ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოში ძალიან ჭირს კვალიფიციური კადრი“

ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოში ძალიან ჭირს კვალიფიციური კადრი“

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საერთაშორისო განათლების ცენტრი შეიქმნება, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროექტს განახორციელებს. ეს ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პირადად გააცნო.

პრემიერის განმარტებით, მთავრობა ეძებს გზებს, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ კარგი განათლების მიღება - ერთის მხრივ, საქართველოში ამაღლდეს განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, მეორეს მხრივ კი, ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს განვითარებას მოახმარონ.

საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც უშუალოდ პრემიერის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ყველა ფინანსური რესურსის, მათ შორის საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების სახსრების კონსოლიდაციას მოახდენს. ცენტრი განახორციელებს იმ პროექტებს, რომელთაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა - საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებს სახელმწიფო დააფინანსებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, დაფინანსდება ის მიმართულებები, რომლის დეფიციტიც დღეს ქვეყანაშია. პრიორიტეტული სექტორების გამოსავლენად სპეციალური კვლევები ჩატარდება. ახალ ინიციატივაში, ჩადებული იქნება პირობა, რომ საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ სპეციალისტები დაბრუნდებიან საქართველოში და სახელმწიფოს საქმიანობაში ჩაერთვებიან. ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში დაბრუნებული სპეციალისტების დასაქმებას.

„ჩვენი მიდგომაა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად გამოიყენოს ის ადამიანური რესურსი, რომელიც, პრინციპში, ჩვენი ყველაზე დიდი აქტივია. მთელი ეს ძალისხმევა გამიზნულია იმისთვის, რომ ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და გამოიმუშაონ უნარები, რაც მომავალში მნიშვნელოვნად განაპირობებს ქართული ინტელექტუალური რესურსის კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ამასთნ, ღარიბაშვილმა სტუდენტებს და ახალგაზრდებს კომუნიკაციის ახალი ეფექტური ფორმა შესთავაზა. პრემიერის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე, სპეციალური აპლიკაცია - „ახალი თაობის იდეა პრემიერს“ შეიქმნა.

„კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაინც მოვახერხებ გავეცნო თქვენს მოსაზრებებს, თქვენს იდეებს და მქონდეს თქვენთან კომუნიკაცია. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ“, - მიმართა სტუდენტებს ღარიბაშილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული დოქტორანტების პრობლემების მოგვარებას შეეცდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, თავდაპირველად გასარკვევია ის, თუ რა მიზეზით აქვთ დოქტორანტებს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული. ერთ-ერთმა სტუდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის 1500 დოქტორანტს სტატუსი შეჩერებული აქვს.

„ამით დავინტერესდები. გასარკვევია მიზეზი მხოლოდ გადაუხდელობაა თუ სტუდენტმა სტატუსი საკუთარი სურვილით შეიჩერა, თუ გადაუხდელობის გამო შეიჩერა სხვა ამბავია და ამას მოვიკითხავ, გამოკვლევა სჭირდება. დავავალებ განათლების მინისტრს, რომ ვითარება სასწრაფოდ გამოიკვლიოს. თუ ვინმეს მხოლოდ გადაუხდელობის გამო აქვს სტატუსი შეჩერებული, ამას მოვაგვარებ, თუ საკუთარი სურვილით, მე ვერ დავაძალებ, რომ სტატუსი გაიგრძელოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის და სტუდენტების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ამასთნ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პრემიერთან შეხვედრას მხოლოდ სპეციალურად შერჩეული სტუდენტები არ ესწრებოდნენ. გასული წლებისგან განსხვავებით, დასწრება თავისუფალი იყო. სტუდენტები არც კითხვის დასმაში იყვნენ შეზღუდულები. როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისთვის სტუდენტებთან შეხვედრა განსაკუთრებით ემოციურია. პრემიერის თქმით, მისი სურვილია, სტუდენტებთან გულახდილად ისაუბროს ქვეყნის მომავალზე, მის განვითარებაზე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, პრობლემებზე, განათლებაზე.

„ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ამ პრობლემების დიდი ნაწილი ჩვენს ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო. მე მგონია, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ერთად უნდა გაუმკლავდნენ ყველა პრობლემას“, - განაცხადა პრემიერმა.

სტუდენტმა, მარიამ ქობალიამ კი პრემიერს ჰკითხა, კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში, იქნება თუ არა კარგი ექიმი?

როგორც ქობაიამ აღნიშნა, ეს კითხვა იქიდან გამომდინარე გაუჩნდა, როდესაც ფეხბურთელი ენერგეტიკის მინისტრია, შს მინისტრი არ არის იურისტი, გენერალურ პროკურორი კი დამნაშავე. აქედან გამომდინარე, როგორც სტუდენტმა პრემიერს უთხრა, მას უჩნდება უსამართლობის შეგრძნება, რომ განათლებას აზრი საერთოდ ეკარგება.

პრემიერ-მინისტრის თქმით კი, მინისტრები ეფექტურად მუშაობენ. „თქვენ მინისტრების კომპეტენტურობის საკითხი დააყენეთ. არ ვიცი როგორ გიპასუხოთ. მე მგონი ეფექტურად მუშაობენ ეს ადამიანები და თუ რაიმე კითხვები აქვს ვინმეს, სიამოვნებით მოვისმენ“, - ასე უპასუხა ქობალიას პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები გადაჭედილია არაკომპეტენტური ხალხით. მეტიც, მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროში ძალიან ბევრი საერთოდ არ არის განათლებით ეკონომისტი.

მირცხულავამ პრემიერს კითხვით მიმართა, თუ როგორ დაეხმარება მიზნის მიღწევაში ის ხალხი, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან. როგორც მან აღნიშნა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მავნე პრაქტიკით, სახელმწიფო უწყებები გადაჭედილია ყავის მომდუღებლებით და არაფრისმკეთებლებით. 

„საჯარო სამსახურის რეფორმა დავიწყეთ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანია სამინისტროებში და ვიცი, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. მოხდება ამ არაკომპეტენტური კადრების ჩანაცვლება, თუმცა ეს ერთ დღეში ვერ მოგვარდება და ამას სჭირდება თანმიმდევრულობა. ეტაპობრივად უნდა მოხდეს ჩანაცვლება და უნდა მოხდეს სამინისტროებში ფორსირებულად სტაჟიორების შესვლა. როდესაც ნიჭიერი ადამიანი შევა სამინისტროში, მას კონკურენციას ვერ გაუწევენ და გამოჩნდება ვინ არის არაკომპეტენტური. სანთლით ვეძებ კვალიციფიციურ კადრებს. საქართველოში ძალიან ჭირს კვალიფიციური კადრი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება რუსეთთან და ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ამერიკაშიც და ევროპაშიც, ყველამ ერთხმად მოიწონა ხელისუფლების მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზეც კი. 
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას და პატივს ვცემთ მათ არჩევანს ააშენონ ვეროპული, დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა და ჩვენ ვგმობთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ნებისმიერ ხელყოფას. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია, მეგობარი ქვეყნის პოზიცია. არ ვაპირებ, ვინმეს გავეჯიბრო რადიკალური განცხადებების გაკეთებაში. ჩვენ უნდა გვქონდეს პრაგმატული, გონივრული და ამავდროულად მტკიცე დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ამასთან, პრემიერი შეეხო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე მოვლენებს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა,ახალმა ხელისუფლებამ აღვკვეთა წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში. თუმცა, მისი თქმით, ჯერ კიდევ ყველაფერი ბოლომდე რიგზე არ არის.

„ციხეებში ვითარება უნდა დალაგდეს. ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება თავისუფლების შეზღუდვისთვის არის და არა იმისთვის, რომ პატიმრებს სული ამოხადო, როგორც ეს ხდებოდა სულ ცოტა ხნის წინ. მე შეგნებულად არ მინდა დღეს გავიხსენო ის, რაც ამ სისტემაში ხდებოდა და რამაც საბოლოოდ მთელი საზოგადოება შეძრა და დათრგუნა. ჩვენი ხელისუფლება ამას აღარ დაუშვებს, მაგრამ არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ ციხეებში განუკითხაობასა და უკონტროლობას დავუშვებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

შეხვედრაზე პრემიერს სტუდენტემა კითხვა ხაიშში ხუდონჰესის მშენებლობაზე დაუსვეს. რომელთა განცხადებით, ჰესის აშენება და ხაიშიდან ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება სვანურ კულტურას გაანადგურებს.

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, ხელისუფლებამ ხუდონჰესთან დაკავშირებით ყველა მოქალაქის პოზიცია და აზრი უნდა გაითვალისწინოს. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო მოქალაქეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არასდროს მიიღებს. 

„ვერ დაგეთანხმებით, რომ გიგანტური ჰესი სვანურ კულტურას გაანადგურებს. საზოგადოება არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში. სვანურ კულტურას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მე ვიქნები ამ კულტურის დამცველი და არამარტო მისი. საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა და ამ მრავალფეროვნების ერთ-ერთი დიდი დამცველი მე ვარ. ის, რომ ჰესის აშენებით კულტურას პრობლემები შეექმნება, ეს არასწორია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის სწორად უნდა მოხდეს იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ხუდონის აშენება ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებისთვის.

„ჩვენ ყველა მოქალაქის პოზიცია და აზრი უნდა გავითვალისწინოთ. სახელმწიფო არასდროს მიიღებს მოქალაქეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. მოქალაქეებს სწორად უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ხუდონის აშენება ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებისთვის. თუ მაინც არ მოუნდებათ და ექნებათ მყარი სამართლიანი არგუმენტები, აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ დასკვნები კვლევებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს.