შინაგან საქმეთა მინისტრი წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონიალს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონიალს დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. „მოდულის“ შენობასთან ორასთხუთმეტმა წვევამდელმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. ფიცის მიღების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრო. წვევამდელებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და სამხედრო მარშით ჩაიარეს, შემდეგ კი საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ცერემონიალის დასრულებისას ახალწვეულები მამა დავითმა დალოცა.

წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან. ისინი შეისწავლიან სამხედრო საქმეს, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით, ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი გულისხმობს ყოველ მესამე დღეს 24 საათიან მორიგეობას. სამხედროები ასევე ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ კი წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებში დასაქმდებიან.