“წამლების გამოცდა მე-3 კატეგორიის ქვეყნებში ხდება. საამისოდ საქართველო იდეალურია!”
რა ხდება და ვინ აკონტროლებს საქართველოში წამლების შემოტანას? ამასთან დაკავშირებით “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ჰომოეპათი თინა თოფურია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში წამლების გაუკონტროლებლად შემოტანისა და სააფთიაქო ქსელში ყველა სახეობის პრეპარატის ექიმის დანიშნულების გარეშე გაყიდვის წინააღმდეგი იყო, აცხადებს: “წამლის შემოტანის დროს მთავარია, კომპანიებმა დაიცვან ხარისხი. წამლის შემოტანის კანონმდებლობა მოუწესრიგებელია და ძალიან ბევრი ლაფსუსია, რომელიც ვიღაცაზეა მორგებული. არსებობს ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ვისაც რა უნდა, იმას შემოიტანს”. თოფურიას თქმითვე, ამ განუკითხაობას დიდი ხანი ებრძოდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია:
- პომეოპათიური წამლების ეგიდით ძალიან ბევრი გაუგებარი რამ შემოდის. თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰომეოპათთა საბჭო არსებობდა, რომელშიც პროფესიონალები ვიყავით გაერთიანებულნი და ვცდილობდით, კონტროლი მეტ-ნაკლებად გაგვეწია. შემდეგ, ეს საბჭო გაუქმდა და ახლა სრული ქაოსია. ადამიანები ყლაპავენ წამლებს, რომლებიც ჰომოეპათიური ჰგონიათ. სინამდვილეში კი, ამ პრეპარატების მიღებას ძალიან ბევრი გართულება მოჰყვება.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მე-3 კატეგორიის ქვეყანა ვართ. დღეს წამლის ადამიანებზე გამოცდა ძალიან რთული და ძვირია. წამლის ბავშვებზე გამოცდა კი, ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში აკრძალულია. ამიტომ, წამლების გამოცდა მე-3 კატეგორიის ქვეყნებში ხდება. საამისოდ საქართველო იდეალურია - ჩვენ ევროპული რასა ვართ მე-3 კატეგორიით, თან ამ საკითხში ასეთი მოუწესრიგებელი კანონმდებლობა იშვიათია. ყველა ქვეყნის ხელისუფლება თავის მოსახლეობას უფრთხილდება. ჩვენსაზე კი ამას ვერ ვიტყვი.
შემოაქვთ წამლები და არა მხოლოდ ჰომეოპათიური, რომელიც არაა გამოცდილი... ზოგიერთი პრეპარატი პირამიდული სისტემით ვრცელდება - ერთმანეთთან დარბიან და რეკომენდაციას აძლევენ. საბოლოოდ კი, მე და ჩემი კოლეგები გართულებებს ვხედავთ: ზოგჯერ ისეთ რეცეპტს ვხდები, რომლის გამოწერაც ბავშვისთვის არ შეიძლება.
- ჰომეოპათიის საბჭო ისევ რომ შეიქმნას, საამისოდ საჭირო რა არის?
- რამდენჯერმე ვცადე, მინისტრ დავით სერგეენკოს შევხვედროდი. წერილებიც გავაგზავნე, მაგრამ ამ სფეროსადმი ინტერესი არ არის, ზედაპირულად უყურებენ. როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლებაში ისევ იმ ადამიანთა ჯგუფია, რომელმაც ეს ქაოსი შექმნა და ვისაც ამის კეთება აწყობს.
- ქალბატონო თინა, “წამლის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია” რას ნიშნავს?
- ეს, მგონი, თვითონაც არ იციან. ნებისმიერ იურიდიულ პირს შეუძლია, ნებისმიერი წამალი, რომელიც აშშ-ში, ან ევროპის ქვეყნებშია დარეგისტრირებული, შემოიტანოს. საქმე ისაა, რომ უცხოეთში რეგისტრაციის ორი ფორმა არსებობს - დროებითი და მუდმივი. დროებითი იმას ნიშნავს, რომ წამალმა გარკვეული ცდები გაიარა და დროებით დაუშვეს ბაზარზე. იმისთვის, რომ ბაზარზე პრეპარატი გრძელვადიანად დაუშვან, სტატისტიკა სჭირდებათ. უცხოეთში სტატისტიკის, ასე ვთქვათ, მოგროვება კი რთულია. ამიტომ ჩვენნაირ ქვეყნებში შემოაქვთ და სტატისტიკასაც ძალიან მარტივად იღებენ - ვიღაცა შემოიტანს, გაავრცელებენ აფთიაქში, ან კლინიკაში და წამლის მწარმოებელს მიწერს, კონკრეტული წამლით რამდენი ადამიანი მორჩა. სწორედ ამის საფუძველზე ხდება ამ წამლების ძირითადი რეგისტრაცია.
რაც შეეხება ჰომეოპათიურდა ფიტოწამლებს, აქაც ძალიან გამარტივებულია ყველაფერი - არ საჭიროებს დიდ კლინიკურ კვლევას. ნებაყოფლობითი შემოტანა იმას ნიშნავს, რომ მე შემომაქვს წამალი, რომელიც მწარმოებელ ქვეყანაში აღიარებულია. რეგისტრაციაში შემიძლია, გავატარო, ან არა. წამლების ღირებულების 18%-ს ვიხდი, ანუ მთავარია, საბაჟო მოსაკრებელი გადავიხადო. თავის დროზე, როცა დავინტერესდი, რა ხდებოდა, ის აღმოვაჩინე, რაზეც ვისაუბრე - ბევრი წამალია შემოგდებული, რომელიც ბოლომდე არაა შესწავლილი და მისი შესწავლა ჩვენთან ხდება.
- კერძო პირებს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე ცდების ჩატარების საშუალებას რატომ აძლევს?
- იცით, საქმე რაშია? - ეს ბიზნესი, ალბათ, მათ ხელში იყო, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებსა და პარლამენტში ამ საკითხებს კურირებდნენ.
- ანუ ფიქრობთ, რომ ამ ბიზნესში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები არიან ჩართულნი?
- არ ვიცი, დღეს როგორაა, მაგრამ როცა კანონმდებლობა იცვლება, ამაში იმის ინტერესი იდება, ვისაც კანონის შეცვლა ხელეწიფება.
- კანონმდებლობა შედარებით მოწესრიგებული როდის იყო?
- შევარდნაძის პერიოდში ყველაფერი მოწესრიგებული იყო. კანონმდებლობა, თუ არ ვცდები, შვიდი-რვა წლის წინ შეიცვალა. ახლა რაღაცების დარეგულირებას ცდილობენ, რაღაც ნაბიჯებს დგამენ. მაგალითად, სარეცეპტო ნუსხაში გარკვეული წამალი შეაქვთ, რაც კარგია...
- ქალბატონო თინა, თქვენი აზრით, რომელი წამალი არ უნდა იყიდებოდეს ექიმის დანიშნულების გარეშე?
- ნებისმიერი არასწორად გამოყენებული წამალი საშიშია. როცა ვამბობ, რომ სარეცეპტო წამლების ნუსხაში ყველა წამალი არ უნდა შეიტანონ, იცით, რას ვგულისხმობ? - ვთქვათ, წნევის წამალზე რეცეპტის გამოწერა წარამარა არ უნდა იყოს საჭირო. კონკრეტულად ვერ დავასახელებ, მაგრამ ძალიან ბევრია ისეთი წამალი, რომელიც რეცეპტის გარეშე არ უნდა გასცენ. თითქოს ასკილზე უვნებელი არაფერია - ადამიანები მის ნაყენს აყენებენ და სვამენ, მაგრამ ასკილის ხშირი და არასწორი გამოყენება მეორად შედეგს იწვევს, მაგალითად, შეშუპებას, რადგან ასკილს ორგანიზმიდან კალიუმი გამოჰყავს... წყალზე უვნებელი არაფერია, წერენ, დღეში 2 ლიტრი უნდა დალიოო, მაგრამ აფრიკასა და ციმბირში, ან 17, 50და 80 წლის ადამიანმა წყალი ერთნაირი რაოდენობით უნდა მიიღოს? რა თქმა უნდა, - არა!
ისე, წამლის მაფია დღემდე მებრძვის იმიტომ, რომ თავის დროზე ხმა ამოვიღე!
- ადრე მეძუძურ დედებსა და ჩვილ ბავშვებთან დაკავშირებითაც დავობდით და კონკრეტულ პრეპარატს ასახელებდით, რომელსაც ყველა სამშობიარო სახლი იყენებდა, თუმცა მისი გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლებოდა. ამ კუთხით საქმე ახლა როგორაა?
- ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, რადგან არ ვიცი, ამ კუთხით ჯანდაცვაში რა ხდება. გარედან ჩანს, რომ ქაოტური სიტუაციაა, თუმცა ახლა არის მცდელობა, რომ რაღაცები დარეგულირდეს. როგორც ვიცი, კანონმდებლობაზე მუშაობა დაიწყეს. სამწუხაროდ, ისევ ის ხალხია, ვინც თავის დროზე იყო დაინტერესებული.
მაშინ საუბარი “ველიდასპირონზე” იყო, რომელიც დღეს ხმარებაში აღარაა. კონკრეტული წამლებისა და ფირმების დასახელებას მოვერიდები, თუმცა ბევრი რამ ვიცი... ამაზე რომ ილაპარაკო, ძალიან მაგარი ზურგი უნდა გქონდეს და სახელმწიფოც უნდა იყოს დაინტერესებული.
- ანუ, აფთიაქებში ისევ არის პრეპარატები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა?
- რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ხელისუფლებას ამისთვის არ სცალია... ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს შევხვდი, რომელმაც მითხრა, ეს საკითხი არ მეხებაო. იცით, რა არის? - დონკიხოტობა მოსაბეზრებელია!
- მახსოვს, ადრე გვერდით პატრიარქი დაგიდგათ...
- ნამდვილად ასე იყო... როცა დავინახე, რომ თავი ძალიან მძიმე ბრძოლაში შევყავი და წამლის ადგილობრივ კი არა, მსოფლიო მაფიას დავეტაკე, რის უკანაც მხოლოდ წამლის კი არა, სხვა ინტერესიც იდგა, პატრიარქს რამდენჯერმე შევხვდი და, მახსოვს, უწმინდესმა თქვა, ეს არის გენოციდიო.