მთავრობის დადგენილებით, კომპანია „დელტა“ და ქართული ჯარის კვების კომპანია ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე, დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.
ცენტრის უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი.
ამ დადგენილების საფუძველზე, ცენტრის დებულების ამოქმედებამდე, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით უნდა იხელმძღვანელოს.
როგორც ცნობილია, ეს ცენტრი პერსონალურად ექვემდებარებოდა მხოლოდ თავდაცვის მინისტრს და არა სამინისტროს. თავის მხრივ სწორედ ამ ცენტრს ეკუთვნოდა ქართული კვების კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა ჯარს საკვებით. ექსპერტ ლევან ალაფიშვილისთვის გაურკვეველია რა მოტივის საფუძველზე მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება, რითაც სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ თავდაცვის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.
For.ge. ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
როდესაც „დელტას“ მიმართულება არის უსაფრთხოება, რამდენად გამართლებულია მისი ეკონომიკის სამინისტროსთვის დაქვემდებარება?
ლევან ალაფიშვილი: სავსებით ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ეს კითხვა ეკუთვნის ინიციატორს და გადაწყევილების მიმღებს და კითხვა, ამ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, მთავრობასთან, როგორც კოლეგიალურ ორგანოსთან უნდა დაისვას. სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია, რატომ მოხდა ეს ცვლილება და რა იყო ამის საფუძველი არ გავრცელებულა, რაც, რა თქმა უნდა, სკეფციზმს წარმოშობს, იმიტომ, რომ შესაძლებელია ამ ყველაფერმა გავლენა იქონიოს ამ დაწესებულების სპეციფიკაზე, იმ ნორმალურ მუშაობაზე, რაც აქამდე ჰქონდა. შესაძლებელია, მთავრობამ განიხილა ყველა დეტალი და ჩათვალა, რომ ამას ეკონომიკის სამინისტროც შეძლებს. თუმცა, ამის დასაბუთება საჯაროდ თუ არა, როგორც მინიმუმ, შიგნით, სამთავრობო დონეზე უნდა მოხდეს.
მაგრამ, ფაქტია, რომ „დელტა“ განსხვავებულ მართვას მოითხოვს და როგორ ფიქრობთ, ეკონომიკის სამინისტრო ყველა დეტალში ჩახედული არის?
- ვეჭვობ, რომ ეკონომიკის სამინისტრო ყველა დეტალში იყოს ჩახედული. კონკრეტულ მიზეზებზე და მოტივებზე საუბარი - თუ რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება - გამიჭირდება.
როგორც ცნობილია, „დელტას“ 100%-ან მფლობელობაში შედიოდა ქართული კვების კომპანია, რომელიც ქართული ჯარის კვებას უზრუნველყოფდა. თუ აქამდე ქართული ჯარის კვების ადმინისტრირების სათავეში თავდაცვის მინისტრი იყო, ამჟამად მას ეკონომიკის მინისტრი შეცვლის?
- „რაც შეეხება ჯარის კვებას, „დელტას“ გადასვლასთან ერთად მოხდა თავდაცვის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროში ქართული კვების კომპანიის გადასვლაც. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ის ამ საკითხზე მინიმუმ ინფორმირებული მაინც იქნებოდა. სამხედრო სპეციფიკის გათვალისწინებით, „დელტა“ განსხვავებულ მართვას მოითხოვს. ამიტომ ამ საკითხის მიმართ სკეპტიკური განწყობა ლეგიტიმურია. ვეჭვობ, რომ ეკონომიკის სამინისტრო ყველა დეტალში ჩახედული იყოს. დეტალებში ვგულისხმობ, სამხედრო მრეწველობას, სამხედრო სამრეწველო კოპლექსს, სამხედრო სამეცნიერო კვლევებს და ასე შემდეგ.
ანუ, ჯარის კვებაზე ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხიმგებელი, ასეთი პრეცედენტი არის რომელიმე ქვეყანაში?
- „დელტა“ რადგან თავდაცვის სამინისტროდან გადადის ეკონომიკის სამინისტროს კონტროლში, ამ შემთხვევაში, თუ კი შენარჩუნდება ქართული კვების კომპანია, როგორც ჯარის კვებაზე პასუხისმგებელი კომპანია, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტროს ვერტიკალი იქნება პასუხისმგებელი ამ სისტემის.
მაგრამ, „დელტას“ ბიუჯეტი არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე...
- საბიუჯეტო კანონმდებლობა ფინანსთა მინისტრს ე.წ. მუხლობრივი ან უწყებრივი გადანაწილების უფლებას ანიჭებს. ყოველ შემთხვევაში, ეს საკითხი, ალბათ, მთავრობაში განვლილი იქნება. დადგენილებაში პირდაპირ წერია, რომ ახალი „დელტა“ იქნება ძველი „დელტას“ უფლებამონაცვლე.