ორშაბათს ცნობილი გახდება, მოუხსნიან თუ არა ყბადაღებულ კრიმინალს როლანდ ახალაიას საპარლამენტო იმუნიტეტს. გამოძიება მას ბრალს სდებს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხული თანხების გაფლანგვაში, მაგრამ ეს ყველაფერი ყვავილებია იმასთან შედარებით, რა დანაშაულიც მამა-ახალაიას აქვს ჩადენილი. მთავარი მოვლენა, რომლითაც დღეს პოლიტოლოგ პეტრე მამრაძესთან საუბარს დავიწყებ, ყირიმის რეფერენდუმია, რომელიც ომის დაწყება-არდაწყებას განაპირობებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ომი გარდაუვალია. რა ორშაბათი გათენდება უკრაინაში, ამას მოვლენების "ქრონიკა" გვიჩვენებს, უკრაინა არ აპირებს, დათმოს ყირიმი, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა ვიტალი იარემამ განაცხადა, - ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და როგორიც არ უნდა იყოს ე.წ. რეფერენდუმის შედეგები, მას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება, გამოცხადდება, რომ ყირიმელების 70-80% რუსეთთან შეერთებას დაუჭერს მხარს, ეს მაჩვენებელი უკვე მოსკოვშია დაწერილი, თუ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ იარაღი იქნება გამოყენებული, ისინი თავს დაიცავენ. მაშ ასე, ჩაერევა თუ არა დასავლეთი რუსეთ-უკრაინის ომში და როგორ განვითარდება საქართველოს შიდა პოლიტიკა, "ქრონიკის" კითხვებს ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე პასუხობს.
- როგორ სცენარს ვარაუდობთ რეფერენდუმის შემდეგ?
- რეფერენდუმის შედეგები განსაზღვრულია, ერთი მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებამ სრულიად სამართლიანად გამოაცხადა, რომ ეს რეფერენდუმი არის უკანონო. პუტინის მთავრობის გარდა, მსოფლიოში არავინ არ ცნობს ამ რეფერენდუმის შედეგებს. შეგახსენებთ, რომ პუტინის დავალებით დესანტი გადასხეს ყირიმში, შტურმით აიღეს სიმფეროპოლის პარლამენტის შენობა, იარაღის მუქარის ქვეშ აარჩევინეს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, რომელიც ცნობილია თავისი კრიმინალური წარსულით, არანაკლები წარსულის მქონე პიროვნება მოიყვანეს ყირიმის პრემიერად...
- უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ე.წ. პრემიერი სერგეი აქსიონოვი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ რეფერენდუმი ჩატარდება ისე, როგორც ხალხს უნდა და ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რეფერენდუმზე ორი საკითხია გატანილი: ეთანხმებით თუ არა ყირიმის მიერთებას რუსეთის ფედერაციასთან? ეთანხმებით თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის აღდგენას? - რუსეთის გარდა, რეფერენდუმის ლეგიტიმურობას, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ცნობს.
- ყირიმში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ისეთი, რომელიც საკუთარ თავს რუსად მიიჩნევს. ასეთები დაახლოებით 60%-ს შეადგენენ. იქ არის ქალაქი სევასტოპოლი, რომელიც რჩება რუსეთის საომარი ქალაქის სიმბოლოდ, შესაბამისი რუსული მოსახლეობით და რუსული სამხედრო ბაზით. პუტინს არ დასჭირდება გაყალბებით მიიღოს სასურველი შედეგები. მნიშვნელოვანია ის, რომ პუტინს ყირიმში არ ჰყავდა თავისი კოკოითი, კიევში კი - თავისი სააკაშვილი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ისე, როგორც პუტინი მოისურვებდა. ახლა იგივეს აკეთებს სააკაშვილი, როცა ჩადის კიევში, ამიტომ მოუწია პუტინს ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, რამაც მსოფლიო შეზარა, დარაზმა დასავლეთი, რა თქმა უნდა, რეფერენდუმის შედეგი იქნება ის, რომ ყირიმი გამოაცხადებს უკრაინისგან დამოუკიდებლობას, ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობა მიემხრობა იმას, რომ ყირიმი შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ქალაქ სევასტოპოლის სტატუსი ცალკე განისაზღვრება. რა თქმა უნდა, მსოფლიოსთვის ეს რეფერენდუმი არის არალეგიტიმური. როგორც ჩანს, პუტინის მიერ მართული დუმა ყირიმს შეიყვანს რუსეთის ფედერაციაში. რაც შეეხება დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინას, იქ ვითარება დაძაბული რჩება, უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ, სულ ცოტა, 60 ათასი რუსი სამხედრო კონცენტრირდება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან და ხდება მობილიზაცია, საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ სამხედრო ინტერვენცია.
