უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, სავარაუდოდ, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთი უკრაინაში 16 მარტს ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმის შემდეგ "ინტერპრესნიუსი" პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა.
- ბატონო ვლადიმერ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის ნაკლებობა არ არის, აშკარაა, რომ თქვენთან არსებულ ვითარებაზე მაინც წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება. თქვენ როგორ შეაფასებდით ყირიმში და დანარჩენ უკრაინაში არსებულ ვითარებას?
- ახლა მთავარი პრობლემაა არა უკრაინაში არსებული მდგომარეობა, არამედ - ყირიმში მიმდინარე პროცესები. რუსეთი ცდილობს უკრაინის ზოგიერთ რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას, პრორუსული ძალების საშუალებით მოსახლეობაში ახალი ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების გამოწვევას. ვფიქრობ, ამგვარი პროცესები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში 16 მარტისათვის დაგეგმილი რეფერენდუმის შემდეგაც გაგრძელდება. აშკარაა, რომ მოსკოვი ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებით უკრაინის სხვა რეგიონებისთვის პრეცედენტის შექმნას ცდილობს. როგორც ჩანს, რუსეთს ყირიმის არა მარტო პლაცდარმად, არამედ უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში რეფერენდუმის ჩატარების მაგალითად გამოყენება სურს. ვგულისხმობ იმ რეგიონებს, სადაც რუსული მოსახლეობა საკმაოდ დიდია.
ამის კარგი მაგალითია დონეცკში მოქალაქეთა დაპირისპირების ინსპირირება, რომლის დროსაც უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერი ორი მოქალაქე დაიღუპა. სამწუხაროა, რომ სამოქალქო დაპირისპირების ინსპირატორები უკრაინაში რუსეთიდან ჩასული მოქალაქეები არიან. ამას წინათ ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში და დონეცკში ამავე ოლქების ადმინისტრაციულ შენობებზე იერიშები სწორედ რუსეთის მოქალაქეებმა მიიტანეს. ვინც კრემლიდან უკრაინაში ამგვარ პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს, მათ აშკარად არ ესმით უკრაინაში არსებული რეალური ვითარება.
რა თქმა უნდა, ახლა მთავარი პრობლება ყირიმია. ფაქტობრივად, ამ რეგიონის რუსეთთან მიერთება მზადდება. ყირიმი მნიშვნელოვნად განსხვავდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან ანაც დნესტრისპირეთისაგან, ვინაიდან რუსეთის საზოგადოებას ყირიმის მიმართ თავისებური ისტორიულ-ფსიქოლოგიური კომპლექსი აქვს და ყირიმს თავის ნაწილად განიხილავენ. პუტინმა გადაწყვიტა სწორედ ამაზე ეთამაშა, გაეზარდა თავისი პირადი რეიტინგი, პოპულარობა და გაეძლიერებინა ქვეყანაში მისი რეჟიმი.
აშკარაა, რომ ყირიმის თემის გააქტიურებით პუტინი რუსეთში შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას ცდილობს. ამგვარი ნაბიჯები პუტინმა იმისდა მიუხედავად გადადგა, კარგად იცოდა თუ რა პრობლემები შეექმნებოდა მასაც და რუსეთს საერთაშორისო ურთიერთობებში.
16 მარტის რეფერენდუმის შემდეგ პროცესები სხვა სიბრტყეში გადავა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ უკრანის კონსტიტუციისა და კანონების დარღვევით დანიშნული რეფერენდუმი, რომლის ჩატარების დროსაც სხვა ქვეყნის სამხედროები რეალურად აკონტროლებენ ნახევარკუნძულს, ფარსი იქნება. რეფერენდუმის ჩატარებით რუსეთს თავისი ნამოქმედარის ლეგალიზება სურს.
- რუს ექსპერტთა ნაწილი, რომლებიც არა ლიბერალური, არამედ იმპერიული მსოფლმხედველობით გამოირჩევიან, ვარაუდობენ, რომ რუსეთის მიზანი არა ყირიმის მიერთება, არამედ იმის მიღწევაა, რომ უკრაინა არ იყოს უნიტარული სახელმწიფო, ყირიმი უკრაინაში დარჩეს, რითაც რუსეთს საშუალება ექნება, სერიოზული გავლენა შეინარჩუნოს მთლიანად უკრაინაზე. თქვენ გამორიცხავთ, რომ კრემლის გეგმა ახლა სწორედ ასეთი შეიძლება იყოს?
