ძაღლური მეთოდები

ძაღლური მეთოდები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ვინმე გიორგი გაბიტაძის გვარი ჩვენს მიერ მოპოვებულ 47 სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს. 5 წლის წინ, გურიის რეგიონალურმა გაზეთმა, ”გურია ნიუსმა” ამ ადამიანის ფოტო დაბეჭდა, რომელიც პოლიციაში ჩვენების მიცემის დროს არის გადაღებული და ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ გაბიტაძეს ოზურგეთის  პოლიცია ხშირად ანათხოვრებდა, ამიტომაც იყო, რომ მისი გვარი არა მარტო ოზურგეთის, არამედ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის პოლიციის მიერ გამოძიებულ საქმეებშიც ფიგურირებდა. მას შემდეგ, რაც მოწმის ინსტიტუტი გაუქმდა (ყოველ შემთხევაში - ოფიციალურად), აღნიშნული პიროვნება „მოსავლელად“ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაულოცეს.

 

ბოლო დროს, ამგვარი ქმედებებით საქმის კეთებაზე შსს თავი არ გამოუჩენია, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ, ეს ადამიანი ჩვენმა ფოტოებიექტივმა ისევ პოლიციის შენობაში დააფიქსირა. როგორც მოვიკვლიეთ, გაბიტაძეს ახლაც აქტიურად ამუშავებენ. გავარკვიეთ ისიც, რომ მსგავსი მეთოდებით გურიაში რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათ შორის არის ვინმე აბესალო ცინცაძე.

 

განათხოვრებული მოწმე

28 წლის გ.დ. (სახელებ-გვარები შეცვლილია) ქუთაისში მამიდასთან იმყოფებოდა. იმ საღამოს ახლობლებთან ერთად დალია. ნასვამმა ახალგაზრდებმა  ქალაქში გასეირნება გადაწყვიტეს. ცენტრალურ სუპერმარკეტთან მისულებს ჩხუბის ხმა შემოესმათ.

 

- მომკლა, სიმონ, – გარკვევით გაიგონა მამაკაცის ხმა გ.დ-მ.

- ვნახოთ რა ხდება, იქნებ შველა სჭირდება, – გადაულაპარკა მამიდაშვილს და ინციდენტის შუაგულში აღმოჩნდა.

- ვკვდები“, - მოესმა თითქმის გულწასული ხმა.

- მომეხმარეთ, მგონი კვდება“, - გ.დ-მ მიმოიხედა. მასთან მხოლოდ მამიდაშვილი და მისი მეზობელი იყვნენ. იქვე ეგდო სისხლიანი დანა. მოჩხუბრები გაქცეულიყვნენ.

 

- საავადმყოფოში წავიყვანოთ, - ამის თქმა და პოლიციის გამოჩენა ერთი იყო. ახალგაზრდები ადგილზევე აიყვანეს. გ.დ.-ს მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ. ახალგაზრდას არაფერი ჰქონდა სათქმელი. იმ ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა და დანაშაულში ბრალი არ მიუძღოდა. პოლიციას ერთადერთი ხელჩასაჭიდი ჰქონდა - გ.დ დაჭრილს თავზე ედგა, იქვე იყო სისხლიანი დანა. თან მამიდაშვილი და მეზობელი ახლდა.

 

- მე არაფერი ვიცი, ჰკითხეთ დაჭრილს  საერთოდ თუ მიცნობს, – უკვე მეასეჯერ უმეორებდა გამომძიებელს.

- ვერაფერს ვკითხავთ, გარდაიცვალა, - გამთენიისას შეატყობინა გამომძიებელმა.

 

გ. დ.–მ დაკითხვის გაგრძელებაზე უარი თქვა. ადვოკატი მოითხოვა.

მეორე ოთახში გ.დ-ს თანმხლები პირების დაკითხვა მიმდინარეობდა. ისინიც გ.დ-ს ჩვენებას იმეორებდნენ და ამბობდნენ, რომ სუპერმარკეტთან შემთხვევით აღმოჩნდნენ. დამცველის მოსვლამდე პოლიციამ გ.დ-ს პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოგროვება დაიწყო.

 

„გ.დ. 28 წლის, დაბადებული თბილისში, მცხ. ჭავჭავაძის ქუჩა N75. უცოლშვილო. ჰყავს და. დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. დროებით უმუშევარი. ოპოზიციის აქტივისტი, 7 ნოემბრის მოვლენების მონაწილე. მამამისი პოლიტიკური პარტიის, თბილისის ერთ-ერთი რაიონის ორგანიზაციის თავმჯდომარეა“ – პატაკი ჩააბრა გამომძიებელს თანაშემწემ.

 

გ.დ-ს შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ აცნობეს შსს მაღალი თანამდებობის პირებს. „დამნაშავე იქნება, ყველაფერი კარგად გაარკვიეთ, ნახეთ მოწმეები“, – ვერდიქტი გამოიტანეს „ზევით“.

 

გ.დ-ს ადვოკატი ვერაფერს გახდა. პროკურატურამ საპროცესო გარიგებაზე უარი თქვა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და გ.დ.-ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მის მამიდაშვილს და მეზობელს კი, 2000-2000 ლარის გადახდის შემდგომ შინაპატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ოჯახის წევრებისთვის ეს მეტად მოულოდნელი იყო. საქმეს ისიც ართულებდა, რომ შემთხვევის ორივე მოწმე ბრალდებულის ახლობელი იყო. თავის მხრივ, პოლიციასაც ჰქონდა პრობლემები. ახალგაზრდები ერთნაირ ჩვენებას აძლევდნენ. გარდა ამისა, ადვოკატის გაოცებას იწვევდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაზე ანაბეჭდი ვერ აიღეს.

 

„სავარაუდოდ ხელთათმანი ეკეთა“, – განმარტავდა გამომძიებელი. „და საქმეში რატომ არ ფიგურირებს?“ – კითხულობდა დამცველი. „იმიტომ, რომ როგორც ჩანს, დაკავების მომენტში ხელთათმანი გადაადგო.“

 

თეთრ საქაღალდეს, აშკარად ემჩნეოდა შავი ძაფით ნაკერი. ბევრი უპასუხო კითხვა იყო დარჩენილი. ადვოკატი იმედოვნებდა, რომ კითხვებზე პასუხს სასამართლოზე მიიღებდა და გ.დ-ს უდანაშაულობას დაამტკიცებდა.

დაინიშნა სასამართლო პროცესი, სადაც სამივემ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები გაიმეორა. მეორე დღეს, დაკავებულის მხარეს სიურპრიზი ელოდა. პროკურატურამ შემთხვევის მოწმე გამოიძახა.

აბესალო ცინცაძე - 25 წლის. დაბადების ადგილი ჩოხატაური. საცხოვრებელი ადგილი დაბა ჩოხატაური. (შეგნებულად არ ვწერთ ქუჩის დასახელებას).

 

მოწმემ პირობა დადო, რომ სიმართლეს იტყოდა.

 

„იმ ღამით მიკროავტობუსს ველოდებოდი სუპერმარკეტთან. სამი ახალგარზდა დავინახე. ეტყობოდათ, რომ ნასვამები იყვნენ. უწმაწურ სიტყვებს იძახდნენ. ახალგაზრდა ბიჭმა გვერდით ჩაუარა. ამ დროს ერთ-ერთმა მხარი გაკრა. განათება იყო და კარგად დავინახე გ.დ-ს სახე. მერე ჩხუბი დაუწყეს. ნორმალურად გაიარეო. შელაპარაკებას დარტყმა მოყვა. გ.დ-მ დანა ამოიღო და ახალგაზრდას დაარტყა. მერე რა მოხდა არ ვიცი. მიკროავტობუსი მოვიდა და მე ჩოხატაურში წამოვედი“, – განაცხადა პროცესზე ახალგამოჩენილმა მოწმემ.

 

ამ ჩვენებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ უფლებები გამოიყენა და გ.დ-ს ახლობლები დარბაზიდან გააძევა. გაოცებას ვერ მალავდა ადვოკატი. ამ მოწმის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი წინასწარი გამოძიების მასალებში. როგორც პროკურატურამ პროცესზე ახსნა, ცინცაძე  საკუთარი სურვილით დაეხმარა გამოძიებას და თავად დაუკავშირდა პოლიციას. ბრალდებულის მხარის ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ მოწმე 2 თვის შემდეგ გამოჩნდა. ადვოკატმა საქმის ხელახლა გამოძიებაში დაბრუნება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

განაჩენი მეორე დღეს გამოაცხადეს. გ.დ-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მის თანხლებ პირებს კი, 3000-3000 ლარიანი გირაო და 4 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

 

აღნიშნული განაჩენი საოლქომ და უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. ამ ამბიდან რამდენიმე თვე იყო გასული. კახეთის ერთ-ერთ რაიონში მაღაზია დააყაჩაღეს. ბრალდებული ამ შემთხვევაშიც ოპოზიციის  აქტივისტი იყო. ყაჩაღობის მოწმე კი, ისევ ჩოხატაურელი, 25 წლის აბესალო ცინცაძე აღმოჩნდა. იგივე სიტუაციას ჰქონდა ადგილი ხონში. მოწმე ისევ ჩოხატაურელი ცინცაძე. ბრალდებული კი - ოპოზიციური პარტიის წევრი, რომელსაც სასამართლომ აბესალოს ჩვენების საფუძველზე, ნარკოტიკის რეალიზაციისთვის 7 წელი მიუსაჯა.

 

მას შემდეგ, რაც ეს ფაქტები შევიტყვეთ, გადავწყვიტეთ აბესალო გვეპოვა. საქმეში არსებულ მისამართზე, 25 წლის აბესალო ცინცაძე ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ამ წლოვანების და იგივე გვარის პიროვნება აღმოვაჩინეთ. თუმცა, პირადობის ასლზე სხვა ადამიანის ფოტო იყო. ბევრი ძიების შემდეგ ე.წ აბესალოს მივაკვლიეთ. მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მისი მონაცემები საქმეებში არსებული მოწმის მონაცემებს და ფოტოსურათს აბსოლუტურად დაემთხვა. ოღონდ ეს პიროვნება სხვა გვარია. ჩვენი წყაროებით დავადგინეთ, აბესალო ცინცაძე, საჭიროების შემთხვევაში დედის გვარით სარგებლობს. სანდო წყაროს ინფორმაციით, მას ხშირად იყენებს პოლიცია:

 

„9 აპრილის საპროტესტო აქციების პერიოდში ის თბილისში ქურდობაზე დააკავეს. მათ ოჯახს არც ფული აქვს და არც სანათესაო ჰყავს ძლიერი. ერთ თვეში გამოუშვეს, რაც ყველას ძალიან გაგვიკვირდა. კარგად მახსოვს იმ პერიოდში დედაქალაქში ოპოზიციის მიტინგები იმართებოდა. მას შემდეგ აბესალო ჩოხატაურშია, თუმცა, აბესალოთი მას არ იცნობენ, რამდენადაც ვიცი, აბესალო  დაბადების მოწმობაში უწერია“, – გვითხრა წყარომ.

 

სავარაუდოდ, 25 წლის ჩოხატაურელი ახალგაზრდა ციხიდან თანამშრომლობაზე დათანხმების გამო გამოუშვეს. ამ ვარაუდს ის ფაქტებიც ამყარებს, რომ აღნიშნული პიროვნება მოწმის სახით ბოლო რამდენიმე თვეა ფიგურირებს სხვადასხვა რაიონის სხვადასხვა საქმეებში. წყარო ამბობს, რომ აბესალოს ორი პასპორტი აქვს, დედის და მამის გვარზე. როგორც ფაქტები ადასტურებს, მოწმედ ყოფნისას დედის გვარს იყენებს. მისი მეზობლის განმარტებით, აბესალო დიდი ხანია პოლიციასთან თანამშრომლობს.

 

„მას ახლა არ დაუწყია პოლიციასთან თანამშრომლობა. რამდენიმე წლის წინ პოლიციის ერთ–ერთი უფროსი მისი ნათესავი იყო. სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. ბევრი საქმე „გახსნილა“ მისი დამსახურებით. მერე აბესალოს ნათესავი მოხსნეს და ისიც წყნარად იყო. სულაც არ მიკვირს, რომ სხვადასხვა ქალაქებში მოწმედ ფიგურირებს. საახლობლომ და სამეზობლომ ეს ყველაფერი იცის, თუმცა ვერც და არც ვამტკიცებთ, რადგან მისგან ყველაფერია მოსალოდნელი და პრობლემები არ გვჭირდება“, – გვითხრა რესპოდენტმა, რომელმაც ვინაობის გახმაურება არ ისურვა.

 

ბოლო საქმე

დაახლოებით ორი თვის წინ, აბესალო დედაქალაქისკენ მიმავალ ახალგაზრდებს დაემგზავრა. ხაშურში ბიჭები საწვავის ჩასასხმელად გაჩერდნენ. ბენზინგასამართ სადგურზე აბესალო ახალგაზრდებს დაემშვიდობა. ერთი კილომეტრიც არ ჰქონდათ ბიჭებს გავლილი, რომ გზაზე პატრული დაეწიათ. მათ ბრალი აბესალოს ცემასა და თანხის გამოძალვაში წაუყენეს.

