დიტო გელოვანი: ნუ უსმენთ მათ!

დიტო გელოვანი: ნუ უსმენთ მათ!

“ხოდა, იმას ვამბობდი, ძალიან ცუდი კანონი აღმოვაჩინე. თუ არსებობს ორი ადამიანი ერთნაირი ცოდნითა და განათლებით, მაგრამ, დავუშვათ, რომ ბე უჟმურია და ცე კი გულღია და ალალი, იცი, ვის აფასებენ უფრო მეტად?” “ვის?” “ბე-ს”. “რატომ?” “რატომ და, ხალხს ასე ჰგონია, თუ ადამიანი სიტყვას დაგამადლის და ამპარტავნად მოგექცევა, მაგარიაო. ექიმია ერთი, მაგალითად; იმდენი არაფერი, მაგრამ ისე აქვს გართულებული ავადმყოფების მიღება და ისე ცივად ექცევა... რა ქვიათ?.. პაციენტები! ისე ცივად ექცევა პაციენტებს, რომ მთელი ქალაქი მიაწყდა - მაგარიაო... ეს ხომ ცუდია, დათა?” “ნამდვილად ცუდია”. “პირდაპირობის პრობლემა, არ დაგავიწყდეს, ერთ-ერთი ძნელთაგანია”.

(გურამ დოჩანაშვილი, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი“)

პირდაპირ იმ ნიუსით დავიწყებ, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა. რა თქმა უნდა, იგი მოწოდებულია ჩემი მეგობარი სააგენტოს მიერ.

„პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს გადაეცით, ბიურო ელოდებათ“, – ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაიგო, რომ ბიუროს პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნები არ ესწრებოდნენ. მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული ერთ-ერთი კანონპროექტის განხილვის პროცედურების განსაზღვრის დროს, დავით უსუფაშვილი მთავრობის პოზიციით დაინტერესდა, მაგრამ მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბიუროს სხდომას არ ესწრებოდა. ამის შემდეგ უსუფაშვილი დაინტერესდა, თუ სად იმყოფებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მაგრამ პარლამენტის ბიუროს სხდომას არც ის ესწრებოდა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ისინი ინფორმირებული იყვნენ დღევანდელ დღეს ბიუროს სხდომის თბილისში გამართვის შესახებ. „გადაეცით, რომ ბიურო მათ ელოდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა“.

რას გვეუბნება და რაზე მეტყველებს ეს ნიუსი? ეს ნიუსი გვეუბნება, რომ საპარლამენტო მდივნები არიან უსაქმურები. სულ ეს არის, და თითქოს არც არაფერია, მაგრამ მოვა დრო და მომენტი და სანამ ჭკუას ისწავლის დომენტი, კიდევ ბევრი უსაქმური აიღებს პრემიას და დანამატს, კიდევ ბევრი უსაქმური გადაჯდება სიგარეტით გაბოლილი მანქანიდან ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებაში და რომ უსაყვედურებ და მოკითხავ, რით ვერ გაძღა თქვენი მუცელიო, ოდნავ დაირცხვენს, შემდეგ თვალებში შემოგხედავს და აქეთ დაგანამუსებს: „დღედაღამ ვმუშაობთ...“

არადა, ეს ერთი, ზემოთმოყვანილი ამბავიც საკმარისია იმისთვის, რომ ის ორი თანამდებობა ვაკანტური გახდეს მანამ, სანამ სხვა უსაქმურები არ გამოიძებნებიან, ისეთები, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლას ამ წელიწადნახევრის წინ რომ შეუერთდნენ, ხოლო სანამ ამ ბრძოლას შეუერთდებოდნენ, თავისუფლებასა და დემოკრატიას ებრძოდნენ.

ახლობელმა მითხრა, ერთ-ერთი სამინისტროს კადრებში ფრიად ჩახედულმა პიროვნებამ - განცხადება ვნახე, რომელშიც განმცხადებელი იუწყებოდა, ვარ „ქართული ოცნების“ წევრი 2010 წლის მაისიდან და ვალდებული ხართ, დამასაქმოთო.

ახლა, არ ვიცი, რა ბედი ეწია იმ განცხადების ავტორს. სავსებით შესაძლებელია, რომ მართლაც დასაქმდა და არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ სწორედ იგია პრეზიდენტის ის საპარლამენტო მდივანი, რომელსაც „ბიურო ელოდება“.