- რუსეთი ზეწოლას ახორციელებს არა მარტო უკრაინაზე, არამედ მთელ დასავლეთზე და ცდილობს, იგი ფაქტის წინაშე დააყენოს. სინამდვილეში, ყირიმი მხოლოდ დასაწყისია და აქ შეიძლება იყოს მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარი. ყველაზე ცუდი სცენარი ე.წ. ქართული სცენარი იქნებოდა. ვგულისხმობ უკრაინის ტერიტორიაზე რუსულ სამხედრო შეჭრას. არ არის გამორიცხული, სწორედ 16 მარტს ხარკოვში, დონეცკსა და დნეპროპეტროვსკში დაგეგმილ აქციებზე თავად რუსებმა გაიკეთონ ორგანიზება პროვოკაციების, რამოდენიმე ადამიანი გარდაიცვალოს და ამის გამო შემოვიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ქვედანაყოფები.
- ანუ, თქვენ ეთანხმებით აშშ-ის დაზვერვის დირექტორ ბენანს, რომლის მტკიცებითაც, რუსეთი მზად არის, დაიპყროს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონები?
- ბენანსაც რომ არ განეცხადებია, ჩვენ საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ იმის თაობაზე, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება რუსული სამხედრო ძალების კონცეტრაცია. სამწუხაროდ, ამგვარი ალბათობა საკმაოდ დიდია. არავინ იცის, რა გეგმით იმოქმედებს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, ადამიანი, ვინც რუსეთში გადაწყვეტილებებს იღებს. შესაძლოა, სამხედრო შეჭრა არ მოხდეს და რუსეთის მოქმედება უფრო "რბილი" იყოს. ჩემი აზრით, ყირიმის შემდეგ რუსეთი უკრაინის რუსულენოვან რეგიონებში ვითარებას დესტაბილიზაციას და ყირიმის სცენარით მოქმედებას შეეცდება. ასევე შეეცდება, ჩაშალოს 25 მაისისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები. შემდეგ კი, შეიძლება მოხდეს ქვეყნის გახლეჩა და რუსულენოვან რეგიონებში ყირიმისა და აფხაზეთის მსგავსად კვაზი-სახელმწიფოების ხელოვნურად შექმნა, რომლებიც რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იქნება; ანაც შეეცდება, აიძულოს უკრაინის ხელისუფლება, ქვეყანა გახდეს ფედერალური, რომლის სუბიქეტებიც იქნებიან ის რეგიონები, რომელსაც რუსეთი უკრაინაში მის მიერვე ინსპირირებული დესტაბილისაციის შემდეგ შექმნის. ამით რუსეთი შეეცდება კიევის ხელისუფლების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ბლოკირებას. ბლოკირება უპირველესად შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც უკრაინის საგარეო ვექტორსა და უკრაინის ევროპულ არჩევანს შეეხება.
- უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ანდრეი პარუბიის მტკიცებით, უკრაინული არმია და სხვა ძალოვანი უწყებები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. შეიარაღებული ძალები პრაქტიკულად არ არსებობს. რჩება შთაბეჭდილება, რომ იანუკოვიჩი და მისი ძალოვანი უწყებების მინისტრები კრემლისთვის მუშაობდნენ და ის, რაც ახლა ხდება, ამისათვის რუსეთი კარგა ხანია, ემზადებოდა?
- იანუკოვიჩი მხოლოდ თავის ინტერესებით ხელმძღვანელობდა და მისი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ძარცვა იყო. რა თქმა უნდა, მას არ უზრუნია ბრძოლისუნარიანი უკრაინული ჯარის შექმნაზე.
კიევში თებერვალში განვითარებულმა პროცესებმა გამოიწვია სახელმწიფო სტრუქტურების სრული დემორალიზაცია. ახლა ხდება მათი ქმედუნარიანობის აღდგენა და მართვის სისტემის შექმნა. ეს პროცესები უკრაიანის შეიარაღებულ ძალებსა და მილიციაში დაწყებულია. ყველას იმის გამო ეშინია, რომ არ იციან, თუ რა იქნება ხვალ და ზეგ. მაგრამ არის დადებითი ტენდეციებიც. ყირიმში უკრაინულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ ბრძანება, არ დაიწყონ სამხედრო მოქმედებები და რუსი სამხედროების პროვოცირება არ გამოიწვიონ. კიევში ყველას კარგად ესმის, რომ პუტინს უნდა უკრაინული ხელისუფლების პროვოცირება და ახალმა ხელისუფლებამ პირველმა გახსნას ცეცხლი, რაც მას საშუალებას მისცემს, დაიწყოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, დაძრას ტანკები კიევისკენ.
აქვე უნდა ითქვას, რომ არა მარტო ყირიმში, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებში უკრაინული ჯარი უკრაინის ერთგულებისთვის მიცემული ფიცის ერთგული რჩება. თუ რუსეთი, ყირიმის გარდა, თავისი შეიარაღებული ძალებით აქტიურ სამხედრო მოქმედებებს ქვეყნის სხვა ნაწილებში დაიწყებს, უკრაინული არმია და რიგითი მოქალაქეები თავს დაიცავენ. ვითარება საკმაოდ რთული და კრიტიკულია. ახალ ხელისუფლებას საკმაოდ კრიტიკულ ვითარებაში უწევს სახელმწიფო სტუქტურების ქმედუნარიანობის აღდგენა. ყველაფრის მიუხედავად, არც იმის თქმა არ შეიძლება, რომ ყველაფერი დანგრეულია და უკრაინას არ შესწევს წინააღმდეგობის გაწევა.
- რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები დაჟინებით იმეორებენ, რომ უკრაინას დაკარგული აქვს სახელმწიფოებრიობა. თუ რუსეთმა აქტიური სამხედრო მოქმედებები მაინც დაიწყო რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, თქვენი აზრით, რა ნაბიჯებს გადადგამს და რამდენად ეფექტურად შეძლებს უკრაინის ხელისუფლება აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევას?
- პასუხი მარტივია, უკრაინა თავს დაიცავს. რაც შეეხება თქვენს მიერ რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მოყვანილ მოსაზრებებს. ჩემი აზრით, რუსული პროპაგანდა მითების ტყვეობაშია. თუნდაც რად ღირს მათი განცხადება, თითქოს კიევში ხელისუფლება ხელში აქვთ ჩაგდებული ექსტრემისტებსა და ფაშისტებს. ეს ასე არ არის. უკრაინის მემარჯვენე რადიკალ-ნაციონალისტები ხელისუფებაში წარმოდგენილი საერთოდ არ არიან. პარტია "თავისუფლებას" რადაში თავისი ფრაქცია ჰყავს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას. ახალი ხელისუფლების ძირითადი ნაწილი პროევროპულადაა განწყობილი და ისინი სულაც არ არიან არც ექსტრემისტები და არც ბანდიტები. ეს ყველაფერი კრემლის პროპაგანდის მითებია.
ვითარება მარტივი არ არის, ვინაიდან უკრაინაში გარდამავალი პერიოდია და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ამის შემდეგ ჩასატარებელი იქნება საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, ახალი ხელისუფლების ფორმირება. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არიან პრორუსულად განწყობილი ადამიანები, მაგრამ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ქვეყნის გახლეჩა. ეს არ სურს არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ ელიტებს.
- უკრაინის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკოლაი მალომუჟას შეფასებით, რუსეთი არ არის მზად უკრაინასთან ომისათვის და, რაც რუსულ არხებზე ხდება, სხვას არაფერს არ ემსახურება, თუ არა ვითარების ხელოვნურად დაძაბვას, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრული კონტროლი აღადგინოს. მაგრამ, როგორც ჩანს, არ იციან, რომ ამის გაკეთება პრაქტიკულად შეიძლებელია. . .
- მე უკვე ვთქვი, რომ პუტინი მარტო ყირიმზე არ გაჩერდება და უკრაინის დაყოფის გზით უკრაინაზე კონტროლის აღდგენას შეეცდება. ჯერ ძნელია იმის თქმა, გამოიყენებს თუ არა პუტინი ამისათვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. ამის ალბათობა მართლაც არსებობს. თუ რუსეთი უკრაინასთან ომს დაიწყებს, ეს კატასტროფა იქნება თავად რუსეთისათვისაც. კატასტროფა არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკურიც და ეკომომიკურიც.
თუ რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, რუსეთს დასავლეთთან მკაცრი დაპირისპირება მოუწევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პუტინს გააჩერებს. აშკარაა, რომ ახლა პუტინი ძალიან სარისკო თამაშს თამაშობს. იგი ყირიმში ომის გამოუცხადებლად ცდილობს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას. ამიტომაც ვამბობ - ყველაზე სავარაუდოა, რომ რუსეთი შეეცდება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ამის შემდეგ ყირიმში უკვე აპრობირებული სცენარის შესაბამისად მოქმედებას.