მიხეილ სააკაშვილს შავ ლაქად მიჰყვება ბიძამისის ბიოგრაფია

მიხეილ სააკაშვილს შავ ლაქად მიჰყვება ბიძამისის ბიოგრაფია

ამდენი ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია უდრტვინველად იტანდა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. თუმცა მისი გააქტიურების დროც დადგა და ამჟამად ის სარჩელის შეტანას გეგმავს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიხელ სააკაშვილს უკრაინაში ჩაყვანილი ჰყავს საკუთარი ბიძა.

„ჩემი ინფორმაციით, ის „კა-გე-ბე“-ს ყოფილი პოლკოვნიკია და „ყოფილები“, ხომ იცით, არ არსებობენ მაგ სფეროში. მე უბრალოდ, მეგობრულად ვურჩევდი ამ ადამიანებს, რომ ნაკლებად დაუჯერონ მიხეილ სააკაშვილის რჩევებს, რადგან მეეჭვება დავიჯერო, რომ ის სასარგებლო რჩევებს აძლევს მათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასე რომ, ამ გამონათქვამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის პირველი სარჩელიც მზადდება ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ.

თემურ ალასანიას წინააღმდეგ სკანდალური ბრალდებები პერიოდულად აქტიურდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ბიძის სახელს იარაღით უკანონო ვაჭრობისა და ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმესთან აკავშირებდნენ, ასევე, საუბრობდნენ მისი და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობისა თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მისი საეჭვო გააქტიურების შესახებ.

დაახლოებით ერთი თვის წინ პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ საქართველოდან იარაღი სირიაში ჩადიოდა და საეჭვო შესყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ხორციელდებოდა ალასანიას მონაწილეობით. ასევე, საინტერესო იყო, რა უნდოდა თემურ ალასანიას გენერალ ბორისოვის მანქანაში, რატომ სურდა სააკაშვილის ბიძას ტექნიკისა და შეიარაღების მაქსიმალურად გაწერა ომის დროს და მოსახლეობის უსაფრთხოების და მიცვალებულთა გადმოსვენების ნაცვლად, სტალინის ძეგლის აფეთქებაზე რატომ ზრუნავდნენ?!

ამავდროულად, ვრცელდება ხმები, რომ ჟვანიას მკვლელობაში შესაძლოა, თემურ ალასანიას ხელიც ერიოს, რადგან მას დაპირისპირება ჰქონდა პრემიერ ჟვანიასთან. ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ პროკურატურას ახალი მასალებიც მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ლიკვიდაცია თემურ ალასანიასა და ერიკ გუდისის საქმიანობას უკავშირდებოდა. „ვიცი, რომ არსებობდა და არსებობს კონკრეტული მაფია, რომლის ნათლიმამაც გახლავთ ბატონი თემურ ალასანია და ბატონი ერიკ გუდისი, რომელიც იარაღის გაყიდვით ძალიან დიდ ფულს აკეთებდა. ამ მაფიის წინააღმდეგ გამოვიდა ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია. 2005 წლის იანვარში იყო მუქარის ზარი ამ მაფიის ერთ-ერთი წევრისგან, კერძოდ, ერიკ გუდისისგან, რომელიც გახლავთ პუტინის დაახლოებული წრის წარმომადგენელი და მისი მუქარა ასე ჟღერდა, რომ მთავრობის ორი წევრი (ლაპარაკი იყო ზურაბ ჟვანიასა და კახა ბენდუქიძეზე), ერთი თვის მერე აღარ იქნებოდა იმ თანამდებობაზე, რომელზეც იყვნენ“, - განმარტავდა ირაკლი კაკაბაძე.

ცდილობს თუ არა თემურ ალასანია საკუთარი წარსულისგან დისტანცირებას, იყო თუ არა იგი სააკაშვილის ხელისუფლების რუხი კარდინალი და რა მისიით ჩავიდა უკრაინაში სააკაშვილთან ერთად?! ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრნენ.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე For.ge-სთან საუბარში იხსენებს, რომ წლების წინ თბილისში თემურ ალასანიას ასაკის კაცები ხშირად ამბობდნენ, რომ ალასანიას კგბ-ს თანამშრომლის სახელი ჰქონდა ჯერ კიდევ სკოლის უფროს კლასებში და შემდგომ პერიოდშიც. მარტივად, მაშინ ასე განმარტავდნენ, რომ ის იყო კგბ-სთან შეკრული ადამიანი.