 

ახალგაზრდების მშობლები ჩოხატაურში ვითარების გასარკვევად ჩამოვიდნენ და აბესალოს სახლში მიაკითხეს. საქმეში ბევრი კითხვითი ნიშანია. აბესალოს მიერ მიცემულ ჩვენებაში აღნიშნულია, რომ მან გამგზავრების წინა დღეს შეშა დაუპო რამდენიმე ადამიანს, აიღო 50 ლარი და ისე მიემგზავრებოდა თბილისში. საჯავახოზე ორმა ახალგაზრდამ გაუჩერა და წაყვანა შესთავაზა. აბესალო წერს, რომ ხაშურში სცემეს და 50 ლარი წაართვეს. ბენზინგასამართი სადგურის მოლარე ამბობს, რომ მან დაინახა როგორ გადავიდა მანქანიდან აბესალო და როგორ დაემშვიდობა ბიჭებს. აბესალოს მიერ დასახელებული 3 ადამიანიდან, რომლებმაც მას თითქოს, შეშის დაპობის საფასური გადაუხადეს, მხოლოდ ერთი პიროვნების დადგენა მოხერხდა. ეს ადამიანი ამბობს, რომ აბესალოს 20 ლარი გადაუხადა. ჩვენებაში კი წერია, რომ მას 50 ლარი წაართვეს.

 

დასახელებული ორი ადამიანი, რომლებიდანაც საერთო ჯამში, თითქოს, მას 30 ლარი აქვს აღებული ჩოხატაურში არ ცხოვრობს. დაკავებულ ახალგაზრდებს 6-წლიანი სასჯელი ემუქრებათ. მათი ადვოკატის თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობაა და აშკარაა, რომ ახალგაზრდები პასუხისგებაში ცრუ ჩვენების საფუძველზეა მიცემული.

 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ჩოხატაურის ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელი დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებოდა პოლიციას. ამ ქალბატონის გვარი (ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ მის ვინაობას) ბევრ საქმეში ფიგურირებს. უფრო მეტიც - ზემოთაღნიშნულ გაბიტაძესთან ერთად ის ბევრჯერ ყოფილა ჩხრეკის, ნარკოტიკის რეალიზაციის, ყაჩაღობის მოწმე. ლანჩხუთელი კანონიერი ქურდის, ხოფერიას საქმეში, სწორედ ეს ქალბატონი ფიგურირებს გაბიტაძესთან ერთად. ამ მასალაზე მუშაობისას აღმოჩნდა, რომ ქალბატონი, რომელსაც პირობითად ცირას დავარქმევთ, ისევ პოლიციას ეხმარება. სამტრედიაში მომხდარი ერთ-ერთი ქურდობის მოწმე ის  და აბესალო ცინცაძე არიან.

 

ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით ირკვევა, რომ შსს-მ საქმის გამოსაძიებლად ძველი მეთოდები განაახლა. იყენებენ მოწმეებს, ოღონდ არა იმ რაიონში, სადაც ფაქტია მომხდარი. მოწმე განათხოვრებით ისევ მოდაშია და ამიტომაც არის, რომ ზემოთაღნიშნული ორი ჩოხატაურელი ხან ქუთაისის, ხან კახეთის, ხან სამტრედიის და სხვა მუნიციპალიტეტების პოლიციის მიერ გამოძიებულ საქმეებში ფიგურირებენ.

 

სისხლის სამართლის საქმე N070090033 და ნათხოვარი მოწმე

2009 წლის 30 ივნისს, 15 საათსა და 40 წუთზე, ქალაქ ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გადაუდებელი წესით, პირადი ჩხრეკა ჩაუტარა 1983 წელს დაბადებულ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მცხოვრებ დავით ხუნდაძეს. როგორც გამოძიების საქმის მასალებიდან ირკვევა, ხუნდაძეს ჩხრეკის დროს სპორტული შარვლის საქამრიდან ამოუღეს ცეცხლსასროლი იარაღი – შაშხანის რგოლური აალების ვაზნების გასასროლი კუსტარულად დამზადებული 5,6 მმ კალიბრის რევოლვერი და საბრძოლო მასალა – 5,6 მმ კალიბრის შაშხანის რგოლური აალების 7 ცალი ვაზნა.

 

გარდა ამისა, დაკავებული ხუნდაძე შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის ოზურგეთის განყოფილების დასკვნის თანახმად, ნარკოტიკული თრობის ქვეშ აღმოჩნდა. უფრო დაზუსტებით კი, მას მარიხუანა, ე.წ. „პლანი“ ჰქონდა მოწეული.