თუ ვინმე იცნობს, გადაეცით, რომ ბიურო ელოდება, ისიც გადაეცით, რომ გახშირდა ლეკთა თარეში და ბარემ ისიც უთხარით, რომ ლოქო ქინძმარში ჯერ კიდევ ხელუხლებელია და, ის კი არა, განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, შეიძლება ისე შემოგვიტრიალდეს, საერთოდ არავის სცხელოდეს არც საქართველოსთვის და არც სამიტისთვის. თუ სერიოზული შეფასება მოხდება რუსეთის როლის, თუ პოლიტიკური დასავლეთი რეალურად შეხედავს იმ საშინელ დესტრუქციულ როლს, რასაც რუსეთი ასრულებს დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში, მაშინ რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მაპ-ზე კი არა, წევრობაზე უნდა ვილაპარაკოთ. ყოველ შემთხვევაში, დამერწმუნეთ, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ ახლა, აუცილებლად მოვითხოვდით წევრობას“ - ეს იმ ლოქოს სიტყვებია, ქინძმარში რომ ჭყუმპალაობს, აგვისტოს ომის შემდეგ რუსებს რომ ეხვეწებოდა, ნება დაგვრთეთ, მოცეკვავეები გამოგიგზავოთ, კრემლში გიცეკვებენო... ვინ იყო ის ლოქო? ვინ იყო ის ლოქო, ოკუპანტი ქვეყნის პასპორტს ამაყად რომ დაატარებდა გულის ჯიბით?

მისი სახელია გრიგოლ ვაშაძე... ვაშა ახალ ეროვნულ მოძრაობას, ვაშა მშვენებას.

გრიგოლ ვაშაძე მსოფლიო დიპლომატიის მშვენებაა.

ეგეთების ადგილი ქინძმარშია და არის კიდევაც ქინძმარში, ანუ ნაციონალურ მოძრაობაში. ისა და... „მაპზე უკეთესი“ რატომ დაგვავიწყდა? რატომ არავინ ახსენებს ამ ამბავს ბ-ნ ლოქოს და რატომ არავინ ითხოვს, რომ ბოლო-ბოლო აგვიხსნან, თუ რას ნიშნავდა „მაპზე უკეთესი“? რატომ და, ირაკლი სესიაშვილისა და წითელი ხიდის გმირებისა არ იყოს, არ აინტერესებთ... ჯერ-ჯერობით. ხოლო მე (მე თუ მკითხავთ) მგონია, რომ თუ მაპი არის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ნაცების მიერ 2008 წელს მოპოვებული „მაპზე“ უკეთესი, ხელისუფლებაში 30 წლით დარჩენის გეგმა იყო, შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაზე უკეთესი ხელისუფლებაში 60 წლით დარჩენის გეგმა იქნებოდა.

ისე, რა გინდა - ჯერ-ჯერობით ისევ ეგენი არიან. ერთი კვირის წინ გახარეთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს პიარ-სამსახურის უფროსად რამაზ ნიკოლაიშვილის მარჯვენა ხელი რომ დაინიშნა, გასულ კვირაში კი ერთი ეგეთი ამბავი კიდევ მოხდა - ზვიად ძიძიგურმა თავისი პარტიის სამეგრელოს განყოფილების საჭე ვინმე წურწუმიას ჩააბარა, რომელიც, როგორც ამბობენ, წლების განმავლობაში როლანდ ახალაიას მარჯვენა ხელი იყო, ხოლო ქართულ პოლტიკაში, როგორც მოგეხსენებათ, მემარჯვენეობა და მემარცხენეობა იმით განისაზღვრება, ვინ რომელი ხელით ეწევა ჩუკენობას, ჩუკენობის მაგალითები კი ამ ქვეყანაში ბევრზე ბევრია, კვირა არ გაივლის, რაღაც ასეთი რომ არ წაიკითხო:

„ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება მოეხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზაქარეიშვილმა განუცხადა, ბრალდების მოხსნის გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო: "სანდრო გირგვლიანის წამებაში ბრალი არც ერთ პირს არ აქვს წარდგენილი. გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებები გამოძიებით დადგენილი არ არის, საქმე - გაუხსნელია. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ გირგვლიანის საქმით პროკურატურა ახორციელებდა დავით ახალაიას პოლიტიკურ დევნას, შავი პიარის ორგანიზებას და სამართლებრივ ჯამბაზობას!“

იფ, იფ, რა კარგია - „სანდრო გირგვლიანის წამებაში ბრალი არც ერთ პირს არ აქვს წარდგენილი“.

მალე ისე გამოიყვანენ, რომ სანდრო გირგვლიანი არავის უწამებია, არ მოუკლავთ, საქმე არ ჩაუფარცხავთ, მკვლელები ხელის გულზე არ უტარებიათ და რადგან ეს ასე გამოვა, ბარემ იმასაც შემოგვაპარებენ, რომ არც 2008 წლის აგვისტო ყოფილა და არც 2011 წლის მაისი, მაგრამ გული მიგრძნობს, არ გამოვა ეგ ამბავი და აი რატომ: „წუხელ, ტელეკომპანია "იმედთან," გადაცემა "რეაქციის" მეორე ბლოკის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, სტუდიიდან გასულ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს არხის შენობასთან საკუთარ ჯგუფთან ერთად მელორ ვაჩნაძე დახვდა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, ვაჩნაძემ და მისი ჯგუფის წევრებმა ლადო ვარძელაშვილის მანქანას კვერცხები დაუშინეს. "იმედთან" მისული ახალგაზრდები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ, გადაცემაში გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ, მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით“.

ახლა ვხვდები, რატომ გაძვირდა კვერცხი და იმასაც ვხვდები, რომ რაც დრო გავა, უფრო მეტად გაძვირდება - მოთხოვნა იზრდება და იმიტომ.

მაგალითად, გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა თბილისის გზებზე შექმნილი მდგომარეობა იყო. მერია ხელს საკრებულოსკენ იშვერს, საკრებულო მერიისკენ. მერია ამბობს, ბიუჯეტი რომ არ დაგვიმტკიცეს, ვერაფერს ვაკეთებთო, საკრებულო იძახის, შარშან რატომ არაფერი ქნესო. ეგეთი ამბავია დედა-თბილისის საკვერცხეებში. თუმცა, წითელი ხიდის გმირებისა და მაპზე უკეთესის არ იყოს, არც იმით დაინტერესებულა ვინმე, რატომ არის, შარშანწინ დაგებული ასფალტმა ჩაილურის წყალი უკვე წელს რომ დალია? ვინ დააგო, როგორ დააგო და, საერთოდ, დააგო თუ არა?

ერთი კვლევა რა გახდა, მამაძაღლი!

„საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა გაერო-ს წარმომადგენელთან შეხვედრისას საბჭოთა პერიოდში სომხური ეპარქიისგან ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი დასვეს. საქართველოს სომეხი საზოგადოება გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვს გუშინ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში "ჰაიარტუნ" შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა თემაზე "საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების მდგომარეობის ანალიზი გაერო-ს ადამიანის უფლებათა ორგანოების პრიზმის მიღმა". დისკუსია "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ მხარდაჭერილი პროექტის "პოლიტიკური მონაწილეობა დიალოგის გზით" ფარგლებში მოეწყო“ - როცა საქმე უმცირესობებს ეხება, სოროსის ფონდი ძალას და ენერგიას არ... სტოპ!!! ერთი იდეა მომივიდა - ლესბოსელებმა, გეებმა, ბისექსუალებმა, ტრანსსექსუალებმა, იეღოველებმა, სომხებმა და ფემინისტებმა უნდა მიმართონ სოროსის ფონდს თხოვნით, რომ დაფინანსდეს კვლევები „ვინ გარბოდა აგვისტოს ომის დროს საქართველოდან“ და „რატომ დაემსგავსა თბილისის გზები სოფლის შარაგზებს“.

ისტორიას არ ახსოვს, რომ სოროსის ფონდს პედერასტებისთვის რამეზე უარი ეთქვას, როცა საქმე მათ, პედერასტებს ეხებათ. ცუდი ის არის, რომ მერე მაგათი დასამადლებლები გავხდებით, იტყვიან, დიდუბეში ორმოები ხომ ამოვავსეთ, ჰოდა კეთილი ინებეთ ერთმანეთის ამოვსება კონკასთან რომ ქორწინების სახლია, იქ დაგვირეგისტრირეთო.

არ მინდა, ბატონო, ეგეთი გზები! ეგეთ გზებს იმ ვარსკვლავებთან მივყავართ, სინამდვილეში შავი ხვრელები რომ არიან.

გასულ კვირაში სრულიად შემთხვევით გადავრთე ტელე-იმედზე და დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში პირდაღებული ვუცქერდი, როგორ ჩხაოდნენ ვახო რჩეულიშვილი და ნინა წკრიალაშვილი რაღაც სიმღერას რუსის კონდუქტორზე. მერეღა გავიგე, რომ შოუს „ორი ვარსკვლავი“ ქვია.

ეს ტელეკომპანია აშკარად დაწყევლილია. აბა, ნინა წკრიალაშვილს რომ ამღერებ და ლადო ვარძელაშვილს რომ აბლატავებ, დაწყევლილი ხარ, მა რა ჯანდაბა და დოზანა ხარ?!

„ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიონზე ჩავიდნენ და "დინამოს" ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თამაში ჩაშლილად გამოცხადდა. სიტუაცია პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. შემთხვევის შედეგად დაშავდა "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბის ფანკლუბ "გლადიატორების" წევრები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. "დინამომ" და მისმა გულშემატკივრებმა ქუთაისი საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით დატოვეს“ - ქართული ფეხბურთიც დაწყევლილია.

საერთოდ კი, ყველაფერი გემოვნების საქმეა, ტელეკომპანია „იმედში“ - დები პატარკაციშვილების, ფეხბურთის ფედერაციაში - ძმები არველაძეების.

მოკლედ, კადრები წყვეტენ ყველაფერს და სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს.

”90-იანი წლებიდან მოყოლებული მავნე პრაქტიკით, სახელმწიფო უწყებები გადაჭედილია ყავის მომდუღებლებით და არაფრისმკეთებლებით. საჯარო სამსახურის რეფორმა დავიწყეთ ჩვენ. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანია სამინისტროებში და ვიცი, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. მოხდება ამ არაკომპეტენტური კადრების ჩანაცვლება. თუმცა ეს ერთ დღეში ვერ მოგვარდება და ამას სჭირდება თანმიმდევრულობა. სანთლით ვეძებ კვალიციფიციურ კადრებს. საქართველოში ძალიან ჭირს კვალიფიციური კადრი“, - განაცხადა გასულ კვირაში ირაკლი ღარიბაშვილმა.

„აანთეთ სანთელი, სიბნელეში სიკვდილი არ მინდა“ - ასეთი იყო ო’ჰენრის უკანასკნელი სიტყვები.

არც ჩვენ გვინდა სიბნელეში სიკვდილი, მაგრამ ვინ გისმენს?

გასულ კვირაში კვლავ გრძელდებოდა აღშფოთებულ-შეშფოთებული ენჯეოშნიკების კვნესა-გოდება - „ჩვენ კვლავ გვისმენენ“.

საქმეც სწორედ მაგაშია - მათ კვლავ უსმენენ! კვლავ უსმენენ მათ, რომლებსაც ცხოვრებაში თითი თითზე არ დაუკარებიათ, არაფერი უსწავლიათ და არც არაფერი შეუქმნიათ გარდა რაღაც ჭირიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა. მათი ხმა ყოველთვის ფარავდა იმათ ხმებს, ვისაც მართლა უნდა უსმინო და არც სანთელია საჭირო, რომ ეს ადამიანები მოძებნო და საქმე ჩააბარო.

ეგეც არ იყოს და, ვინმემ ხომ უნდა აანთოს ის სანთელი?

„ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ სიებში კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების თანაფარდობა ცნობილია. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, 50% პარტია "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" ექნება, დანარჩენ 50 %-ს კი კოალიციაში შემავალი სხვა 5 პოლიტიკური ძალა – "რესპუბლიკელები", "კონსერვატორები", "თავისუფალი დემოკრატები", "მრეწველები" და "ეროვნული ფორუმი" გაინაწილებენ“ - ასეთი ნიუსიც იყო და იმედი მაქვს, ისე არ მოხდება, რომ თავ-თავიანთი 50-50 პროცენტის ნახევარი ყოფილ ნაცებს დაუთმონ, თუმცა, რას გაიგებ... და რას არ გაიგებ - „ელისო ჩაფიძე კამპანია "ეს შენ გეხება"-ს მონაწილეებს პარლამენტთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“.

ღადაობ, ელისაბედ?

მ.ბ.შ.მ. (მეც ბევრი შეკითხვა მაქვს) “ახლა მე ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა და, კაცმა რომ თქვას, ძალიან მაგარი შეკითხვაა, რადგან უაღრესად პირდაპირია, მაგრამ მაინც ჩემსას უნდა ვეცადო: აი, შენ, როგორ გგონია, როგორი ხარ - კარგი თუ ცუდი? როგორი ხარ, ა, სერგო - თუ კარგი ხარ, რატომ და თუ ცუდი, მაინც რატომ? ნუ გერიდება, ხმა ამოიღე, პასუხი გამე, თამამად, თამამად, სერგო...” - და გრიშამ თავი ასწია. მაგრამ სერგო იქ აღარ იყო.

(გურამ დოჩანაშვილი, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი“)