დღესდღეობით ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ თემურ ალასანია, როგორც რუსეთის მოქალაქე, სწორედ რუსეთის კვოტით მოხვდა გაეროში და მუშობდა გაეროს სამხედრო შესყიდვებთან დაკავშირებულ სტრუქტურებში მაღალ თამამდებობაზე. ვინც ერკვევა რუსულ სტრუქტურებში, მან კარგად იცის, რომ ამ თანამდებობაზე სამუშაოდ არ აგზავნიან ადამიანს, რომელიც არ არის კგბ-ს, ანუ ამჟამინდელი ფსბ-ს სრული ნდობით აღჭურვილი პირი. პეტრე მამრაძისთვის ესეც ირიბი მტკიცებულებაა, რომ ალასანია მართლაც იყო და არის კგბ-ს ოფიცერი.

„ამის მიუხედავად, მე არასდროს მინახავს ამის დამადასტურებელი საბუთები. დოკუმენტურად ვერავინ დაუმტკიცებს კგბ-ს ფარულ აგენტს, რომ ის აგენტია. მხოლოდ მისი ხელმძღვანელობა თუ მოახდენს მის ლუსტრირებას, რასაც რუსები არ გააკეთებენ. ამიტომ თემურ ალასანიას გარანტია აქვს, რომ ამ საქმიანობაში მას დოკუმენტურად ვერავინ ამხელს. ამითაც აიხსნება თემურ ალასანიას გააქტიურება და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანით აპელირება“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ამასთან, არ მალავს, რომ მისთვის კარგად იყო ცნობილი წლების განმავლობაში ალასანიას აქტიურობის შესახებ. სწორედ ის აქეზებდა სააკაშვილს და საზოგადოებაშიც ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს, რუსეთთან მოლაპარაკება შედგა, თითქოს, ცხინვალთან თუ აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთი პრობლემებს აღარ შეგვიქმნის და მწვანე შუქი ანთებულია; ასევე, თურმე მწვანე შუქია ანთებული ამერიკის მხრიდან და შეიძლება, ოპერაცია ჩავატაროთ წარმატებულად და დავიკავოთ ჩვენი ტერიტორიები. სინამდვილეში, ყველამ იხილა, რითიც დაგვირგვინდა ეს ყველაფერი 2008 წელს.

პეტრე მამრაძის აზრით, როცა თემურ ალასანიას მსგავსი ადამიანი ასრულებს დავალებას და, თანაც, აქვს მატერიალური პირადი ინტერესი, რა თქმა უნდა, ის თავის დისშვილს არანაირად არ გაუფრთხილდება. მით უმეტეს, ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს მისი დისშვილი, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და იქიდან გვეუბნება, რომ გაცილებით მაღალი ხელფასი აქვს საქართველოსთან შედარებით.

„შესაბამისად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თემურ ალასანია არის ფსბ-ს შეგნებული აგენტი, ხოლო სააკაშვილს იგი იყენებს, როგორც გავლენის აგენტს. მსგავს საერთაშორისო სტრუქტურებში არსებობს ტერმინი - „სასარგებლო იდიოტი“. ეს სალანძღავი სიტყვა არ არის. ამ ტერმინით სპეცსამსახურებში აღნიშნავენ ადამიანებს, რომლებიც იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ სპეცსამსახურის დავალებას ასრულებენ. შეიძლება, ასეთი ადამიანი თავისი ფიქრით გულანთებული პატრიოტიც იყოს, მაგრამ მას მანიპულირებდეს უკვე სპეცსამსახურის ნამდვილი წარმომადგენილი. ეს საკმაოდ ხშირი იყო მსოფლიოში და ამის გამოაშკარავებული მაგალითებიც ბევრია. აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი უკვე შეგნებულად ემსახურებოდა პუტინის რეჟიმს. მათ შორის, მერაბიშვილის გავლენითაც. ეს ჩემი ეჭვია და ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას, მაგრამ შედეგებიდან ასე ჩანს.

გაიხსენეთ, ბიძამისს ყოველთვის ჰქონდა დიდი გავლენა მასზე, მაშინაც კი, როცა აგვისტოს ომის შემდეგ პრესაში სკანდალი იყო, რაც სააკაშვილის იმიჯზე ცუდად მოქმედებდა, მან მაინც ღიად დანიშნა თემურ ალასანია გრიგოლ ვაშაძის მრჩევლად“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

თუ რატომ ვერ შიფრავს უკრაინის ახალი ხელისუფლება ბიძა-დისშვილს, ანუ ალასანია-სააკაშვილს, ეს პეტრე მამრაძისთვისაც ამოუხსნელია. მისთვის ისიც გაუგებარია, ვისთან ახერხებს სააკაშვილი უკრაინაში ურთიერთობას.

