კუკავა ირწმუნება, რომ რუსთავის მიკროავტობუსების ბაზარი შარანგიებს გადაეცემათ

კუკავა ირწმუნება, რომ რუსთავის მიკროავტობუსების ბაზარი შარანგიებს გადაეცემათ

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა აცხადებს, რომრუსთავის მიკროავტობუსების ბაზარი შარანგიებს გადაეცემათ. რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულია გამარტივებული ელექტრონული ტენდერი რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე. სატენდერო წინადადების მიღება 14 მარტს მთავრდება. კუკავა მოუწოდებს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შეაჩეროს ტენდერი, ასევე მიმართავს პროკურატურას დაინტერესდეს ტენდერის გამოცხადების კანონიერებით.

როგორც კახა კუკავა აცხადებს, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე ცნობილია ის კომპანია, რომელიც გამოცხადდება ტენდერში გამარჯვებულად, ეს არის შარანგიების ფინანსური ჯგუფი, რომელის თბილისის მიკროავტობუსების 100 პროცენტს ფლობს. მისი თქმით, აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ის გარემოებაც, რომ კომპანიას საქართველოში უკვე შემოყვანილი ჰყავს ათეულობით მიკროავტობუსი. მიკროავტობუსები დიდი დიღმისა და მუხიანის ავტოსადგომებზეა გადანაწილებულები.

„სატენდერო პირობების გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ფლობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, ხოლო ის მძღოლები, რომლებიც დღეის მდგომარეობით მუშაობენ მოცმეულ მარშრუტზე, დიდი ალბათობით, სამსახურის გარეშე დარჩებიან. მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული აკრძალვისა, ისევე როგორც თბილისში, გაიზრდება მგზავრობის საფასური. თბილისში ღირებულება 60 პროცენტით გაიზარდა“, - აცხადებს კუკავა. 

როგორც დეპუტატი აცხადებს, 2010 წელს თბილისის მერიის მიერ ანალოგიური ტენდერის გამოცხადებას მასთან ერთად „ქართული ოცნებაც“ აპროტესტებდა. მისი თქმით, საკრებულოში დააყენა საკითხი თბილისის მიკროავტობუსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც თავად ამბობს საკითხის გადახედვა არ მოხდა.

„სხვის ჯიბეში როცა მიდიოდა, მაშინ იყო პრობლემა, თორემ თავიანთ ჯიბეში რომ მიდის ეს არაა პრობლემა. იგივე კომპანიას, იგივე პირობებით კიდევ დაუმატეს, თბილისი-რუსთვის საქალაქთაშორისო. ამას რომ მორჩებიან, მერე გადავლენ რუსთავის შიდა ქსელებზე. დღეს კი, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ შარანგიების კლანს გაურიგდა და არათუ არ გადახედა თბილისის კორუფციული ტენდერის შედეგებს, არამედ ერთობლივი ბიზნესის გაფართოებაზეც ზრუნავენ. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხევა არ არის, როდესაც „ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკანონო ბიზნეს საქმიანობაშია მხილებული.

შარანგიებმა ურთიერთობა დაამყარეს უჩა მამაცაშვილთან, რომელიც აკონტროლებს ბიზნეს საქართველოში. ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კარზე ბიზნესის საქმეებს განაგებდა დავით კეზერაშვილი, „ოცნების“ კარზე მსგავსი საქმიანობით დაკავდა ჯერ გია ხუხაშვილი, ხოლო ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ხშირად სახელდება უჩა მამაცაშვილის სახელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახა კუკავამ.

კახა კუკავას მიერ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას, უსაფუძვლოს უწოდებს, რუსთავის მერი, დავით ჯიქია, რომლის განცხადებით, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე კონკურსი კანონის სრული დაცვით გამოცხადდა.

„კონკურსი კანონის სრული დაცვით არის გამოცხადებული. საკონკურსო წინადადებების პაკეტები დახურული შედის კომისიაში, თუმცა ამ დრომდე, ჯერ არც ერთი განაცხადი არ შემოსულა. საიდანა აქვს ბატონ კუკავას ეს ინფორმაცია, არ ვიცი. ბოლო პერიოდში, ყველა პარტია და პოლიტიკური ძალა რიგ-რიგობით ცდილობს რუსთავის ტრანსპორტის სფეროში შექმნილი მდგომარეობით სარგებლობას და პოლიტიკური ქულების დაგროვებას.

ეს განცხადებაც კახა კუკავას მხრიდან პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაა. ის რუსთავში იყო ჩამოსული, შევთავაზეთ შეხვედრა და კონკურსთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისთვის ამ ტიპის პოლიტიკური განცხადების გაკეთება უფრო მომგებიანია“, - განაცხადა დავით ჯიქიამ.