საყდრისი - მსოფლიოს უძველესი ოქროს მომპოვებელი საბადო თუ სამეცნიერო მითი? ამ კითხვაზე პასუხი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მარტივად გასცა. მან საყდრისის ეპოპეა დასრულებულად გამოაცხადა.
საყდრისის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება გურამ ოდიშარიას გარეშე, მისი შვებულებაში ყოფნისას გახდა ცნობილი. როგორც მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილება კვლევის შედეგად მიიღეს და ინვესტორ კომპანია RMG-ის საყდრისის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების ნებართვა მისცეს. მარგიშვილი ირწმუნება, რომ კვლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა და დაადგინა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ არის. ამიტომ არავის აქვს უფლება, მითებზე დაყრდნობით 3000 ოჯახს პრობლემა შეუქმნას. მისი თქმით, დასკვნა გაგზავნილია ინვესტორთან, გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ შეიცვლება. ცნობილია ისიც, რომ კომპანია RMG-ის უკვე უფლება აქვს, საყდრისში სამუშაოები დაიწყოს.
საყდრისის შესახებ საბოლოო ვერდიქტის შემდეგ კულტურის სამინისტროსთან „კვერცხების აქცია“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ოდიშარიას უწყებასთან 30 კვერცხი იმის დასტურად მიიტანეს, რომ ხელისუფლებამ საყდრისი გაყიდა. საყდრისის ტერიტორიაზე RMG-ისთვის წიაღისეულის მოპოვების ნებართვის გამო ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა კულტურის სამინისტროსთან შიმშილობა გამოაცხადა.
საყდრისის დასაცავად არასამთავრობოებიც ერთიანდებიან და სამინისტროს კანონსაწინსააღმდეგო გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა აცხადებს, რომ სამინისტრომ არ შეასრულა გერმანული მხარისთვის მიცემული წერილობითი პირობა საერთაშორისო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც საყდრისის საკითხი უნდა შეესწავლა.
გარდა ამისა, ექსპერტები იშველიებენ თავად RMG-ის წარმომადგენლის ინფორმაციასაც, რომელიც აცხადებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მარაგი არის მხოლოდ ორი თვის. ამდენად, გამოდის, რომ ორი თვის მარაგის ამოწურვის შემდეგ ისინი მთლიანად სპობენ იმ კულტურული ცივილიზაციის კვალს, რომელიც არსებობდა საქართველოში ათასწლეულების წინ ქრისტეს დაბადებამდე. კერძოდ, მაღარო მეოთხე ათასწლეულს განეკუთვნება, ანუ დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინანდელი ობიექტია.
საყდრისი-ყაჩაღიანის დამცველი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ძეგლი უძველესია, ეგვიპტეზე ადრეული პერიოდის. თუ ეგვიპტელები მთის ოქროს გამოტანას ათასი წლით გვიან იწყებენ, საქართველოში ოქროს ძველ ეგვიპტელებზე ადრე სამთო წესით მოიპოვებდნენ. ამიტომ ოქროს მაძიებელების სიხარბეს საყდრისის ცივილიზიაციის აფეთქება არ უნდა მოჰყვეს.
უფრო კონკრეტულად, მეცნიერები განმარტავენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ოქროს ნივთი არგონავტებს უკავშირდება, რომელიც საკმაოდ გვიანდელი პერიოდია და სადღაც მეხუთე საუკუნემდე ჩამოდის. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ საყდრისში ოქროს სერიოზული მოპოვება იყო გაჩაღებული. თავის დროზე ამ აღმოჩენის გამო მეცნიერებათა აკადემია შოკში ყოფილა. როგორც ირკვეოდა, ჩვენი წინაპრები ანთებდნენ ცეცხლს, ოქრო ხურდებოდა, შემდეგ ასხამდნენ წყალს და ის ქანი მოტყდებოდა. ასე გამოჰქონდათ ოქრო. სწორედ ამას ადასტურებდა საყდრისში აღმოჩენილი პატარა ნახშირები, რაც სენსაცია იყო. ეს კულტურა მტკვრისა და არაქსის აუზში ვრცელდებოდა, რაც მეოთხე ათასწლეულის დასაწყისიდან, ვიდრე მესამე ათასწლეულის პირველ ნახევრამდე, ანუ თითქმის ათი საუკუნე გრძელდებოდა. სწორედ ამ უძველესი საზოგადოების დროს ხდებოდა მელითონეობის დიდი „აფეთქება“. არსებობდა სამთოელების ფენა, რომელიც ნედლეულ-საბადოებზე მუშაობდნენ. გარშემო ტერიტორიაზე მეცნიერებმა იმ ადგილსაც მიაგნეს, სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა, აღმოჩნდა ნაგებობები, უზომო რაოდენობის ჭურჭელი, გამოსადნობი ღუმელები, ყველაფერი, რაც ოქროს დასამუშავებლად იყო საჭირო. რაც მთავარია, ნაგებობის შიგნით აღებულ მიწაში (რაც მაშინდელი იატაკი იყო) ძალზე ბევრი ოქროა გაბნეული, მაგრამ ნაგებობის გარეთ ოქრო საერთოდ არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ ოქრო ორგანიზებულად შეჰქონდათ შიგნით, იქ რეცხავდნენ და ამუშავებდნენ.
For.ge ესაუბრა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტ სულხან სალაძეს, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხს იკვლევს. მან აღნიშნა, რომ გაურკვეველია, რა ტიპის კვლევა ჩაატარა კულტურის სამინისტრომ საყდრისის ტერიტორიაზე. მისი თქმით, კულტურის მინისტრის კეთილსინდისიერების საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან მან არა მხოლოდ არ შეასრულა პირობა, რომ შექმნილიყო საერთაშორისო ექსპეტებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც საყდრისის საკითხს შეისწავლიდა, არამედ 2014 წლის 13 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება საყდრისის კვლევის გაგრძელების შესახებ საერთოდ უგულებელყო.
იურისტს აინტერესებს, თუკი საყდრისი არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მაშინ რაღა საჭიროა პარალელური მონიტორინგი აღმოჩენილი არტეფაქტების აღსანუსხად, რომლის დანიშვნის პირობა მინისტრის მოადგილემ დადო? რატომ არ ჩაატარეს თავიდანვე ეს მონიტორინგი, რატომ არ დადეს დასკვნა, წარმოადგენს თუ არა ეს ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს?! საინტერესოა ისიც, ობიექტიურად შეისწავლეს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორია, თუ რაიმე სუბიექტურმა ფაქტორებმა იქონია მათზე გავლენა? ამ ყველაფრის შემდეგ სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ ეს არის არათანმიმდევრული პოლიტიკა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
„გარდა იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ, ვარ ქართველი და მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობისა, ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე არ შეიქმნება საერთაშორისო კომისია, აქედან ფეხს არ მოვიცვლი“, - განაცხადა მედიაკავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა კულტურის სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებამდე.
ჩვენთან საუბარში ჟურნალისტმა განმარტა, რომ სწორედ საერთაშორისო კომისიამ უნდა გამოიკვლიოს, საყდრისი ნამდვილად მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუ მართლაც მითს ავრცელებენ, როგორც ამაში გვარწმუნებს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
ჟურნალისტის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მას პლევრიტი აქვს და მკურნალობს. ამდენად, შიმშილობის გადაწყვეტილება მისი ჯანმრთლობისთვის კარგი არ არის. თუმცა სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.
„ეს არის ის, რაც დღეს შემიძლია მე გავაკეთო“, - გვითხრა ნინო მიქიაშვილმა.
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაუშვებელია, ააფეთქონ უძველესი მაღარო, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.
„ძეგლის დაზიანებაზე უკვე აღარ არის საუბარი. კულტურის სამინისტროს ახლანდელი ნებართვით RMG-ის ძეგლის განადგურების უფლება მიეცა. მათ სურთ, ააფეთქონ ძეგლი. ამ დროს კი ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს კულტურის მინისტრის ბრძანება, რომლითაც ძეგლს თავის დროზე მოეხსნა სტატუსი, დავა მიმდინარეობს სასამართლოში, სარჩელი მიღებულია და საპროცესო კოდექსის თანახმად, როცა სასამართლო იწყებს დავის განხილვას, აქტის მოქმედება შეჩერებულია. დღეისთვის ამ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, აღდგენილია ის მდგომარეობა, როდესაც ამ ობიექტს უძრავი ძეგლის სტატუსი ჰქონდა. ამდენად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც RMG-ის სამუშაოების წარმოების უფლება მიეცა, აბსოლუტურად უკანონოა. საერთოდ არ უნდა განეხილა სამინისტროს ეს საკითხი, ვიდრე სასამართლო არ გამოიტანდა საბოლოო გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, სამინისტროს ამ გადაწყვეტილებასაც გავასაჩივრებთ“, - გვითხრა ნინო გუჯარაიძემ.
მისი თქმით, სამინისტრო ყველაფერს ასაიდუმლოებდა. არც ის ვიცით, ვინ განიხილა და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთი დანაშაულია. მეტიც, სახელმწიფოს იმიტომ აქვს კანონები, რომ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკურ სარგებელს შორის ბალანსი დაიცვას.
რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, ნინო გუჯარაიძე განმარტავს, რომ კომპანია RMG ყოველ ჯერზე სხვადასხვა თანხას ასახელებდა. პირველ წერილში, რომელიც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს მისწერა, საუბარი იყო 10 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ დოლარზე, მაგრამ ძალზე ბუნდოვანი ჩანაწერი გახლდათ. ამდენად, ზუსტ რიცხვებზე საუბარი რთულია.