”ერდოღანის და სააკაშვილის შეხვედრისას გადაწყდა აზიზიეს მეჩეთის აშენების საკითხი”

”ერდოღანის და სააკაშვილის შეხვედრისას გადაწყდა აზიზიეს მეჩეთის აშენების საკითხი”

იმის ნაცვლად რომ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა საზოგადოებას გააცნონ იმ მოლაპარაკების დეტალები, რომელსაც თურქეთთან აწარმოებენ, ისტორიულ ტაოში ქართული ძეგლების აღდგენის თაობაზე, განაგრძობენ იმის წარმოჩენას, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ქართული ძეგლები თურქეთის ტერიტორიაზე. ამ მიზნით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ფოტო-გამოფენას ხსნიან, რითაც საზოგადოებას ახალს ვერაფერს ეტყვიან. მით უმეტეს, რომ ძეგლების მძიმე მდგომარეობა, არც არახალია და არც საკამათო.

უკვე მეხუთე დღეა ცენტრალური ტელეარხები ტაოში ქართული ტაძრებზე არსებულ  ყველა ბზარზე და დაკარგულ ქვაზე ვრცელ სიუჟეტებს უშვებენ ეთერში და თან ისე, რომ თითქოს ტაძრებს ბზარები გუშინ, ან გუშინწინ გაუჩნდა.

ტელეკომპანია ”იმედზე”, 19 თებერვალს, 20-საათიან საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკაში” ხანძთა იუნესკოს სიაში შეტანილად გამოაცხადეს (!!!) და ისიც გვითხრეს, რომ თურმე ”ქრონიკას” ინფორმაციით, თურქულ მხარესთან შეთანხმების გაფორმებას თბილისში ყოველდღიურად ელოდებიან”. 

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი მოლაპარაკების პროცესი გართულდა, რადგან საქართველოს ხელისუფლება თურქეთს სთავაზობს ბათუმში ეგრეთ წოდებული აზიზიეს მეჩეთი აშენდეს რუსთაველის გამზირზე, ყოფილი მეექვსე სკოლის, ან  “რივიერას“ ადგილას, მაგრამ თურქული მხარე ჯიუტად მოითხოვს ბათუმში ეგრეთ წოდებული აზიზიეს მეჩეთის ზუსტად იმ ადგილზე აშენებას, რომელზეც იყო. შეგახსენებთ, რომ ეს არის ბათუმის თეატრის უკანა მხარე, სადაც ახლა საცხოვრებელი კორპუსები დგას.

მიუხედავად დიდი ინტერესისა, ხელისუფლება მოლაპარაკების დეტალებს საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს. ერთნი ამბობენ, ხელშეკრულების საბოლოო ტექსტს, რომ შევიმუშავებთ, მერე გაგაცნობთო. მეორენი კი გვეუბნებიან, ხელშეკრულების შინაარსი მხოლოდ მასზე ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილიო.

აი, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკა ვაჩეიშვილმა 30 იანვარს, პირველ არხზე, გადაცემა “აქცენტებში“ განაცხადა - “ეს არის ურთიერთმოგებაზე, გამდიდრებაზე და ურთიერთსარგებლობაზე აგებული ხელშეკრულება.  იქნება თუ არა მისი ბოლო ვარიანტი, ვფიქრობ, რომ ის იქნება მეტი განხილვის არეში მოხვედრილი“.

საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ 13 თებერვალს, თურქი კოლეგის თბილისში სტუმრობისას, ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, ჯერ ხელს მოვაწერთ და შემდეგ გეტყვით შიგნით რა წერიაო.

“ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, საქართველოსა და თურქეთს შორის. ამ პროცესის მთავარი მიზანია უპირველეს ყოვლისა, გადავარჩინოთ ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა. როგორც კი საბოლოო ხელშეკრულება, ტექსტი იქნება შემუშავებული და ტექსტი იქნება ხელმოწერილი, საზოგადოება პირველი გაიგებს ამას“, - ასეთი პასუხი გასცა გრიგოლ ვაშაძემ ”ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტის კითხვას - რამდენი მეჩეთის აღდგენაზეა საუბარი საქართველოს ტერიტორიაზე და იქნება თუ არა შესაძლებელი თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების აღდგენის შემდეგ წირვა-ლოცვის ჩატარება?   (გაზეთი “ახალი თაობა“, 14 თებერვალი, 2011 წელი; სტატია სათაურით - თურქეთთან სასაზღვრო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდება).

სამაგიეროდ, ვრცელი და უფრო მეტის მთქმელი იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ახმედ დავით ოღლუს პასუხი, იგივე კითხვაზე:

“ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის სფეროა, რადგან ჩვენ ძირძველი, საერთო ისტორია გვაქვს. თურქეთში არსებული ისტორიული ეკლესიები, არის თურქეთის კულტურული მემკვიდრეობა. მათ რესტავრაციასთან დაკავშირებით სამუშაოებს ისედაც შევასრულებთ. ასევე საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც არის ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა და ის საქართველოს კუთვნილებაა. განსაკუთრებით ეს შეეხება აჭარის რეგიონს და ბათუმს. ასევე ამ რეგიონში არის მუსულმანი მოსახლეობა. ეს არის ურთიერთთანამშრომლობის და მეზობლობის კარგი ნიმუში და ეს პოზიტიურად უნდა იქნეს შეფასებული და განხილული. ვიმედოვნებ რომ მომავალში კულტურული მემკვიდრეობის სფეროშიც კარგად ვითანამშრომლებთ“.

ამ განცხადებებიდან ჩანს, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ქართული კულტურული მემკვიდრეობა, აქაც და ისტორიულ ტაოშიც გამოაცხადეს ”ერთობლივ კულტურულ მემკვიდრეობად”! ანუ პოლიტიკა შეიცვალა - აქამდე თუ ქართველების აშენებულ მუსულმანურ სალოცავებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თურქულად აცხადებდნენ, ახლა იგივე ძეგლები ”ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა” გახდა. 

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც მხოლოდ რეგიონალური ტელევიზიებით გავიდა ეთერში. მან თქვა, რომ ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენების საკითხზე ორი ქვეყნის ის უწყებები კი არ შეთანხმებულან, რომლებიც მოლაპარაკებას აწარმოებენ (ანუ საქართველოს და თურქეთის კულტურის სამინისტროები)?! არამედ, მეჩეთის აშენება ერდოღანსა და სააკაშვილს გადაუწყვეტიათ.

”პრემიერ-მინისტრ ერდოღანის და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დროს გადაწყდა აზიზიეს მეჩეთის აშენების საკითხი. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ამ პროექტებზე. მადლიერი ვართ ქართული მხარის“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ახმედ დავით ოღლუმ, მედიის წარმომადგენლებთან 11 თებერვალს, ბათუმში ყოფნისას (http://tv25.ge/?action=shownews&id=4160). 

”უპრეცენდენტო მასშტაბის ექსპედიცია”, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შედიოდნენ ძირითადად ის ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც სხვადასხვა ცენტრებს, მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს ხელმძღვანელობენ, საქართველოში 19 თებერვალს დაბრუნდა. სწორედ ამ ექსპედიციის წევრების გადაღებულ ფოტოებს გამოფენენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. სასიამოვნო და ამავდროულად მძიმე იქნება მათი ნახვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ უმჯობესია საჯარო გახადონ ის ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერასაც აპირებენ. ეგება და შიგნით ისეთი რამ წერია, რომ აღარც ბათუმლები იქნებიან მასზე უპირობოდ ხელმოწერის წინააღმდეგი და აღარც დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები.

მაგრამ რადგან ასე ასაიდუმლოებენ და მალავენ ხელშეკრულების ტექსტს და მასზე მუშაობის თანმდევ პროცესს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ისეთი არაფერი წერია, რაც საზოგადოებისთვის უპრობლემოდ მისაღები და მოსაწონი იქნება.