რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ანგელა მერკელმა განაცხადა: "ეს ადამიანი სხვა სამყაროში ცხოვრობსო". აი, ჩვენში რომ იტყვიან ხოლმე გიჟზე ან მოგიჟო ელემენტზე: "ამ ქვეყანას აღარ არისო" _ იმ აზრით.
ნიშანდობლივია, რომ გერმანიის კანცლერმა ეს სიტყვები იქ და ისე თქვა, რომ იცოდა: აუცილებლად გახმაურდებოდა და მთელი მსოფლიო გაიგებდა. ანუ, ესეც ერთგვარი მესიჯია. თანაც გერმანიაზეა ლაპარაკი: რუსეთის უერთგულეს პარტნიორზე ევროპაში, რომელსაც დღემდე ვერ მოუშუშებია მეორე მსოფლიო ომის ფსიქოლოგიური ტრავმა (ბევრად მეტად, ვიდრე ტერიტორიული დანაკარგი, მაგალითად, აღმოსავლეთ პრუსიისა და კანტის საფლავის სახით), ამიტომ ყველგან და ყოველთვის რუსეთისადმი ლოიალურია.
ასე იყო 2008 წლის აგვისტოშიც, როცა მერკელი მოსკოვში ჩავიდა და პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "რუსეთის ქმედებები ნაწილობრივ გამართლებული იყოო".
არადა, ვის, თუ არა ანგელა მერკელს, მოეთხოვება, იცოდეს: "თანამემამულეთა დაცვის საბაბით" სხვა ქვეყანაში შეჭრა ფაშისტური ტაქტიკაა, რომელსაც მისი თანამემამულენი აქტიურად იყენებდნენ პოლონეთისა და ჩეხეთის დაპყრობისას. საბაბი ყოველთვის მოიძებნება. მაშინაც იძებნებოდა და არა მხოლოდ დადგმულ-გათამაშებული, არამედ სავსებით რეალურიც! ამაზე პოლიტკორექტულობის გამო დღეს არ საუბრობენ, რაკი იმ მრისხანე ომის შემდეგ კაცობრიობა თითქოს შეთანხმდა, რომ არანაირი საბაბით არ შეიძლება სხვა ქვეყანაში შეჭრა და მისი ტერიტორიის ანექსია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, მერკელის განცხადებაში არანაკლებ საგულისხმოა მცდელობა, პუტინის ქმედებები "სიგიჟედ" გამოაცხადოს. აქაოდა: "რას გვერჩით? ხომ ხედავთ, გიჟია ეს კაცი, რა უნდა ვქნათ, როცა გიჟთან გვაქვს საქმე _ გიჟი ხომ თავისუფალია?"
დისკურსის ამგვარ სიბრტყეში გადატანა დასავლელი ლიდერებისთვის ზოგადად დამახასიათებელია, როდესაც პასუხისმგებლობის აღებასა და გამოწვევაზე ადეკვატური პასუხის გაცემა უჭირთ ან არ აწყობთ. რომ უჭირთ კიდეც და არც სურთ, უკვე ცხადია: რა გნიასი ატეხეს და, საბოლოოდ, რა სანქციები მიიღეს რუსეთის წინააღმდეგ? არც არაფერი: ევროკავშირმა შეწყვიტა მოლაპარაკება უვიზო რეჟიმის თაობაზე მოსკოვთან. კი მაგრამ, ეს ხომ პირწმინდა დემაგოგიაა? ისედაც არ აპირებდნენ უვიზო რეჟიმის დამყარებას ქვეყანასთან, საიდანაც მილიონობით არალეგალს ელიან. თუმცა (მიაქციეთ ყურადღება) რუსული ისტებლიშმენტისთვის უკვე გაცემული ვიზების გაუქმება ან ახალი ვიზების გაცემაზე უარის თქმა ვერ გაბედეს, რადგან ეს მართლა ძალიან მძიმე დარტყმა იქნებოდა და მოსკოვის საპასუხო რეაქციაც არ დააყოვნებდა: გაზის ექსპორტის შეწყვეტა, ევროპული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა და ასე შემდეგ. ნურავის ეგონება, რუსეთს ნაკლები ბერკეტები აქვს თავისი იმპერიული ზრახვებისა და ინტერესების დასაცავად.
