ხომ არ ვენდობიო?! ეს დამღუპველი ტენდენცია პირდაპირ მიანიშნებს ახალგაზრდებს, რომ მათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმების მოტივაცია და შანსი არ აქვთ. აღარაფერს ვამბობ კარიერულ წინსვლაზე. ზოგადად, ნეპოტიზმი დამახასიათებელია ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომლებმაც ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი და განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან. რა მოუტანა ამან სხვადასხვა ქვეყანას, ამაზე პასუხი მარტივია. სახელმწიფო სამსახური აღარ არის პრესტიჟული, სახელმწიფო სამსახურიდან მასიურად ხდება ე.წ. ტვინების გადინება და ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობა საკმაოდ დაბალია. დაბალეფექტური სახელმწიფო მმართველობა ყოველთვის ნეგატიურად აისახება ქვეყანაში მიმდინარე ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესზე, გინდაც ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურობაზე, გინდაც-სოციალურზე“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კვალიფიციური კადრებისთვის სახელმწიფო არხები გადაკეტილია. რეალურად, საქართველოში კადრების პრობლემა არ არის, უბრალოდ, მათ ვერ „ამჩნევენ“. სამწუხაროდ, სამინისტროები ნაციონალების დროს დაკომპლექტდა და ამდენად, კრიზისი აშკარაა.

„ყველაფრის თავი და თავი თვითონ სისტემაა. ორი ათეული წლის განმავლობაში ქვეყანაში არამოთხოვნადი გახდა განათლება, პროფესიონალიზმი, წესიერებისადმი დამოკიდებულება. ამიტომაც ადამიანები არა მარტო ტოვებენ ქვეყანას, არამედ მრავალი კვალიფიციური ადამიანი ან უმუშევარია, ან სულ სხვა რამეს აკეთებს, რომ თავი გაიტანოს და არსებობის საშუალება ჰქონდეს. კარგია, რომ პრემიერ-მინისტრმა ამაზე საუბარი დაიწყო. ხელისუფლება, რომელიც მაქსიმალურად არ ეყრდნობა საკუთარ ხალხს, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისთვის არ ხსნის ყველა კარს, ვერც თვითონ იქნება წარმატებული და ვერც სხვას მოუტანს წარმატებას.

იმედია, პრემიერი აღარ გაიმეორებს იმას, რაც იგრძნობოდა მის საუბარში, რომ მის ირგვლივ და მთავრობაში ყველა კვალიფიციური ადამიანია და კვალიფიციის ნაკლებობა არის სადღაც სხვაგან. მე ვფიქრობ, ყველგან ერთიანი პრობლემაა“, -აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისი თქმით, ნაციონალების კადრები, რომლებიც სულ სხვა, პოლიტიკური ნიშნით იქნა შემოკრებილი თავის დროზე, დღესაც დომინირებულნი არიან. ასეთ კადრებს აძლევენ საშუალებას, დაიკავონ ადგილები და იყვნენ ჩაკეტილები, რომ როგორმე არ გაიხსნას კონკურენციის გზები საქმიანი ადამიანებისთვის.

ექსპერტი აცხადებს, რომ განათლებაში ფუნდამენტალური ხასიათის შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც ყალბად გაგებული საბაზრო ეკონომიკის გამო საგანმანათლებლო დაწესებულება და მაღაზია-მარკეტი ერთ დონეზე დაიყვანეს.

„ეს მაშინდელი ხელისუფლებების არაკვალიფიციურობის შედეგი იყო. განათლებისადმი მახინჯი დამოკიდებულების კლასიკური მაგალითი გახდა ბოლო ცხრა წელიწადი, რომელმაც საერთოდ მოანგრია განათლების სისტემა. ასეთი „საგანმანათლებლო“ დაწესებულებების პირობებში კვალიფიციურ კადრებზე სოციალური შეკვეთა არ არსებობს. ამიტომაცაა ქვეყანაში კადრები სანთლით საძებარი, რაზეც პრემიერიც საუბრობს“.