თბილისის გზის საფარის ნაწილი აყრილია, „იამკები“ დღითი-დღე მატულობს, მძღოლები და ფეხით მოსიარულეები უკმაყოფილოები არიან, ავტოსახელოსნოს ხელოსნები კი კმაყოფილებას ვერ მალავენ...
საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია თბილისის მერიას საბოტაჟსა და კორუფციულ სქემაში ადანაშაულებს. იგი ვახუშტის ხიდის მახლობლად, ქუთაისის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის საფარის მძიმე მდგომარეობა და ავტომანქანების პრობლემური გადაადგილება დააფიქსირა. მსგავსი სავალალო მდგომარეობა მთელი თბილისის მასშტაბითაა. დედაქალაქში არ დარჩა არც ერთი უბანი, სადაც გზის საფარი არ იყოს დაზიანებული. მისი მტკიცებით, მერია სამუშაოების დაწყებას და ტენდერებსაც ხელოვნურად აჭიანურებს.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და 64 მილიონ ლარს შეადგენს, გზებზე სამშენებლო სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა. ამას ემატება გამგებელთა ინერტულობა, რაც, აგრეთვე, საბოტაჟს უფრო წააგავს. საბოლოო ჯამში, ნაციონალები ცდილობენ, ამჟამინდელი ხელისუფლების თითქოსდა უუნარობა წარმოაჩინონ.
ჩვენ დავინტერესდით, რით არის განპირობებული თბილისის გზების მძიმე მდგომარეობა, რატომ არ გვხვდება მსგავსი პრობლემები ევროპულ ქალაქებში, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს გზის საფარი და საშუალოდ, რამდენ ხანს უნდა გაუძლოს კაპიტალურად დაგებულმა გზამ? ასევე, საინტერესოა, ხომ არ ტარდება დედაქალაქში ე.წ. „საგზაო ტენდერები“ ტენდენციურად?!
როგორც გავარკვიეთ, თბილისის ქუჩების კაპიტალური შეკეთებისა და რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერებში ცალკეული კომპანიები იმარჯვებენ და სოლიდურ გასამრჯელოსაც ინაწილებენ, მაგრამ, როგორც წესი, თბილისური გზები ადვილად გამოდის მწყობრიდან და კითხვა ჩნდება, რამდენად ხარისხიანად შეასრულეს სამუშაოები კონკრეტულმა კომპანიებმა. რაც შეეხება მათ მიერ ათვისებულ თანხებს, ის ასე გამოიყურება: 2012 წელს შპს „პარმამ“ ვაკე-საბურთალოს რაიონში გზებზე 1 199 999-ლარიანი ტენდერი მოიგო. ზიგზაგისა და გვაზაურის ქუჩების კაპიტალურ შეკეთებაზე შპს „ალიანსმა“ გაიმარჯვა და მერიასთან ხელშეკრულება 502 032.99 ლარზე დადო. ხოლო გუდაუთის ქუჩის კაპიტალური შეკეთებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული „ცეკური“ გახდა, რომელმაც სამუშაოების 253 179 ლარად შესრულების ვალდებულება აიღო. კონსტანტინე ერისთავის ქუჩაც, ასევე, „ცეკურმა“ შეაკეთა 259 700 ლარად; პეტრე ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია 428 999.85 ლარად „ჯეო პლაზამ“ განახორციელა და სხვა.
თბილისის გზების ხარისხთან დაკავშირებით სპეციალისტებს ვესაუბრეთ.
შპს საქართველოს გზათა სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო ტექნოლოგიური კომპლექსური ინსტიტუტის „საქგზამეცნიერების“ გენერალური დირექტორი თამაზ შილაკაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გააჩნია, რომელ გზაზე როგორი საფარი დააგეს და რამდენ ტრანსპორტს უძლებს. მაგალითად, ჩვენ თუ დავაგეთ ერთი ფენა ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, უნდა ინახოს, შეიძლებოდა კი ერთი ფენის გადაგება, თუ საჭირო იყო გზის საფარის გაძლიერება?!
მისი თქმით, ვთქვათ, გზას უნდა ემუშავა 15 წელი და ამ დროს იმუშავა 10 წელი. ამ შემთხვევაში, სპეციალისტები უნდა დააკვირდნენ, გზის რა ნაწილი ინგრევა. თუ 15 წლის განმავლობაში რომელიმე გზაზე სადღაც სანიაღვრეები, ჭები, მისასვლელი ადგილები „ჩაჯდა“, ეს სულ სხვა რამეა, ეს ექსპლუატაციის ვადაა და არა - მშენებლობის. ხოლო, თუ დაიბზარა და გასკდა, ამოიყარა ასფალტი ან ბეტონი, ეს სულ სხვა რამეა. ამიტომ ამას ადგილზე შესწავლა სჭირდება.
