უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესა და იუსტიციის მინისტრს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. ამჯერად კუბალშვილი იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აკრიტიკებს, რომელიც ახლებურად არეგულირებს საკასაციო სასჯელს, საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს, ცვლილება ასევე შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას.
კუბლაშვილი აცხადებს, რომუზენაეს სასამართლოს შესახებ ცვლილებების პროექტი მომზადებულია ისეთი ადამიანების მიერ, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს უზენაესი სასამართლო, როგორც საკასაციო სასამართლო. იუსტიციის მინისტრის მოადგილე კი განმარტავს, რომუზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებების მიზანია უზენაესი სასამართლოს გაძლიერება.
„ამ ცვლილებების მიზანია, ასევე ის, რომ კანონმა დაადგინოს უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა, რომ მოსახლეობამ მიიღოს უკეთესი ხარისხის მართლმსაჯულება. სამივე მიზანი დადებითია და გათვლილია საქართველოს მომავალზე“, - ასე უპასუხა კუბლაშვილს ალექსანდრე ბარამიძემ.
კოტე კუბლაშვილი კი ირწმუნება, რომ ცვლილებები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა, საფრთხეებს შეიცავს სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ როცა სასამართლო სისტემის შესახებ ვინმეს სურს რაიმე ცვლილების განხორციელება, ვალდებულია კონსულტაციები გაიაროს თავად უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან და პლენუმთან.
„ამის შემდეგ აღარ დაიწერება ის დიდი სახუმარო ტექსტები, რომელიც წარმოადგინა იუსტიციის სამინისტრომ, საუბარია სამ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი, უნდა გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა. მეორე, ეს არის საქმეთა დასაშვებობის პრინციპი, რომელიც ფაქტობრივად უნდა გაუქმდეს და მესამე საკითხი ეს არის საქმეთა განხილვის ვადის 6-დან 4 თვემდე შემცირება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს თავად უზენაესი სასამართლო და ეს არის აუცილებელი და კარგი სისტემა, რათა უზენაესი სასამართლო დაცული იყოს სხვა ხელისუფლების მხრიდან ჩარევისაგან. თუ ჩვენ ამ რაოდენობის საკითხს გადავცემთ საკანონმდებლო ხელისუფლებას, ეს დამოუკიდებლობისთვის შექმნის უზარმაზარ საფრთხეს, რადგან საკანონმდებლო ხელისუფლებას შეეძლება გარკვეული დროის შემდეგ თქვას, რომ უზენაეს სასამართლოში არა 20, არამედ 15 მოსამართლე უნდა იყოს“, - აცხადებს კუბლაშვილი.
კუბლაშვილი თვლის, რომ აუცილებელია რაოდენობის განსაზღვრა დარჩეს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში. მისი თქმით, თუკი ვინმეს შეეძლება გადაეცეს ეს უფლება, ეს არ უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს უნდა გადაეცეს კონსტიტუციას და კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს რამდენი მოსამართლე უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მიერ საქმის დასაშვებობის სისტემაზე შემუშავებულ ცვლილებებს, კონსტანტინე კუბლაშვილი ამ ცვლილებასაც აკრიტიკებს.
„თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტია, რომ უზენაესი სასამართლოები საქმეთა დასაშვებობის პრინციპით მუშაობს, იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლო არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო და იგი საქმეებს განიხილავს სწორედ ამ წესით. ამ დროს მისი მთავარი ფუნქციაა, მნიშვნელოვანი განმარტებების გაკეთება კონკრეტულ სამართლებრივ ნორმებზე.
აუცილებლია, რომ საქმეები, რომლებიც კანონისა და პრაქტიკის შესაბამისად არის გადაწყვეტილი, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ, უზენაეს სასამართლოში არ იქნას დაშვებული, იმიტომ, რომ იქ სამართლებრივად ყველაფერი სწორად არის გაკეთებული. უზენაესმა სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს სწორედ ისეთ საქმეებს, სადაც არ არის ჯერ პრაქტიკა დადგენილი, არ არის კარგად განმარტებული ნორმები“, - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა, რომელიც ახლებურად არეგულირებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის საკითხებს. სასამართლოს რეფორმის ჯგუფის წევრებმა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოდექსებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელთა თანახმად, პირს უფლება ექნება, მიმართოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით, მიუხედავად იმისა, გასაჩივრებული საქმე მნიშვნელოვანია თუ არა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ან განსხვავდება თუ არა ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე ჩათვლის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მის მიმართ უკანონოა, ეს გარემოება საკმარისი იქნება, რათა მას მიეცეს უზენაესი სასამართლოსთვის საკასაციო საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა. მეორე ინიციატივა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა კანონით განისაზღვრება, განსხვავებით დღევანდელი პრაქტიკისაგან, როდესაც მოსამართლეთა რიცხვი უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერაა განსაზღვრული. გარდა ამისა, გაიზრდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობაც. ცვლილებების მიზანი საქართველოს მოქალაქეებისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის გაზრდა და მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფაა.
„თუ რამდენი მოსამართლე უნდა იყოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მხოლოდ ღმერთმა იცის. ეს საკითხი მიტოვებულია მთლიანად უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებაზე. თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჩათვლის, რომ მაგალითად 15 კი არა, 25 მოსამართლე სჭირდება, შეკრებს პლენუმს და პლენუმი გადაწყვეტს საქართველოს რამდენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა ჰყავდეს.
ჩვენი მიზანია, რომ ეს პლენუმის უფლებამოსილება კი არ იყოს, არამედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რიცხოვნობაც დაადგინოს კანონმა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ რამდენი მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში და არ იყოს ეს რომელიმე პლენუმის, ან რომელიმე თავმჯდომარის მანიპულირების საგანი.
გარდა ამისა, ბიუჯეტს სჭირდება განჭვრეტადობა და როდესაც ფინანსთა სამინისტროს ეცოდინება, თუ რამდენი უზენაესი მოსამართლეა კანონით დადგენილი წესით, ეს არ იქნება მუდმივად ცვალებადი მოცემულობა, რამაც შეიძლება დარტყმა მიაყენოს სახელმწიფო ფინანსებს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე თვლის, რომ უზენაეს სასამართლოში საჩივართა რიცხვა უნდა იმატოს. თუმცა, როგორ, ამას, ამას მისი თქმით, ძალიან დეტალური რეგულაცია სჭირდება. როგორც უგრეხელიძე ამბობს, ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გზებით, მაგალითად, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდით, კომპეტენციების შეცვლით და ა.შ. მაგრამ, ეს უნდა გადაწყდეს ორგანული კანონის დონეზე და უნდა გადაწყდეს საკანონდბელო ორგანოს მიერ.
„როდესაც ბატონი კუბლაშვილი ამბობს, რომ ვინ ჰკითხავს საკანონმდებლო ორგანოს ჩვენს რას ვიზამთ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთო, რაოდენობაც და ყველაფერიო, ბატონი კუბლაშვილი მიქარავს და იცით, რატომ? მაგას ავიწყდება, რომ სასამართლო ხელისუფლება ეს არაა პოლიტიკური განშტოება, ეს არის პროფესიული განშტოება ხელისუფლებისა, რომელიც მოგონილია იმიტომ, რომ წინარე ორი ხელისუფლება, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება თუ ერთმანეთს არ ეთანხმებიან, ასეთ შემთხვევაში, მესამე მიუკერძოებელი უნდა იყოს. ამიტომ, ისინი ვალდებულია არიან, როგორი წესით მოაწყონ სასამართლო ხელისუფლება. მაგას თუ ჰგონია, რომ მარტო მაგის და მხოლოდ სასამართლოს ჭკუაზე უნდა მოხდეს ამის აწყობა, ეს ძალიან მცდარი პოზიციაა“, - აცხადებს მინდია უგრეხელიძე.
უგრეხელიძე ასევე მიიჩნევს, რომ როდესაც აღმსარულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ამ საკითხებზე მსჯელობს, მან უნდა ჩართოს ამ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა სამზარეულოს ამბები სათანადოდ გაიზიაროს.
„ასე რომ, საყვედური შეიძლება სხვა მიმართულებითაც ითქვას. მთავარი ის არის, რომ ძალიან გაუვიდა ზოგიერთს. ცა ქუდად არ მიჩნია და დედამიწა ქალამნად. ჰგონიათ, რომ რახან მოიღერებენ სიტყვას, ეს სიტყვა არის ერთად-ერთი ჭეშმარიტება ამ უმაღლესი ინსტაციის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მინდია უგრეხელიძემ.