პარლამენტი როლანდ ახალაიას პოლიტიკურ ბედს 17 მარტს გადაწყვეტს

პარლამენტი როლანდ ახალაიას პოლიტიკურ ბედს 17 მარტს გადაწყვეტს

საქართველოს პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიას შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს. ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში 17-21 მარტის სასესიო კვირაში იმსჯელებენ.

კანონმდებლები მთავარი პროკურატურის მიმართვასაც განიხილავენ, რომელიც პარლამენტს მოუწოდებს როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდების წარდგენისთვის თანხმობა მისცეს.

გიორგი ბადაშვილის უწყება როლანდ ახალაიას ბრალს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს.

კერძოდ, პროკურორ ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, 2009 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, როლანდ ახალაია მოქალაქე მარინა ესებუას შეხვდა, რომელსაც მან მსჯავრდებულ მეუღლესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, არარსებული „ანაკლიის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე 150 000 ლარი ჩარიცხვა მოსთხოვა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ როლანდ ახალაია პირადი დაინტერესებით მოქმედებდა და ის შეხვდა მარინა ესებუას, რომელსაც მეუღლესთან კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ, თითქოს-და ქველმოქმედების მიზნით, მოსთხოვა არარსებული „ანაკლიის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე ჩაერიცხა 150 000 ლარი, რისთვისაც მას საბანკო რეკვიზიტები გადასცა, რომელიც რეალურად როლანდ ახალაიას ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია „სანის“ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს წარმოადგენდა. მარინა ესებუა იძულებული იყო შემოთავაზებულ პირობას დათანხმებულიყო. მან მეორე დღეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, 150 000 ლარი „სანის“ საბანკო ანგარიშზე შეიტანა, რომელიც ფირმის კომერციული მიზნებისათვის სრულად იქნა გახარჯული“, - განმარტავს მეზვრიშვილი, რომელიც როლანდ ახალაიას მიერ განხორციელებულ ანალოგიურ ქმედებაზე საუბრობს.

პროკურორის ცნობით, ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 60 000 ლარი კვლავ „სანის“ ანგარიშზე შეეტანათ.

„ბრალდებულებთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნული თანხა 2009 წლის 25 დეკემბერს ჩარიცხა, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისთვის. როლანდ ახალაიას მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიცირდება და მას ბრალდება ამ მუხლის შესაბამისად უნდა წარედგინოს“, -აცხადებს მეზვრიშვილი.

თავად როლანდ ახალაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე აპელირებს და ქველმოქმედების საკუთარ ვერსიაზე საუბრობს.

ახალაიას მტკიცებით, მისი მხრიდან არანაირი დანაშაულის ჩადენას არ ჰქონია ადგილი.

„2009 წელს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მეუფე გერასიმესთან ერთად გადაწყვიტა, რომ საპატრიარქოს რეზიდენცია გაკეთებულიყო. პატრიარქის დასასვენებლად განმუხურში მეგრული ოდა უნდა გაშენებულიყო. ამ ტერიტორიაზე ერთად გავედით და უწმინდესთან ერთად სენაკში როცა მოვდიოდით, მან მითხრა ასეთი რამ, რომ საპატრიქროს რეზიდენციის მშენებლობას სათავეში იქნებ თქვენ ჩაუდგეთო. როგორც მახსოვს, ლატარიას მეუღლემ თქვა, რომ ბიზნესმენები ფულს აგროვებდნენ და იხდიდნენ. ხელმძღვანელობასთან შევთანხმეთ და საპროცესო შეთანხმების ნაწილი 10 ათასი ლარი ფოთის ბიუჯეტში გადავიხადეთ. ასევე მათ ვუთხარი, რომ ჩემს მოადგილეს მღებრიშვილს დაკავშირებოდნენ და ის ეტყოდა სად უნდა ჩაერიცხათ ფულის მეორე ნაწილი. სხვათაშორის, ფული ისევ იქ არის, არ გახარჯულა. უწმინდესსა და უნეტარესს ძალიან მოწიწებით და მორიდებით მივმართავ, რომ განცხადება გააკეთოს - ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი და არის თუ არა ეს სიმართლე?!“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ახალაიამ.

ახალაიას შეფასებით, ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მისი ოჯახის და შვილების მიმართ.

„ჩემი შვილებიც ციხეში სხედან და მეც რომ ვიყო, არაფერი მიჭირს, მაგრამ ეს არის ზუგდიდის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომელიც არის ფარცხალაძის განუყრელი მეგობარი. სინამდვილეში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია“, - დასძენს ახალაია.

