“უკრაინის კრიზისი საქართველოსთვის კატალიზატორად უნდა იქცეს. ეს ის დროა,როცა საქართველოს საშუალება ეძლევა, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს და ამ სიტუაციიდან სერიოზული შენაძენებით გამოვიდეს. ძალიან კარგია, რომ ყველა დანარჩენი გვერდზე გადავდეთ და ევროკავშირისკენ მიზანმიმართულად მივდივართ, მაგრამ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ ხშირად ემსგავსება დონკიხოტისეულ ლირიკას, რომელსაც გვერდს სანჩო პანსას რეალობა არ უმაგრებს”, - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. მისივე თქმით, “თუ გონზე არ მოვედით, საქართველო შევა ევროკავშირში, მაგრამ დარჩება ამ ორგანიზაციის ყველაზე აზიურ წევრად ისეთი გაზულუქებული მინისტრებით, როგორიც გურამ ოდიშარიაა. ეს ის მინისტრია, ვინც, ბიუჯეტის ხარჯზე, თვეში 160 კილო ყავას სვამს, თან ლექსების წერითაა გართული, რომელსაც მერე გაზეთები აბურთავებენ”.
- ბატონო სოსო, თქვენი აზრით, ყირიმში მოვლენები როგორ განვითარდება?
- შეიძლება, რამდენიმე სცენარი ვივარაუდოთ. პუტინისთვის ყველაზე ლოგიკურია, რეფერენდუმი ჩატარდეს და საამისოდ ყველაფერი უკვე მზადაა. შედეგი წინასწარ ცნობილია, რომელსაც, ალბათ, ფედერაციის საბჭო დაამტკიცებს, პუტინი კი ვეტოს დაადებს, ანუ გათამაშდება ზუსტად ის სცენარი, რაც თავის დროზე საქართველოში გათამაშდა. პეტრედან მოყოლებული, რუსეთს არ ახასიათებს კრეატიული იდეები. მას ერთი სცენარი აქვს, რომელსაც მუდმივად იმეორებს.
რაც შეეხება მეორე სცენარს, მოვლენები ისე ვითარდება და კრიზისი გენეზისში ისე ღრმად შედის, რომ საქმე, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთსა და რუსეთს შორის ყველაზე მწვავე პოლიტიკურ კრიზისთან გვაქვს. მეტიც, 1961 წლის შემდეგ, ასეთ მწვავე დაპირისპირებასთან საქმე არ გვქონია. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ პუტინი “რუსეთის მიწების შემკრების” შარავანდედმა გაიტაცოს და ყირი მიმიიერთოს. ეს იქნება კატასტროფული შეცდომა. თუ ამას მოინდომებს, გააკეთებს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი შიშისგან გაუბედავად აფაფხურდა.
- ანუ თვლით, რომ დასავლეთი მოვლენების ადექვატური არაა?
- არა. ახლა იაცენიუკი მიდის აშშ-ში და ვნახავთ, ობამა რას შეპირდება. რუსეთისთვის ეს ე.წ. რეპრესიების თაიგული და სანქციები არაფერს ნიშნავს. დიდი ამბავი, თუ 18 კაცს ევროპაში ჩასვლა აუკრძალეს. ეს სასაცილოდაც არ ყოფნით არც რუსებს და არც - ყირიმელ სეპარატისტებს. თუ პუტინი პირველ ვარიანტზე წავა და უარს იტყვის ხელის მოწერაზე, დასავლეთი ამ სანქციებსაც გაუუქმებს და უკრაინასა და რუსეთს შორის დაიწყება მოლაპარაკება. ასეთ დროს რუსეთი შეეცდება, უკრაინასთან ერთი-ერთზე დარჩეს. ეს რუსეთის სტილია - მოლაპარაკებებში მესამე არ უყვარს. ეს იგივე ჰიტლერის სტილია, მაგრამ ერთი უნდა გავითვალისწინოთ: ისევე, როგორც ჰიტლერს, პუტინსაც არ აქვს ფაქტები, ანუ ეროვნულ ნიადაგზე ერთი რუსიც არ მომკვდარა, მაგრამ ეს რუსეთს არ სჭირდება, რადგან მთელი სეპარატისტული ვაკჰანალია ასეთი ლოზუნგით მიდის: “ჩვენ ჩვენებს არ ვტოვებთ!”
- რა მოხდება მაშინ, თუ მოვლენები მეორე სცენარით განვითარდა და პუტინი დაპირისპირებაზე ბოლომდე წავიდა?
- ამ შემთხვევაში, დასავლეთიც იძულებული გახდება, ანგარიში გაუწიოს. ყირიმი დოტაციური ავტონომიური რესპუბლიკაა - ფინანსების 45-50% უკრაინის ცენტრალური ბიუჯეტიდან მიდის, რაც ახლა რუსეთმა უნდა “აიკიდოს”. ამას დავუმატოთ ცხინვალისა და სოხუმის მადა. ამიტომ პრობლემები თავად რუსეთს შეექმნება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა უკვე კუნთების თამაში დაიწყო და სამხედრო წვრთნებში უამრავ ფულს ხარჯავს, საქმე არცთუ კარგადაა.
- ბატონო სოსო, იზიარებთ მოსაზრებას, რომ ყირიმის მოვლენები შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისის საბაბი გახდეს?
- თუკი დასავლეთს რეიგანის პოტენციის 40% აღმოაჩნდა, რუსეთს დასავლეთთან ჭიდილში საბჭოთა კავშირის ბედი ელოდება - თავის დროზე რეიგანმა ჩაითრია საბჭოთა კავშირი შეიარაღებაში, რასაც აშშ-მ გაუძლო, საბჭოთა კავშირმა კი, - ვერა და დაიშალა.
- ანუ, ყირიმი შეიძლება, რუსეთის დასასრულის დასაწყისად იქცეს?
- დიახ. საერთოდ, უკრაინელებს რუსების მიმართ დიდი სიყვარული არასოდეს ჰქონიათ. ამასთან, მთელი მსოფლიოს თვალში რუსეთი ოკუპანტია ყირიმში, აფხაზეთსა და ცხინვალში. დასავლეთს ისიც ესმის, რომ უკრაინა და რუსეთი ერთმანეთთან ბევრი რამით, მათ შორის, მრეწველობითაა დაკავშირებული და ეს დაპირისპირება უკრაინასაც დააზარალებს, მაგრამ უფრო მეტად რუსეთი დაზარალდება.
- დასავლეთი უკრაინის დახმარებას იწყებს...
- აშშ უკრაინას ერთ მილიარდ დოლარს შეპირდა, მაგრამ ეს რა თანხაა? უკრაინას დახმარებას ევროპაც პირდება, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა უკრაინა რეფორმებს გაატარებს. რეფორმები კი, პენსიებისა და ხელფასების შემცირებას, სოციალური დახმარებების გაუქმებასა და ფასების მატებას, პირველ რიგში, გაზზე გულისხმობს. გამოდის, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ახალ მთავრობას, რომელსაც კამიკაძეების მთავრობას ეძახიან, ხალხი აუმხედრდეს.
- ჩვენთანაც იგივე ხომ არ განმეორდება, ბატონო სოსო?
- სამწუხაროდ, ყველაფერი ეს ჩვენც გველოდება, როცა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყება. თუ ევროპა, მართლაც, სტრატეგიულადაა დაინტერესებული უკრაინით და საქართველოთი, მეტი შეღავათები უნდა გაგვიწიოს, თუნდაც ისეთივე, როგორც თავის დროზე კოსოვოს გაუწია.
რუსეთი მარცხს არასოდეს ეგუება - იბოღმება და ელოდება მომენტს, რომ შური იძიოს... რუსეთის მუქთახორა სეპარატისტებს - ოსებს და აფხაზებს ამდენ ფულს ვეღარ მისცემს, მაგრამ მეორეს მხრივ, რუსეთიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი, მათ შორის, - მავთულხლართების გაბმის გაგრძელებაც. ეს ძალიან რთული პრობლემაა, ამიტომ გაოცებული ვარ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულებით. არავინ აანალიზებს ამ მოვლენებს... ტელევიზიებს და თოქ-შოუებს მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოაქვთ - ეს ორთქლის გამოშვებაა, რომელსაც ხელისუფლება ახალისებს. არადა, საჭიროა, გამზადებული გვქონდეს რამდენიმე სცენარი. დასავლეთმა გვითხრა, რომ ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, მაგრამ მერე რა?.. ევროპა ხომ ღირებულებებია და მოდით, ამ ღირებულებებისთვის ერთად გავიჭირვოთ. ჩემს ოჯახში ყველა პროფესორია, მაგრამ თავი თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს. ამ დროს კულტურის სამინისტროში, ჩვენს ხარჯზე, 160 კილოგრამ ყავას სვამენ - არ ვიცი, გურამ ოდიშარიას სამინისტროში ყავის ბარია თუ რა უბედურებაა?! ასე ევროკავშირში ვერშევალთ! მთავარი სახელმწიფო ინტერესებია. ყველა თანამედროვე სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს ჯანსაღი სახელმწიფოებრივი ეგოიზმით. პირველ რიგში ეროვნული ინტერესები უნდა იდგეს და მერე - ვინმეს სოლიდარობა. ვერაფერს შევმატებ უკრაინას, თუ იქ ჩავალ და დროშას ავაფრიალებ, მაგრამ ხვალ რომ პუტინი ჩვენთან მავთულხლართების გავლებას გააგრძელებს, არც კლიჩკო, არც იაცენიუკი და არც ევროკავშირი აქ არ ჩამოვა... ჩვენ გადავედით ძალიან საშიშ რეჟიმში, როცა ერთი მოკავშირე ვერ, ან არ ეხმარება მეორეს. ჩვენც რუსული აგრესიის მსხვერპლი ვართ. გასაგებია, მაკკეინმა გვითხრა, რომ არ შეეგუება მავთულხლართებს, მაგრამ რუსმა რაღა გვითხრა? ძალიან კარგია, რომ ყველაფერს გვერდზე ვდებთ და მივდივართ ევროკავშირისკენ, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს დონ კიხოტის ლირიკაა, რომელიც გამაგრებული არაა სანჩო პანსას რეალობით. ეს გზა უნდა გავიაროთ ნაკლები დანაკარგებით და უკრაინის კრიზისი ამის შანსს გვაძლევს.
- მოკლედ, ბატონო სოსო, წინასაარჩევნოდ რუსეთი საქართველოში გააქტიურდება, არა?
- რუსეთი საქართველოში ყოველთვის აქტიურია.