 

„აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება დავით ხუნდაძემ მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ, მაშინ, როდესაც მას ანალოგიური ქმედებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით  ადმინისტრაციული სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა ხუთასი ლარის ოდენობით“ – წერია დადგენილებაში „ბრალდებულის სახით  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.“

 

იმავე დადგენილების მიხედვით დაკავებულ ხუნდაძეს, დაკავებისას იარაღის გარდა, დასაკეცი დანაც ამოუღეს სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან. აქედან გამომდინარე დავით ხუნდაძე ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, სსკ-ის 237- და 238 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

 

ხუნდაძის დაკავებამდე ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ამირან ბასილიას ოჯახური თავდასხმის  ფაქტზე 179-ე მუხლის I ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბასილიების ოჯახს 2009 წლის 3 მაისს თავს დაესხა 4 ნიღბიანი შეიარაღებული პირი, რომლებმაც წაართვეს „ფოლსვაგენის“ მარკის ავტომანქანა – T00-334, 8000 ლარი, სოფიო ბეგაშვილის კუთვნილი ფულადი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით და ბეგაშვილის კუთვნილი ოქროს სამკაულები. ასევე - ამირან ბასილიას, დავით ბასილიას და სოფიო ბეგაშვილის კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები.

 

როდესაც სასამართლოზე ბრალდება დავით ხუნდაძის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, გამომძიებლმა უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ საქმის ძიება სწორედ ბასილიას ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლოზე მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, ხუნდაძეს ბასილიას ყაჩაღობაში ბრალი ვერ დადეს. ჩვენი ინფორმაციით, დაკითხვის დროს, ხუნდაძისგან ყაჩაღობის აღიარებას და თანამონაწილეების დასახელებას ითხოვდნენ. 

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხუნდაძის დაკავების მოწმეებად ორი ქუთაისელი ფიგურირებს. როგორც გვითხრეს, ორივე მომწე ე.წ. „ნასედკაა“ და მათ გვარებს ხშირად ნახავთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში. ხუნდაძის შემთხვევაში ორივე მოწმე ადასტურებს, რომ დაკავებისას მას იარაღი ამოუღეს სპორტული შარვლის საქამრიდან(?!).

 

ერთი ჩვენების ღირებულება

„რამდენიმე წლის წინ ჩემი შვილი ქურდობაზე დააკავეს. პოლიციის უფროს ახლოს ვიცნობდი და ვთხოვე მომხმარებოდა. ამის სანაცვლოდ თანამშრომლობა შემომთავაზა. უარი არ მითქვამს. ჩემი შვილი უნდა გადამერჩინა. მას შემდეგ წლები გავიდა. დამერწმუნეთ, თუ ერთხელ ამ ყულფში თავს გაყოფთ, ვეღარ გამოძვრებით. ამის უფლებას არავინ არ მოგცემს. გარდა ამისა, მეორე მხარეც გასათვალისწინებელია. ჩემს ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს. ცოტა ხნის წინ უმუშევარი დავრჩი. როდესაც მოწმედ გავდივარ ფულს მაძლევენ. ხან 30 ლარს, ხან 50-ს. გააჩნია შემთხვევას. არის სიტუაცია, როდესაც ერთ ჩვენებაში 300 ლარს გადაგიხდიან. ვიცი, რომ ცუდი საქციელია და მიუტევებელი ცოდვა, მაგრამ ის არ იქნება ცოდვა შვილები თუ შიმშილით დამეხოცება?“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ინკოგნიტო რესპოდენტმა, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობს.

 

ერთი სიტყვით, პოლიცია „მოწმის ინსტიტუტს“ ისევ აქტიურად იყენებს, ოღონდ შეცვლილი ფორმით. თუ აქამდე გურული პოლიციელები ეხმარებოდნენ ერთმანეთს და მოწმეებს მხოლოდ გურიის ტეროტორიაზე იყენებდნენ, ახლა უფრო შორს წავიდნენ და სხვადასხვა რეგიონებში გზავნიან.  ამ თემაზე კომენტარების მოპოვება პოლიციიდანაც ვცადეთ. გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, შოთა ჭანუყვაძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ჩოხატაურის პოლიციაში კი, ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ კოლეგა კოლეგას ყოველთვის დაეხმარება, მით უმეტეს თუ ეს საქმეს წაადგება. ჩოხატაურელი პოლიციელები, არაოფიციალურ საუბრებში ადასტურებენ, რომ მოწმე განათხოვრებით „მოსული პონტია“.