როლანდ ახალაიას მსგავსად, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დევნაზე აპელირებენ აკაკი ბობოხიძე და გოკა გაბაშვილი.

როგორც for.ge-ს ბობოხიძემ განუცხადა, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მიმართ ფართომასშტაბიან თავდასხმებზე გადავიდა.

დეპუტატის მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეზორგანიზების თვალსაზრისით, მაქსიმალური პოლიტიკური შედეგი მიიღოს.

„ეს არის შეტევა „ნაციონალურ მოძრაობაზე“. მსოფლიოში დაძაბული ვითარებაა და იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გაკონროლებისთვის არავის სცალია, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ახალი თავდასხმები წამოიწყო. მართალი გითხრათ, ბიძინა ივანიშვილს არამარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ არც სხვა ძლიერი ინსტიტუტები არ აწყობს. მათ შორის - არც ეკლესია. ივანიშვილს არცერთი ძლიერი ინსტიტუტი არ აწყობს, რომ მან და მისმა ოჯახმა ეს ქვეყანა მართონ. თუ საქართველოს მოსახლეობას უნდა, რომ ერთი ოჯახის საკუთრებად იქცეს, კი ბატონო, ეს მათი გადასაწყვეტია“, - აცხადებს ბობოხიძემ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობამ როლანდ ახალაიას დეპუტატის უფლებამოსულება შეუწყვიტოს.

კანონმდებელის განცხადებით, დეპუტატები მთავარ პროკურატურას მიმართვაზე თანხმობას მისცემენ, რადგან პარლამენტი ივანიშვილის პირადი საკუთრებაა.

„ესენი არიან დეპუტატები, რომლებიც ივანიშვილზე, როგორც პარაზიტები ისე არიან მიწეპებულები. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რასაც ივანიშვილი უბრძანებს. ეს ხელისუფლება ასეთი მოქმედებებით თავის არსებობას გაცილებით ადრე დაასრულებს, ვიდრე ამაზე თავად ფიქრობენ“, - აღნიშნავს for.ge-სთან საუბარში ბობოხიძე, რომლის პათოსსაც გოკა გაბაშვილიც იზიარებს.

დეპუტატის მოსაზრებით, პოლიტიკურ დევნას უკვე ტოტალური ხასიათი მიეცა.

„როლანდ ახალაიასთან დაკავშირებით, პროკურატურას უმრავლესობასთან საკითხი უკვე გარკვეული აქვს და სწორედ ამის შემდეგ შევიდა პარლამენტში მოთხოვნა მისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ. პროკურატურამ ის ზღვარი გადალახა, როცა ყოფილი ჩინოვნიკების, გამგებლებისა და საკრებულოს წევრების მიმართ ანგარისწორების ტალღა მოილია. ბრალდება ახლა დეპუტატებზე გადავიდა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იმუნიტეტის მოხსნას ითხოვენ. ძალიან სახიფათოა, როცა, გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივაციით იღებენ“, - აცხადებს გაბაშვილი.

როლანდ ახალაიას საქმეზე თუ რა რეაგირებას მოახდენს პარლამენტი, ეს ცნობილი 17 მარტს გახდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განმარტებით, იურისტთა ჯგუფმა საკითხის კომპლექსური შესწავლა დაიწყო და მთავარი პროკურორის მიმართვაზე გადაწყვეტილება 17 მარტს იქნება მიღებული.

for.ge-სთან დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ პროცესი კანონმდებლობის მიხედვით წარიმართება.

კანონმდებლობით კი, როლანდ ახალაიას შესახებ მთავარი პროკურორის წინადადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ხუთი დღის ვადაში უნდა შეისწავლოს და პარლამენტს წარუდგინოს. პარლამენტის ბიურო კი საკითხს განსახილველად უახლოეს პლენარულ სხდომაზე სვამს და გადაწყვეტილებას დადგენილებით მიიღებს.

რეგლამენტითვე, პარლამენტის წევრის დაკავება, დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეიძლება.

როლანდ ახალაიას შეუწყდება თუ არა დეპუტატის უფლებამოსულება, ეს ცნობილი მომავალ კვირას გახდება, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტში დიდი აქტივობით ახალაია არ გამოირჩევა. for.ge-ს ინფორმაციით, გასულ წელს, 71 სხდომიდან რონად ახალაია 58 სხდომას არ დაესწრო, რის გამოც, ის დაჯარიმებული იქნა.