„ნამდვილად გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ უკრაინელებმა მართლაც დაიახლოვეს სააკაშვილი და მართლაც უსმენენ მის რჩევებს. ეს ცუდს მოუტანს უკრაინის ხელისუფლებას. სააკაშვილმა 2048 სპეცნაზელი რომ შეაგზავნა უკრაინაში, ამის შედეგ კიევში ვითარება ისე შეიცვალა, უცნობმა პირებმა შოთა რუსთაველის ძეგლს თხევადი ცემენტი გადაასხეს. ღმერთმა ნუ ქნას, სააკაშვილმა ბიძამისთან ერთად, ახლაც ისეთი პროვოკაცია მოაწყოს, რომ ეს აისახოს ჩვენს ურთიერთობაზე უკრაინასთან. ის ისეთ რჩევებს მისცემს, რასაც პუტინი ინატრებდა. ლინკოლნ მიტჩელი წერდა, სააკაშვილმა პუტინს აუსრულა ის, რასაც მისი პირადი აგენტიც ვერ აუსრულებდა“.

For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ამჟამად სააკაშვილი აგონიაშია და არ იცის, რა გააკეთოს. მან ამერიკიდანაც მიიღო პანღური და რუსებზე უკვე აღარ არის საუბარი. თუ რატომ გააქტიურდა მაინცდამაინც ახლა თემურ ალასანია, ვახტანგ მაისაია ამ ფაქტს ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს, რომელსაც შავ ლაქად აქვს ბიძამისის ბიოგრაფია. სააკაშვილს უჭირს თამაში ამერიკის ადმინისტრაციასთან და სურს, ბიძისგან დისტანცირება მოახდინოს, რომელიც არის ე.წ. „აბუზა“ ანუ ტვირთი მისთვის. ამდენად, ესეც მიხეილ სააკაშვილის პიარ-ტექნოლოგიური ნაბიჯია, რომ მას სურს ბიძისგან გათავისუფლდეს. სწორედ ამას უკავშირდება თემურ ალასანიას დემაგოგიური სვლები, რომელიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მოქმედი ოპერატიული თანამშრომელია.

ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, თემურ ალასანია მართლაც იყო საბჭოთა კავშირის კგბ-ს ოფიცერი, ერთი პერიოდი, საგარეო დაზვერვაშიც მუშაობდა. მისივე ინფორმაციით, თემურ ალასანია ამერიკაში ერთ-ერთი ოპერაციის დროს უბრალოდ „დაიწვა“და ამ გაშიფვრის შემდეგ ჩამოალაბორანტეს.

„ეს ფაქტები ფსბ-ს არქივებში უნდა მოვიძიოთ. თუმცა ამ მასალებს ჩვენ არავინ მოგვცემს. შემთხვევითი არ იყო, რომ თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილსაც ამზადებდა ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ კაგებე-ს განსაკუთრებული ტიპის სპეცდანიშნულების ჯარებში მოაწყო თავისი დისშვილი, რადგან კაგებე-ს ჯარებში აწყობენ მხოლოდ ყოფილი და მოქმედი კგბ-ს თანამშრომლები. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ თემურ ალასანია საბჭოთა კავშირის სუკის სტრუქტურებში მუშაობდა. 1993 წლიდან მოყოლებული, თემურ ალასანიამ შექმნა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი. ამიტომ გამოქვეყნდეს თემურ ალასანიას დეტალური ბიოგრაფია, თუ რას აკეთებდა იგი 79-ანი წლებიდან 80-ან წლებამდე და ყველაფერი გამოჩნდება“, -აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისთვის უცნობია, რა კონტექსტში ჩავიდა თემურ ალასანია უკრაინაში, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ის ხვდება უკრაინაში მომუშავე თავის კოლეგებს, ანუ ყოფილ კგბ-ს თანამშრომლებს. როგორც ჩანს, ბიძამისს სურს, მათთან ურთიერთობა აღიდგინოს და ხელი შეუწყოს მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციას. ამასთან, მას შეიძლება გააჩნდეს ბიზნესინტერესებიც უკრაინაში.

„დოკუმენტური ფაქტები არსებობს, რომ თემურ ალასანია გენერალ ბორისოვს ხვდებოდა და უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუს სამხედროებთან. მას რომ არ ჰქონოდა მწვანე შუქი მოსკოვიდან, უშუალო მოლაპარაკებებში ვერ ჩაერეოდა. კგბ-ს ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს. ისინი გაფანტულები არიან მსოფლიოს მასშტაბით და კორპორაციულ ეთიკას ყველანაირად იცავენ. კგბ-ს მოქმედი თანამშრომელი სულ სხვაა და ინფორმატორი სულ სხვა. თანაც, თემურ ალასანია თბილისში არ იყო, იგი მოსკოვში, ცენტრალურ აპარატში მუშაობდა“, - განმარტა ვახტანგ მაისაიამ.