ევროპელებმა ეს შესანიშნავად იციან, ამიტომ ჯერჯერობით (ფაქტია) მხოლოდ სიმბოლური განცხადებებით შემოიფარგლნენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სავალუტო ანგარიშების გაყინვის პასუხად, რუსეთმა შეიძლება აღარ გადაიხადოს სუვერენული ვალი და, კაცმა რომ თქვას, ვერც შეედავები: შენ თუ ჩემს ანგარიშებს ყინავ, ვალი როგორ და რატომ გადაგიხადო? ეს იგივეა, იპოთეკური სესხი აიღოთ, შემდეგ ბანკმა თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა გაყინოს და სესხის ყოველთვიურ გადახდას კი მაინც მოითხოვდეს.
არანაკლებ ქმედითი საპასუხო ზომა შეიძლება გამოდგეს ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა, რაც სერიოზულად დაარტყამს დოლარს.
ამდენად, არც ამერიკას გაუბედავს რაიმე უფრო მეტი: "თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეწყვეტაო". რა თავში იხლიან რუსები ამ თანამშრომლობას? ამერიკელების გარეშე ბალისტიკურ რაკეტებს ვერ ააგებენ თუ კალაშნიკოვებს ვეღარ გამოუშვებენ?
ანუ, ესეც წმინდად სიმბოლური ზომაა. ისევ და ისევ, ამერიკაც ვერ ბედავს ერთადერთი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას: უკვე გაცემული ვიზების გაუქმებასა და ახალი ვიზების გაცემის შეწყვეტას პუტინის მხარდამჭერი რუსული ისტებლიშმენტის წევრთა და მათი შვილიკოებისთვის. აგრეთვე, რუს ოლიგარქთა კუთვნილი ანგარიშების გაყინვას.
ვერ ბედავენ _ მორჩა და გათავდა!
ისიც საკითხავია, გაბედავენ თუ არა საერთოდ მაშინაც კი, თუ რუსეთი არა მხოლოდ ყირიმს, არამედ აღმოსავლეთ უკრაინასა და კიევს დაიპყრობს.
თუმცა დავუბრუნდეთ ანგელა მერკელის ბრიყვულ განცხადებას პუტინის "არაადეკვატურობის" შესახებ. სინამდვილეში, არაადეკვატური თვითონაა და მისი დასავლელი კოლეგები, რაკი საპასუხოდ ვერაფერს უბედავენ მოსკოვს და მხოლოდ დიდი აპლომბით მსჯელობენ, თითქოს პუტინი "სხვა რეალობაში ცხოვრობს". არადა, თვითონ ცხოვრობენ იმ ილუზორულ რეალობაში! ვლადიმერ პუტინი კი, გამორჩეული ცინიზმითა და თავხედობით, დიახაც, ქმნის მისთვის სასურველ რეალობას და "ყურებზე ხახვსაც ვერავინ აჭრის".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქ ძალზე მნიშვნელოვანია, ზუსტად განვსაზღვროთ, რა არის პუტინის მიზანი უკრაინის კრიზისში. იანუკოვიჩის ხელისუფლებაში დაბრუნება? მთელი უკრაინის დაპყრობა? მტკნარი სისულელეა! სულაც არ უნდა რუსეთს, ეს ვეებერთელა და ღარიბ-ღატაკი ქვეყანა აიკიდოს.
სინამდვილეში, პუტინის მიზანი ერთადერთია: ყირიმი!!!
მეტი არაფერი ამ ეტაპზე მას არ აინტერესებს. არ არის გამორიცხული, დასავლეთმა "უდიდეს გეოპოლიტიკურ გამარჯვებად" და საკუთარი პოლიტიკის ტრიუმფად გამოაცხადოს, თუ რუსული არმია არ (აღარ) შევა კიევში, დონბასსა და ხარკოვში, ანუ იმით დაიმშვიდოს თავი, რომ "მოხერხდა რუსეთის შეჩერება". მაგრამ ყირიმი? თუ ყირიმში ყველაფერი ისე დარჩა, როგორც ახლაა, თუ იქ პუტინის სცენარი განხორციელდა, რეალურად ეს დასავლეთის უდიდესი მარცხი იქნება.
