თბილისში დაგეგმილი „რუსული შოუ“ ჩაიშალა

თბილისში დაგეგმილი „რუსული შოუ“ ჩაიშალა

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან „ევრაზიული არჩევანის“ წარმომადგენლებმა პრორუსული აქციის გამართვა ვერ მოახერხეს. „ევრაზიული არჩევანის“ წევრებს საზოგადოების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, მათ შორის იყვნენ „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

რუსეთის ყოფილი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი დაძაბული ვითარება საპატრულო პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა აქციაზე ორი პირი ხულიგნობის მუხლით დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით, ხელწერილის დაწერის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„ევრაზიული არჩევანის“ წარმომადგენლის არჩილ ჭყოიძის განმარტებით, მათი აქცია მიზნად ყირიმის რეფერნდუმის მხადაჭერას ისახავდა. „ევრაზიული არჩევანის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ყირიმი რუსეთია. თუმცა, აქციის ჩაშლის გამო „სათქმელის“ ხმამაღლა თქმა ვერ შეძლეს და ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში არსებული დემოკრატიის ხარისხი დაიწუნეს.

ყოფილი რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე დღეს გორიდან ჩამოსული ვეტერანებიც შეიკრიბნენ. მათ სულ სხვაგვარი „სათქმელი“ ჰქონდათ - გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვდნენ.

მოპირდაპირე მხარეს მდგარი უკრაინის საელჩოსთან კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ყირიმის რეფერენდუმის გასაპროტესტებლად მივიდნენ.

„ჩვენ აქცია უკრაინის საელჩოსთან დავგემეთ და შემდეგ გადმოვინაცვლეთ მეორე მხარეს. ჩვენი აქციის მიზანია გავაპროტესტოთ ის, რაც ხდება ყირიმში - კონკრეტულად, ვაპროტესტებთ რუსეთის მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას. აქ კი იგეგმებოდა აქცია ლოზუნგით - „ყირიმი რუსეთია“ და აპირებდნენ რუსეთის დროშების გაშლას, რაც ჩვენი აზრით სრულიად მიუღებელი და სამარცხვინოა“, - განუცხადა for.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი პოლიტიკური გუნდის წევრმა გოკა გაბაშვილმა კი აღნიშნა, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფმა მიზანს ვერ მიაღწია და ყოფილ რუსეთის საელჩოსთან რუსული ტელევიზიებისთვის შოუ ვერ დადგეს.

„სოციალური ქსელებით დაიგეგმა უკრაინის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერი აქცია. აღმოჩნდა რომ, სრულიად სამარცხვინოდ, მეორე მხარეს, რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბა რაღაც ჯგუფი ლოზუნგით - „ყირიმი რუსეთია“. რა თქმა უნდა, ამან უკმაყოფილება გამოიწვია. შეძახილების, დამუნათებისა და შერცხვენის შემდეგ დატოვეს ტერიტორია და წავიდნენ. საერთოდ, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, რომ სულ რამდენიმე წლის წინა იმ დროშებით ქვეშ, რომლის გაშლასაც ლამობდნენ, იმ სიბოროტის ქვეშ 500-მდე ადამიანი მოგვიკლა იგივე ოკუპანტმა, ვინც დღეს უკრაინის ოკუპაციას ახორციელებს, მათ მხარდასაჭერად გამოსვლა არის უკიდურესი სირცხვილი და ძალიან კარგია, რომ მათ რუსული ტელევიზიებისთვისაც კი ვერ დადგეს დღეს შოუ“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

უკრაინის საელჩოსთან გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავაც მივიდა. როგორც უგულავამ For.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რუსულ პოლიტიკას უკრაინასა და საქართველოში არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნია, მაგრამ მიმდინარე პროცესებს საფრთხეები მაინც ახლავს.

„თუ უკრაინაში რუსეთმა მიაღწია საწადელს, სამწუხაროდ, შემდეგი შეიძლება იყოს მოლდოვა და საქართველო. აქედან გამომდინარე, საზოგადოების დარაზმულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინის საკითხზე იყოს მკაფიო. დღევანდელ უმრავლესობაში კი არიან ადამიანები, რომლებიც, იმავე ყირიმის რეფერნდუმთან დაკავშირებით იმეორებენ რუსულ ნარატივს, ჩურკინის ნარატივს. შემიძლია სახელებითაც გითხრათ, ესაა გიორგი ვოლსკი, გოგი ქავთარაძე, დავით საგანელიძე და ა.შ. მათი განცხადებები მაფიქრებინებს, რომ უკრაინის საკითხზე მკაფიო პოზიცია არ აქვთ და სიტუაციის შესაბამისად შეიძლება შეიცვალონ“, - აცხადებს გიგი უგულავა.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია კი განმარტავს, რომ ყირიმში გამართული რეფერენდუმი რუსულ აგრესიას და მის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობას ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ მისცემს და ამგვარი რამ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც მიუღებელი იქნება.

უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად უკრაინის საელჩოსთან აფხაზეთის ომის ვეტერანებიც შეიკრიბნენ.

„დღეს არის 16 მარტი, აფხაზეთში სოხუმის გმირულად დაცვის დღე. ჩვენ აფხაზეთის ომის ვეტერანები უკრაინის გვერდით დავდგებით ყოველთვის. ყირიმი არის უკრაინის, ისევე როგორც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოსი და ასე იქნება ყოველთვის. ქვეყნის შიგნით მეხუთე კოლონის შექმნის დრო უნდა დასრულდეს,“- განაცხადა უკრაინის საელჩოსთან მეგაფონით მისულმა ვახტანგ მაჭავარიანმა.

აფხაზეთის ომის ვეტერანმა, პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა კი აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული უკრაინელების ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის წინაშე ვალშია.

„ჩვენ ვართ რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სისხლიანი რუსული იმპერიის აღდგენას, უკრაინაშიც ვიყავით ჩასულები ჩვენი მეგობრებისა და თანამებრძოლების მხარდასაჭერად. უკრაინელი ხალხის წინაშე ვალში ვართ. ისინი ჩვენთან ერთად იცავდნენ ჩვენს აფხაზეთს და დაიღუპნენ კიდეც. 14 კაცი დაიღუპა, მათგან 6-ის გვარი გმირთა მოედანზეა ამოტვიფრული. ერთი კი, როდესაც გაიგეს რუსებმა რომ უკრაინელი იყო, სოხუმში საფლავში ააფეთქეს,“- განუცხადა for.ge-ს დოდო გუგეშაშვილმა.

ყირიმში 16 მარტს გამართულ რეფერნდუმს, რომლის მთავარი მიზანი უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთთან მიერთებაა, უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა უკანონოდ მიიჩნევს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ამტკიცებს, რომ ყირიმის რეფერენდუმი საერთაშორისო ნორმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად ჩატარდა.

ყირიმის რეფერენდუმზე ამომრჩევლებს ორი კითხვიდან ერთი უნდა შეერჩიათ: მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტად და მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს. რეფერენდუმის შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.