ჩვენს შეკითხვაზე, თბილისის გზები რატომ გამოდის მწყობრიდან ერთ-ორ წელიწადში, მაშინ, როცა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ასფალტი დღემდე შენარჩუნებულია, მან განმარტა: „ის გზა დაინგრა და ეს გზა არ დაინგრა - ასეთი მიდგომა არასწორია. ის გზა შეიძლება დაინგრეს, რადგან მასზე უმძიმესი ტრანსპორტი გადადგილდება - ტროლეიბუსები, დიდი ავტობოსები, მძიმე ტვირთები. ყველა გზას თავისი მუშაობის ვადა აქვს და ის გათვალისწინებული უნდა იყოს ტრანპორტის მოძრაობის ინტენსიობასა და ტრანსპორტის სიმძიმეზე“.
მანვე განმარტა, რომ უნდა გაიხსნას გადატვირთული კვანძები, შეისწავლონ საგზაო ნაკადი, შედგეს მთელი ქალაქის ტრანსპორტის მოძრაობის ერთიანი სქემა და ყველა აყრილი გზა რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. ეს მოგვარებადია და აღნიშნული საუშაოები უნდა განახორციელონ სამეცნიერო-კვლევითმა და საპროექტო კომპანიებმა.
„კომუნისტების დროს სხვა სისტემა იყო, ანგარიშობდნენ მოძრაობის ინტენსიობას, ტვირთებს, დღეს ათჯერ გაიზარდა მოძრაობის ინტენსიობა. ამ ინსტიტუტს 49 წელია ვხელმძღვანელობ და ის ინტენსიობა, რაც 5 და 3 წლის წინ იყო, სამჯერ გაიზარდა. მოსახლეობაც გაიზარდა. თუ გუშინ 100 მანქანა დადიოდა, დღეს 200 დადის. ამ დროს გზის საფარი 100 მანქანაზე იანგარიშეს, ეს ეყოფა 200 მანქანას? უნდა ჩაიხედონ პროექტში, გაარკვიონ, როგორ დააპროექტეს და დააგეს გზა, უნდა შეამოწმონ საფარის ზედა ფენა, შეისწავლონ, რა დააგეს და მერე თქვან, დანაშაულია თუ არა ჩადენილი. საამისო ლაბორატორია ხომ არსებობს? თორემ, ბევრი დანაშაულია წლების მანძილზე ჩადენილი. შეიძლება, გზა არ არის კარგად დატკეცილი, შეიძლება, ეზოებში „კატოკი“ - სატკეცი ვერ შედის. ამას პერსონალური შეფასება სჭირდება. ამასთან, გზას აფუჭებს წყალი. თუ წყალი არ მოაცილე, იღუპება გზები“, - აცხადებს თამაზ შილაკაძე.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ტენდერების დროს შეფასებები უნდა მოხდეს არა ნაკლები ფულის ხათრით, არამედ კომპანიის ისტორიით და ხარისხიანობით. შესაძლოა, კარგმა კომპანიამ გაცილებით მეტ თანხად შეაფასოს გზის დაგება და ამ დროს ტენდერებში იმ უვარგისმა კომპანიამ გაიმარჯვოს, ვინც დაბალ ფასად შესთავაზა მერიას მომსახურება.
იმის გასარკვევად, თუ რატომ არ მოწმდება დაგებული გზების ხარისხიანობა, ჩვენ თბილისის მერიის ლაბორატორიის უფროსს ვაჟა ქოქრაშვილს დავუკავშირდით. თუმცა ის პასუხის გაცემას თავს არიდებდა, ხანაც თავს იკატუნებდა, თითქოს, ჩვენი კითხვა არ ესმოდა და ვერ გაეგო, რას ნიშნავდა გზების სისტემატური შემოწმება და ა.შ.
„თბილისის გზები, რა თქმა უნდა, მოწმდება. მუშაობა როდესაც მიდის, ყოველთვის მოწმდება. არ მესმის, რას ნიშნავს პერიოდული და სისტემატური შემოწმება? რას მელაპარაკებით, თუ გადაწყვეტილი გაქვთ, დაწეროთ თქვენი პოზიცია, დაწერეთ. არც ის ვიცი, ნამდვილად პრესის წარმომადგენელი ხართ, თუ სხვა სამსახურის“, - ამის შემდეგ მან მობილური გათიშა.
ჩვენ თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტს მიხეილ ძაგანიას დავუკავშირდით. მან თბილისის გზების მასობრივ დაზიანებასა და გზის საფარის დაგების დროს დაშვებულ უხარისხობაზე ისაუბრა.