პუტინის გეგმა კი შემდეგია: თანდათან გადააქციოს ყირიმი ისეთივე არაღიარებულ სეპარატისტულ რესპუბლიკად, როგორც თავის დროზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დაამყაროს მასთან ჯერ არაფორმალური ურთიერთობები, შექმნას "ყირიმის არმია", გაავრცელოს იქ რუბლი, ჩამოაყალიბოს "ყირიმის სასაზღვრო ჯარები", რომლებიც უკრაინასთან საზღვარს დაიცავენ, ერთი სიტყვით, გაიმეოროს აფხაზური და ოსური ალგორითმი, ხოლო კიევს (ესე იგი დანარჩენ უკრაინას) ევაჭროს იმით, რომ არ ცნობს ყირიმის დამოუკიდებლობას და არ იერთებს ამ ტერიტორიას, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის დიდი სურვილისა.
ზუსტად ასევე, როდესაც 2004-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილი ეკითხებოდა ვლადიმერ პუტინს: "რას მივიღებთ დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმის სანაცვლოდო", კრემლის ბატონ-პატრონი ცინიკურად პასუხობდა: "მიიღებთ იმას, რომ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას არ ვცნობთ!" ასევე ეტყვიან უკრაინის მომავალ ხელისუფლებასაც: "ხომ ხედავთ, ჯერჯერობით არ ვცნობთ ყირიმის დამოუკიდებლობას და თუ ჭკვიანურად მოიქცევით, შეიძლება არც ვცნოთ, მაგრამ დე ფაქტო ის თქვენგან დამოუკიდებელი იქნებაო".
ხოლო თუ უკრაინის მთავრობა შეეცდება, ხელი შეუშალოს ყირიმის დე ფაქტო დამოუკიდებლობას და ძალას გამოიყენებს, მაშინ უკვე აგვისტოს სცენარი განმეორდება!
ჯერჯერობით საქმე იქით მიდის, რომ დასავლეთი ამ სცენარს ეგუება და, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ამავე დროს ცდილობს, ეს "უდიდეს გამარჯვებად გამოაცხადოს" და დაგვარწმუნოს, თითქოს "პუტინი ცხოვრობს სხვა სამყაროში".
"ვაი მათ პატრონს უბედურსო" _ სწორედ ამ შემთხვევებისთვისაა ეს გამოთქმა ქართულ სემანტიკაში. თუმცა "ვაი ჩვენ", რაკი მსოფლიო წესრიგის (მათ შორის საქართველოს მომავალი ბედის) გარანტორებად ესოდენ უბადრუკი პოლიტიკოსები რჩებიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სინამდვილეში, პუტინი გიჟი კი არა, ცივსისხლიანი, ჭკვიანი, ცბიერი, პრაგმატული პოლიტიკოსია. აი, ჩეკისტების დევიზი რომ იყო: "ცხელი გულითა და ცივი გონებით". მან ძალიან კარგად უწყის, რას ნიშნავს ძველი დიპლომატიური გამოთქმა: "პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა". მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში არც ერთხელ არ დაუსახავს ისეთი მიზანი, რომლის მიღწევასაც ვერ შეძლებდა და რომლის რეალიზება შეუძლებელი იყო ან მეტისმეტად დიდ რისკს მოითხოვდა.
საქმეც ესაა, რომ მისი რეალური მიზანი ამ კრიზისში (ისევ და ისევ ვიმეორებ: ყირიმი და მხოლოდ ყირიმი) აბსოლუტურად რეალური და მიღწევადია! ამიტომაც იმარჯვებს კვლავ და სერიოზულად განამტკიცებს საკუთარ რეჟიმს, ვინაიდან ყირიმი რუსული საზოგადოებისთვის ბევრად მეტია, ვიდრე ტერიტორია _ ეს ნახევარკუნძული (მისი სევასტოპოლითა და ეკატერინე დიდის იმპერიული ნაკვალევით) რუსული იდენტობის ერთ-ერთი წყაროა! თუ ყირიმის შემომტკიცებას შეძლებს ჯერ დე ფაქტო, წლების შემდეგ კი დე იურე, რუსები პუტინს ძალიან ბევრ რამეს აპატიებენ და ისტორიაშიც შევა, როგორც "ვლადიმირ მიწების შემკრები".
ანგელა მერკელის მსგავსი ჭკუამხიარული პოლიტიკანები და ბარაკ ობამას მსგავსი ჩვრები კი შეეცდებიან, დაგვარწმუნონ, რომ "ბრწყინვალე დიპლომატიურ გამარჯვებას მიაღწიეს", რაკი დიდი ომი და მთელი უკრაინის ანაქესია არ დაუშვეს მაშინ, როდესაც პუტინი, _ ვინც მათზე ბევრად უფრო ადეკვატური და ჭკვიანი პოლიტიკოსია, _ ამ მიზანს, დღევანდელ ისტორიულ ეტაპზე, არც ისახავდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . .
ტრაგიკომიკური ის იქნება, თუ უკრაინელი სამხედროები, ბოლოს და ბოლოს, ვერ მოითმენენ თავლაფდასხმას, ცეცხლს გახსნიან და მარტონი დაიწყებენ წასაგებად განწირულ ომს ყირიმის შესანარჩუნებლად. ასეთ შემთხვევაში, იმავე ანგელა მერკელის ინიციატივით შეიქმნება ახალი "ტალიავინის კომისია", რომელიც მორიგ პროსტიტუირებულ დასკვნას "დადებს" და მკაფიოდ უპასუხებს კითხვას: "ვინ ისროლა პირველმა?" უკრაინელებმა ისროლეს, ჰოდა, რუსეთსაც უკრაინა დასხმია თავს!
მართალია, რუსებმა ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვიეს, ჯარები უკანონოდ შეიყვანეს, ალყა შემოარტყეს, დაიკავეს და ა.შ., მაგრამ პირველებმა ხომ უკრაინელებმა ისროლეს? ჰოდა, ომიც მათ დაუწყიათ!
ისევე, როგორც 2008 წელს: ქალბატონი ტალიავინის პროსტიტუირებულ დასკვნაში სიტყვასიტყვით ასეთი საოცრება წერია: "მართალია, რუსული ქვედანაყოფები ჯერ კიდევ 2008 წლის 6 აგვისტოს შემოვიდნენ როკის გვირაბის გავლით, მაგრამ... საომარი მოქმედებები ხომ არ უწარმოებიათ და არვისთვის უსვრიათო".
არ გჯერათ? წაიკითხეთ, გამოქვეყნებულია.
რა თქმა უნდა, რუსებს არ უსვრიათ, სანამ საქართველომ არ ისროლა!
ასევე, მართალია, რუსეთის სარკინიგზო ჯარების შემოყვანა აფხაზეთში (2008 წლის მაისიდან) ყველა და ყველაფრის დარღვევა იყო, მაგრამ ამ ორალური ევროპული ლოგიკით, საომარი მოქმედებები ხომ არ უწარმოებიათ? მერე რა, რომ სარკინიგზო ჯარებს მაშინ სარაკეტო დანადგარებით აღჭურვილი სადესანტო ბატალიონი შემოჰყვა: რკინიგზელებს ხომ დაცვა სჭირდებოდათ რაიმე გაუგებრობისგან და, რაც მთავარია, საომარი მოქმედებები ხომ არ უწარმოებიათ?
ფაქტია, არ უწარმოებიათ, სანამ საქართველომ არ "ისროლა პირველმა".
ახლა უკრაინელები "არ ისვრიან პირველნი" და მოთმინებით უყურებენ, როგორ იკავებს რუსული არმია მთელ ყირიმს. ასეთ შემთხვევაში რუსეთს რა რეზონი აქვს, ომი დაიწყოს, ან თავად ისროლოს? არავითარი!
ხოლო თუ უკრაინელები მაინც ვერ მოითმენენ და ისვრიან, ქალბატონი მერკელი და ქალბატონი ტალიავინი კვლავ უზუსტესად დაადგენენ, "ვინ ისროლა პირველმა" და (ანუ) ვის დაუწყია აგრესია მშვიდობისმოყვარე, ქრისტიანული სასოებით აღსავსე რუსეთისა და მისი "სხვა რეალობაში მცხოვრები" პუტინის წინააღმდეგ.
ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე უნდა ვიკითხოთ ბოლოს: ამ იდიოტებისა და მთხლეების იმედი გვქონდა და ამათ შევაკალით ეს ჩვენი უბედური ქვეყანა ბოლო 25 წლის განმავლობაში?!!!