გაეროს მოქმედება ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, თანხის რაოდენობა არა

გაეროს მოქმედება ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, თანხის რაოდენობა არა

„დახმარება სჭირდებათ მათ. აბა მარტო რუსეთი დაეხმაროს? მსოფლიო არ დაეხმაროს აფხაზებს?“, - ასეთია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილი პასუხი, მიმდინარე წელს, აფხაზეთში პროექტების განხორციელების მიზნით, გაეროს მხრიდან 15 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით.

გაეროს მხრიდან სეპარატისტული რეგიონისთვის თანხის გამოყოფა, განსაკუთრებული და ახალი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანი ამაში ისაა, რომ გაეროს ამ რაოდენობის თანხა სეპატარისტული რეგიონისთვის აქამდე არ გამოუყვია და რაც მთავარია, ამის შესახებ ინფორმაციას ქართული მხარე აფხაზური მედიიდან არ იღებდა. „აპსნიპრესის“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აფხაზეთში პროექტების განხორციელების მიზნით, გაეროს მხრიდან 15 მილიონ აშშ დოლარი გამოიყო.

ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის, ნილს სკოტის სოხუმში ვიზიტისას გახდა ცნობილი. ნილს სკოტი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა და დაფინანსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე, განაცხადა, რომ ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს, თუ აფხაზეთის ხელისუფლება პირდაპირ მიმართავს გაერო-ს დონორ ქვეყნებს და მათ აფხაზეთში ფულის ჩადების აუცილებლობაში დაარწმუნებს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამაუკა არეშიძე აცხადებს, რომ ანქვაბთან შეხვედრაზე ნილს სკოლტის მიერ ნათქვამი ფრაზა - 15 მილიონი შეიძლება გაიზარდოს, თუ აფხაზეთის ხელისუფლება პირდაპირ მიმართავს გაერო-ს დონორ ქვეყნებს და მათ აფხაზეთში ფულის ჩადების აუცილებლობაში დაარწმუნებს, ნამდვილად გაიჟღერა.

„ისე გაიჟღერა ამ ფრაზამ, რომ აფხაზებს შეუძლიათ დამოუკიდებლად სთხოვონ გაეროს დახმარება. ეს ფრაზა რატომ თქვა ასეთი ფორმით სკოლტმა ჩემთვის გაუგებარია. ფაქტია, რომ ასეთი ფრაზა იქ ნამდვილად ითქვა. ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ გაეროს ოფციალური განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე არაფერი არ კეთდება“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბმა ყურადღება გაამახვილა იმ სოციალურ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც გაერო-ს დახმარების ხარჯზე შესაძლებელია. ამასთან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მან გაერო-ს წარმომადგენელს შესთავაზა რუსეთის დახმარებით აღდგენილი ობიექტები მოენახულებინა, ვინაიდან ეს არის რეალური, კონკრეტული დახმარება. ნილს სკოტმა კი აღნიშნა, რომ ამას სიამოვნებით გააკეთებს.

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი აცხადებს, რომ აფხაზეთში დაგეგმილი საქმიანობა გაერო-ს და საქართველოს თანამშრომლობის დოკუმენტს სრულად შეესაბამება.

ნილს სკოტის განცხადებით, გაერო-ს დახმარება ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეთანხმებით ხორციელდება. 

„ჩვენი დახმარება მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენა, სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია, ჯანდაცვის პროგრამები, ვაქცინაცია, აივ-შიდსის პრევენცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა. 2014 წელს დაგეგმილი საქმიანობა ეყრდნობა წინა წლების ძალისხმევას და სრულად შეესაბამება გაერო-სა და საქართველოს თანამშრომლობის დოკუმენტს - გაერო-სგეგმას განვითარების ხელშეწყობისათვის (UNDAF)“, - აცხადებს საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ამ ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას მიესალმება. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, იმ ინფორმაციით, რაც გავრცელდა, ეს იგივე პროგრამაა, რაც მანამდეც ხორციელდებოდა.

„რაც შეეხება იმას, რატომ შეხვდა ორგანიზაციის წარმომადგენლები დე ფაქტო პრეზიდენტს, აბა ვის უნდა შეხვედროდნენ? ისინი ყოველთვის დე ფაქტო პრეზიდენტებს ხვდებოდნენ. ეს ხალხი იქ ჩადის, რათა მათ დაეხმარონ, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს. მათ დახმარება სჭირდებათ, აბა, მსოფლიო არ დაეხმაროს აფხაზებს? აბა, არ უნდა ხორციელდებოდეს ღონისძიებები, რომ იქ ნორმალური ადამიანები იბადებოდნენ? ჩვენ გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მე მივესალმები ამ ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ამის მიუხედავად, სახელმწოფი მინისტრისთვის უცნობია რა პროგრამაზეა საუბარი.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში შეხვდება გაეროს წარმომადგენლებს და მიიღებს კონკრეტულად ინფორმაციას. საქართველოში გაერო-ს წარმომადგენელთან შეკითხვა აქვს, მინისტრის მოადგილეს ქეთევან ციხელაშვილს. გაერო-ს წარმომადგენელთან ამ საკითხის გარკვევას აპირებს საგარეო საქმეთა მინისტრიც. მაია ფანჯიკიძის განცხადებით,

გაერო აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს და ეს პირველად არ ხდება.

„ახლაც არის ზუსტად ასეთივე სიტუაცია და, სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილა შემთხვევები, როდესაც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მსგავსი კონტაქტები, რომელიც აქვთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გავლით, წარმოაჩინონ როგორც დამოუკიდებელი კონტაქტები. შესაბამისად, ამ მხრივ, ეს არის ინფორმაცია. რაც შეეხება პროექტებს, ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

„გაერო-ს მხრიდან აფხაზეთისთვის 15 მილიონის გამოყოფა ქართული მხარის თანხმობით ხორციელდება და მას საქართველო მიესალმება“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, ეს არის გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც აპირებს ქვეყნის ერთ-ერთ ნაწილში - აფხაზეთში იუ-ენ-დიპის პროგრამით შევიდეს, საქართველოს ხელისუფლების 100%-იანი ინფორმირებულობის პირობებში.

როგორც გია ვოლსკი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგი არ არის, თუკი საერთაშორისო სტრუქტურას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან ექნება ურთიერთობა.

„მათ უნდა გავუგზავნოთ მესიჯი, რომ ქართული საზოგადოება და მთავრობა მათ არ უყურებს, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, მათ უნდა მიიღონ დახმარება იმ წყაროებიდანაც, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს“, - აცხადებს გია ვოლსკი.

მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ანქვაბმა შეხვედრაზე რამდენიმე წინადადება წამოაყენა იმისთვის, რა ტიპის დახმარება ჭირდება აფხაზეთს. მათ შორის, საუბარი იყო ჰუმანიტარული დახმარებაზე, სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ დახმარებაზე.

„2008 წლის შემდეგ პირველად მოითხოვა აფხაზურმა მხარემ ინფრასტრუქტურული დახმარება. ამ დახმარებაში შედის სასწრაფო დახმარების მანაქანის შეძენა, ასევე შეძენილი იქნეს ტექნიკა სოფლის მეურნეობისთვის და ტექნიკა საავადმყოფოებისთვის. რაც შეეხება ყველაზე მთავარ საკითხს, შეთანხმებული იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლებასთან თანხის ეს რაოდენობა და თვითონ გაეროს მოქმედება? - რამდენადაც ვიცი, მოქმედება შეთანხმებული იყო. რაც შეეხება თანხის რაოდენობას, ეს ვერ გავარკვიე - იყო თუ არა 15 მილიონზე ლაპარაკი საქართველოს ხელისუფლებასთან, არ ვიცი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გაერო მკაცრად მოქმედებს იმ სტრატეგიის გარშემო, რომელიც შექმნა საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ამას ჰქვია ჩართულობის სტრატეგია. იაკობაშვილის დროს მომზადდა ეს სტრატეგია. დღესაც ამ სტრატეგიით მუშაობს საქართველოს მთავრობა და შესაბამისად გაეროც“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, მამუკა კუდავა არ გამორიცხავს, რომ აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაცია კოორდინაციის პრობლება იყოს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესშია რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს თავიდანვე აღნიშნულ პროექტებზე, რომელიც განხორციელდება აფახაზეთში.

„სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ამის გამოსწორება შეიძლება და კორექტირება იმ პროექტების, რათა აფხაზეთში გაეროს ფული არ დაიხარჯოს იმ მიზნებისთვის რომელიც დე ფაქტო სეპარატისტულ ხელისუფლებას აწყობს, მაგრამ არ აწყობს თბილისს და ჩვენს ინტერესებს“, - აცხადებს მამუკა კუდავა.

მამაუკა არეშიძე კი აცხადებს, რომ აფხაზები ამ თანხას სათავისოდ ვერ გამოიყენებენ. რადგან, ეს თანხა გაეროს მიერ არაა გამოყოფილი, გაერო ორგანიზებას უკეთებს ამ თანხას.

„სეპარატისტები ამ თანხას ვერ გამოიყენებენ. იმიტომ, რომ პროექტებს ახლორციელებს გაეროს მიერ შერჩეული ორგანიზაციები. სასწრაფო დახმარების მანქანებს სოხუმში ხომ არ იყიდიან არა. ერთადერთი გამონაკლისი არის გზების მშენებლობა. გაეროს თანამშრომლები გზებს ვერ დააგებენ. უნდა აიყვანონ შემსრულებლები.

როცა ვლაპარაკობ გზების დაგებას, არ ნიშნავს, რომ ეს არის გზები სოხუმიდან გაგრამდე. ეს არის გზების მონაკვეთები, რომელშიც უფრო ნაკლები თანხა იხარჯება, ვიდრე მთლიანი გზების დაგებაში. რასაკვირველია, პატარა ხიფათი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არა მგონია, რომ ამის მონიტორინგი ვერ მოხერხდეს და ქართულმა მხარემ არ იცოდეს რაში იხარჯება თითოეული თეთრი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამაუკა არეშიძემ.