„შემდგომი კვლევის საგანია, თუ რატომ აიყარა ახლადდაგებული გზა. თუ ხუთ წელზე და მეტი ხნით დაგებული გზა არის, მაშინ შესაძლებელია, შეკეთებებს დაექვემდებაროს და აქ პრობლემა არ არის, მაგრამ, თუ ერთი წლის ან მაქსიმუმ, ორი წლის დაგებული გზაა და მასობრივად ფუჭდება, აქ ხარისხის პრობლემასთან გვაქვს საქმე დაგების პროცესში. თამარაშვილის ბოლოში, ვაკის პარკის მიმდებარედ არის დაზიანებები და სხვა. უბრალოდ, ლაბორატორიაში უნდა მივიდეს შესაბამისი სამსახური და შეუკვეთოს ამ გზების შემოწმება. დაგების მომენტს რაც შეეხება, დაწესებულება აცხადებს ტენდერს, რომელშიც იმარჯვებს კომპანია და ძირითად ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ ამ გზას ისე არ ჩაიბარებს მერია თუ სამინისტრო, თუკი არ იქნება ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. როგორც წესი, სამხარაულის ექსერტიზის ბიუროა ის უწყება, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოს ექსპერტიზებას ახდენს. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ შემთხვევაშიც საფუძვლიანად არ ხდება სამუშაოების შემოწმება და ანალიზი, რაც შემდეგში უკვე პრობლემა ხდება და რისი შედეგიცაა ის, რაც დღეს გვაქვს ქალაქში. პირადად მე სულ ბოლოს რომში გახლდით და იქ გაფუჭებული გზა არ შემინიშნავს“, - აღნიშნა მიხეილ ძაგანიამ.
მისი თქმით, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში არ ჩაიდო სამშენებლო სამუშაოს სტანდარტი, მაშინ პროდუქცია უხარისხო იქნება. საბოლოოდ კი, თბილისის გზებზე შექმნილი პრობლემები კომფორტული გადაადგილების შენელებას, დროისა და საწვავის ზედმეტ ხარჯვას უკავშირდება.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ ნიკო ხაჩირაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მერიას კონკრეტული დავალება მიეცა, სასწრაფო წესით მოახდინოს ყველა დანგრეული გზის რეაბილიტაცია. ზოგიერთი გზა ფრაგმენტულად არის შესაკეთებელი, ზოგი კი - კაპიტალურად.
„გასული წლების ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, ყინვებისა და ნალექების შემდეგ მსგავსი პრობლემა ქალაქის ქუჩებს ყოველთვის ახლდა. ახლა მთავარია, სწრაფად ამოივსოს ორმოები. ამ შემთხვევაში ცოტა დააგვიანა მერიამ. ზოგადად, მთელ თბილისში იგრძნობა ქვეითად თუ მანქანით მოსიარულეების სამართლიანი პროტესტი. ამ საქმეში 64 მილიონი სწორედ იმიტომ ჩავდეთ, რომ თბილისის გზები მეტად მოწესრიგდეს, თორემ მერიის მიერ შემოთავაზებულ ბიუჯეტში ეს თანხები გაცილებით ნაკლები იყო. ჩვენი რეკომენდაციაა, შიდა საუბნო გზებისა და ცენტრალური მაგისტრალების რეაბილიტაცია განხორციელდეს და, პარალელურ რეჟიმში, დაიწყოს შემოგარენის, ანუ ახლად შემოერთებული ტერიტორიების საგზაო საფარით მოწესრიგება - დიდგორის მიმართულება, ძველი ვეძისი, გიორგიწმინდა, მუხიანი 2“, - გვითხრა ნიკო ხაჩირაშვილმა.
ჩვენ დავუკავშირდით თბილისის მერიასაც, სადაც გვითხრეს, რომ ამ თემაზე კომპეტენტური მთაწმინდის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ მელია იყო. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, თბილისის მერიას და გამგეობებს არანაირად არ აწყობთ საბოტაჟი და ისინი იანვარ-თებერვალ-მარტის ჩათვლით საგზაო სამუშაოებს შეუჩერებლად ახორციელებდნენ. თუმცა არის შემთხვევები, სადაც ვერ მოეწრო ასფალტის დაგება და ბევრად გაუარესდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული. კერძოდ, ძალზე მკაცრი ზამთარი იყო, ძლიერი ყინვებით და დაზიანდა ის ქუჩები, რომლებიც კაპიტალურად ვერ შეკეთდა. ხოლო, სადაც კაპიტალურად შეკეთდა ქუჩები, დაიგო ახალი გზის საფარი, ის ადგილები არ დაზიანებულა.
„24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები ათივე რაიონში, სულ რაღაც ორ კვირაში თბილისელები იგრძნობენ სხვაობას. საბოტაჟზე საუბარს ადამიანი რომ იკადრებს, მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება. ჯაბა სამუშიას ვურჩევ, პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, ერთად შევებრძოლოთ ამ პრობლემას. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ტენდერები ტარდებოდა და ჩატარდება აბსოლუტურად გამჭვრვალედ. შეუძლებელია იქ ჩარევა, რადგან ელექტრონულ ფორმატში ტარდება ტენდერები. იმარჯვებს ის, ვინც აფიქსირებს დაბალ ფასს, რაც ტენდერებისთვის არის დამახასიათებელი. როცა ასფალტის საფარის დაგებას ვასრულებთ, ამ სამუშაოს უტარდება ექსპერტიზა, ექსპერტის დასკვნა იდება, რამდენად სწორად შეასრულა ამა თუ იმ კომპანიამ სამუშაოები. ასე რომ, გამორიცხულია ხარვეზების გაპარვა“.