ძმები ახალაიების საქმეზე კუდ-ის მაღალჩინოსნები დააკავეს

ძმები ახალაიების საქმეზე კუდ-ის მაღალჩინოსნები დააკავეს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დაკავებულნი არიან. პროკურატურამ ისინი, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დააკავა. ასევე, გამოტანილია დადგენილება კუდ-ის ყოფილი დირექტორის დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ. 

საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს, „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კუდ-ის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით სამი ახალგაზრდა, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე იქნენ მოკლულნი.

დათა ახალაიასა და ბაჩო ახალაიას საქმეზე დაკითხული ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი, თბილისის პროკურატურიდან, პოლიციის მთავარ სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულების ადვოკატი, რომეო საჯაია იუწყება,

რომ გიორგი მაზმიშვილის, ლევან ქარდავასა და გოჩა სულუხიას დაკავება ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა.

საჯაია აქვე იმასაც ირწმუნებოდა, რომკუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებთან ერთად დაკავებული გოჩა სულუხიას ადგილსამყოფელი უცნობი იყო და, რომ ის პროკურატურამ გაიტაცა. თუმცა, აღმოჩნდა, რომგოჩა სულუხია ლევან ქარდავას სახლთან იმყოფებოდა და ჩხრეკის დასრულებას ელოდებოდა.

„მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სამოქალაქო ფორმიანმა პირებმა გაგვაჩერეს. ლევანი სხვა ეკიპაჟმა წაიყვანა, მე კი რამდენჯერმე შემიცვალეს მანქანა და დაახლოებით 5-6 საათის განმავლობაში მანქანაში ვიჯექი სამოქალაქო ფორმიან უცნობ პირებთან ერთად“, - განუცხადა ჟურნალისტებს გოჩა სულუხიამ.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს, „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კუდ-ის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას. საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 2006 წლის იანვრის დასაწყისში, იმ დროისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ახლადდანიშნულმა ბაჩანა ახალაიამ და მისმა ძმამ, დათა ახალაიამ, პატიმართა შორის და საზოგადოებაში შიშისა და ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ სინდრომის დანერგვისათვის, გადაწყვიტეს საზოგადოებისათვის ეჩვენებინათ განსაკუთრებული სისასტიკე.

აღნიშნულის მისაღწევად დავით ახალაიამ, თითქოსდა პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ ინფორმაციის გამოყენებით, სისხლიანი სპეცოპერაცია დაგეგმა. 2006 წლის 12 იანვარს, დავით ახალაია თავის თანამშრომლებთან ლევან ქარდავასთან, გიორგი მაზმიშვილთან, სპეცდანიშნულების რაზმის უფროსთან შალვა თათუხაშვილთან და ასევე ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა თანამშრომლებთან ერთად, ავტოსადგურ „ნავთლუღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც მათი ინფორმაციით, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ერთ-ერთი პატიმრის გია გორგაძის ძმა, გამოძიების ინფორმაციით, წინასწარ შერჩეული და მოსაკლავად განწირული - 17 წლის მურად გორგაძე და მისი მეგობრები 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის მარად ართმელაძე უნდა მისულიყვნენ. ამ ტერიტორიაზე უიარაღო გორგაძის და მისი მეგობრების მისვლისთანავე, მათკენ გაემართნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა და კუდ-ის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც დავით ახალაიას ორგანიზებით უდანაშაულო ახალგაზრდები ალყაში მოაქციეს და მათი გადარჩენის რაიმე თეორიული შესაძლებლობა თავიდანვე მოსპეს.

შეიარაღებული პირების დანახვისთანავე შეშინებულმა გორგაძემ და მისმა მეგობრებმა კუდ-ის თანამშრომლებს ხვეწნა დაუწყეს არ ესროლათ მათთვის, შეეცადნენ გაქცევას და საშველად გარშემომყოფთ უხმობდნენ, თუმცა საპასუხოდ ახალაიამ თანამზრახველებთან ერთად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეყოვნების გარეშე დაიწყო მათ მოსაკლავად მიზანმიმართული სროლა. სროლების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო, სამივე მათგანი მიწაზე დაეცა.

ჩაცხრილულ ახალგაზრდებს დავით ახალაია მიუახლოვდა. ძირს დაცემულ შოთა გორგაძეს ავტომატის ლულა თავზე მიაბჯინა და საკონტროლო გასროლა მოახდინა. ახალაიას მიბაძეს გიორგი მაზმიშვილმა და მათთან ერთად მყოფმა თანამშრომლებმა, რომლებმაც თავის არეში საკონტროლო გასროლები განახორციელეს ართმელაძისა და სურმანიძის მიმართულებით.

მათვე გორგაძის, სურმანიძის და ართმელაძის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ინსცენირების მიზნით, მოახდინეს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და გვამებთან დაალაგეს წინასწარ მომზადებული, სპორტული ხელჩანთით შემთხვევის ადგილზე მიტანილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები.

ამის შემდეგ საზოგადოებისთვის საჩვენებლად, შსს-ს მაშინდელმა პრესსამსახურმა გურამ დონაძის ხელმძღვანელობით, ვიდეოფირზე გადაიღო სპეცოპერაციის მიმდინარეობის დადგმული სცენა, რასაც თან ახლდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჰაერში სროლა და შემთხვევის ადგილის გადაღება.

მალევე, ბაჩანა ახალაიასთვის ცნობილი გახდა თავისი ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად, უმალვე მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად, გაემართა რუსთავის 1-ელ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სასტიკად აწამა ახლადგარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან მყოფი სხვა პატიმრები.

მაშინ შს სამინისტრომ სპეცოპერაციის ჩატარების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა, თითქოსდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 1-ელ დაწესებულებაში მყოფი გია გორგაძის ძმა - მურად გორგაძე, ართმელაძესთან და სურმანიძესთან ერთად, პატიმართა მასიური გაქცევის ორგანიზების მიზნით, გეგმავდნენ 1-ელ დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას, თუმცა აღნიშნული საკითხი, არც სპეცოპერაციის დაწყებამდე და არც მისი ჩატარების შემდგომ, არცერთ სამართალდამცავ ორგანოში არ გამოძიებულა.

ამ საქმესთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში დაიბარეს გურამ დონაძე და გოგა ონიანი. რომელსაც, ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

„ამ საქმეზე დაახლოებით ერთი თვის წინ უკვე დავიკითხე, სადაც დავადასტურე, რომ ჩემი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის დროს, ციხიდან გაქცევის შესახებ შემოვიდა პატაკი ჩემთან, რომელსაც დავადე შესაბამისი რეზოლუცია. დღეს რა აინტერესებთ, არ ვიცი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გოგა ონიანმა.

ამ სპეცოპერაციას ჰყავს თვითმხილველები. ერთ-ერთმა თვითმხილველმა გარდაცვლილის მამას, ოთარ სურმანიძეს უთხრა, რომ სამივე მოკლული მუხლებზე დაჩოქილი და თავზე ხელებშემოდებული ეხვეწებოდა პოლიციელებს არ ესროლათ. მის შვილს მუხლში ნასროლი ტყვია ფეხის გულში ჰქონდა გასული. რაც ადასტურებს იმას, რომ მათ დაჩოქილებს ესროლეს.

კომპლექსური კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ტანსაცმლის გამოკვლევისას დადგინდა, რომ სროლა ნაწარმოებია მიბჯენით, ხოლო დანარჩენი დაზიანებები მიყენებულია 1-1,5 მეტრის მანძილიდან. ექსპერტიზის დაკვნის მიხედვით, სამივე გარდაცვლილს ტყვიები მოხვედრილი აქვთ უკნიდან.

ყველა მათგანის ჭრილობების მიხედვით დაზიანების ტრაექტორია არის ზემოდან-ქვევით მიმართული. მაშინ, როდესაც შსს-ს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებების მიხედვით, ზოგიერთი მათგანი სროლას აწარმოებდა დაწოლილ მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში კი ჭრილობების არხის მიმართულება უნდა იყოს პირიქით, ქვემოდან-ზემოთ.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებია. აღსანიშნავია, რომ წინასწარი გამოძიება არც ამ შემთხვევაში დაინტერესებულა, ვის მიერ ნასროლი ტყვიით, კუდ-ის რომელი თანამშრომლის იარაღით იქნენ მოკლული ეს ახალგაზრდები.

„თუ რუსთავის ციხეზე გეგმავდნენ თავდასხმას, სამგორში რა უნდოდათ? ისინი წალკიდან მოდიოდნენ. ეგეც არ იყოს, სამივე ჩემთან ერთად, მაისიდან დეკემბრამდე, თურქეთში მუშაობდა. მე სხვა ვერსია არ მაქვს, ამ ბიჭების მოკვლა ახალაიებს დასჭირდათ. სამი კაცი თუნდაც შეიარაღებული რომ ყოფილიყო, ისნის მეტროდან რუსთავის ციხეს აიღებდნენ?

თუ დამნაშავეები იყვნენ, არ ჯობდა რომელიმე ცოცხალი აეყვანათ? მაგრამ ლიკვიდაცია არჩიეს იმიტომ, რომ სიმართლე არ დადგენილიყო. ყველამ ვიცით, რაც მოხდა და რასთან გვქონდა საქმე. თუ ჩემი შვილი შეიარაღებული ციხეზე აპირებდა თავდასხმას, მაშინ ოჯახში რატომ არ მოვიდნენ და არ ჩაატარეს ჩხრეკა, იქნებადა კიდევ მქონდა ავტომატები და კიდევ ვაპირებდი შეიარაღებული ხალხის გამოგზავნას, რატომ არ ნახეს?

მორგში ვნახე ჩემი შვილის ცხედარი, სუდარა ჰქონდა გადაფარებული. მითხრეს, ბიჭებმა ცეცხლი გახსნეს, ამიტომ გახდა საჭირო მათი ლიკვიდაციაო. ვერ დავიჯერე. ჯერ ერთი, ბიჭებს ტყავის მოკლე ქურთუკები ეცვათ, იმხელა ავტომატებს, რასაც გამოძიება მიუთითებდა, ვერაფრით დამალავდნენ. თუ ბიჭებმა ცეცხლი გახსნეს, ნუთუ არავინ დაზარალდა?! იქვე ვთქვი, თუკი ვინმეა ჩემი შვილის ნასროლი ტყვიით დაჭრილი, მანახეთ, მოვუვლი-მეთქი, მაგრამ იქ დაზარალებული მხოლოდ ჩაცხრილულთა ოჯახის წევრები ვიყავით.

გადმოვაბრუნე ჩემი ბიჭის ცხედარი და რომანის ხელებს რომ დავხედე, ავტირდი, თურქეთში დადიოდა სამუშაოდ, თავი რომ ერჩინა, ჩაის კრეფდა. ოფიციალური ვერსიით კი ეს სამი ბიჭი ბოლო სამი თვის განმავლობაში ციხეს ემსახურებოდა, სადაც თურმე შეისწავლეს სიტუაცია და რუსთავის N1 დაწესებულებაზე თავდასხმა დაგეგმეს. არადა, ჩემი შვილი 20 დეკემბრამდე თურქეთში იყო, ამას ადასტურებს საბაჟოს გადმოკვეთისას მის პასპორტში ჩარტყმული ბეჭედიც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შოთა სურმანიძის მამა, რომან სურმანიძე.

მისივე თქმით, თბილისში შვილის ცხედარის გადასვენებლად მომავალს, ტელეფონზე დაფარული ნომრით დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ თუ ოჯახის წვერების სიცოცხლე გაწუხებს, ოჯახიდან არ გახვიდე, არაა ეს საქმე მოსაკითხიო. მოკლული სურმანიძის და, ნანა სურმანიძე კი დათა ახალაიას და გურამ დონაძის დასჯას ითხოვს.

„საკონტროლო გასროლა განახორცხიელა დათა ახალაიამ, იქ იმყოფებოდა შსს-ს პრეს-ცენტრის უფროსი გურამ დონაძეც და ეს კადრი ნახა ყველამ ტელევიზიით. ჩემი ძმა არ იყო მკვლელი, არ იყო ქურდი, იყო ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანი, რომელიც პირველად იყო თბილისში. ექსპერტიზა ამბობს, რომ საკონტროლო გასროლა განხორციელდა, დაჩოქილი ბავშვები მოკლეს. ჩემს ძმას შუბლზე ახლო მანძილიდან ჰქონდა ნასროლი საკონტროლო.

ჩემი ძმის ტანსაცმელიც არ გამოგვატანეს, ექსპერტიზისთვის არის საჭიროო და ამ დროს, ექსპერტიზა მათ არ ჩაუტარებიათ, იმიტომ, რომ ყველაფერი ნათელი იყო, ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო. დიახ, უნდა დაისაჯოს დათა ახალაია და არა მარტო ჩემი ძმის მკვლელობისთვის, არამედ ძალიან ბევრი ადამაინის წამება და მკვლელობა აწევს კისერზე და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს“, - განმარტავს for.ge-სთან საუბრისას ნანა სურმანიძე.