- როგორ ფიქრობთ, უკრაინა-რუსეთს შორის ომი გარდაუვალია?
- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბოლო გაფრთხილებას აძლევს, რომ პუტინი შეჩერდეს და თუ ასე არ გააკეთებს, დასავლეთიდან საპასუხო ნაბიჯებს მიიღებს, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას და შეასუსტებს მის გავლენას მსოფლიოში. ომი გარდაუვალი არ არის, უკრაინის ახალი ხელისუფლება ძალიან სწორად მოქმედებს, ისინი რუსეთის პროვოკაციაზე არ ებმებიან.
- სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა და მისი რეაქტიული აქტიურობა, ბიძამისთან თემურ ალასანიასთან ერთად, რას მოიტანს საქართველოსთვის? საჯაროდ პირველად გამოჩნდა თემურ ალასანია, რომელიც აპირებს, პრემიერს უჩივლოს. რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და რა სცენარი იმალება ამ ნაბიჯების მიღმა?
- გიპასუხებთ, ოღონდ დაწერეთ, რომ მე ვეყრდნობი ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას, რომელსაც დოკუმენტურად ვერ ვადასტურებ. ეს არის იმ ადამიანების მიერ მოწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციები, რომლებიც წარმოადგენენ გავლენიან წყაროებს და მათი სანდოობა გადამოწმებულია. ახლა კი გეტყვით ყველაფერს, რაც ვიცი... თემურ ალასანია ჩემზე ცოტა უფროსია, მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც ალასანიას სკოლიდან იცნობდნენ. ვიცნობ მის მეზობლებს, ვისთანაც მე მქონია ურთიერთობა, ყველა მათგანი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ სკოლის ბოლო კლასებსა და ინსტიტუტის წლებში, როცა ალასანია მოსკოვში სახელმწიფო ინსტიტუტში დიპლომატიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ვიცოდით, რომ ის შეკრულია "კაგებესთან". ეს საუბრები დაიწყო მაშინ, როგორც კი სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი და ასპარეზზე გამოჩნდა ალასანია. სხვათა შორის, მაშინ თემურ ალასანიას კანცელარიაში კაბინეტი მოუწყვეს. მოგეხსენებათ, მე კანცელარიის ყოფილი უფროსი ვარ და ამის თაობაზე კანცელარიაში გავიგე თავდაპირველად ჭორის დონეზე, შემდეგ კი ტელევიზიით მოვისმინე. მეტიც, ჟურნალისტებმა ტელევიზიით აჩვენეს ალასანიას კაბინეტი კანცელარიაში, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი. ამ მხრივ, ცოტა უცნაურია, როცა ალასანია ამბობს, რომ არასოდეს არაფერს ვურჩევდი პრეზიდენტ სააკაშვილსო. უფრო მეტსაც შეგახსენებთ, ალექსანდრე რონდელი, ექსპერტი და ცნობილი მეცნიერი, მაშინ ტელევიზიით გამოვიდა და ირონიულად იკითხა, - გთხოვთ, ამიხსნათ, პრეზიდენტის ბიძობა საქართველოში ახალი თანამდებობა გახდა? - დღეს რონდელის სიტყვები შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ მე ეს ფრაზები ჩაწერილი მაქვს. სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ნორმალური ინტელიგენციის ოჯახის შვილები სასწავლებლად ხომ ვერ წავიდოდით მოსკოვში, კერძოდ კი, დიპლომატიის ინსტიტუტში? "კაგებესთან" კავშირის გარეშე ეს ხომ შეუძლებელი იყოო? ამიტომ მომიწია კიევში წასვლა, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლაო. როცა ეს განცხადება მოვისმინე, გამეცინა, რადგან მოსკოვში ბიძამისი სწავლობდა. მან თვითნებურად ჩაუშვა ალასანია. როგორც წამიკითხავს, ბიძამისის დახმარებით მოხვდა "კაგებეს" ჯარებში, მოგეხსენებათ, მაშინ სასაზღვრო ჯარები "კაგებეს" ექვემდებარებოდა, სააკაშვილთან დაკავშირებით მაშინ სკანდალი მოხდა კიევში, როცა მეგობრის სახლში პორნოფილმს იღებდა, ამიტომაც, რომ არ დაეჭირათ, სასწრაფოდ გაუკეთეს ის, რომ "კაგებეს" ჯარში 3 წელი ემსახურა. ასეთ ადამიანებს ამოწმებდნენ, ამუშავებდნენ და მუდმივ კავშირზე ხდებოდა ამ ადამიანების აყვანა. ყველას ვურჩევ, შევიდნენ ინტერნეტში და აკრიფონ: რუსულად "თემურ ალასანია". ნახავენ, რომ ეს ადამიანი, როგორც რუსეთის მოქალაქე რუსეთის კვოტით მუშაობდა გაეროში, იარაღის შესყიდვების სტრუქტურაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. რუსეთი გაეროში ასეთ მიმართულებას ჩვეულებრივ რიგით პიროვნებას არ ჩააბარებდა, თუ ის არ იქნებოდა "კაგებეს" თანამშრომელი. დღესაც არ გაუშვებს, ეს გამორიცხულია. ასე რომ, ირიბი მტკიცებულება იმაზე, რომ თემურ ალასანია "კაგებეშნიკია", არსებობს. მაგრამ ნახეთ, რა ხდება? წარსულში "კაგებე", დღეს - "ფეესბე", განა ოდესმე დადებს მტკიცებულებას, რომ ესა თუ ის პიროვნება მათი თანამშრომელია?! გამორიცხულია, რომ მათ წარადგინონ რეკომენდაცია თუნდაც იმაზე, რომ თემურ ალასანია "კაგებეს" ოფიცერია. შესაბამისად, არ მგონია, სასამართლოში ვინმემ შეძლოს იმის დამტკიცება, რომ თემურ ალასანია არის "კაგებეს" თანამშრომელი. ამიტომ, დიდი სიფრთხილეა საჭირო. მე მაგალითად, მერჩივნა, ჩემი ქვეყნის პრემიერს უფრო მოქნილად ეთქვა სათქმელი. აი, მაგალითად ასე: თემურ ალასანიას დამკვიდრებული აქვს საქართველოში სახელი, როგორც "კაგებეს" ოფიცერს. მას იქვე უნდა განემარტა: მე არ შემიძლია ამის დამტკიცება, ვინაიდან მსგავსი მასალები, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, მაგრამ ამაზე რომ ძალიან ბევრი იწერება და საუბრობენ, ეს ფაქტია. მას უნდა დაევალებინა შესაბამისი სამსახურებისთვის, ამოებეჭდათ რომელ წლებში მუშაობდა გაეროში რუსეთის კვოტით. წარმოიდგინეთ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, რომელიმე ოპოზიციონერის ბიძა რომ ყოფილიყო თემურ ალასანიას მსგავსი პიროვნება, ხომ დამარხავდა ცოცხლად სააკაშვილი იმ ოპოზიციის ლიდერსა და მის პარტიასაც?.. დამარხავდა, როგორც რუსეთის "კაგებეს" პარტიას, როგორც მე-5 კოლონას, რომელი მობრუნდებოდა და გაუბედავდა სააკაშვილს, ამ საკითხზე გიჩივლებო... როგორც კი ამას იტყოდა, რომელიმე მიწამიყრილი იქნებოდა დღეს.
- და მაინც, რას ემსახურება თემურ ალასანიას გააქტიურება, რა გეგმის ამოქმედებას აპირებენ ისინი?
- ფრთხილად ვიქნები და ვიტყვი, რომ მეტ-ნაკლებად დასაბუთებული ეჭვი მაქვს, რომ ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი ვერაფერს გაბედავს მისი ხელმძღვანელების დავალებების გარეშე. ის, რომ ალასანია კიევში იყო სააკაშვილთან ერთად, ის ჩაიყვანეს დავალებით, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს კარგად ესმის რომ პუტინს ჰაერივით სჭირდება, რომ უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ რადიკალური და ექსტრემისტული ნაბიჯი გადადგას. რუსეთისთვის ტრაგედიაა ის, რომ უკრაინაში ვერ იპოვა თავისი კოკოითი და სააკაშვილი, ე.წ. კოკოითის დასმა რუსეთს ყირიმში "პოსლეზე" მოუწია როცა აქსიონოვი ძალით აარჩევინეს პარლამენტში. შესაბამისად, ის, რაც თავის დროზე ლინკოლნ მიტჩელმა დაწერა, სააკაშვილმა პუტინს გაუკეთა ის, რასაც პუტინს მისი პირადი აგენტიც კი ვერ შეუსრულებდა საქართველოში 2008 წელს. ამერიკელმა გამოჩენილმა პოლიტოლოგმა რასელ მიდმა კი დაწერა: სააკაშვილმა საქართველოს გაუკეთა ის, რასაც საქართველოს ყველაზე საშინელი მტერიც კი ვერ გაუკეთებდა!.. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ბიძა ყოველთვის იდგა მის გვერდთი და ყოველთვის ახდენდა გავლენას. თბილისის საზოგადოებას კარგად ახსოვს ალასანიას კულუარული საუბრები: "მწვანე შუქი ანთებულია", "კოკოითი არავის აინტერესებს", "ჩვენ როკის გვირაბს გადავკეტავთ", "მე პირადად მოველაპარაკები ამერიკელებს" და კიდევ იყო მსგავსი საუბრები მისი მხრიდან. ხაზს ვუსვამ, მე ამას ვამბობ იმ ადამიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვისთანაც ალასანია მსგავსი ტიპის საუბრებს აწარმოებდა. უკვე დოკუმენტურ ინფორმაციას კი შეგახსენებთ, რომ სულ ბოლოს, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, თემურ ალასანია დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მრჩევლად.
- რისთვის დასჭირდა ეს სააკაშვილს?
- ეს დასჭირდა იმისთვის, რომ ეს იქნებოდა ცენტრის ბრძანება, სხვა ახსნა ამას არა აქვს.
- ფიქრობთ თუ არა, რომ პუტინის ხელისუფლებამ ალასანია დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მომართა? არის თუ არა ეს "ფეესბეს" ნამუშევარი?
- ალასანია იმდენად სუსტი ბომბია, რომ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს რუსეთის "კაგებეს", იგივე "ფეესბეს" უსუსურობაზე. ეს არის სისტემა, რომელმაც თავისი დრო მოჭამა. ჩვენ ბევრი გვსმენია იმაზე, რომ ალასანია ცხვირს ყოფდა საქართველოს სტრატეგიულ ბიზნესში. ჩვენ გვინახავს ბევრი გადაცემა, ასევე წაგვიკითხავს, რომ ვეებერთელა ქონება ჩაბარდა ალასანიას ოჯახს. აი, ეს დიდი დანაშაულია ახალი ხელისუფლების, რომ არათუ გამოიძია ეს ვითარება, არამედ, საერთოდ მიივიწყა. მახსოვს, გამოქვეყნებული იყო კონკრეტული დოკუმენტები როგორ მიიტაცა "თავისუფლების მოედანზე" უზარმაზარი შენობა. იყო განუწყვეტლივი საუბრები ოქროს საბადოზე, გენერალოვს ახსენებდნენ, მაგრამ ახალი ხელისუფლება, რომელიც აშკარად ხელს აფარებს ამ დანაშაულებს, როცა პრესაში გამოქვეყნებულია, როგორ მიითვისა და გაფლანგა ბიუჯეტის ქონება, ბოტოქსის გასაკეთებლად, შვილების სასწავლებლად, ფავორიტი ქალებისთვის სამკაულების შესაძენად, ვინმე ამას იძიებს?.. არ იმსახურებს ახლა იმას, რომ ალასანიასნაირებმა სარჩელი შეიტანონ და კიდევაც მოიგონ, როცა ასეთი ხელის დაფარებაა დანაშაულზე?!. ყველაფერი ცხელ კვალზე, პირველ თვეებში გამოეძიათ და მაშინ ვნახავდით. ამ ხელისუფლებას შველის ის, რომ ჯერჯერობით სააკაშვილის სადისტური რეჟიმის მიმართ ძალიან უარყოფითი განწყობაა. ამ უარყოფით განწყობის გამტკიცებას ძალიან ეხმარებიან პარლამენტში დარჩენილი "ნაცისტები", ხალხის გაღიზიანება და სიძულვილი "ნაციონალების" მიმართ ინარჩუნებს მაღალ გრადუსს. სერიოზული პრობლემა ამ ხელისუფლებას მაშინ შეექმნებათ, თუ ქვეყანაში არ დაიწყება ეკონომიკური აღმავლობა. მით უფრო, თუ ეს პროცესი ჰიპერინფლაციაში გადავა. მაშინ შეიძლება ადამიანებმა ყველაფერი დაივიწყონ, შეგახსენებთ, გერმანიაში ჰიპერინფლაციამ ხელისუფლებაში ჰიტლერი მოიყვანა, მაგრამ ამის ნიშნები, მადლობა ღმერთს, არ არის და სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება საერთოდ არ უნდა მოხდეს.
- პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდნენ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან ასოცირებული პოლიტიკური პერსონები. მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც აქვს პრეტენზია, მოვიდეს პოლიტიკაში და კენჭი იყაროს ადგილობრივ არჩევნებში, მიდის ხელახალი გადანაწილება, გიორგი თარგამაძე ტოვებს პარტიის პოსტს, მის ადგილს იკავებს გიორგი ახვლედიანი და "ქრისტიან-დემოკრატები" უერთდებიან ნინო ბურჯანაძეს. სავარაუდოდ, თარგამაძე აპირებს დაუბრუნდეს ჟურნალისტიკას, "ნაციონალი" გიორგი ვაშაძე ცდილობს, გაეთიშოს "ნაციონალურ მოძრაობას" და ცალკე პოლიტიკური სუბიექტი გახდეს, შექმნას პარტია. ახალი პოლიტიკური მოზაიკა ლაგდება?
- ასეთ ახალ მოზაიკებში წარმატების შანსი მათ არა აქვთ უახლოეს მომავალში. არც ერთი ზემოჩამოთვლილი ადამიანი არ არის ის ფიგურა, არც ერთ მათგანს არ შეუძლია იყოს სახალხო ლიდერი, რადგან თითოეულ მათგანს აქვს ისეთ მძიმე წარსული, ოქრუაშვილი იქნება ეს თუ გიორგი ვაშაძე, ეს პატარა ჯგუფები მხოლოდ ახერხებენ ზედაპირზე ტივტივს, რაც მათთვის გარკვეული ბიზნესიც არის. ასე რომ, აქ, ამ კუთხით სერიოზული არაფერი არ იქნება. ხაზი მინდა გავუსვა, "ვარდების რევოლუციის" დროს, სულ სხვა ვითარება იყო, მძლავრი და ქვეყნისმომცველი მოძრაობა შეიქმნა, ამ მოძრაობას ჰყავდა თავისი ლიდერები. ახლა რაც ხდება, ეს არაფერი არ არის. ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდება.
- ადგილობრივ არჩევნებამდე დაპატიმრებების ახალი ტალღა იწყება, დროში დაგვიანებული, თუმცა ახლა მთავარია, რამდენად კომპეტენტურ მტკიცებულებებს წარუდგენს როლანდ ახალაიას, რომელსაც პროკურატურა ბრალს სდებს საქველმოქმედო ფონდის გაფლანგვაში. პარლამენტის თავმჯდომარე ორშაბათს განცხადებას გააკეთებს, დეპუტატ ახალაიას იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით. რით შეიძლება ახალაიას მიმართ დაწყებული კამპანია დასრულდეს?
- სამწუხაროდ, მე არ ვიცი, რა მასალები აქვს პროკურატურას როლანდ ახალაიაზე, მე მსმენია წლების განმავლობაში არაერთ მძიმე დანაშაულზე, რომელსაც სჩადიოდა სწორედ როლანდ ახალაია. თავის დროზე, საქართველოს ბანკის გაკოტრება, მის სახელს უკავშირდება. სამეგრელოში პროკურატურის მხრიდან ტერორს მას აწერენ. საერთაშორისო ორგანიზაცია "აისიჯი" წერდა, რომ ახალაიების კლანმა სააკაშვილის დავალებით, გალშიც კი დაამკვიდრა ტერორი და ისინი გალელებს აიძულებდნენ ან ეთანამშრომლათ საქართველოს სპეცსამსახურებთან, ან მათ გამოაცხადებდნენ სამშობლოს მოღალატეებად, სადაც წახვალთ, იქ მოგწვდებითო. ჩვენ გვახსოვს შეთითხნილი ბრალდებები გალელების წინააღმდეგ, როცა მათ ტერორიზმში ადანაშაულებდნენ და არც ერთხელ არ დადებულა მტკიცებულება. სამაგიეროდ, ამ ადამიანებს წამებით გამოგლიჯეს ჩვენებები ახალაიების კლანმა. მე მიყვებოდნენ ფასანაურში, როგორ მოკლა როლანდ ახალაიას დამ თავისი მთვრალი მეუღლე ომარი, რომელიც ტურბაზის დირექტორი იყო. ეს მოხდა კომუნისტების დროს და როლანდ ახალაიას დამ მისი მეუღლე ნაჯახით აჩეხა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ძმები ახალაიები მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდნენ, მაშინ ისინი პატარა ბიჭები იყვნენ. თავის დას, როლანდ ახალაიამ ხელი დააფარა, მე წავიკითხე საპატრიარქოს განცხადება, იქ არის მკვეთრად ნათქვამი იმაზე, რომ საპატრიარქოს უნდა ჰქონოდა შენობა, რომელიც ყველა ეპარქიაში აქვს, ახალაიას მხრიდან იყო დაპირება, მაგრამ მსგავსი არაფერი გაუკეთებია, ამბობს საპატრიარქო. არაფერია ნათქვამი იმ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც იმ ფონდში უნდა გადარიცხულიყო. არავინ იცის, ეს თანხა სად არის, ეს საკითხი გასარკვევია. ახლა ჯერი პროკურატურაზეა, რაც არ უნდა მძიმე დანაშაულში იყოს ადამიანი ბრალდებული, მთავარია, დაიდოს მტკიცებულება, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებას ყოველი წაგებული საქმე ძვირად დაუჯდება...