ნიკოლოზ ხაჩირაშვილი საკრებულოსთან შეკრებილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

ნიკოლოზ ხაჩირაშვილი საკრებულოსთან შეკრებილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დედაქალაქის საკრებულოს მათი უფლებების დაცვასა და შესაბამისი პირობების შექმნას სთხოვენ.

როგორც  თბილისის საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებულმა შშმ პირთა ჯგუფმა აღნიშნა, დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მათთვის უფრო კომფორტულს გახდის მგზავრობას.

აქციის მონაწილეებს საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისის თავმჯდომარე შეხვდა.

როგორც ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ათობით ავტობუსის შემოყვანა, თუმცა ვინაიდან 2014 წლის ბიუჯეტში ჩადებული რეგულაციებიდან გამომდინარე მერია საკრებულოს რეკომენდაციის გარეშე ვერ განახორციელებს ვერცერთ პროექტს, საკანონმდებლო ორგანო დამატებით შესთავაზებს დედაქალაქის მთავრობას, რომ ყველა პროექტი თანხვედრაში მოვიდეს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საცხოვრებელ  პირობებთან.

ნიკოლოზ ხაჩირაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია აქტიურად იმუშავებს და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს პირადად გააკონტროლებს.