საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი მშენებლებს აქვთ, დაბალი კი - ბარმენებს. როგორც ირკვევა, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი (2945,2 ლარი) წყლის ნაგებობის მშენებლობაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე მილსადენებით ტრანსპორტირების (2886.1 ლარი), მესამეზე კი - კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოების სექტორია (2543.5 ლარი).
მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევიან, ასევე, ის პირები, რომლებიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით არიან დაკავებულნი და მათი საშუალო ხელფასი 2520.4 ლარია.
ხელფასების თვალსაზრისით, მიმზიდველია ხელოსნობაც- იატაკის დაგება, კედლების მოპირკეთება. ამ ხელობით დაკავებულთა საშუალო ანაზღაურება 2353.7 ლარია, სამღებრო და მინის სამუშაოები კი - 2058.7 ლარი. ყველაზე დაბალი ხელფასები ბარმენებს აღმოაჩნდათ და ის 169.6 ლარს შეადგენს.
ამ მაჩვენებლებს მეტ-ნაკლებად იზიარებს ეკონომიკის დოქტორი იოსებ არჩვაძე. For.ge-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, სამუშაოს ანაზღაურებას რამდენიმე გარემოება განსაზღვრავს: მოთხოვნა-მიწოდება, მისი ხანგრძლივობა, სირთულე და რისკი, რომელიც უკავშირდება ამა თუ იმ საქმიანობას. იმის ალბათობა, რომ საწარმოო ტრავმა მიიღონ მშენებლობასა და წარმოებაზე, უფრო მაღალია, თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში, ბარმენებიც არ არიან რისკებისგან დაზღვეულნი. კერძოდ, შესაძლებელია, ბარმენს მთვრალ კლიენტთან ჰქონდეს ურთიერთობა.
ექსპერტი აცხადებს, რომ ბევრ ქვეყანაში სწორედ მშენებლობის სფეროა ყველაზე მაღალანაზღაურებადი, ასევე,- ნავთობმოპოვება და ექსტრემალური საქმიანობა. ამ კატეგორიაშია მაშველების საქმიანობა, რომლებმაც უნდა გამოიხსნან სხვადასხვა მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები. ასე რომ, სირთულისდა მიხედვით, შრომის ანაზღაურება იზრდება.
ბარმენების მონაცემს რაც შეეხება, ექსპერტის აზრით, შესაძლოა, საკამათო იყოს და მართლაც 169 ლარს არ შეადგენდეს მათი გასამრჯელო, რადგან ბარმენთა და, ასევე, ზოგიერთი სხვა პროფესიის წარმომადგენლების ხელფასები ყალიბდება არა მარტო ხელფასით, არამედ ე.წ. ჩაიზე დანამატით.
უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში მითითებულიც კი არის, ტარიფში რამდენი პროცენტი უნდა დაუტოვონ მომსახურებისთვის ოფიციანტს, ტაქსის მძღოლს, პარიკმახერს, სილამაზის სალონის მუშაკს. ბარმენებიც მათ რიცხვში არიან. მაგალითად, აშშ-ში 1931 წლიდან მოქმედებს მინიმალური საათობრივი ანაზღაურების მაჩვენებელი, რაც უკვე 8-დოლარიან ნიშნულს გადასცდა. არსებობს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი 10 დოლარზე ავიდეს. იქაც სპეციალური პუნქტით მითითებულია, რომ საარსებო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ნახევარი შეიძლება მიეცეთ იმ პროფესიის ადამიანებს, რომელთა შემოსავლებიც ტრადიციულად ყალიბდება არა მარტო ხელფასით, არამედ ე.წ. ჩაიზე დანამატით.
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოში საშუალო ხელფასის სიდიდე მეოთხე ადგილზეა. ჩვენზე მეტი მაჩვენებელი აქვს რუსეთს, აზერბაიჯანს და ყაზახეთს. ჩვენ უკვე გადავუსწარით უკრაინას, ბელოსურსს, თუმცა მათთან შედარებით, ეკონომიკური განვითარებით მაინცდამაინც წინ არ ვართ. რაც შეეხება საშუალო ევროპულ და მსოფლიო მაჩვენებლებს, ჩვენთან საშუალო ხელფასი 800 ლარია, ამერიკაში კი - 3800 დოლარი“, - აცხადებს იოსებ არჩვაძე.
ამასთან, განმარტავს, რომ საქართველოში საჯარო სექტორში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა ხელფასები შედარებით მაღალია, ისევე, როგორც მათი სოციალური დაცულობის ხარისხი. ასევე, მაღალი ხელფასებია კერძო სექტორში, საბანკო და სადაზღვევო სექტორში. ბოლო პერიოდში სწრაფად დაიწყო ხელფასების მატება ენერგეტიკასა და გადამამუშავებელ მრწეველობაში. ამიტომ მზარდია ეს ციფრი.
შედარებისთვის, ექსპერტი აცხადებს, რომ ათი წლის წინ საშუალო ხელფასი 125 ლარი იყო. მართალია, ახლა ფასები თითქმის ორჯერ გაიზარდა, მაგრამ მაინც მატება თვალსაჩინოა და საშუალოდ 800 ლარია. ამდენად, იმ ადამიანების მოტივაცია, რომ საქართველოდან უცხოეთში ემიგრაციაში წავიდნენ, ნამდვილად შემცირდა.
სამშენებლო ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სამშენებლო სექტორში ხელფასები განსხვავებულია და, შეიძლება ითქვას, არეულია. მართალია, წლების წინ სამშენებლო სექტორში ნაკლები ხელფასები ფიქსირდებოდა, მაგრამ ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ, რაც უფრო იზრდებოდა ხელფასები, მით უფრო ბეგრავდნენ კომპანიებს, ამიტომ ოფიციალურად მშენებლებს მცირე რაოდენობის ანაზღაურება უფიქსირდებოდათ.
„ადრე საგადასახადო კოდექსში ბევრი რამ იყო დასარეგულირებელი. ახლა კი დასაბეგრი შემოსავალი 20%-ზე გააჩერეს და ყველა თანაბრად იბეგრება. თუმცა ხელფასები, რომლის გამოწერაც დღეს ხდება, მაინც გადასახედია. ჩამოყალიბებული არ არის პოლიტიკა და, ვისაც როგორ უნდა, ისე იწერს ხელფასებს. ის, რომ ხელფასები ხელოსნებს დღეს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ადრე, ეს იმითაა განპირობებული, რომ მშენებლობის დროს ხელოსნები მკვდარ სულებად უფრო ჰყავდათ გაფორმებული, ვიდრე რეალურ ადამიანებად“, - აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ.