ლენინის მავზოლეუმში ჯინსები არ იყიდება

ლენინის მავზოლეუმში ჯინსები არ იყიდება

ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. „მობურთალებთან“ დაკავშირებული მოგონებები თითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია. დღევანდელ ლამაზ გაზაფხულის დღეს, მინდა, შესაბამისი განწყობა შეგიქმნათ, ამიტომ რამდენიმე ტრადიციულ საფეხბურთო-საკვირაო მოგონებას შემოგთავაზებთ.

დათო ყიფიანს ხშირად მეტოქეები პერსონალურად ეთამაშებოდნენ. დათოს მინდორზე დაჭერას დიდი გმირობა უნდოდა. ყველა გუნდს ჰყავდა მიჩენილი დათოსთვის ფეხბურთელი. მინსკის „დინამოში” იყო ერთი ბოროვსკი, რომელიც თავგამოდებით ურტყამდა ყიფიანს მინდორზე. თენგიზ სულაქველიძე იხსენებდა:

„მინსკის „დინამოსთან“ ერთი თამაშის დროს დათომ დამიძახა. ჭომა (ასე ეძახდნენ სულაქველიძეს), მიმიხედე ერთი ამ ბოროვსკისო. რა თქმა უნდა, გასაგები იყო ყველაფერი. ათ წუთში გავიყვანე ის ბოროვსკი მინდვრიდან, თანაც „ნასილკით“, მოვაცილე დათოსაც და იქაურობასაც. დავინახე, ჩემს მოსაკლავად მოვიდა, მეც პატარა ავწიე ფეხი და ქე არ შემომაკვდა? რავა, ქართველებს „ხიტრობა“ გვაკლია ვითომ? “

რუსებზე ჩამოვარდა სიტყვა და ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვახტანგ კოპალეიშვილის ერთი სახალისო მოგონება გამახსენდა. ეს უკანასკნელი მაშინ ლანჩხუთის „გურიაში“ გამოდიოდა. „გურია“ საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობდა და ერთხელაც, მშობლიურ ქალაქში ომსკის გუნდს უნდა შეხვედროდა.

თამაშის წინა დღეებში „გურიის“ ერთ-ერთი მოღვაწე გარდაიცვალა. არც დაკრძალვის გადადება გამოდიოდა და არც შეხვედრის გადატანა. მასპინძლები სტუმრებს მოელაპარაკნენ და თამაში 19 საათის ნაცვლად 12 საათზე გადმოიტანეს. მატჩი „გურიამ“ მოიგო, შემდეგ ომსკელი კოლეგები დაკრძალვაზე წაიყვანეს, მერე, რა თქმა უნდა, ქელეხი იყო. რუს ფეხბურთელებს ისე მოეწონათ ქართული ღვინო, რომ მეტისმეტი დალევისაგან კინაღამ ინფარქტები ჩამოირიგეს. მეორე დღეს სტუმრები მასპინძლებმა აეროპორტში გააცილეს. გამოთხოვებისას ერთი „ისტორიული“ დიალოგი გაიმართა, რომელსაც თავად ვახტანგ კოპალეიშვილის სიტყვებით გადმოგცემთ:

- კაკოი უ ვას ვინო ხაროში ! - ამოიოხრეს სტუმრებმა.

- ტოლი ეშჩო ბუდეტ! - გაამხნევეს ლანჩხუთელებმა.

- კაგდა? - ისევ ამოიოხრეს რუსმა ფეხბურთლებმა.

- მი ჟე პრიედემ ვ ომსკ. - დაამშვიდეს მასპინძლებმა.

- პრიტაშჩიწე ვაშე ვინო! - გაუბრწყინდათ თვალები რუსებს. 

სტუმრების სამწუხაროდ, ქართველმა მოთამაშეებმა „აუხსნეს“, რომ ქართული ღვინო ხანგრძლივ მგზავრობას ვერ იტანდა და ომსკში ჩატანამდე გაფუჭდებოდა. რუსებმა სულ მოიწყინეს, მიდგნენ ერთ კუთხეში, ითათბირეს, შემდეგ მათგან ყველაზე გაბედული და მამაცი ლანჩხუთელებს მიუახლოვდა: - დავაიწე, რებიატა, ვი ნე ბესპაკოიტეს, ნა პავტორნუიუ ვსტრეჩუ, აპიატ მი პრილეტიმო, - შესთავაზა (არ ინერვიულოთ ბიჭებო, განმეორებით მატჩზეც ლანჩხუთში ჩამოვალთო).

ლანჩხუთის „გურიაზე“ ჩაამოვარდა საუბარი და კიდევ ერთ „საფეხბურთო ამბავს“ მოგიყვებით. ამ „საინტერესო” ისტორიას თბილისის „დინამოს” მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი გაიხსენებს. ეს ის პიროვნებაა, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, მსაჯს რიკარდო ლატანცის ბურთი წაართვა. ეს ამბავი კი ბატონ ანზორს ლანჩხუთში მუშაობის დროს „შეემთხვა“.

„სამი წელი ვიმუშავე „გურიაში”. 1987-1990 წლებში მოსკოვში ჩავედით სათამაშოდ. გუნდის ადმინისტრატორი კაკო ორმოცაძე იყო, ორი ღერი რუსული არ იცოდა და სულ ჩვენთან ერთად დადიოდა ხოლმე, როცა უცხო ქალაქში მივდიოდით სათამაშოდ.

მოსკოვში დილით გავედით სასეირნოდ. ქალაქს ვათვალიერებდით და წითელ მოედანზე მოვხვდით. ლენინის მავზოლეუმთან უშველებელი რიგია გაჭიმული. კაკომ მკითხა, რა ხდებაო. ჯინსები იყიდება ნაღდი ამერიკული და იმიტომ არის ამხელა რიგი-მეთქი. „სიმონიჩ“, დავდგები რიგში და ერთ-ორ ჯინსს ვიყიდიო. კარგი, ოღონდ სასტუმროში მალე დაბრუნდი-მეთქი ვუთხარი და დავტოვე. რაღა გავაგრძელო და საღამომდე იდგა იმ რიგში კაკო ორმოცაძე, მერე საპატიო წრე დაარტყა ლენინის სარკოფაგს და გაცეცხლებული ამოვარდა სასტუმროში”.

საბჭოთა კავშირის დროს ქართველ ფეხბურთელებს რუსეთში და უკრაინაში ხშირად უწევდათ თამაში. „მესამე ტაიმიც” ანუ შეხვედრები ადგილობრივ ლამაზმანებთან არაერთხელ ჰქონიათ. ერთ-ერთ ასეთ ამბავს იხსენებს თბილისის „დინამოს” ყოფილი მოთამაშე ფირუზ კანთელაძე:

„მაშინ საფეხბურთო სკოლაში ვთამაშობდი. საკავშირო ჩემპიონატზე, ქალაქ დონეცკში გვაქვს შეხვედრა. დავბინავდით სასტუმროს მეორე სართულზე. მკაცრი უფროსი გვყავდა - ელოშვილი, თითქმის ყოველ საათს გვამოწმებდა, რომ განრიგი და საერთოდ, დისციპლინა არ დაგვერღვია. მოგეხსენებათ, ქართველი ბიჭები და უკრაინელი გოგონები ისტორიულად „უგებენ” ერთმანეთს და ისროდნენ ეს ნაზი სქესის წარმომადგენლები წვრილ კენჭებს ჩვენს ფანჯრებზე.

სასტუმროს შემოსასვლელი მკაცრად იყო დაცული, მთელი ჩვენი უფროსობა იქ ისხდა და გარეთ გასვლა გამორიცხული იყო. ერთი მეკარე გვყავდა, გადააბა ერთმანეთს რამდენიმე ზეწარი და პირსახოცი. ამოდის ჩვენს სართულზე მწვრთნელი და სადღა არიან ბიჭები? მარტო მე და წურწუმია (თანაგუნდელი) შევრჩით ხელში. გაგიჟდა კაცი, ხან აქეთ ეცა, ხან იქით და გადაიხედა ყოველი შემთხვევისათვის ფანჯრიდან. კინაღამ დასაბმელი გახდა. გადაბმულ „ლიფტზე” ეკიდა მთელი ჩვენი გუნდის ბიჭები და ასე „გუნდურად” მიდიოდნენ პაემანზე. ატყდა ამბავი, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და გვაპატიეს. მე და წურწუმია პირიქით, შეგვაქეს, კარგი ბიჭები ხართ, მაგათ რომ არ აჰყევითო. არ ავყევით კი არა, ვერ მოვასწარით“.

ჩინებული „ფეხბურთელი“ გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია. ბატონი ჯემალ ღაღანიძე  ხშირად იხსენებდა ერთ ფაქტს:

„ქუთაისში ვითამაშეთ ფეხბურთი და იპოლიტე ხვიჩია ჩვენი მოწინააღმდეგე იყო. მთელი სტადიონი ფეხზე იდგა და „იპოლიტე! იპოლიტე!“ - ყვიროდა. კარში მე ვიდექი. ჩვენთან იყო ივანე ქურხული, რომელიც არ უშვებდა იპოლიტეს  კარისკენ, რომ ბურთი გაეტანა. როგორც იქნა, კიდევ ერთხელ დაწინაურდა იპოლიტე. დაარტყა იპოლიტემ ბურთს, მაგრამ ქურხულმა ფეხი წინ დაუხვედრა და უკან გაბრუნებული ბურთი იპოლიტეს მოხვდა სახეში. იგი წაიქცა, ამ დროს მეც წავიქეცი და ბურთი კარში გავიდა. გამწარებული იპოლიტე წამოხტა ფეხზე და დაიწყო სტადიონის გარშემო სირბილი. მე დავავლე გატანილ ბურთს ხელი და იპოლიტეს უკან გამოვეკიდე - გაჩერდით, ბატონო იპოლიტე,  დაწყნარდით, თქვენ გოლი გაიტანეთ–მეთქი“.

იპოლიტე ხვიჩია ყოველთვის შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა და საკუთარ ფიზიკურ კონდიციებს „ტყავის ბურთის“ სიყვარულს აბრალებდა. იმხანად თეატრებს შორის საფეხბურთო შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ხვიჩიაც, მუდმივად, ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციას ასრულებდა.

დღევანდელ წერილს არჩილ არველაძის ერთი სახალისო მოგონებით დავასრულებ, რომელიც მართალია არასპორტული ხასიათისაა, მაგრამ ამჟამინდელ ქართულ ფეხბურთში შექმნილ მდგომარეობასთან გარკვეული მსგავსება გააჩნია.

„ქართველებს ერთი ცუდი ჩვევა გვაქვს, როგორც კი ვინმე არ მოგვეწონება, ფეხბურთელია ეს, მწვრთნელი, თუ მსაჯი, სულ გავაგდოთ, გავაგდოთო, ვიძახით. კი არ ვფიქრობთ, რომ უნდა ვაცალოთ, რომ თავისი თავი აჩვენოს. ქურთმა ქალმა როგორ უნდა გვაჯობოს?

რამდენიმე წლის წინ, დილის ხუთ საათზე, თათრის მოედანზე რომ სახაშეა იქ მივედი მეგობართან ერთად. იქიდან რომ გამოვბრუნდით, ორი ქურთი მეეზოვე ქალი დავინახეთ, რომლებიც ცოცხით ქუჩას ბდღვირს ადენდნენ. იქვე, სანაგვე ყუთის გვერდით, გრძელწვერიანი ბომჟი გაწოლილიყო და არხეინად ხვრინავდა.

ჩემი მეგობარი ხუმრობის ხასიათზეა, დეიდა, მაგ ცოცხს ის ბომჟიც არ გააყოლო, - უთხრა.

ქალმა ახლაღა შეამჩნია მხვრინავი ობიექტი და შეიცხადა- ვაი, ვაი, ვაი, ვაიიი, ეს აქ ვინ გადააგდო? ვაიი, რა ახალგაზრდა კასი გადაუგდიათ!

- აბა, აბა! - დაეთანხმა მეორე ქალი, - აი, ეგ რო ეხლა კარგად გარესხო, გაპარსო, გააშრო, მაგისი ხმარა კიდევ შეიძლება.

აი, ასეა, ყველამ ჩვენ უნდა გვაჯობოს? ”