როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციებს არსებობისთვის გრანტები სჭირდებათ. შესაბამისად, საქართველოში არსებულ ე.წ. „ენჯეოებს“ უცხოელები აფინანსებენ და ყველას თავის ინტერესი აქვს. უფრო ზუსტსდ კი, არიან არასამთავრობოები, რომლებიც მშვიდად ჭამენ ამ გრანტებს და „ქაღალდზე“ აქტიურობით გამოირჩევიან, ანუ უცხოელ დამფინანსებლებს უგზავნიან მასალებს, თითქოს რამე გააკეთეს და სინამდვილეში ოფისიდან არ გამოდიან. მეორე ტიპის არასამთავრობოები მაქსიმალურად ცდილობენ მუდმივად ზედაპირზე ყოფნას და სამართლიანობას „აწვებიან“, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ სათქმელადაც არ ღირს. არიან მესამე, ყველაზე საშიში ტიპის არასამთავრობოები, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს ატარებენ და თუ მათი „პატრონი“ არჩევნებში გაიმარჯვებს, არასამთავრობოების ლიდერები „მოულოდნელად“ ხელისუფლებაში გვევლინებიან. სწორედ ერთ-ერთი არჩევნების „გაპრავების“ შემდეგ მოხვდა ხელისუფლებაში თემურ იაკობაშვილი, თორემ მანამდე ერთი „რიგითი“ არასამთავრობოს „შეფი“ იყო.
ეს პრაქტიკა „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგად ჰქონდა დამკვიდრებული და თუ, რომელიმე მათთვის სასურველი არასამთავრობო გრანტს ვერ მიიღებდა, ფულს თავად უხდიდნენ. ახლა კი, როცა ხელისუფლებაში აღარ არიან და პრაქტიკულად საქმე არაფერი აქვთ, გადაწყვიტეს დამფინანსებლებიც თავად იყვნენ და ხელმძღვანელებიც. ფული კი, იმდენი აქვთ 9 წლის განმავლობაში ნაშოვნი, მთელი ცხოვრება შეუძლიათ საკუთარ თავს ხელფასი უხადონ და თან ისე, მერე ტელეეკრანიდან თვალების ფახულით თქვან, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და არანაირ პოლოტიკურ ინტერესს არ ვატარებთო.
შედეგად, მივიღეთ ის, რომ ყოფილი მინისტრები - დიმიტრი შაშკინი, ეკა ტყეშელაშვილი, მათი მოადგილეები ნინო კალანდაძე, სერგი კაპანაძე და სხვები არასამთავრობო ორგანიზაციების შეფებად მოგვევლინენ და მოქმედი ხელისუფლების თვალში ბეწვს ეძებენ. არასამთავრობო დააარსა ყოფილმა გუბერნატორმა და მერე მიშას „სახლთუხუცესმა“ ანდრო ბარნოვმაც და ისიც „სამართლიანობისთვის“ იბრძვის.
საქართველოში ამდენი არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობა უცხოელებსაც ძალიან უკვირთ და ამიტომაც არის, გრანტების გამოყოფაზე უკვე ფეხს ითრევენ. პრინციპში, როცა ისინი ფეშენებელურ ოფისებსა და იმ ავტომობილებს ხედავენ, რომლითაც ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები გადაადგილდებიან, ხვდებიან, რომ მათი გრანტები იმ თანხებთან, რომლებსაც რეალურად ყოფილნი ძლიერნი ამა ქვეყნისანი ხარჯავენ, სასაცილოა. ამის მიუხედავად, პრინციპით, „ყვავს კაკალი გააგდებინო“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები და სახელები მათ მაინც აწუხებენ და დემოკრატიის სახელით სთხოვენ დახმარებას. სავარუდოდ, უცხოელებმა არ იციან ჯაბა იოსელიანის ფრთიანი ფრაზა, „დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათო“, თორემ აუცილებლად ეტყოდნენ ნაცებს და გააჩუმებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, უცხოელებმა სხვა ბევრი რამეც არ იციან. თუნდაც ის, რომ იგივე ეკა ტყეშელაშვილი გენინსპექციის უფროსად მუშაობის დროს ციხეებში იარაღშემართული დარბოდა ე.წ. „შმონზე“ და პატიმარ კაცებს „ჩაიხადა-ჩაჯდას“ პირადად აკეთებინებდა. ჰოდა, ათასი პატიმრის მნახველი და ათას იარაღის ტარზე ხელჩაჭიდებული ეკა რამდენად მოახერხებს არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით დემოკრატიის დროშის ტარის ფრიალს, თავად განსაჯეთ.
იგივე შეიძლება ითქვას დიმა შაშკინზე. სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი პირველი პირი დაწესებულებებში არასამთავრობოებს ცოცხალი თავით არ უშვებდა, ახლა კი თავად ითხოვს, ჩამახედეთ იქ რა ხდებაო და ვინძლო გაოცებულიც დარჩეს, პატიმრები რომ ეტყვიან, აღარ გვცემენ ბატონო დიმაო.
სხვა რაღა - ადამიანებს ნიღბის კეთებისა და მორგების ხერხები ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი და ნაციონალების ახალ ნიღაბს არასამთავრობო ორგანიზაციები ჰქვია, ის ორგანიზაციები, რომელთაც 9 წლის მანძილზე, ჩვენგან ცეცხლითა და მახვილით ამოღებული ფულით ინახავენ.